საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
რა განასხვავებს პერიფერიაში შრომას მეტროპოლისში გაწეული შრომისგან? საუბარი ცხადია, არა ცალკეული ინდივიდების შრომის შედარებაზეა ამ ორ სივრცეში, არამედ სხვადასხვა ქვეყანაში საზოგადოების მიერ კოლექტიურად გაწეულ შრომაზე. ამ საკითხს ძალიან შორიდან თუ მოვუვლით, ერთი ისტორიით უნდა დავიწყო:
რამდენიმე დღის წინ ზემო ნიქოზში მოვხვდი. ჩემს გაკვირვებას საზღვარი არ ჰქონდა, როდესაც ზედ გამყოფი ხაზის გვერდით საკმაოდ დიდ ტერიტორიაზე გაშენებულ ნუშისა და კაკლის ბაღებს მივადექით. მისი მფლობელი საოცარი შემართების კაცი აღმოჩნდა: ამერიკაში 15-წლიანი გამოცდილების მიღების შემდეგ, სადაც ის სოფლის მეურნეობას სწავლობდა და წლების განმავლობაში აგრონომად მუშაობდა, საქართველოში დაბრუნდა და ამ უზარმაზარ პროექტს ჩაუყარა საფუძველი. რეგიონის გაუკაცრიელებული სოფლების ნახვით შექმნილი დეპრესიული განწყობა წამიერად/მყისიერად შეცვალა მისმა მონათხრობმა. ბატონი გია ჰყვება, რომ საქართველოში მოყვანილი ნუში კვებითი ღირებულებით 15-ჯერ აღემატება ამერიკულ ნუშს (აშშ ნუშის მთავარი ექსპორტიორია მსოფლიოში). რომ საქართველოში არსებული კლიმატი განსაკუთრებულია და ქვეყანას „ბევრი კარტი“ უჭირავს ხელში, თუმცა ვერ იყენებს.
სოფლის მეურნეობაზე საუბარი შემთხვევით არ დამიწყია. როდესაც პერიფერიულ შრომაზეა საუბარი, პირველ რიგში რაც გვახსენდება, ეს შრომის მძიმე პირობები, ექსპლუატაცია და პრეკარული სამუშაო ადგილებია. ცხადია, ეს ყველაფერი სრული ლეგიტიმურობით ახასიათებს შრომას პერიფერიაში, თუმცა არც ცენტრში არსებული შრომისთვისაა უცხო. შრომის სოციოლოგიაში კარგადაა შესწავლილი, თუ რამდენად იზრდება პრეკარულობა გლობალურ ჩრდილოეთში და აღწევს აქამდე „დაცულ“, მაღალი კვალიფიკაციის სამუშაო ადგილებზეც (საკმარისია, გავიხსენოთ, რა ხდება ევროპულ და ამერიკულ აკადემიაში, სადაც ასოცირებული პროფესორებისა და დაუსაქმებელი დოქტორების არმია კონტრაქტიდან კონტრაქტამდე თავის გატანას ცდილობს.
თუმცა ამჯერად ვსაუბრობ არა იმ ადამიანებზე,რომლებიც ავად თუ კარგად ახერხებენ ხელფასის გამომუშავებას, არამედ კიდევ უფრო ჩაგრულებზე – ხალხზე, რომლებიც თვითდასაქმებულად კლასიფიცირდებიან და დამქირავებელ-დაქირავებულის ურთიერთობის მიღმა დგანან. ქართულ სოფლის მეურნეობაში, ძირითადად, სწორედ ასეთი მახასიათებლების მქონე ადამიანები არიან დაკავებულები. სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, ქართული სამუშაო ძალის თითქმის ნახევარი (2017 წლის მონაცემებით, 48%) სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულად კლასიფიცირდება, თუმცა ყველამ კარგად ვიცით, რომ ამ ადამიანებს თავისა და ოჯახების გამოსაკვებადაც კი ძლივს ჰყოფნით თავიანთი შრომის პროდუქტი. ამავდროულად, მნიშვნელოვანია, აღვნიშნოთ, რომ სოფლის მეურნეობის წილი მშპ-ში ძალიან დაბალია (8% 2017-ში). ამდენად, შეგვიძლია, დავასკვნათ, რომ სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულთა შრომა ძალიან დაბალპროდუქტიულია – ფაქტობრივად, ეს ადამიანები ფუჭად შრომობენ. ამაში, რა თქმა უნდა, ვგულისხმობ იმას, რომ მათ შრომას ქვეყნის ეკონომიკაზე დიდი ზეგავლენა არა აქვს, თორემ თავად ამ შრომის გარეშე ცხადია, ცოცხლებიც ვერ გადარჩებოდნენ.
