[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / ფოტო

შეზღუდული სახელმწიფო ზრუნვა და შშმ პირები ოჯახურ გარემოში

 

თუ დაითვლით, რამდენჯერ გსმენიათ სიტყვები: „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე  პირები საზოგადოების განუყოფელი ნაწილნი არიან“, „შეზღუდული შესაძლებლობა არ არსებობს“ და რამდენჯერ გინახავთ მსგავსი ერთიანობის, ბარიერების არარსებობის  ნათელი მაგალითი, რამდენად შემაშფოთებელი იქნება სხვაობა ამ ორს შორის?

ზედმეტად დიდ პასუხისმგებლობას ხომ არ ვაკისრებთ საზოგადოებას იმის გამო, რომ შშმ პირები იზოლაციაში იმყოფებიან? როგორ ვითარდებიან ადამიანები, რომლებიც არაადაპტირებული გარემოს გამო კი არ რჩებიან სახლში, არამედ  სპეციალურად მათთვის განკუთვნილ პანსიონატებში ცხოვრობენ, თუმცა მაინც მოწყვეტილნი არიან გარე სამყაროს? არსებობს თუ არა ინსტიტუციების ალტერნატივა, რომელიც შშმ პირების ინტერესებზე მაქსიმალურად იქნება მორგებული და რამდენად საჭირო და მნიშვნელოვანია დეინსტიტუციონალიზაცია?

დუშეთის შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პანსიონატი

 დუშეთი თბილისიდან დაახლოებით ერთი საათის სავალზეა. თუ სამარშუტო ტაქსის მძღოლი კეთილ ნებას გამოიჩენს, შეიძლება პანსიონატამდეც მიგიყვანოთ. თუ არადა, მოკლე, დახვეულ აღმართს უნდა აუყვეთ.

სამსართულიან პანსიონატს მოზრდილი ეზო აქვს, სადაც რამდენიმე გრძელი და ერთიც სარწეველა სკამი დგას. შენობის ორი სართული კეთილმოწყობილია, აქვს სპეციალური ლიფტი და სისუფთავის ნორმებიც დაცულია.

აქ სტუმარი იშვიათობაა, ამიტომ, ყველა თავისებურად გამოხატავს ინტერესს. მისაღებში თავმოყრილი ქალბატონები, ინდურ სერიალს უყურებენ. თუმცა, სერიალის დამთავრებისთანავე აღმოჩნდება, რომ მათაც უამრავი კითხვა და სათქმელი აქვთ. საპნის ოპერები კი მთელი დღის განმავლობაში თითქმის ერთადერთი გასართობია.

ნინო მესამე წელია აქ ცხოვრობს. მანამდე, 15 წელი გაატარა ქუთაისის პანსიონატში, რომელიც შემდგომ მოხუცთა თავშესაფრად გადაკეთდა და ნინო, მეუღლესთან ერთად, დუშეთში გადმოიყვანეს. მისი შვილი 11 წლისაა და თბილისში, „SOS ბავშვთა სოფელში“ ცხოვრობს. პანსიონატში მყოფი სხვა შშმ პირების მსგავსად, მასაც არ აქვს უფლება იცხოვროს შვილთან ერთად, რომელთაც სახელმწიფო მინდობით აღზრდით სხვა ოჯახებს აბარებს.

ვიდრე ბიჭი 18 წლის გახდება, ნინოს უნდა, რომ დედაქალაქში მოახერხოს სამსახურის მოძებნა და შვილთან ერთად გადავიდეს საცხოვრებლად. „გათენდება, დაღამდება, აქ მეტი არაფერი არ ხდება,“ - ამბობს ნინო. მიუხედავად იმისა, რომ პანსიონატში 47 ბენეფიციარი ცხოვრობს, მათთან, როგორც ამბობს, ნაკლებად ურთიერთობს. თბილისში გადასვლას და ადამიანებთან კონტაქტს კი მოუთმენლად ელოდება.

