[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / შეფასება

სასამართლო პროცესების მედიაგაშუქების შეზღუდვა სამოქალაქო უფლებებზე მორიგი მიზანმიმართული შეტევაა

„საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილი ცვლილებები, რომლებიც სასამართლოში მედიის დაშვებას და პროცესების გაშუქებას ზღუდავს, 30 ივნისს ამოქმედდა. ახალი რეგულაციებით დადგენილი ბლანკეტური შეზღუდვა და სასამართლო პროცესების გაშუქებისთვის შექმნილი ბუნდოვანი ბიუროკრატიული მექანიზმი, პრაქტიკულად სრულად გამორიცხავს მიმდინარე, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეების მედიით გაშუქებას, სასამართლო ხელისუფლების საქმიანობაზე საზოგადოებრივ ანგარიშვალდებულებას და წინააღმდეგობაში მოდის როგორც სამართლიანი სასამართლოს, ასევე, გამოხატვის თავისუფლებით დაცულ მედიის საქმიანობის თავისუფლებასთან.

შეზღუდვების არსი და არსებული კონტექსტი

2025 წლის 24 ივნისს „ქართულმა ოცნებამ“ დაჩქარებული წესით მიიღო საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი, რომელიც, მათ შორის, მნიშვნელოვნად ზღუდავს სასამართლო პროცესებისა და გადაწყვეტილებების საჯაროობის არსებულ სტანდარტებს. კერძოდ, „საერთო სასამართლოების“ შესახებ ორგანული კანონში შესული ცვლილების თანახმად[1],

  • სასამართლოს შენობაში, სასამართლო სხდომის დარბაზში და სასამართლო ეზოში აიკრძალა ფოტო-, კინო- და ვიდეო გადაღება და ტრანსლაცია. აღნიშნულის უფლებამოსილება დარჩა მხოლოდ სასამართლოს ან „სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირს“;
  • სასამართლოს მიენიჭა უფლებამოსილება, გაავრცელოს მის ხელთ არსებული სასამართლო პროცესის ფოტო-, კინო- და ვიდეოგადაღების მასალები, „თუ ეს არ ეწინააღმდეგება კანონს;
  • სასამართლო სხდომის ფოტო, ვიდეო- და აუდიოჩაწერა, აგრეთვე ტრანსლაცია შეიძლება დაშვებულ იქნეს მხოლოდ ყოველ კონკრეტულ სასამართლო სხდომასთან დაკავშირებით საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებული შესაბამისი გადაწყვეტილებით;
  • გაუქმდა დანაწესი, რომელიც კრძალავდა სასამართლოს შენობაში შესული პირისათვის პირადი ნივთების, მათ შორის, მობილური ტელეფონის, კომპიუტერის, ფოტო-, კინო-, ვიდეო- ან/და აუდიოსაშუალებების ჩამორთმევას.

ცვლილებებამდე კანონმდებლობა სასამართლოს ავალდებულებდა პროცესის აუდიო და ვიდეო ჩაწერას და მის ხელმისაწვდომობას, თუკი პროცესი სრულად ან ნაწილობრივ არ იხურებოდა. ამასთან, სასამართლო პროცესის შეუზღუდავად გადაღების უფლებამოსილება ჰქონდა პირველ რიგში საზოგადოებრივ მაუწყებელს, ხოლო თუკი იგი არ ისარგებლებდა ამ უფლებით, მაშინ სხვა საერთო საეთერო მაუწყებელს. უფლებამოსილ მედიას კი მასალების გაზიარების ვალდებულება ჰქონდა. პროცესის გაშუქებაზე შეზღუდვები მოქმედებდა მხოლოდ პროცესის დახურვის ან მის კონკრეტულ მონაწილეთა ინტერესების დაცვის მიზნით. დამატებით, ყველა ტიპის გაშუქება სრულიად ნებადართული იყო სასამართლოს შენობასა თუ ეზოში და კანონი პირდაპირ კრძალავდა სასამართლოს შენობაში მყოფი პირებისთვის პირადი ნივთების ჩამორთმევის შესაძლებლობას.

საგულისხმოა, რომ ცვლილებების ინიცირებულ ვარიანტში კონკრეტული სასამართლო სხდომის გაშუქების მოტივირებულ გადაწყვეტილებას მოსამართლე იღებდა დასაბუთებული შუამდგომლობის საფუძველზე, თუმცა პირველი მოსმენით მიღებულ ვარიანტში მოსამართლე იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ჩაანაცვლა, ჩანაწერი კი კიდევ უფრო ზოგადი და ბუნდოვანი გახდა.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელთა განმარტებით, შეზღუდვების მიზანი სასამართლოში მიმდინარე საქმეების „ისტერიული გარემოს გარეშე“ განხილვის უზრუნველყოფაა, რამდენადაც „..კამერები და პირდაპირი ლაივ-ჩართვები ახალისებდა მათ შორის დამსწრეთა მიტინგურ საქციელს“[2]. აქვე, 25 ივნისს ინიცირებული მომდევნო საკანონმდებლო ცვლილების პროექტით, რომელიც 1 ივნისს უკვე პირველი მოსმენით იქნა მიღებული, ზემოთ ჩამოთვლილ შეზღუდვებს ასევე ემატება სასამართლოში აუდიოჩაწერა და შესაბამისად მისი გავრცელებაც, რაც არჩილ გორდულაძემ ტექნიკური ხარვეზის გამოსწორების საჭიროებით ახსნა[3].