აღნიშნულის შედეგად სოფლიდან მოსახლეობა ან თბილისში, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ გარბის. სახელმწიფო პოლიტიკა, რომელიც სერვისის განვითარებაზეა ორიენტირებული, ელოდება იმ დღეს, როდესაც სოფლის მეურნეობაში თვითდასაქმებულები სერვისმუშაკებად გადაიქცევიან – და უმუშევრობასაც ეშველება. მაგრამ საამისოდ პრინციპში ბევრი არაფერი კეთდება და არც არავინ სვამს კითხვას – სწორია თუ არა განვითარების ასეთი ხედვა.
როგორც გია ამბობს, სოფლად ამდენი მშრომელი სულაც არაა საჭირო – საკმარისია რამდენიმე განათლებული ფერმერი, რომელიც შექმნის ბაღებს, პლანტაციებს და ა.შ. და იქ დაასაქმებს თანასოფლელებს. სხვაგვარად რომ ვთქვათ, არაა სავალდებულო, ყველა თავის ნაწილებად დაშლილ 1 ჰექტარ მიწაზე მარცვლეულის მოსაყვანად წვალობდეს მაშინ, როდესაც შეიძლება ერთობლივი ძალისხმევით გაცილებით უკეთესი შედეგის მიღწევა.
შრომის დაბალი პროდუქტიულობა სოფლის მეურნეობაში სწორედ ამითაა გამოწვეული – ერთიანად დიდი ზომის მიწა მოსახლეობას საკუთრებაში არ გააჩნია, ტექნიკა რთულად ხელმისაწვდომია, თანამედროვე ტექნოლოგიებს ჯერ მასობრივად არ მიუღწევია მშრომელებამდე, თუმცა ამ ყველაფრის მოგვარების შემთხვევაშიც ყველაზე მთავარი პრობლემა მოუგვარებელი დარჩება – აგრონომიის მცოდნე პროფესიონალები თითზე ჩამოსათვლელია. თვითგადარჩენისათვის მებრძოლ სოფლის მუშაკებს აგრონომიის თანამედროვე ტენდენციების შესახებ არასაკმარისი ინფორმაცია აქვთ – ისინი მიწის დამუშავებას თუ მეცხოველეობას მამა-პაპური ტრადიციებით აგრძელებენ და გიასგან განსხვავებით სოფლის მეურნეობის ბიზნესზე და მენეჯმენტზე მწირი ინფორმაცია აქვთ. დონორებისა თუ მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეები და ორგანიზატორები აღნიშნავენ, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მეთოდების შესახებ ტრენინგებზე ფერმერები სკეპტიკური განწყობით მიდიან და დიდი ინტერესით არ ეკიდებიან, რადგან სოფლის მეურნეობას ზოგადად მომგებიან სფეროდ არ განიხილავენ.
მახსენდება ბერლინის მახლობლად სატაცურის ფერმაში ვიზიტი. ფერმის ხელმძღვანელი თავისი ჩაცმულობითა და აქსესუარების მიხედვით რომელიმე ფინანსური კომპანიის დირექტორი გეგონებათ. ფერმის შესასვლელში მოწყობილ კაფეში ცივი სასმელებით გვიმასპინძლა და თავისი ისტორია მოგვიყვა – სოფლის მეურნეობის მენეჯმენტში მაგისტრის ხარისხის მოპოვების შემდეგ გერმანიის მთავრობისაგან მიწა იჯარით აუღია და ბერლინიდან იქ გადასახლებულა, რომ ფერმა აემუშავებინა. მის ფერმაში 300-მდე ადამიანია დასაქმებული. ამ ადამიანების შრომა, ცხადია, გაცილებით პროდუქტიულია, ვიდრე ქართულ სოფლებში საკუთარ მცირე მიწის ნაგლეჯზე მომუშავეთა შრომა.
