საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წინააღმდეგ “ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო ავტორიტარული კანონების გამოყენება და მათ თვითნებურ და მასშტაბურ შემოწმებას იწყებს, რაც სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შიდა ავტონომიაში უხეში ჩარევისა და გაერთიანების, გამოხატვის თავისუფლების, ასევე პირადი ცხოვრებისა და თანასწორობის უფლებების უხეში დარღვევის ფორმებს იღებს.
18 და 19 ივნისს სამოქალაქო საზოგადოების შვიდ ორგანიზაციას, მათ შორის, „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“, „საფარს“, “სამოქალაქო საზოგადოების ფონდს”, “ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრს”, “საქართველოს მომავლის აკადემიას”, “მედიის განვითარების ფონდსა” და “სოციალური სამართლიანობის ცენტრს” ჩაგვბარდა სასამართლო გადაწყვეტილებები, რომელიც სათანადო სამართლებრივი საფუძვლის გარეშე, 2024 წლის 1 იანვრიდან დღემდე პერიოდისთვის შეუზღუდავი მოცულობის სამართლებრივი, პერსონალური, ფინანსური და ტექნიკური ინფორმაციის წარდგენას გვავალდებულებს. მათ შორისაა, ჩვენს ბენეფიციარებთან და მესამე პირებთან დაკავშირებული ყველა ტიპის (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები) ინფორმაციის წარდგენის ვალდებულება. მოსალოდნელია, რომ მსგავსი გადაწყვეტილებები იქნება მიღებული სხვა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიმართაც და “ქართული ოცნება” ჩვენ მასობრივ შემოწმებას და ავტორიტარული კანონებით შეძენილი სადამსჯელო მექანიზმების აგრესიულ გამოყენებას დაიწყებს.
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობის, ისევე, როგორც სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების პირველადი ანალიზიც კი აჩვენებს, რომ დაწყებული სამართლებრივი პროცედურები “ქართული ოცნების” მიერ მიღებული ავტორიტარული კანონების პირობებშიც კი აშკარად უკანონო და თვითნებურია და კონსტიტუციისა და საერთაშორისო კონვენციებით დაცული გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევის მძიმე შემთხვევას წარმოადგენს. ამ პროცესებს საბოლოოდ შესაძლოა, დამანგრეველი ზეგავლენა ჰქონდეს სამოქალაქო საზოგადოების ნორმალურ ფუნქციონირებაზე და დაასუსტებს ჩვენს უფლებადაცვით, ანალიტიკურ და სოციალურ მუშაობას, რომელსაც უკვე მრავალი წელია ჩვენს ქვეყანაში ვეწევით.
ანტიკორუფციული ბიუროს მიერ დაწყებული პროცესის აღწერა
2025 წლის 17 და 18 ივნისს ზემოთ დასახელებულმა სამოქალაქო საზოგადოების 7-მა ორგანიზაციამ თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მოსამართლეების მიერ გაცემული ბრძანებები მიიღო, რომლის მიხედვითაც, სასამართლომ დააკმაყოფილა ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობა და საქართველოში რეგისტრირებული კომერციული ბანკებისგან, აგრეთვე შემოსავლების სამსახურისა და უშუალოდ დასახელებული ორგანიზაციებისგან გამოითხოვა სამართლებრივი, ტექნიკური და ფინანსური შინაარსის მქონე ინფორმაცია. სასამართლო ბრძანებები ორგანიზაციებს ავალდებულებს, ანტიკორუფციულ ბიუროს გადასცენ 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში მათ ხელთ არსებული შემდეგი დოკუმენტები:
ანტიკორუფციულმა ბიურომ ორგანიზაციებს ამ მასშტაბის ინფორმაციის გაცემისთვის მხოლოდ 3 დღე განუსაზღვრა.
ზემოთ დასახელებული ორგანიზაციებისთვის გამოცემული სასამართლო ბრძანებების თანახმად, მისი გაცემა ემყარება ანტიკორუფციული ბიუროს მიერ წარდგენილ შუამდგომლობას. ბიუროს შუამდგომლობის მიხედვით, მის წარმოებაშია ზემოთ დასახელებული ორგანიზაციების საქმიანობის შესაბამისობის დადგენა “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ,” “გრანტების შესახებ,” “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” და “უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის შესახებ” კანონების მოთხოვნებთან. სწორედ, აღნიშნული კანონებით დადგენილი პროცედურის განხორციელების ფარგლებში, ანტიკორუფციული ბიურო ასაბუთებს, რომ მას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებისგან სჭირდება 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისის ჩათვლით პერიოდში ორგანიზაციების საქმიანობასთან დაკავშირებული პრაქტიკულად ყველა სამართლებრივი და ფინანსური დოკუმენტი, ასევე მესამე პირებთან და ბენეფიციარებთან დაკავშირებული ყველა ინფორმაცია.
ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობაში, როგორც წესი, ინფორმაციის გაცემის მიზნობრიობისა და კანონიერების დასასაბუთებლად მითითებულია ანტიკორუფციული ბიუროს ზოგადი უფლებამოსილება, რომლის თანახმად, მას საკუთარი უფლებამოსილებების განხორციელების მიზნით უფლება აქვს, როგორც ფიზიკური, აგრეთვე იურიდიული პირებისგან, გამოითხოვოს საჭირო ინფორმაცია, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემები. ამასთან შუამდგომლობაში ხაზგასმულია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია გამოყენებული უნდა იქნეს შემდეგი ღონისძიებების გატარების მიზნით:
ა) მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანების, საარჩევნო სუბიექტისა და განცხადებული საარჩევნო მიზნის მქონე პირის ფინანსური საქმიანობის მონიტორინგი;
ბ) გრანტის თანხმობის გარეშე მიღებისა და გაცემის მონიტორინგისა და ამ სფეროსთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები;
გ) ,,უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტის“ შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ღონისძიებები.
წარდგენილ შუამდგომლობაში ანტიკორუფციული ბიურო არ განმარტავს და არ ასაბუთებს იმას, თუ რატომ ითხოვს ინფორმაციას სწორედ 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში და როგორ საბუთდება თითოეული ინფორმაციის, განსაკუთრებით ბენეფიციარების შესახებ დაცული განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების გაცემის საჭიროება და მიზნობრიობა.
აღსანიშნავია, რომ ამ დასაბუთებას არც შუამდგომლობის საფუძველზე გაცემული სასამართლო ბრძანებები შეიცავს და სასამართლო მხოლოდ ფორმალურად და მხოლოდ ცალკეულ ნორმატიულ აქტებზე მითითებით შემოიფარგლება.
ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებას, რომ ანტიკორუფციული ბიუროსგან განსხვავებით, სასამართლოს ბრძანებებში არ გვხდება მითითება უცხოეთის აგენტების რეგისტრაციის აქტზე (ე.წ. FARA) და ის სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს ინფორმაციას გაცემას მხოლოდ “მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” ორგანული კანონის, “გრანტების შესახებ” საქართველოს კანონის და “კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის ფარგლებში ავალდებულებს.
სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებების პირველადი შეფასებითაც კი ცხადი ხდება, რომ ანტიკორუფციული ბიუროს მიერ მოთხოვნილი ინფორმაციის ფარგლები ფართოა და ყველა ტიპის ინფორმაციას მოიცავს, არ აქვს მიზნით დადგენილი საზღვრები, რომელიც მაგალითად, შესამოწმებელი კონკრეტული საქმიანობების სფეროთი შემოიფარგლებოდა და პრაქტიკულად შეუზღუდავ დაშვებას აძლევს სახელმწიფო უწყებებს უფლებადამცველი ორგანიზაციების შიდა საქმიანობასა და დოკუმენტაციაზე, მათ შორის, უფლებადამცველი ორგანიზაციების ნდობისთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბენეფიციარების პირად მონაცემებზე.
ანტიკორუფციული ბიუროს მოთხოვნისა და სასამართლო ბრძანებების სამართლებრივი საფუძვლების ანალიზი
სასამართლოს ბრძანებების ანალიზი აჩვენებს, რომ მიღებული გადაწყვეტილებები აშკარად დაუსაბუთებელი და პრობლემურია კანონისა და ადამიანის უფლებების გადმოსახედიდან. სასამართლოს მიერ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შემოწმების საფუძვლები ძალიან ფართოა და ზოგადი და გაერთიანების თავისუფლებაში თვითნებური ჩარევის რისკებს წარმოშობს.
სასამართლო სამოქალაქო ორგანიზაციების შემოწმების სამ ძირითად საფუძველს უთითებს და მის მიერ დასახელებული სამივე საფუძველი არარელევანტური, დაუსაბუთებელი და უკანონოა. კერძოდ,
ამ კუთხით, სასამართლო ასევე საერთოდ არ ასაბუთებს, თუ რამდენად რელევანტურია გამოთხოვილი ინფორმაციის შინაარსი, მათ შორის, ორგანიზაციის ბენეფიციარების შესახებ მონაცემები ამ მიზნებთან. სასამართლო ასევე არ მსჯელობს, თუ რამდენად ლეგიტიმურია ინფორმაციის გამოთხოვა 2024 წლის 1 იანვრიდან 2025 წლის 10 ივნისამდე პერიოდში, მაშინ როცა ეს პერიოდი სრულად არ ემთხვევა საარჩევნო ციკლს.
