[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

შოვის ტრაგედიიდან 1 წელი გავიდა

ერთი წლის წინ, შოვში მომხდარ სტიქიურ მოვლენებს 32 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, 1 ადამიანი კი ამ დრომდე დაკარგულად ითვლება. კურორტზე მოვარდნილმა ღვარცოფის უზარმაზარმა მასამ 26 ჰა მიწის ფართობზე მოიტანა ნგრევა და განადგურება. ღვარცოფმა წაიღო კოტეჯები, მანქანები, მდინარეზე გადასასვლელი ხიდები, მოგლიჯა ხეები. კურორტი შოვი დღეს პრაქტიკულად აღარ არსებობს და მისი განვითარების პერსპექტივა და ამის ინტერესი ადგილობრივებში არც არსებობს. სტიქიის ადგილი ამ დრომდე არ არის გაწმენდილი. ამ დრომდე ხელისუფლებას არ შეუქმნია ამ ტრაგედიის ამსახველი მეხსიერების და გლოვის სიმბოლური სივრცეები. ადგილობრივი მოსახლეობა და სტიქიის შემდეგ გადარჩენილი ადამიანები დანაკარგის და გლოვის განგრძობითი ტრავმით აგრძელებენ ცხოვრებას.

ამ დრომდე პასუხგაუცემელი რჩება არაერთი შეკითხვა ამ პროცესში სახელმწიფოს როლის და პასუხისმგებლობის შესახებ, მათ შორის, რატომ არ იყო დანერგილი მყინვარების მონიტორინგის კომპლექსური სისტემა, რატომ არ არსებობდა მეწყრულად სახიფათო ზონაში ადრეული გაფრთხილების სისტემები, რამდენად ადეკვატური იყო სახელმწიფოს რეაგირება, განსაკუთრებით სტიქიის პირველ საათებში და შეიძლებოდა თუ არა ამ მასშტაბის მსხვერპლის თავიდან არიდება.

გარემოს ეროვნული სააგენტო 2024 წლის თებერვალში გამოქვეყნებულ დასკვნაში ამტკიცებს, რომ “მსგავსი მასშტაბის კომპლექსური გენეზისის სტიქიის შესახებ განგაშის სისტემის მოწყობა სტიქიის სწრაფად განვითარებადობის და მისი ჩასახვის ზონიდან დასახლებულ პუნქტამდე მცირე მანძილის გათვალისწინებით, ვერ იქნებოდა ეფექტური დამდგარი შედეგების თავიდან ასაცილებლად.” ეს დოკუმენტი ექსპერტული წრეების მიერ ნაკლებად სარწმუნოდ და სანდოდ არის შეფასებული. მით უფრო, რომ სახელმწიფოს მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშში არ იყო მითითებული შვეიცარიელი ექსპერტების მიერ მომზადებული ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ადგენდა, რომ მონიტორინგის სისტემის დაყენების შემთხვევაში, ადრეულ სტადიაზე შესაძლებელი ხდება ნეგატიური განვითარების (ქანების დესტაბილიზაციის) გამოვლენა. ამ გზით კი, შესაძლებელი ხდება მოახლოებული მოვლენის შესახებ წინასწარი გაფრთხილება და ხალხის ევაკუაცია. კავკასიონის მყინვარების მონიტორინგის სისტემის მნიშვნელობაზე უთითებდნენ დამოუკიდებელი ქართველი ექსპერტებიც და ადგილობრივები, რომლებსაც ახსოვდათ წინა წლებში (2017 წელს, 2020 წელს) სტიქიის მოვარდნის გამოცდილება.

დასკვნის მომზადებამდეც, შოვის ტრაგედიის ირგვლივ გამოძიების დაწყებისთანავე ხელისუფლების წარმომადგენლები პრაქტიკულად გამორიცხავდნენ დანაშაულის არსებობას, რაც გამოძიების დამოუკიდებლობის თაობაზე დამატებით შეკითხვებს აჩენდა. უფრო მეტიც, ისინი არ მორიდებიან არც სტიქიას გადარჩენილების მონაყოლის ეჭვქვეშ დაყენებას, ისევე როგორც იმ მეცნიერებზე და მედიაზე საინფორმაციო თავდასხმას, ვინც ხელისუფლების ოფიციალურ ვერსიას სტიქიის მიზეზების და რეაგირების ეფექტურობის შესახებ ეჭვქვეშ აყენებდა. ამ საკითხზე დაწყებული გამოძიების პროცესიც ხარვეზებით წარიმართა და იგი ამ დრომდე არ დასრულებულა.

ამგვარი შემთხვევები გვაჩვენებს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია უსაფრთხოების ნორმების დაცვა ახალი მშენებლობების თუ ურბანული განვითარების პროექტების განხორციელებისას. თუმცა, არსებული პრაქტიკა აჩვენებს, რომ შესაბამისი უწყებები ხშირად უგულებელყოფენ უსაფრთხოების დაცვის იმპერატიულ ინტერესს და უშვებენ იმგვარ მშენებლობებს, რომლებიც არ აკმაყოფილებს დადგენილ სივრცით თუ ქალაქგეგმარებით ნორმებს. შოვის ტრაგედიამ ცხადად გამოავლინა გარემოსდაცვით ინფორმაციაზე ხელმისაწვდომობის უფლების მნიშვნელობაც; იგი პირდაპირ არის დაკავშირებული ადამიანის უსაფრთხოებასთან და გარკვეულ შემთხვევებში შესაძლოა, კრიტიკულიც აღმოჩნდეს სიცოცხლის გადასარჩენად.

კლიმატის ცვლილების ადამიანის უფლებებზე აშკარა გავლენის და ტემპერატურის მატების ფონზე ბუნებრივი კატასტროფების რიცხვის შესაძლო ზრდის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ გააცნობიეროს თავისი როლი ადამიანის სიცოცხლის და უსაფრთხოების დაცვაში და პროაქტიულად შექმნას იმგვარი სისტემა, რომელიც პრევენციის, საფრთხის წინასწარ იდენტიფიცირების, მომზადების და რეაგირების ყოვლისმომცველ ღონისძიებებს დაეფუძნება.

გვჯერა, რომ შოვის ტრაგედიის მსხვერპლების და მათი ოჯახის წევრების წინაშე მთელს საზოგადოებას გვაქვს ვალდებულება, სახელმწიფოსგან მოვითხოვოთ და უზრუნველვყოთ, რომ ის ჩავარდნები, რაც ამ მოვლენამ გამოავლინა, აღარ განმეორდება, რათა ყოველთვის, როდესაც მსხვერპლის თავიდან აცილება შესაძლებელია, იგი თავიდან იქნას არიდებული.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“