[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / თვალსაზრისი

შიმშილის თამაშები და მუნიციპალური პრიორიტეტები

საქართველოს რეგიონებში ადამიანები, მეტწილად, საჭმლის ნაცვლად იმედით იკვებებიან. გურულები ხუმრობენ, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსებმა გურიას გადაუფრინეს, იფიქრეს აქაურობა უკვე დაგვიბომბიაო და გზა გააგრძელესო. ეს ხუმრობა საქართველოს რეგიონებში არსებულ მდგომარეობას კარგად ასახავს.

გასულ წელს, ხელვაჩაურში მცხოვრები 1 წლის გოგიტა აბაშიძე შიმშილით გარდაიცვალა. ისე კი, ჩვენს ქვეყანაში, ბავშვები შიმშილით მანამდეც იხოცებოდნენ და ამის შემდეგაც. ზოგმა მისი სიკვდილი ოჯახის არაქრისტიანობას დააბრალა და ასე შეეცადა ხელები დაებანა მორალური პასუხისმგებლობისგან.

ხარაგაულელი ციალა მაღრაძე, საცხოვრებელი ოთახის მცირე ზომის გამო, ნაჩუქარ ეტლს ვერ იყენებს და ხოხვით გადაადგილდება. გარეთ გასვლაზე საუბარიც ზედმეტია. საჭმელს კი მეზობლები აწვდიან, სამადლოდ.

სოფელი ვეძათხევი ის ადგილია, სადაც გზის მიუვალობის გამო, ადამიანები კბილის ტკივილისა და მშობიარობის დროს იხოცებიან.

მიტოვებულ შენობებში შეჭრილი უსახლკაროები ყოველ ღამე იმის შიშით იძინებენ, რომ შესაძლოა, მეორე დილით იმ ცარიელი კედლების გარეშეც დარჩნენ.

ეს არის მხოლოდ და მხოლოდ რამდენიმე მაგალითი იმ სისტემური პრობლემებისა, რომელთა მოგვარებაზეც სახელმწიფო სათანადოდ ვერ ზრუნავს.

სამოცდაათწლიანმა საბჭოთა რეჟიმმა ზიანი მიაყენა ბევრს. მათ შორის საქართველოს მართლმადიდებლურ ეკლესიას. თუმცა, ზიანი მიადგათ სხვა რელიგიურ ჯგუფებსაც. მიუხედავად იმისა, რომ საქართველო საბჭოთა კავშირის სამართალმემკვიდრე არ იყო, იმპერიის დაშლის შემდეგ, კანონთა მპყრობელებს აზრად მოუვიდათ, რომ ეს ზარალი ეკლესიისთვის მატერიალურად აენაზღაურებინათ. შედგა სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის საკონსტიტუციო შეთანხმება, რომელიც რიგ პრივილეგიებს ანიჭებს მას.

მას შემდეგ ათ წელზე მეტი გავიდა. მართლმადიდებლური ეკლესიის დაფინანსება კი ყოველ წელს უფრო და უფრო იზრდება. წლევანდელი ბიუჯეტით, გარდა გადაცემული მატერიალური სიკეთეების, (მაგ, სკოლები, ბაღების შენობები, საძოვრები, ტერიტორიები სარეკრეაციო ზონებიდან და ა.შ) პრეზიდენტისა თუ მთავრობის სარეზერვო ფონდებისგან გამყოფილი თანხებისა და მუნიციპალური სუბსიდირებისა, ეკლესია 25 მილიონ ლარს მიიღებს.

ცენტრალური ხელისუფლება მუნიციპალიტეტებსა და თვითმმართველ ქალაქებს ყოველწლიურად გამოუყოფს თანხებს. შემდეგ კი ისინი თავად ანაწილებენ აღნიშნულ თანხას სხვადასხვა მიმართულებით. ხან გზაა შესაკეთებელი, ხან წყლის მილია გასაყვანი და ა.შ. ასეა ყველგან – მესტიის მუნიციპალიტეტიდან – დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტამდე.

ისინი თავად წყვეტენ რაში გახარჯავენ ამ ფულს. მეტწილად, მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელობა ერთ-ერთ ასეთ მიმართულებად რელიგიური ორგანიზაციის, კონკრეტულად კი, მართმადიდებლური ეკლესიისა და მისი სასულიერო პირების დაფინანსებას ირჩევს.

