[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / თარგმანი

სჭირდებათ თუ არა მუსლიმ ქალებს ხსნა?

თამთა მელაშვილი 

maxresdefault.jpg ავტორი: ლაილა აბუ-ლუღოდი

შესავალი

უფლებები და სიცოცხლე

2010 წლის დეკემბრის ერთ, ნათელ დღეს ზეინაბთან ერთად ჩაის ვსვამდი. ზეინაბი წარმოშობით სამხრეთ ეგვიპტის ერთ-ერთი სოფლიდანაა, დიდი ხანის წინ გავიცანი და მას შემდეგ, ერთმანეთის ცხოვრებას თავ-ლყურს ვადევნებდით. ზრდილობიანად მკითხა, რას შეეხებოდა ჩემი ახალი კვლევა. მოვუყევი, რომ ვწერდი წიგნს იმის შესახებ თუ როგორ სჯერა ხალხს დასავლეთში, რომ მუსლიმი ქალები იჩაგრებიან. “კი მაგრამ ბევრი ქალი მართლაც ჩაგრულია! მათ არ აქვთ უფლებები - განათლების, მუშაობის...” - შემეკამათა ზეინაბი.

მისმა მგზნებარებამ გამაოცა. “ისლამია ამის მიზეზი?”- შევეკითხე - “დასავლეთში ფიქრობენ, რომ ისლამი ჩაგრავს ქალებს”. ახლა ზეინაბის გაოცების ჯერი იყო. “რა? რა თქმა უნდა, არა. მიზეზი მთავრობაა. მთავრობა ჩაგრავს ქალებს. ის არ ზრუნავს ხალხზე, არ ადარდებს უმუშევრობა, ფასები, რომელიც ისეთი მაღალია, რომ არავის არაფრის ყიდვა შეუძლია... სიღარიბე მძიმეა. კაცებიც იტანჯებიან მისგან.”

ჩვენი საუბარი სამი კვირით ადრე შედგა, ვიდრე ეგვიპტელები ქუჩაში გამოვიდოდნენ, მსოფლიო კი მათ მოთხოვნებს უფლებებზე, ღირსებასა და ოცდაათწლიანი რეჟიმის დასასრულზე თვალყურს მიადეკვნებდა. იმ დღეს ზეინაბს ბრაზისთვის განსაკუთრებული მიზეზი ჰქონდა. მის ოჯახს გასაჭირი დაატყდა თავს. კაფე, რომელიც მისი სახლის მისაღებ ოთახში იყო გახსნილი, დაიკეტა. შიდა ოთახში, დივანზე, მისი გულგატეხილი ვაჟი იყო წამოწოლილი. კაფეს ის განაგებდა - ზეინაბის ვაჟიშვილებიდან უმცროსი, პრაქტიკული და შრომისმოყვარე. პირველად რომ ვნახეთ, ჭკვიანი და მხიარული ბავშვი, ყურადღებით აკვირდებოდა როგორ ეხმარებოდა ჩემი ქმარი ზეინაბს სარეცხი მანქანის შეკეთებაში. თავისი გაკეთებული მოტორიანი სათამაშოებიც სიამოვნებით გვაჩვენა. ყოველთვის პირველი გამოაგორებდა ხოლმე ოთხთვალას ცხვრების საკვების და კამეჩისთვის წყლის მოსატანად, რომელიც ზეინაბის შემოსავლისა და რძის მარაგის წყარო იყო.

აჟიტირებული ზეინაბი ახალი დაბრუნებული იყო პოლიციიდან, სადაც იმის გასაგებად წავიდა, თუ რატომ წაიყვანა პოლიციამ კაფეში მისი ვაჟის დამხმარე ბიჭი. ამიხსნა, რაც მოხდა. ადგილობრივი დაცვის თანამშრომელი სასაუზმოდ მოსულიყო, თავდაპირველად კი სხვა კლიენტს მოემსახურნენ. როგორც ჩანს, დაცვის თანამშრომლები და სამხედრო პოლიცია კაფეს ხშირი სტუმრები იყვნენ ან ვინმეს აგზავნიდნენ ხოლმე საკვებისთვის. ზეინაბმა შთამბეჭდავად აღწერა ყველა ის გემრიელი საჭმელი, რაც მის ვაჟს მათთვის მოუმზადებია: ნამდვილ კარაქში მოთუშული მწვანე ლობიო, კვერცხი, ყველი, მწნილი, პურის მთელი გორა. ისინი არასოდეს იხდიდნენ მთლიან საფასურს, ხანდახან კი საერთოდ არ იხდიდნენ. ამჯერად, მიმტანი დააპატიმრეს.

ტკივილის გასაყუჩებლად ზეინაბი მუქ ჩაის სვამდა. ოჯახის გამხიარულებას ხუმრობით შევეცადე. იქნებ, მენიუ და ფასები კარზე აეკრათ ისე, რომ ყველას სცოდნოდა რა რამდენი ღირდა. მეორე მხარეს კი, ცალკე სვეტში, პოლიციისა და სამხედროებისთვის ჩამოეწერათ მხოლოდ მათთვის განკუთვნილი, დაკლებული ფასები. არც ზეინაბი და არც მისი ვაჟი ჩემს იდეას არ აღუფრთოვანებია. ჩაგვრისგან დაღლილები იყვნენ.