პანსიონატში მცხოვრები ფიზიკური თუ მენტალური პრობლემის მქონე 47 ბენეფიციარი სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიას მიეკუთვნება, რაც დირექტორის, შორენა ადეიშვილის თქმით, ზოგჯერ ერთმანეთთან კამათსა და დაპირისპირებას იწვევს.

ბატონი თემურისთვისთვის დღის განმავლობაში არსებული ხმაური, უმოქმედობა და კომუნიკაციის ნაკლებობა იმდენად რთული ასატანია, რომ თითქმის ყოველდღე ელექტრო სავარძელ-ეტლის დახმარებით ქალაქში ჩადის. ამბობს, რომ იქ სხვა ადამიანებს ესაუბრება, კუთვნილი პენსიით საკვებს ყიდულობს და უკან საღამო ხანს, დასაძინებლად ბრუნდება. ოცნებობს, რომ ნაადრევად დართონ მოხუცთა თავშესაფარში ცხოვრების უფლება, სადაც დარწმუნებულია, რომ სიმშვიდე დახვდება.

ელექტრო სავარძელ-ეტლით მხოლოდ ის ბენეფიციარები არიან უზრუნველყოფილი, რომლებიც სრულფასოვნად ვერც ერთ კიდურს ვერ იყენებენ. ჩვეულებრივი ეტლით მოსარგებლეთათვის კი ქალაქის ცენტრამდე ჩასვლა, რომელიც დაახლოებით ნახევარ კილომეტრშია, გაცილებით რთულია. თუკი გავითვალისწინებთ იმასაც, რომ თითქმის არც ერთ ბენეფიციარს არ აკითხავენ ნათესავები, ისინი გარე სამყაროსგან სრულ იზოლაციაში არიან და ურთიერთობა მხოლოდ ერთმანეთთან ან მომსახურე პერსონალთან აქვთ.

რაც შეეხება მომსახურე პერსონალს, როგორც სადღეღამისო სპეციალიზებულ დაწესებულებებში შშმ პირთა და ხანდაზმულთა მომსახურების მინიმალურ სტანდარტებშია[1] მითითებული, ყოველ თვითმოვლის უნარის არმქონე 7 და თვითმოვლის უნარის მქონე 15 პირს მინიმუმ ერთი მომვლელი უნდა ჰყავდეს მიჩენილი.

პანსიონატში ყოველდღიურად 4 მომვლელია. აქ მცხოვრებ თვითმოვლის უნარის არმქონეთა სიმცირის გათვალისწინებით, ეს რაოდენობა, დოკუმენტის მიხედვით, დამაკმაყოფილებელია. თუმცა, რამდენად ადეკვატურია თავად ეს დოკუმენტი მაშინ, როცა:

  • თვითმოვლის უნარის მქონე პირებისთვის გამოყოფილია მომვლელები და უგულვებელყოფილია, რომ მათ შეუძლიათ საკუთარ თავზე ზრუნვა. ამ ტიპის დამოკიდებულება ყველაზე ნაკლებად წარმოადგენს ბიძგს აქტიურობისა და განვითარებისკენ;
  • თითო მომვლელზე ათზე მეტი ბენეფიციარი მოდის;
  • პანსიონატში ბენეფიციარები ცხოვრობენ ორ სართულზე, 1- ან 2-კაციან ოთახებში. პანსიონატიც და მისი ეზოც საკმაოდ დიდია და მაცხოვრებლებს თავისუფლად შეუძლიათ გადაადგილდნენ სხვადასხვა მიმართულებით. ერთი მომვლელისთვის 10-ზე მეტ ადამიანზე ზრუნვა, რომლებიც სხვადასხვა წერტილში იმყოფებიან, სულ მცირე, რთული და დამღლელია;
  • ყველა მომვლელი ქალია და იმისთვის, რომ გადაადგილების უნარის არმქონე ბენეფიციარი ასწიონ, უმეტეს შემთხვევაში, ერთმანეთის დახმარება სჭირდებათ. უწევთ დამატებით, სხვა ბენეფიციარებზეც ზრუნვა.