მაგალითად ხარაგაულში, სადაც ციალა მაღრაძე ცხოვრობს, გასულ წელს ეკლესია-მონასტრების მშენებლობისთვის და სხვადასხვა რელიგიური ატრიბუტიკისთვის 160’000 ლარი გამოიყო. ქუთაისში, თვითმმართველ ქალაქში, ეს თანხა 203’000 ლარს შეადგენს, სამტრედიაში – 132’000 ლარს და ა.შ. ეს ხარჯები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტის ბიუჯეტშია გათვალისწინებული.

ეს ინფორმაცია საჯარო და ყველასთვის ხელმისაწვდომია. ასეთი თანხები ოფიციალურ დოკუმენტებში ან ეკლესიის დახმარებად არის მოხსენიებული, ან ეპარქიის, ანდა რელიგიების მხარდაჭერად, თუმცა ზემოთხსენებული კონფესიის გარდა, ამ სუბსიდიას არავინ იღებს.

ფული, როგორც იტყვიან, „წმინდა საქმეს ხმარდება“. ეკლესიის მშენებლობას, განათებას, გათბობას, „ღვთისმსახურების ნორმალურად ჩატარებას“, ტრაპეზის გამართვას, სტუმრების დახვედრას, ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის ხარჯის გადახდას, სასულიერო პირების საწვავისთვის თანხის გამოყოფას, საეკლესიო ატრიბუტიკის ყიდვას: ბარძიმის, კანკელის, ხატების და ა.შ. ხან კი, თანხის გადახდას ეკლესიისთვის ზოგადი დახმარების ფორმა აქვს.

ცენტრალური თუ დეცენტრალიზებული მმართველობის შემთხვევაში, სახელმწიფოს მიერ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსების საკითხი სცდება სეკულარიზმის იმ პრინციპებს, რომელზეც შეიძლება იარსებოს თანამედროვე ქვეყანამ. ეს ტენდენცია ჰგავს რუსულ-ბიზანტიურ მოდელს, რომელიც სახელმწიფოს არსებობას მოქალაქეების სულიერი და მენტალური აღზრდის ხარჯზე ხედავს, განსხვავებით თანამედროვე, დასავლური, სეკულარული ტიპის ხედვისგან, სადაც პიროვნებები თავად წყვეტენ თუ რა კუთხით განვითარდნენ. სახელმწიფო კი მათ მხოლოდ თანაბარ შესაძლებლობებს აძლევს.

ჩვენთან არსებული პრაქტიკა დაცლილია ყოველგვარი სოლიდარობისგან იმ ადამიანების მიმართ, რომელსაც რეალურად სჭირდებათ დახმარება. სოლიდარობის გარეშე ცხოვრება კი ზუსტადაც რომ სამყაროს ქრისტიანულ გაგებას სცდება. სახელწიფოს საქმე არ არის მოქალაქეების სულიერი აღზრდა. ესეც წერია ზოგიერთი მუნიციპალიტეტის ბიუჯეტში – „მოქალაქეების რწმენის გამტკიცება“.

ჩვენ უნდა გავზომოთ საზოგადოებრივი სიკეთეები და ამის მიხედვით გავანაწილოთ სახსრები. ჩვენ შეგვიძლია ვიგრძნოთ, რომ ჩვენივე ფულის გადანაწილება, შეიძლება საბედისწერო გამოდგეს ინდივიდების გადარჩენისთვის, მომავალი თაობის განათლებისთვის, რეგიონული განვითარებისთვის. ჩვენ უნდა ვიფიქროთ იმაზე, თუ რა შეიძლება გაკეთებულიყო ან გაკეთდეს რეგიონებში მცხოვრები ადამიანებისთვის.
გაახსენდებათ კი მუნიციპალიტეტების მოხელეებს, რომ ეკლესიებსა და მისი ატრიბუტიკაზე დახარჯული ხალხის ფული შეიძლებოდა სხვა საჯარო ინტერესებს მოხმარებოდა. ღატაკს, უსახლკაროს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის გადაადგილებას, ეკო-მიგრანტს… ანდა უბრალოდ, ვიღაცის ჯანმრთელობას და განათლებას?!

დაფიქრებულა ვინმე არჩევანის არსებობაზე?!

დაფიქრებულა ვინმე, რომ საკრალურობასთან თამაშებით ჩვენ, შიმშილს ვეთამაშებით?!

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“