სოფლის მეურნეობაში დასაქმებულთა ეს კონტრასტული სურათები ამ სექტორის მოდერნიზაციის აუცილებლობაზე მიუთითებს. ცხადია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ სხვა სექტორები არ უნდა განვითარდეს, თუმცა ამის აღნიშვნა მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც დასაქმების პოლიტიკაზე საუბრისას ეს ხალხი საერთოდ სურათის მიღმა რჩება. სოფლის მეურნეობის სფეროში სტრატეგიული დოკუმენტების ანალიზით კარგად ჩანს, რომ აქცენტი სოფლად დასაქმებულთა მეწარმედ გადაქცევაზეა. თუმცა აქ ერთი მნიშვნელოვანი ლაფსუსია გაპარული – რაც არ უნდა ტექნიკა და დაფინანსება მივცეთ საშუალო სტატისტიკურ გლეხს, იგი ვერ გადაიქცევა წამატებულ მეწარმედ , რადგან მას შესაბამისი ცოდნა და განათლება არა აქვს აგრონომიასა და ბიზნესში.
აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ სოფლად მომუშავეთა ეს რთული შრომა, არამხოლოდ მათთვის არის პრობლემა. უმუშევართა (თავად სწორედ ასე აღიქვამენ თავს) ეს დიდი არმია მთლიან ფონს ქმნის ეროვნულ შრომის ბაზარზე, უფრო კონკრეტულად კი, ქალაქში შექმნილ პრეკარულ სამუშაო ადგილებზე კონკურენციას ზრდის. სოფლის უღიმღამო ცხოვრებას გამოქცეული ახალგაზრდა მზადაა, ქალაქში ძალიან მწირ ანაზღაურებაზე იმუშაოს. შრომის პირობების გაუმჯობესების, ხელფასის მატებისა და თავისი უფლებებისთვის ბრძოლას არც კი ფიქრობს, რადგან იცის, სოფლად მშრომელებთან შედარებით არსებული სამსახურიც კი პრივილეგიაა. ამდენად, სოფლად არაპროდუქტიული შრომა არა მარტო თავისთავადაა პრობლემა, არამედ იმითაც, რომ უზრუნველყოფს კაპიტალის ტოტალურ ბატონობას მათზე, ვინც ფორმალურ დაქირავებით ურთიერთობებშია ჩაბმული.
შემსრულებლები vs. შემქმნელები
ახლა რამდენიმე სიტყვით იმ მშრომელებზეც უნდა ვისაუბროთ, რომლებიც ზემოთ „პრივილეგირებულად“ მოვიხსენიეთ, რადგან სოფლად არაპროდუქტიულ შრომას დააღწიეს თავი. სწორედ მათი შრომის სპეციფიკა, ვფიქრობ, ყველაზე ნათლად დაგვანახებს, თუ რა განსხვავებაა პერიფერიასა და ცენტრს შორის, შრომაში.
პერიფერიაში ადამიანთა უმეტესი ნაწილი ისეთ შრომაშია ჩართული, რომელიც რაიმე ახალს და ინოვაციურს არ ქმნის, რაც ქვეყანას მსოფლიოს მასშტაბით კონკურენციაში წინ წაწევის შესაძლებლობას მისცემდა. მაგალითად, გლობალური კონკურენციის ინდექსში საქართველო (137-დან) 67-ე ადგილს იკავებს. აღნიშნული ინდექსი, თავის მხრივ, რამდენიმე ქვეგანზომილებისგან შედგება, რომელთა შორის მნიშვნელოვანი ადგილი „ადამიანური კაპიტალის“ ქვეინდიკატორს უჭირავს. ამ მახასიათებელში კი მთავარ ინდიკატორად მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი „ინჟინრებისა და მეცნიერების“ რაოდენობას მიიჩნევს. ცხადია, შორს ვარ იმ აზრისგან, რომ სხვა პროფესიების მქონე ადამიანების შრომა ღირებული არაა, თუმცა, როდესაც საუბარია გლობალურ, ტექნოლოგიზებულ/ტექნოლოგიურ სამყაროზე, სადაც ინოვაციურობა გადამწყვეტია, „მეცნიერები და ინჟინრები“ აშკარად მნიშვნელოვანი საქმის გამკეთებლებად მიმაჩნია.
