[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / განცხადება

საზოგადოებას ვაწვდით განახლებულ ინფორმაციას ორგანიზაციის წინააღმდეგ ანტიკორუფციულ ბიუროში მიმდინარე პროცესის შესახებ

გვსურს, საზოგადოებას გავუზიაროთ ინფორმაცია ანტიკორუფციული ბიუროს მიერ სოციალური სამართლიანობის ცენტრის წინააღმდეგ დაწყებული ინსპექტირების შესახებ, რომელიც წარმოადგენს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ავტონომიაში თვითნებური და აგრესიული ჩარევის ფორმას და ფუნდამენტურად არღვევს ჩვენი გაერთიანებისა და გამოხატვის თავისუფლებებს, ისევე როგორც ჩვენი ბენეფიციარების პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებასა და ინტერესებს.

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, თბილისის საქალაქო სასამართლოს ბრძანების საფუძველზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრს და კიდევ 8 ორგანიზაციას დაეკისრა ვალდებულება, ანტიკორუფციული ბიუროსთვის წარედგინა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში მათი საქმიანობის შესახებ შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაცია, მათ შორის, ბენეფიციარების პირადი ცხოვრების ამსახველი, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. ამ კომპლექსური და სენსიტიური ინფორმაციის მომზადებისა და ბიუროსთვის წარდგენის ვადად ორგანიზაციებს 3 სამუშაო დღე განესაზღვრათ.

სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, ორგანიზაციისთვის ინფორმაციის გაცემის ვალდებულების დაკისრება ფორმალურად რამდენიმე კანონს დაეფუძნა - მათ შორის, “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ”, “გრანტების შესახებ” და “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების” შესახებ კანონებს. სასამართლოს მიერ გამოყენებულ სამართლებრივ საფუძვლებს შორის “უცხოური აგენტების რეგისტრაციის აქტზე” (ე.წ. FARA) მითითება არ ყოფილა, მიუხედავად იმისა, რომ ანტიკორუფციული ბიურო თავის შუამდგომლობაში ამ კანონზეც უთითებდა.

ჩვენთვის აშკარაა, რომ სასამართლოს მიერ მითითებული არც ერთი სამართლებრივი საფუძველი ჩვენი საქმიანობისთვის რელევანტური არ არის. სოციალური სამართლიანობის ცენტრი არ წარმოადგენს პოლიტიკურ პარტიას ან ორგანიზაციას, რომელსაც “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონის შესაბამისად აქვს გაცხადებული საარჩევნო მიზნები. გარდა ამისა, “გრანტების შესახებ” კანონში გატარებული ცვლილებები ძალაში მხოლოდ 2025 წლის 17 აპრილიდან შევიდა, რის გამოც მათი მოქმედება ვერ გავრცელდება მანამდე მიღებულ და იმ დროისთვის უკვე დასრულებულ პროექტებზე. მიუხედავად ამისა, სასამართლოს ბრძანებით, ინფორმაციის წარდგენა ამგვარ პროექტებზეც გვევალება.

ჩვენ წინააღმდეგ გამოყენებული კანონების არარელევანტურობის მიღმა, ასევე აშკარაა, რომ ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობაში მითითებული მტკიცებულებები, რომლებიც ჩვენი საქმიანობის ინსპექტირების ფაქტობრივ საფუძვლად იქცა, დაუსაბუთებელია და წარმოადგენს გამოხატვისა და გაერთიანების თავისუფლებებში უხეშ ჩარევას. ერთი შეხედვითაც კი ნათელია, რომ სოციალური სამართლიანის ცენტრის ინსპექტირების რეალური მოტივი ჩვენი კრიტიკული უფლებადაცვითი, კვლევითი და ანალიტიკური საქმიანობაა.

საქართველოს კონსტიტუციისა და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დამოუკიდებელი სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ავტონომიაში და საქმიანობაში სახელმწიფოს მხრიდან ჩარევა შეიძლება განხორციელდეს მხოლოდ ცხადი და წინასწარ განჭვრეტადი სამართლებრივი საფუძვლით, მწვავე საზოგადოებრივი საჭიროების არსებობის შემთხვევაში და თანაზომიერების, ასევე, დისკრიმინაციის დაუშვებლობის პრინციპების მკაცრი დაცვით. მიმდინარე პროცედურის ფარგლებში კი, ჩვენთვის ამ დრომდე უცნობია, კონკრეტულად რა ტიპის სამართლებრივი პროცედურა დაიწყო ანტიკორუფციულმა ბიურომ ჩვენ წინააღმდეგ და ზუსტად რომელი სამართლებრივი საფუძვლით ითხოვს სრულ წვდომას ორგანიზაციის საქმიანობასთან დაკავშირებულ შეუზღუდავი მოცულობის ინფორმაციაზე.

სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ წამოწყებულ პროცესში გამოვლენილი სამართლებრივი განუსაზღვრელობა და თვითნებობა გაერთიანების თავისუფლებასა და უფლებადაცვით საქმიანობაში აგრესიულ და უკანონო ჩარევას წარმოადგენს. ჩვენთვის აშკარაა, რომ ეს პროცესი სამოქალაქო საზოგადოების მუშაობის პარალიზებას, კონტროლსა და დასუსტებას ისახავს მიზნად.