შესაბამისად, რამდენად შესაძლებელია, რომ ყველა ბენეფიციარს და მათ საჭიროება სრულფასოვნად ეთმობოდეს დრო და ყურადღება?

პანსიონატში სულ ერთი ფსიქოთერაპევტი და ერთი ფსიქოლოგია დასაქმებული, რაც ნამდვილად ვერ იქნება საკმარისი 47 ბენეფიციარისთვის.

გარდა ამისა, მინიმალურ სტანდარტებში გათვალისწინებულია (მუხლი 7) შშმ პირების მონაწილეობა კულტურულ, გასართობ და სხვა ღონისძიებებში, რაც მათ ფიზიკური, სოციალური და ინტელექტუალური აქტივობის შენარჩუნებაში უნდა დაეხმაროს. დუშეთის პანსიონატის ბენეფიციარები, მსგავსი აქტივობებიდან მხოლოდ რამდენიმე ექსკურსიას იხსენებენ, ხოლო დასასვენებლად სამი წელია არსად ყოფილან. ისინი, თითქმის, არ ერთვებიან შენობის შიგნით საქმეებში და იშვიათად, ბაღში, მიწაზე მუშაობით შემოიფარგლებიან. მხოლოდ ერთი მათგანი ეხმარება სამზარეულოს თანამშრომლებს კერძების მიტანაში. პანსიონატში, ბენეფიციართათვის ერთადერთი ლეპ-ტოპია, რომელსაც ინტერნეტზე აქვს წვდომა.

მართალია, საკვებით, თავშესაფრითა და პირველადი საჭიროებებით პანსიონატის მაცხოვრებლები სრულად არიან უზრუნველყოფილნი, მაგრამ არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი პრობლემა, რაც მათ ინტეგრაციას და განვითარებას  ხელს უშლის.

დუშეთის პანსიონატში თავმოყრილია არა რეკომენდებული ერთი ან მაქსიმუმ ორი, არამედ მრავალი სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის კატეგორიის 47 ბენეფიციარი. მათ შორის მრავლად არიან თვითმოვლის საჭიროების მქონე ადამიანები, რომელთა მოვლაზეც პერსონალი ზრუნავს. აქ დასაქმებულია მხოლოდ ერთი ფსიქოლოგი და ერთი ფსიქოთერაპევტი, რაც არასაკმარისია.

პანსიონატს სჭირდება გაუმჯობესებული, ადაპტირებული ტრანსპორტი, რადგან ერთადერთი ძველი მანქანა, რომელიც ახლა ჰყავთ, არ არის საკმარისი.

პანსიონატში სულ 7 ქმედუუნარო ადამიანია. ბენეფიციართა უმრავლესობას სურვილი აქვს და შეუძლია გონებრივად ან ფიზიკურად მუშაობა, თუმცა მათი პროფესიული უნარების განვითარებასა და შემდგომ დასაქმებაზე არავის უზრუნია.

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში დაახლოებით 120 000 შშმ პირია, რომელიც სოციალურ დახმარებას იღებს. ზრდასრულ შშმ პირთა სახელმწიფო პანსიონატი კი ქვეყანაში სულ სამია, სადაც საერთო ჯამში 200-მდე ბენეფიციარი ცხოვრობს. ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემები ერთ-ერთ პანსიონატში არსებული პრობლემების მხოლოდ ნაწილია.

ვიდრე საზოგადოების მხრიდან შშმ პირთა გარიყვაზე ვისაუბრებთ, სახელმწიფომ ამ ადამიანებს უნდა შეუქმნას პირობები, რათა ისინი თავადვე მივიდნენ საზოგადოებამდე და იგრძნონ თავი თანასწორუფლებიანებად.