როგორც ზემოთ აღნიშნულიდან ჩანს, სასამართლოს მიერ დასახელებული 3 სამართლებრივი საფუძვლიდან, 2 საფუძველი საერთოდ არ არის შემხებლობაში სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობასთან, 1 საფუძველი კი, რომელიც გრანტების შესახებ კანონს უკავშირდება, მისი მიღების ვადის გათვალისწინებით, ამ ეტაპზე ასევე არარელევანტური ჩანს. ცხადია, რომ ეს გარემოება სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების უკანონობას და დაუსაბუთებლობას აჩვენებს.
ამასთანავე, სასამართლოს ბრძანებებში მითითებული კანონების ამგვარი ფართო ინტერპრეტაცია აშკარად არღვევს ევროპული სასამართლოს მოთხოვნას, რომ გაერთიანების თავისუფლებაში ჩარევა მხოლოდ მკაფიოდ დადგენილი, განჭვრეტადი წესების საფუძველზე უნდა მოხდეს. როდესაც საქმე ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს ეხება, ხელისუფლების ორგანოებისთვის შეუზღუდავი დისკრეციის მინიჭება უხეშად ლახავს კანონის უზენაესობისა და დემოკრატიული საზოგადოების პრინციპებს (Tebieti Mühafize Cemiyyeti and Israfilov v. Azerbaijan, no. 37083/03, § 57).
განსაკუთრებით ხაზგასასმელია ის გარემოება, რომ სასამართლო გაცემული ბრძანებების ფარგლებში არცერთ ნაწილში არც მსჯელობს და არც რაიმე მითითებას აკეთებს, თუ რა ლეგიტიმურ მიზანს ემსახურება ზემოთ აღნიშნულ ორგანიზაციებში დაცული ბენეფიციარების პერსონალური მონაცემების გადაცემა ბიუროსთვის, რამდენადაც ორგანიზაციებთან შემხებლობაში მყოფი ბენეფიციარების შესახებ ინფორმაცია არის განსაკუთრებით სენსიტიური, შეიცავს განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს (მათ შორის პირის რელიგიის, სექსუალური ორიენტაციის, ნასამართლობის, დანაშაულის მსხვერპლის სტატუსის და სხვა), რომელთა გასაჯაროებასაც შეუძლია, მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს ბენეფიციართა ინტერესებს. ამასთან, აღსანიშნავია, რომ მოთხოვნილი ინფორმაცია ასევე დაცულია ადვოკატისა და კლიენტს შორის ურთიერთობის კონფიდენციალურობის ფარგლებში და მის გადაცემას სახელმწიფო უწყებებისთვის ეროვნული კანონმდებლობა არ ითვალისწინებს. ამ წესიდან გადახვევა საფრთხეში აგდებს ადვოკატის საქმიანობის დამოუკიდებლობას, ნდობასა და დაცულობას და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ წესრიგს არღვევს.
ამასთან ადვოკატის საქმიანობის დაცულობის მიღმა, სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების შესახებ კანონით დაცულია უფლებადამცველის საქმიანობა, რომელსაც კანონი პროფესიული საიდუმლოების სახეს მიაკუთვნებს და ცალსახად ადგენს, რომ პროფესიული საიდუმლოების წყარო დაცულია აბსოლუტური პრივილეგიით და არავის არ აქვს უფლება, მოითხოვოს ამ წყაროს გამხელა. უფრო მეტიც, კანონი ადგენს, რომ სიტყვის თავისუფლების შეზღუდვის შესახებ სასამართლო დავისას მოპასუხეს არ შეიძლება დაეკისროს კონფიდენციალური ინფორმაციის წყაროს გამხელის ვალდებულება.
გასათვალისწინებელია, რომ სასამართლო შუამდგომლობის დაკმაყოფილებისა და ბრძანების გაცემის პროცესუალურ ნორმებსაც შეზღუდულად უთითებს, ვინაიდან მოქმედი ადმინისტრაციული და სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა ორგანიზაციებიდან ბიუროს მიზნებისთვის ინფორმაციის გამოთხოვის სპეციალურ პროცედურებს არ განსაზღვრავს. სწორედ ამიტომ, ჩვენთვის ბუნდოვანია, თუ რა იქნება ის მექანიზმები და პროცედურები, რომელიც არსებული გადაწყვეტილებების გასაჩივრების შემთხვევაში შეიძლება იქნას გამოყენებული.