პრობლემა, როგორც ზეინაბმა ამიხსნა, ის იყო, რომ ვერავინ ბედავდა პოლიციასთან შეწინააღმდეგებას. ამ კაცებს მხოლოდ ერთი სიტყვის თქმით შეეძლოთ მისი კაფეს ან მაღაზიის დაკეტვა. ყოველდღე ცალკე უნდა ეხადათ თანხა დაცვისა და ტურისტული პოლიციისთვის. შევსწრებივარ როგორ ადუღდებოდა ხოლმე ზეინაბი, როცა ფორმიანი ან სამოქალაქო ტანსაცმელში ჩაცმული პოლიციელი სიგარეტისთვის მივიდოდა და ფულს არ გადაიხდიდა. მას უვიც და გაუნათლებელ გლეხად თვლიდნენ, მინდორში წლობით მუშაობისგან სახე რომ გამუქებოდა და შავი კაბით შემოსილიყო. იცოდნენ, რომ უძალო იყო. რა გასაკვირია, რომ ზეინაბი ქალთა ჩაგვრაში მთავრობას ადანაშაულებდა.

ზეინაბს და მის ოჯახს თითქმის ოც წელზე მეტ ხანს ვიცნობდი. მისი უმცროსი შვილი ჩემი ტყუპების ასაკის იყო. ჩვენი შვილები ჯერ კიდევ ჩვილები იყვნენ, როცა ერთმანეთი გავიცანით. აღფრთოვანებული ვიყავი ზეინაბის შვილების აღზრდისა და ოჯახის გაძღოლის მეტ-ნაკლებად დამოუკიდებელი მეთოდით. მისი ქმარი, ისევე როგორც ბევრი სხვა ამ უიმედო მხარიდან, ქაიროში წავიდა სამუშაოს საძებნელად და სახლში ცოტა ხნით ბრუნდებოდა ხოლმე. ჭკვიანი და მცოდნე ზეინაბი, რომელმაც ყველაფერი იცოდა - დაწყებული გარდაცვლილის დატირებიდან, დამთავრებული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობით, ოჯახის საკეთილდღეოდ დაუღალავად შრომობდა. ბოლო ხანებში, როცა შვილებიც ისე წამოიზარდნენ, რომ დახმარება შეეძლოთ, როგორც იქნა, მოახერხა ავტობუსების ახლოს ადგილის შეძენა, რომელთაც ტურისტები მის სოფელში ფარაონის კარგად შემონახული სასახლის მოსანახულებლად ჩამოჰყავდათ. იმ ადგილას პატარა ჯიხური ჩადგა, სადაც სიგარეტებს, ელემენტებს, საღეჭ რეზინას, წყალს, გაზიან სასმელებსა და სასუსნავებს ყიდდა. გასაყიდი ნივთების დაუსრულებელი შეტანა-გამოტანა, კლიენტების მომსახურება, მარაგზე ზრუნვა, ნებართვების მოძიება, ქრთამისა და ჯარიმების გადახდა, მუდმივი თავის ტკივილი იყო, შემოსავალი კი ცვალებადი.

ზეინაბის გარემოებები განსაკუთრებულია, რა თქმა უნდა. ის ეგვიპტის ღარიბ რეგიონში ცხოვრობს. მისი ქორწინება იდეალური არ ყოფილა. აქტიურსა და დამოუკიდებელს, ბიზნესის უნარები ჰქონდა და წლების განმავლობაში, რთულ სამეურნეო საქმიანობას მეტ-ნაკლები წარმატებითაც უძღვებოდა. ნანობდა, რომ სკოლაში არასოდეს უვლია - მის ბავშვობაში ბევრი გოგო ვერ დადიოდა სკოლაში - მაგრამ ჭკვიანი იყო და უკვირდა სამყაროს შესახებ უფრო მეტი რატომ ესმოდა მას, ვიდრე მის შვილებს - ყველა მათგანს ხომ სკოლა ჰქონდა დამთავრებული.

და მაინც, მისი რეაქცია ჩემი წიგნის თემაზე “მუსლიმი ქალი” ადასტურებდა იმას, რაც მე ვნახე მთელს არაბულ სამყაროში. ზეინაბს რთული ცხოვრება ჰქონდა, თუმცა ის მუდმივად იმაზე ფიქრობდა თუ რა იქნებოდა უკეთესი მისი ოჯახისთვის. პოლიტიკურ გარემოებებს, სახელმწიფო უსაფრთხოება იქნებოდა ეს თუ საერთაშორისო ტურიზმის ეკონომიკა, რაც მის ცხოვრებას და შესაძლებლობებს აყალიბებდა, კარგად იცნობდა. მისი შოკი თვალშისაცემი იყო, როცა სხვათა ვარაუდი გამოვთქვი, რომ ქალი რელიგიისგან ჩაგრულია. ჩემთვის ნაცნობი არაბული სამყაროს სხვა ქალების მსგავსად, უნივერსიტეტის პროფესორებიდან დაწყებული, სოფელში მაცხოვრებელი ქალებით დამთავრებული - მისი, როგორც მუსლიმის იდენტობა ძალიან ღრმააზროვანი იყო, ღვთის რწმენა კი ძირეული - საკუთარი თავისა და საზოგადოების გააზრებაში.

გაეცანით თარგმანის სრულ ვერსიას ⇓

სჭირდებათ_თუ_არა_მუსლიმ_ქალებს_ხსნა.pdf

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“