საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„[დღეს] შრომა მარტო საქონლის წარმოება აღარაა; სამუშაო ძალა მხოლოდ წარმოების შიდა ინერციას აღარ ექვემდებარება; მშრომელი უბრალო ინსტრუმენტს აღარ წარმოადგენს, რომლის საშუალებითაც საზოგადოება ცდილობდა თვითგადარჩენის ორგანიზებას. შრომა, სამუშაო ძალა, და მშრომელი ერთიანდებიან იმ პიროვნებებში, რომლებიც საკუთარ თავის წარმოებასთან ერთად სამყაროს წარმოებასაც ახდენენ. და ამ წარმოების პროცესს ადგილი აქვს არა მხოლოდ სამუშაო სიტუაციაში, არამედ სკოლებშიც, კაფეებშიც, სავარჯიშო მოედნებზეც, მოგზაურობისას, თეატრებში, კონცერტებზე, გაზეთებში, წიგნებში, გამოფენებზე, ქალაქებში თუ სამეზობლოებში - ერთი სიტყვით ყველგან, სადაც ადამიანები ერთამენთთან ინტერაქციაში შედიან და ქმნიან ადამიანთა უერთიერთკავშირების ერთობლიობას.“
ანდრე გორცი „სტრატეგია შრომისთვის“, 1969*
მშრომელთა საერთაშორისო დღის ისტორია მე-19 საუკუნის ამერიკაში მიმდინარე მშრომელების საპროტესტო გამოსვლებს უკავშირდება, სადაც მთავარ მოთხოვნას 8 საათიანი სამუშაო დღის დაწესება წარმოადგენდა. საქართველოში მშრომელთა ბრძოლა 8 საათიანი სამუშაო დღის მოთხოვნით 1900-იან წლებში იწყება ქართველი სოციალ-დემოკრატების ლიდერობით.
მიუხედავად ამისა, საქართველოში 1 მაისის, როგორც მშრომელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნის ისტორიული გამოცდილება არ არსებობს, ეს დღე არ არის ოფიციალური უქმე დღე. თუმცა, უკანასკნელი წლების განმავლობაში საქრთველოს პროფესიული კავშირების გაერთიანება, მემარცხენე აქტივისტური ჯგუფები, არასამთავრობო ორგანიზაციები თუ რიგითი მშრომელები ინტენსიურად ცდილობენ აღნიშნული დღის მნიშვნელობაზე ხაზგასმას სხვადასხვა გზებით. 2017 წლის 1 მაისისთვის თბილისსა და საქართველოს რეგონებში გაიმართა არაერთი აქტივობა, მათ შორის არის:
შრომის ბაზარი და მშრომელთა მდგომარეობა:
დღეს საქართველოში 15 წლის ზევით 2 მილიონზე მეტი ადამიანი მოიაზრება ეკონომიკურად აქტიურ მოსახლედ, მათგან კი 1 მილიონ 780 ათასმდე ადამიანი ახერხებს სამუშაო ძალის რეალიზებას ფორმალურ თუ არაფორმალურ სექტორებში დასაქმებით, ხოლო 250 ათას ადამიანადე უმუშევარი რჩება. დასაქმებული მოსახლეობიდან 43% წარმოადგენს დაქირავებულ მშრომელს, ხოლო 57% თვითდასაქმებულია. დაქირავებული მშრომელების 15,4% დასაქმებულია სახელმწიფო სექტორში, 35,2% კი ბიზნეს სექტორში, რომელიც მოიცავს როგორც მრეწველობისა და მშენებლობის, ასევე ვაჭრობისა და მომსახურების სფეროებს.
შრომის საკითხებთან დაკავშირებით მომხდარ ინციდენტებს შორის წელს არა ერთ მოვლენას ჰქონდა ადგილი, რამაც დიდი გამოხმაურება გამოიწვია საზოგადოებაში. ხშირი იყო მშრომელების დაღუპვისა და დაშავების შემთხვევები სამუშაო ადგილებზე, მშრომელთა მასიური და გაუფრთხილებელი დათხოვნები საჯარო თუ კერძო სექტორებიდან, მომსახურების სფეროში შრომითი ექსპლუატაციისა და შრომითი უფლებების დარღვევის გახშირებული პრაქტიკა, გარემოვაჭრეების შევიწროვება და სხვა, რაც წინააღმდეგობის კერებს აჩენდა საზოგადოების ფართო მასებში საპროტესტო აქციების, დემონსტრაციების, სოციალური კამპანიების წამოწყების თუ სხვადასხვა ტიპის პროტესტის გაჩენის სახით.