შეჯამება
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, ცხადია, რომ როგორც ანტიკორუფციული ბიუროს შუამდგომლობები, აგრეთვე სასამართლოს მიერ გაცემული ბრძანებები მყიფე სამართლებრივ საფუძვლებს ეფუძნება და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების შიდა ავტონომიაში უკანონო ჩარევისა და კონტროლის თვითნებურ პირობებს ქმნის. ბენეფიციარებისა და მესამე პირების შესახებ ინფორმაციის გაცემის დავალდებულებას ორგანიზაციების მიმართ მძიმე მსუსხავი ეფექტი ექნება, ძირს უთხრის უფლებადამცველი ორგანიზაციების მიმართ ნდობას და მაპარალიზებელი ეფექტი ექნება მათ საქმიანობაზე.
აღნიშნული გადაწყვეტილებები აჩვენებს, რომ ,,ქართულმა ოცნებამ” უკვე დაიწყო სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების კონტროლსა და დასჯაზე მიმართული ავტორიტარული კანონების ამოქმედება, რომელსაც ჩვენს საქმიანობაზე დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია.
დამანგრეველი გავლენის მოხდენა შეუძლია. „ქართულმა ოცნებამ“ მოქალაქეებზე შიშველი ძალადობის, პოლიტიკური დევნისა და გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვის ტექნიკებს მექანიზმებს მასობრივი გამოყენების პარალელურად, შექმნა კრიტიკული ორგანიზაციების კონტროლისა და დასჯის კომპლექსური სქემა მის მიერ ერთპიროვნულად მიღებული ავტორიტარული კანონების ჯაჭვით (რუსული კანონი, უცხო აგენტების რეგისტრაციის აქტი, გრანტების შესახებ კანონში შეტანილი ცვლილებები), რომელიც მათ სახელმწიფოს მხრიდან თვითნებური კონტროლის, დისკრედიტაციისა და ადმინისტრაციული და სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის ადრესატებად აქცევს. „ქართული ოცნების“ მიერ დამოუკიდებელი სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების შემზღუდველი ზემოთ აღნიშნული კანონმდებლობის მიღება ქვეყანაში ავტორიტარიზმის კონსოლიდაციის საბოლოო დასკვნითი ეტაპია, რომელსაც წინ დამოუკიდებელი ინსტიტუციების სრული დამორჩილება და “ქართული ოცნების” მიერ ძალაუფლების მიტაცება უძღოდა. სასამართლო სისტემა, რომლის ხელითაც დღეს ქვეყანაში კრიტიკული აზრის უმოწყალოდ ჩახშობა და რუსული ტიპის კანონების უსიტყვოდ აღსრულება ხდება, სრულიად მართულია „ქართულ ოცნებასთან“ გარიგებული სასამართლო კლანის მიერ. საკონსტიტუციო სასამართლო, რომელსაც დემოკრატიულ სახელმწიფოებში საბოლოო და ყველაზე მნიშვნელოვანი სიტყვა ეკუთვნის ქვეყანაში მოქმედ ანტიკონსტიტუციურ კანონმდებლობაზე - უკვე დიდი ხანია საკუთარ უფლებამოსილებას ავტორიტარიზმის სამსახურისთვის იყენებს და მსგავს საკვანძო საქმეებზე ჯიუტად დუმს, მიუხედავად იმისა, რომ ყველა ეს კანონი მასთან უკვე გასაჩივრებულია. თავად ანტიკონსტიტუციური ბიურო კი, რომელიც ევროკავშირთან დაჩქარებული ინტეგრაციის პროცესში გაცემული რეკომენდაციების ფარგლებში შეიქმნა და პოლიტიკური ხელისუფლებისგან დამოუკიდებელი და მისი ეფექტიანად კონტროლის ერთ-ერთი მთავარი ინსტიტუცია უნდა ყოფილიყო - თავად იქცა ქვეყანაში დემოკრატიის დასამარების მთავარ მექანიზმად.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აპირებს, გამოიყენოს ყველა სამართლებრივი მექანიზმი საკუთარი ავტონომიისა და გაერთიანების თავისუფლების დასაცავად და ცხადია, მზად არის დაეხმაროს სხვა ორგანიზაციებს, ვინც მსგავსი გამოწვევების წინაშე დააყენა პოლიტიკურმა სისტემამ.
ინსტრუქცია