სამწუხაროდ, ეს უკანასკნელნი ქართული სამუშაო ძალის ძლიერ მხარეს ნამდვილად არ წამოადგენენ. თუ არ ჩავთვლით სოფლის მეურნეობაში დასაქმებულებს, რომლებზეც უკვე ბევრი ვისაუბრეთ, ყველაზე დიდი ჯგუფი (22%) ჩვენთან „დამხმარე და არაკვალიფიციური მუშაკების“ ჯგუფია, რომელიც, საერთაშორისო სტანდარტული კლასიფიკატორის მიხედვით მოიცავს: ვაჭრობისა და მომსახურების, მრეწველობის, მშენებლობისა და ტრანსპორტის სფეროს არაკვალიფიციურ მუშაკებს, ასევე, დამხმარე პერსონალს, ოფისის მოსამსახურეებს, ინდივიდუალური მომსახურებისა თუ დაცვის თანამშრომლებს.
მათ მოჰყვებიან, ზოგადი გაგებით რომ ვთქვათ, თეთრსაყელოიანი მუშაკები (19%), რომელთა შორის ყველაზე დიდი ნაწილი განათლების სპეციალისტებს, იურისტებს, ეკონომისტებსა და ჟურნალისტებს, მთავრობის წარმომადგენლებს უჭირავთ. ამავე ჯგუფში ერთიანდებიან „მეცნიერები და ინჟინრები“. ფიზიკის, მათემატიკისა და საინჟინრო სფეროს სპეციალისტები კი მთლიანი სამუშაო ძალის მხოლოდ 3.2%-ს შეადგენენ. დაბოლოს, ტექნიკური დარგების კვალიფიციური მუშაკები (10%) – ხელოსნები, ოპერატორები და მექანიკოსები მშრომელთა ყველაზე მცირე ჯგუფს წარმოადგენენ საქართველოში. მნიშვნელოვანია, აქვე ითქვას, რომ მსოფლიო ბანკის მიხედვით სწორედ ამ ადამიანების შრომა არის ყველაზე მოთხოვნადი და რთულად მოსაპოვებელი ქართულ შრომის ბაზარზე.
სამუშაო ძალის მსგავსი სახით გადანაწილება, ვფიქრობ, კარგად აჩვენებს შრომის „პერიფერიულ“ ბუნებას – ინოვაციების „შემქმნელთა“ წილი სამუშაო ძალაში მინიმალურია. ადამიანების უმეტესობა ან საკუთარ მიწაზე ეწევა დაბალპროდუქტიულ შრომას, ან კიდევ დამხმარედ და/ან არაკვალიფიციურ მუშად მუშაობს.
„დამხმარეებისა“ და „შემსრულებლების“ დიდი წილი ქვეყნის ეკონომიკური პოლიტიკით აიხსნება. ბოლო ათწლეულის განმავლობაში წარმოებული კვლევები აჩვენებს, რომ სამუშაო ადგილების რაოდენობა იზრდება სერვისსექტორის ქვედა რგოლში ან სპონტანურად იქმნება თავად მუშაკების მიერ. სამუშაო ძალის განვითარებაზე საუბრისას მთავრობის უცვლელი პოზიციაა, რომ იგი ბაზრის მოთხოვნას უნდა მოერგოს, ეს უკანასკნელი კი, როგორც ბოლო წლები გვიჩვენებს, უფრო მეტად „შემსრულებლებზეა“ ფოკუსირებული, ვიდრე „შემქმნელებზე“.
ცხადია, აღნიშნულ თამაშში უცხოური ინვესტიციები მნიშვნელოვან როლს ასრულებს. არსებულ გლობალურ წესრიგში განვითარებად ქვეყნებში სამუშაო ადგილების ძირითად წყაროდ სწორედ უცხოური ინვესტიციები განიხილება. ამდენად, გადამწყვეტი მნიშვნელობისაა, როგორი იქნება ეს ინვესტიცია, რა სფეროში შემოვა და როგორ სამუშაო ადგილს შექმნის?