დღეს საქართველოში შრომის შესახებ მსჯელობისას შრომის ბაზარი იძლევა სეგმენტური ანალიზის შესაძლებლობას, სადაც დასაქმება რეალურ, მომსახურებისა და არაფორმალურ სექტორებში სხვადასხვა ფორმით ჩაგვრებს უკავშირდება.
რეალურ სექტორში ყველაზე მწვავე პრობლემად დგას დამსაქმებლების მიერ ფინანსური რესურსების დაზოგვის ტენდენცია დასაქმებულთა ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნორმების უგულებელყოფის ხარჯზე. მხოლოდ 2016 წელს სამუშაო ადგილზე 58 ადამიანი გარდაიცვალა და 85 დაშავდა. გარდა ამისა, მძიმე შრომის პირობებს ქმნის ინდუსტრიული სექტორი, სადაც მოძველებულია ინფრასტრუქტურა, მწყობრიდანაა გამოსული და არასაიმედო მდგომარეობაშია მანქანა-დანადგარები. დაბალია შრომის ეფექტიანობა და მაღალია უსაფრთხოების რისკები სამუშაო ინსტრუმენტების დანაკლისის, სიძველისა თუ უხარისხობის გამო.
რაც შეეხება რეალურ სექტორში მშრომელთა სოციალური დაცვის გარანტირებს გარკვეულ დასაქმების ადგილებზე კერძო სამუშაო დაზღვევის არსებობსი მიუხედავად, დღემდე მასშტაბურად მწვავე საკითხად დგას სამედიცინო სერვისებზე მშრომელთა ფიზიკური და ფინანსური ხელმისაწვდომობის საკითხი. ამას გარდა, სოციალური დაცვის განსაკუთრებულ გარანტიებს არიან მოკლებული მძიმე, მავნე და საშიშპირობებიან სამუშაოზე დასაქმებულები. აღარ ტარდება პერიოდული სამედიცინო შემოწმებები პროფესიული დაავადებების კვლევის, დაავადების აღმოჩენის შემთხვევაში კი შესაბამისი რეაგირების მიზნით.
პრობლემად რჩება დასაქმებულთა არასათანადო ანაზღაურება, უთანასწორო გასამრჯელო ერთი და იმავე პოზიციის მქონე პირებს შორის და ხელფასების ინდექსაციის მოთხოვნები ინფლაციასთან კავშირში.
მომსახურების სფეროში ხშირია შემთხვევები, როდესაც დასაქმების პირობა არ ითვალისწინებს შრომის კოდექსით დადგენილ შრომის მინიმალურ სტანდარტებს (ანაზღაურებადი შვებულება, ბიულეტენი, ზეგანაკვეთური და ღამის შრომის განსხვავებული წესით ანაზღაურება და ა.შ.).
ასევე, მომსახურების სფეროს გარკვეულ სეგმენტებში ეკონომიკური საქმიანობის ეპიზოდურობა (სატენდერო თუ საგრანტო პირობების გამო) დასაქმების დროებითობასა და არასტაბილურობას განაპირობებს, მაღალია მობილობა დასაქმების ადგილებს შორის.
მომსახურების სფეროში გავრცელებული პრაქტიკაა კადრების დანაკლისის მიზეზით დასაქმებულთა მომეტებული და მძიმე შრომაც, რაც თავის მხრივ განაპირობებს არანორმირებულ, ზეგანაკვეთურ შრომას, რომელიც დამატებითად არ ანაზღაურდება. გარდა ამისა ხშირია დასაქმებულთა დაჯარიმების უსამართლო და არამართლზომიერი პოლიტიკები, რაც მათზე ზეწოლის ბერკეტად გამოიყენება.
გარდა ამისა რიგი დასაქმების ადგილებისა გენდერულად განპირობებულია. სრულ განაკვეთზე დასაქმებულ ქალთა ანაზღაურება შესაძლებელია არ იძლეოდეს ინდივიდუალური სამომხმარებლო ხარჯის სრულად დაფარვის შესაძლებლობასაც კი, და ამგვარ ანაზღაურებას შინამეურნეობების მხოლოდ დამხმარე შემოსავლით უზრუნველყოფა შეეძლოს.
ნიშანდობლივია არასრული დასაქმების პრობლემაც, როდესაც პირები დაბალანაზღაურებადი დასაქმების სანაცვლოდ უმუშევრობას და სოციალური შემწეობით სარგებლობას არჩევენ, რაც მათ და მათ ოჯახებს სიღარიბეში ტოვებს ან მიგრაციისკენ უბიძგებს.
განსაკუთრებით მაღალია შრომის ბაზარზე თვითდასაქმებულთა წილი, რაც თავის მხრივ განაპირობებს არაფორმალური ეკონომიკური სექტორის მაღალ დონესაც საქართველოში (მთლიანი შიდა პროდუქტის 30,1%).