ამ და სხვა არგუმენტებზე დაყრდნობით, სოციალური სამართლიანობის ცენტრმა საქალაქო სასამართლოს ბრძანება 28 ივნისს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სამწუხაროდ, თბილისის სააპელაციო სასამართლოს მოსამართლემ საქმის მიღებისთანავე, დაჩქარებულად და ზეპირი განხილვის გარეშე, მიიღო საბოლოო გადაწყვეტილება, რომლითაც ჩვენი სააპელაციო საჩივარი არ დააკმაყოფილა და შაბლონურ გადაწყვეტილებაში, კვლავ სიტყვასიტყვით გაიმეორა პირველი ინსტანციის სასამართლოს დაუსაბუთებელი ბრძანების ტექსტი. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ჩვენ წინააღმდეგ მიღებული გადაწყვეტილება კანონიერ ძალაში შევიდა.

მიუხედავად ამისა, როგორც უკვე განვაცხადეთ, ჩვენ არ დავარღვევთ საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებების სტანდარტებით დაცული ინფორმაციის კონფიდენციალურობას. სოციალური სამართლიანობის ცენტრი, რომელიც წლებია მუშაობს მრავალ დაუცველ სოციალურ ჯგუფთან (მათ შორის, მშრომელებთან, გარემოსდამცველებთან, ეთნიკურ და რელიგიურ უმცირესობებთან, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებთან, ლგბტქი+ ადამიანებთან, ქალებთან, უცხოელებთან) და რომლის საქმიანობის ფუნდამენტურ პროფესიულ, ეთიკურ და სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს ამ ჯგუფების უსაფრთხოების, უფლებებისა და ინტერესების დაცვა, გააგრძელებს ბენეფიციარებთან და მესამე პირებთან დაკავშირებული პირადი მონაცემების და სენსიტიური ინფორმაციის დაცვას. ამავე დროს, ჩვენი ორგანიზაცია, რომელიც 13 წელზე მეტია შრომობს და იბრძვის საერთო საზოგადოებრივი ინტერესებისა და საჯარო სიკეთეებისთვის და რომლის მუშაობის პრინციპები ყოველთვის იყო და არის ღიაობა და საზოგადოების წინაშე ანგარიშვალდებულება, ანტიკორუფციულ ბიუროს წვდომას დაუშვებს მხოლოდ უშუალოდ ჩვენს საქმიანობასთან დაკავშირებულ ინფორმაციაზე (მაგ., მიღებული პროექტების საგრანტო შეთანხმებები), მესამე პირების შესახებ პერსონალური და სენსიტიური ინფორმაციის გამორიცხვით.

საქართველოში მიმდინარე პოლიტიკური პროცესები მიუთითებს ქვეყანაში ავტორიტარული მმართველობის აგრესიული და დაჩქარებული კონსოლიდაციის აშკარა ტენდენციაზე, რომლის ერთ-ერთი ცენტრალური ასპექტი სამოქალაქო საზოგადოების სივრცის შეკუმშვა და საბოლოო განადგურებაა. სამოქალაქო საზოგადოება, როგორც კრიტიკული ცოდნის, მხარდამჭერი რესურსების, სოლიდარობის ქსელებისა და ნდობის მატარებელი დამოუკიდებელი სივრცე, ავტორიტარული სისტემებისთვის სტრატეგიულ დაბრკოლებას წარმოადგენს. მით უფრო, იმ ფონზე, როდესაც პოლიტიკური ინსტიტუტები მიტაცებული და დისფუნქციურია, ხოლო მართლმსაჯულება და სამართლის სისტემა მმართველი ელიტის ხელში მოქალაქეების ჩაგვრისა და კონტროლის შიშველ იარაღად გამოიყენება.

აშკარაა, რომ არსებული პოლიტიკური რეჟიმი მიმართავს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებზე სამართლებრივი წნეხის, მათი დისკრედიტაციისა და დელეგიტიმაციის მექანიზმებს, რათა მოხდეს არა მხოლოდ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციული ავტონომიის შეზღუდვა, არამედ სოლიდარობის, აქტივიზმისა და სოციალური მხარდაჭერის პოტენციალის სრული განადგურება. ეს განსაკუთრებით საშიშია იმ პირობებში, როდესაც სამოქალაქო საზოგადოების ინსტიტუტები, სოციალური მოძრაობები და ადგილობრივი ინიციატივები რჩება ერთადერთ სივრცედ, სადაც ჯერ კიდევ შესაძლებელია ალტერნატიული, უფრო სამართლიანი და ეგალიტარული პოლიტიკისა და საზოგადოების წარმოსახვა, ისევე როგორც სამართლებრივი და სოციალური დაცვისა და კოლექტიური ემანსიპაციის იმპულსის შენარჩუნება.

სწორედ ამიტომ, ფუნდამენტურად მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ, როგორც საზოგადოებამ, გავწიოთ ძალისხმევა სამოქალაქო საზოგადოების გაერთიანებების, ქსელებისა და სოლიდარობის პრაქტიკების შესანარჩუნებლად, რადგან ავტორიტარული რეჟიმის მიზანიც სწორედ ეს არის - მოქალაქეების მარტო დატოვება და დაქვემდებარება.

ჩვენი გუნდი აგრძელებს შრომას და ბრძოლას ადამიანების, თემებისა და მოძრაობების უფლებების დასაცავად და მხარდასაჭერად.

ასევე გირჩევთ

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“