დეინსტიტუციონალიზაცია და მეხუთე საოჯახო ტიპის  საცხოვრებელი საქართველოში

 დაწესებულება შესაძლოა იყოს ინსტიტუცია იმ შემთხვევაშიც, თუ მომსახურებას ადამიანთა მცირე ჯგუფს უწევს, მაგრამ ქვემოთ ჩამოთვლილ პუნქტებს აკმაყოფილებს:

  • დეპერსონალიზაცია - ადამიანის ინდივიდუალიზმის მნიშვნელობის სიმცირე, უგულვებელყოფა;
  • რუტინა - სხვადასხვა საჭიროებისა და აქტივობისთვის განსაზღვრული დრო, რეჟიმი;
  • პირადი სივრცის სიმცირე ან არარსებობა;
  • სოციალური დისტანცია - განსხვავებული სტატუსის ქონა, საზოგადოებისგან იზოლირება.

Inclusionbc.org არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელიც უკვე სამოცი წელია შშმ პირთა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობაზე ზრუნავს აქტიურად.

ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ ერთ-ერთ სტატიაში[2] განმარტებულია, რომ ინსტიტუციებს არ შეუძლიათ ინდივიდებს უბიძგონ, ისწავლონ და გახდნენ საზოგადოების ნაწილი. ისინი წყვეტენ ადამიანს ოჯახისგან, მეგობრებისგან და საზოგადოებისგან, ქმნიან სარისკო გარემოს შშმ პირებისთვის, მაშინ, როცა სხვა ადამიანების გვერდით ცხოვრება ახალ შესაძლებლობებს აჩენს მათთვის.

Common European Guidelines on the Transition from Institutional to Community Based Care[3] -  ასე ჰქვია ზოგად სახელმძღვანელოს, რომელიც ევროპის ქვეყნებში დეინსტიტუციონალიზაციის დადებით მხარეებს მიმოიხილავს. დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ მათთვისაც კი, ვისაც 24/7 ზრუნვა ესაჭიროება, შესაძლებელია ოჯახურ გარემოში ცხოვრება ისე, რომ არ გაუარესდეს ჯანმრთელობის მდგომარეობა. ხოლო ვიდრე მენტალური პრობლემების მქონე ადამიანები საზოგადოებისთვის სახიფათოდ აღიქმებიან, 2,5-ჯერ უფრო მაღალია იმის შანსი, რომ თავად შშმ პირები გახდნენ ძალადობის მსხვერპლი, ვიდრე სხვა ადამიანები, რასაც კვლევებიც ცხადყოფს. აქვე ხაზგასმულია, რომ ადამიანებს უნდა ჰქონდეთ არჩევანის შესაძლებლობა, თუ სად ურჩევნიათ ცხოვრება.

„ხელი ხელს“ - ინკლუზიის მხარდამჭერი ორგანიზაცია

 საოჯახო ტიპის პირველი საცხოვრებელი, როგორც ინსტიტუციის საუკეთესო ალტერნატივა, ორგანიზაციამ „ხელი ხელს“ 2011 წელს გურჯაანში გახსნა. რამდენიმე დღეში კი მეხუთე სახლში შეძლებენ ბენეფიციართა დასახლებას. ეს იქნება მათ მიერ თბილისში გახსნილი რიგით მეორე სახლი. ორგანიზაციის ხელმძღვანელის, მაია შიშნიაშვილის თქმით, მომსახურება, რომლითაც ისინი შშმ პირებს უზრუნველყოფენ, განსხვავდება როგორც პანსიონატების, ასევე სათემო ორგანიზაციების მომსახურებისგან და მთავარ აქცენტს თითოეული მათგანის მაქსიმალურ ინდივიდუალურ მხარდაჭერაზე აკეთებს. საბოლოო მიზანი კი ბენეფიციართა ინკლუზიისთვის მომზადება, იმ უნარ-ჩვევებით აღჭურვა ანდა გაძლიერებაა, რომლებიც საჭიროა დამოუკიდებელი  ცხოვრებისთვის და მათი საზოგადოებაში დაბრუნებისთვის.