არაფორმალურ სექტორში თვითდასაქმებულთა შრომითი აქტივობა ფრაგმენტული და არასტაბილურია, რაც შეუძლებელს ხდის შემოსავალის ოდენობის წინასწარ განსაზღვრას და მომავლის წინდაწინ დაგეგმვას. არასტანდარტული შრომითი პირობების გამო, თვითდასაქმებულები ვერ სარგებლობენ დასაქმებულის ოფიციალური სტატუსით, რაც მომავალში მათთვის მინიმალურ სოციალური გარანტიებზე წვდომის საფუძველი უნდა იყოს.
გარდა ამისა ქვეყანაში არ არსებობს თვითდასაქებულთა შრომის პირობებისა და შრომითი მდგომარეობის მონიტორინგის არანაირი მექანიზმი, ხოლო სახელმწიფოს პოლიტიკა არაფორალურ სექტორში მოღვაწე თვითდასაქმებულ პირთა მიმართ უცნობია.
დღესდღეობით განსაკუთრებით მძიმედ დგას თვითდასაქმებული გარემოვაჭრეებისთვის შემდეგი საკითხები: მათთვის საჯარო სივრცეებზე წვდომის აკრძალვა, ფორმალურ სავაჭრო ცენტრებში იძულებით გადაყვანა და გარევაჭრობის საკითხზე სწორხაზოვნად ნეგატიური დამოკიდებულება სახელმწიფოს მხრიდან.
გამოწვევები და სამომავლო პერსპექტივები:
შრომა შესაძლოა ერთის მხრივ ერთგვაროვანი და რუტინული პროცესი იყოს, ხოლო მეორეს მხრივ დიფერენცირებული და ცვალებადი აქტების სიმრავლე. ზოგიერთ დასაქმებულს შრომისთვის შესაძლოა ამტანი სხეული ან მოქნილი ხელები სჭირდებოდეს, ზოგს კი სპეციფიური ცოდნა, სხარტი გონება ან შემოქმედითი აზროვნების უნარი. მშრომელებს არ გააჩნიათ საწარმოო საშუალებები, შრომისთვის საჭირო ინვენტარი, და არ არიან იმ პროდუქციის მესაკუთრეები, რომელსაც თვითონვე აწარმოებენ. მათი შრომა დამოკიდებულია იმ ადამიანებზე, რომლებიც ფლობენ საწარმოო კაპიტალს, და განკარგავენ შრომის პროცესს თავად ან მენეჯერებისა თუ ზედამხედველების გაშუალებით. თუმცა თუ მშრომელთა გარკვეული ნაწილი ანაზღაურების სანაცვლოდ შრომობს, საშინაო შრომის შემთხვევებში სხვები ანაზღაურებასაც კი ვერ იღებენ და მათი შრომა უხილავ აქტად რჩება.
შრომა ისტორიულად განპირობებულია. მისი მნიშვნელობა და როლი დინამიურად იცვლებოდა სოციო-ეკონომიკური, პოლიტიკური თუ იდეოლოგიური კონიუქტურების კვალდაკვალ, თუმცა მეორეს მხრივ, შრომის პროცესი, მისი ორგანიზების ფორმები და მშრომელთა კავშირები დიდ ზეგავლენას ახდენდა დასაქმების ადგილებს მიღმა არსებულ სოციალური თუ პოლიტიკური სტრუქტურების ტრანსფორაციაზე.
დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის არსებული ძალაუფლებრივი უთანასწორობის გათვალისწინებით, სახელმწიფოს ნეიტრალური როლი მუდმივად, არსებული წესრიგის კვლავწარმოებას და შენარჩუნებას ემსახურება. ამ პირობებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანი ხდება სოლიდარობის, მხარდაჭერისა და ადამიანთა ერთიანი მობილიზების პრაქტიკები. დიდია მშრომელთა კავშირების და საზოგადოების აქტიური წევრების როლის მნიშვნელობაც, რომელიც დასაქმებულების სოციალური თუ ეკონომიკური დაცვისსაჭიროებას უალტერნატივო მოთხოვნად სახავენ. ამასთან ერთად, მნიშვნელოვანია საზოგადობაში გაჩნდეს სახელმწიფოს როლის გაზრდის და სხვადასხვა საკანონმდებლო თუ ინსტიტუციური ერთეულების გაძლიერების მოთხოვნა, რაც შრომის პოლიტიკის გარდაქმნის და მშრომელთა უფლებებისდაცვის უპირობო გარანტი გახდება.
Andre Gorz “From strategy for labor” (pg. 41-56), Carl Oglesby’s “The New Left reader”, 1969
ინსტრუქცია