მკვლევრები თუ პოლიტიკოსები დიდი ხანია, შეჯერდნენ იმაზე, რომ იაფი სამუშაო ძალა აღარ არის ინვესტორის მთავარი პრიორიტეტი. ის პირველ რიგში შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე კადრს ეძებს. აქვე უნდა შევნიშნოთ, რომ მას ადგილობრივი სამუშაო ძალის (ადამიანური კაპიტალის) განვითარებაში ინვესტირება კი არ აინტერესებს, არამედ უკვე მზა კადრს ეძებს. უფრო შორს თუ წავალთ, შეიძლება ისიც ვთქვათ, რომ ქვეყანა ისეთი ხარისხის ინვესტიციებს იღებს, როგორი ადამიანური კაპიტალიც აქვს. მაგ. თუკი არაკვალიფიციურ მუშახელს სთავაზობ, მათ იყენებენ ფიზიკური შრომისთვის (მაგ. ტანსაცმლის შესაკერად), როგორც ხდება ბანგლადეშში (და უკვე საქართველოშიც), თუ უფრო მაღალკვალიფიციურს – მაშინ შეიძლება გამოგიყენონ, როგორც თავიანთი პროდუქციის „ასაწყობი პოლიგონი“. რაც მოხდა, მაგალითად, აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში, სადაც ტექნიკურად კვალიფიციური მუშახელი დასავლეთ ევროპული ავტოინდუსტრიის წარმომადგენელთა სამიზნე გახდა კომუნისტური ბლოკის დაშლის შემდეგ. მართალია, მეორე შემთხვევაში შრომა შედარებით უფრო კვალიფიციურია, ვიდრე პირველში, მაგრამ ისეთივე პერიფერიულია, როგორც პირველი, რადგან ინოვაციურ პროდუქტს არ იგონებს და არ ქმნის – ის უბრალოდ აწყობს პროდუქტს, რომლის დიზაინი ცენტრში მდებარე სათავო ოფისის ინჟინრებმა შეიმუშავეს.
ამდენად, შრომის გლობალური დანაწილების შედეგად მივიღეთ ის, რომ გლობალური „ტვინი“ ცენტრშია მოთავსებული, ხოლო გლობალური „ხელები“ – სამხრეთში. ასე მაგალითად, აიფონის დიზაინი კალიფორნიაში იქმნება, მაგრამ აწყობენ ჩინეთში. ზოგიერთ ქვეყანას (მაგ. საქართველოს) ისიც კი უჭირს, რომ „შემსრულებლების“ გლობალურ კონკურენციაში ჩაებას, არათუ თავად წარმოების განვითარებაზე დაიწყოს ფიქრი.
იმისათვის, რომ პროდუქტის დიზაინიც თავად შექმნა, ცხადია, დიდი შრომაა საჭირო და, ერთი შეხედვით, მიუწვდომელ რეალობადაც კი შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა ისევ და ისევ უნდა აღვნიშნოთ, რომ მსოფლიოში მსგავსი გამოცდილებაც არსებობს. სინგაპურის, სამხრეთ კორეის თუ ტაივანის მაგალითები კარგად გვიჩვენებს, როგორ დაიწყო ქვეყანამ განვითარება „შემსრულებლებისა“ და „დამხმარეების“ არმიით და როგორ გაზარდა ეტაპობრივად „შემქმნელების“ წილი. ამაში კი მნიშვნელოვანი წვლილი სახელმწიფოს მხრიდან სტრატეგიულმა პოლიტიკამ შეიტანა, რომელმაც ისე დაადგინა თამაშის წესები, რომ უცხოელი ინვესტორები იქ არა მარტო „მოგებას ნახულობდნენ“, არამედ ადგილობრივ მუშახელსაც ზრდიდნენ და მათში ინვესტიციას დებდნენ.
სამართლიანობისათვის ისიც უნდა ითქვას, რომ „შემქმნელებად“ და „შემსრულებლებად“ შრომის დაყოფა ყოველთვის არსებობდა და განსაკუთრებით დღეს შრომის მსგავსი პოლარიზაცია მეტ-ნაკლებად ყველა ქვეყანას ახასიათებს, თუმცა, თუკი საზოგადოების ერთიანი შრომის პროდუქტს შევაფასებთ იმით, თუ რა გადის ექსპორტზე და ჩვენს საექსპორტო პროდუქციას განვითარებული ქვეყნების იმავე მაჩვენებელს შევადარებთ, მაშინ გასაგები იქნება, რას ვგულისხმობთ არაინოვაციურ და დაბალპროდუქტიულ „პერიფერიულ“ შრომაში.
პუბლიკაცია ქვეყნდება პროექტის „სოციალური სამართლიანობა კრიზისის დროს“ ფარგლებში, რომელიც Open Society Foundations-ის მხარდაჭერით ხორციელდება.
ინსტრუქცია