იმისთვის, რომ თითოეულმა ბენეფიციარმა ნაბიჯები გადადგას დამოუკიდებლობისკენ, საჭიროა გაძლიერებული ყურადღება მათ თვითანალიზსა და საჭიროებებზე. ამ პროცესს თვითგამორკვევის ხასიათი აქვს.  შემდგომ კი, შშმ პირების მიერ იდენტიფიცირებული საჭიროებების და ინტერესების მიხედვით იგეგმება აქტივობები, რომელთა გადახედვა და ცვლილება მუდმივად ხდება. მეტი ინდივიდუალური საქმიანობისთვის თითოეულ სახლში ორგანიზაცია 5 ან ნაკლებ ადამიანს ათავსებს. დღე/ღამის განმავლობაში თითო სახლში ერთი დამხმარეა, რომელიც სახლის მაცხოვრებლებს სხვადასხვა აქტივობაში ეხმარება.

გურჯაანის სახლი

 თამარა

 თამარა თავის ყოფილ სამსახურში[/caption]

 თამარას ხელნაკეთი ნივთები

თამარა გურჯაანის საოჯახო ტიპის საცხოვრებელში გახსნის დღიდან ცხოვრობს. ინტელექტუალური დარღვევების გამო, მანამდე დუშეთში ცხოვრობდა. როგორც ყვება, გურჯაანის სახლში გადმოსვლის პირველ დღეებში დათრგუნული იყო, ახლა კი თავისი ცხოვრებით ბედნიერია.

დილაობით თავის უკვე რიგით მეორე სამსახურში, გურჯაანის საავადმყოფოში მიდის. სიამოვნებს იმის მოყოლა, როგორ აქებენ დროზე ადრე მისვლის გამო, როგორ ალაგებს და ასუფთავებს ყველაფერს, როგორ ატარებს დროს შუადღის შესვენებაზე თანამშრომლებთან ერთად და როგორ საქმიანობს სახლში დაბრუნებული.

ორსართულიან სახლში, თამარასთან ერთად ერთი დაქორწინებული წყვილი და ორი ეტლით მოსარგებლე ადამიანი ცხოვრობს. აივანი სავსეა ქოთნის ყვავილებით, ეზოში კი ორი ძაღლი ყავთ. მიუხედავად იმისა, რომ ცხოველები ყველას უყვარს, ძაღლებს სახლში იშვიათად უშვებენ. უფრთხილდებიან თავიანთ ნივთებსა და საკუთარი ხელით დასუფთავებულ სახლს. 

გურჯაანში მდებარე ეს სახლი ყველაზე დიდი ხანია რაც დაარსდა და შესაბამისად, ბენეფიციართა დამოუკიდებლობის დონე სხვებთან შედარებით მაღალია. დამხმარის მიერ მაცხოვრებლების მხარდაჭერის ინტენსივობა წინა წლებთან შედარებით გაცილებით ნაკლებია, რადგან ბენეფიციარები თითქმის ყველაფერს თავად აკეთებენ. ისინი ამზადებენ საჭმელს, უვლიან სახლს და ეზოს, ყიდულობენ საჭირო პროდუქტებს, სეირნობენ, ეკონტაქტებიან მეზობლებს, აქვთ ჰობი, მაგალითად ხეზე მუშაობა ან სამკაულების დამზადება, ესწრებიან სხვადასხვა ტიპის კულტურულ ღონისძიებებს, აქტიურად არიან ჩართულები ადგილობრივ საზოგადოებრივ ცხოვრებაში.

მაია შიშნიაშვილის თქმით, ბენეფიციართა სიმცირის, მათი საჭიროებების  და ინტერესების მაქსიმალურად გათვალისწინების და საერთო საქმის ერთად კეთების შედეგად, სახლებში ოჯახური გარემოა შექმნილი, რასაც მინიმუმამდე დაჰყავს შესაძლო დაძაბულობებისა და უთანხმოებების რისკი.

გურჯაანის სახლების ბინადრები კუთვნილი პენსიიდან სიმბოლურ 5 ლარს იხდიან მიღებულ მომსახურებაში. ეს, ორგანიზაციის ხელმძღვანელის თქმით, მათ ეხმარება იგრძნონ პასუხისმგებლობა და ჰქონდეთ კუთვნილობის განცდა, ხოლო სერვისის მიმართ უფრო მომთხოვნები იყვნენ.

„ხელი ხელს“-ის თანამშრომლები ყურადღებით ეკიდებიან ბენეფიციარების სურვილებსა და ახალ-ახალ ინტერესებს, რომლის არსებობაც პიროვნული ზრდის ნიშანია და ცდილობენ მიჰყვნენ მას.

მაგალითად, დიმა, რომელიც კომპიუტერული ტექნოლოგიებით დაინტერესდა, დროებით თბილისში გადმოიყვანეს, სადაც სპეციალურ კურსებს ესწრებოდა. 2014 წელს თბილისში გახსნილ სახლში, სადაც ის ცხოვრობდა, 3 სხვა ბენეფიციარიც ცხოვრობს. მათგან ორს ცოტა ხნის წინ შეუსრულდა 18 წელი. მათ ორგანიზაციის თანამშრომლები მოხალისეობრივად ასწავლიან ანბანს და არითმეტიკას.

„ხელი ხელს’-ის კომუნიკაციების მენეჯერის, გოჩა გაბოძის თქმით, იმისთვის, რომ მომსახურების მიმღები ადამიანები კიდევ უფრო მიეჩვიონ საზოგადოებასთან კონტაქტს, ორგანიზაციამ გადაწყვიტა კვირაობით სტუმრობის დღე შემოიღოს მაცხოვრებლების სურვილის გათვალისწინებით. მას პირადად ჩაჰყავს გურჯაანში სხვადასხვა სფეროს რამდენიმე წარმომადგენელი.

„უკანა გზაზე სტუმრები ხშირად მიმხელენ, რომ ასეთ უშუალო, თბილ და არადამთრგუნველ გარემოს არ მოელოდნენ,“ - ამბობს გოჩა.

გურჯაანის სახლის ბენეფიციარებს მასპინძლობა ნამდვილად კარგად გამოსდით, რაც ორგანიზაციის თანამშრომლებისგან და მეზობლებისგან ისწავლეს. რადგან სამსახურში ერთმანეთს ვერ ხვდებიან, არასამუშაო დღეებში, თამარას ხშირად სტუმრობენ თანამშრომლები, რომლებთანაც განსაკუთრებით მეგობრობს.

საოჯახო ტიპის სახლებში მცხოვრებთა მეზობლები (როგორც გურჯაანში, ასევე თბილისში), თანამშრომლები, სტუმრები და სხვა ადამიანები, ვისთანაც კონტაქტი ყოველდღიურად უწევთ, კიდევ ერთხელ გვაბრუნებს თავდაპირველ კითხვასთან - არის თუ არა პრობლემა საზოგადოებაში?

პასუხი ცალსახა ნამდვილად არ არის, რადგან არსებობენ მშობლები, ოჯახის წევრები და ახლობლები, რომლებიც შშმ პირებზე ამბობენ უარს. თუმცა, საოჯახო ტიპის საცხოვრებლების პრაქტიკა ძალიან კარგად აჩვენებს იმას, რომ სწორი სტრატეგიის შემუშავების და ხელშეწყობის შედეგად შესაძლებელია, საზოგადოების წევრებს დროთა განმავლობაში გაუჩნდეთ ჯანსაღი დამოკიდებულება.

 

-------------------------------------------------------------------------------------------------

პუბლიკაცია მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტროინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ისმხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

-------------------------------------------------------------------------------------------------

 

 

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“