საკანონმდებლო ცვლილებების მიღების შემდეგ არაერთმა მედიაორგანიზაციამ მიმართა იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, ასევე სასამართლოს განცხადებითა და კითხვებით, რა იყო საჭირო სასამართლო პროცესების გაშუქების ნებართვის მისაღებად, თუმცა საბჭოს მხრიდან მხოლოდ დუმილი მიიღეს[4]. საბჭოს შენობაში უშუალოდ მისულებს კი შენობის შესასვლელთან პოლიციის თანამშრომლები დახვდნენ და არ შეუშვეს[5]. შედეგად, გასული დღეეების განმავლობაში მედიის წარმომადგენლებს, თავიანთი ტექნიკით, თბილისის საქალაქო სასამართლოს ეზოს გარეთ უწევდათ ყოფნა მთელი დღის განმავლობაში. მსგავსი მოპყრობა, სასამართლო პროცესების გაშუქების და საქმიანობის განხორციელების შეზღუდვის პარალელურად, შეუძლებელია არ აჩენდეს ჟურნალისტების სამუშაო პირობების გამიზნულად გართულების განცდას საზოგადოებაში.

იმის გათვალისწინებით, რომ საპროტესტო აქციებში მონაწილეობის გამო დაკავებულ პირთა პროცესები, რომლებიც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის საგანია, მთელი ივლისის განმავლობაში უწყვეტადაა ჩანიშნული, აშკარაა, რომ მიღებული საკანონმდებლო ცვლილებები სწორედ ამ პროცესების სათანადოდ გაშუქების შეზღუდვისკენაა მიმართული. მსგავსი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე საქმეებზე, ისევე როგორც ზოგადად, მართლმსაჯულების დახურულად განხორციელება აჩენს ეჭვებს მისი არადემოკრატიული ბუნებისა  და სუსტი საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების შესახებ. ეს კი, ცხადია, იმთავითვე აისახება სასამართლო სისტემის მიმართ ნდობის ხარისხზე და მის რეპუტაციაზე.

სასამართლო პროცესების ბლანკეტურად დახურვა და მისი გაშუქებისათვის ნებართვის მიღების დადგენილი ბუნდოვანი და ბიუროკრატიული პროცედურები არღვევს როგორც სამართლიანი სასამართლოს ძირითადი უფლების საჯაროობისა და გამჭვირვალობის კომპონენტებს, ასევე მედიის მიერ საკუთარი საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობას გამოხატვისა და ინფორმაციის თავისუფლების სტანდარტების დაცვით.

ადამიანის უფლებათა სტანდარტები სასამართლო პროცესების მედიის მიერ გაშუქებასთან დაკავშირებით

პირველ რიგში. ზემოაღნიშნულ ადამიანის უფლებათა სტანდარტების ეწინააღმდეგება როგორც უშუალოდ სასამართლო პროცესების, ასევე სასამართლოს შიგნით და მიმდებარე ტერიტორიაზე მიმდინარე მოვლენები გაშუქების ბლანკეტური შეზღუდვა და იუსტიციის საბჭოს მხრიდან ნებართვის მიღებისთვის კანონით დადგენილი ბუნდოვანი პროცედურა. გამოხატვის თავისუფლების ქოლგის ქვეშ არსებული ინფორმაციის მიღებისა და გავრცელების უფლება, განსაკუთრებით, როდესაც ის რეალიზდება ჟურნალისტური საქმიანობის ფარგლებში, განსაკუთრებული დაცვის საგანია.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაში არსებობს საქმეები, რომლების ეხებოდა ჟურნალისტების დაშვებისა და საქმიანობის შეზღუდვას სხვადასხვა საჯარო დაწესებულებებში, სადაც მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესები მიმდინარეობდა. აღნიშნულ საქმეებში ევროპული სასამართლო, პირველ რიგში, ხაზს უსვამს, რომ ბლანკეტური შეზღუდვა, მათ შორის უფლების შეზღუდვის კონვენციით განსაზღვრული საფუძვლებით გაუმართლებელია. მაგალითად, საქმეებში, რომლებიც ეხებოდა პარლამენტში ჟურნალისტების დაშვების ბლანკეტურ შეზღუდვას, სასამართლომ მიუთითა, რომ ამგვარი შეზღუდვა, იმის ინდივიდუალურად შეფასების გარეშე, მედიის წარმომადგენლები საფრთხეს უქმნიდნენ თუ არა საზოგადოებრივ წესრიგსა და უსაფრთხოებას იმ კონკრეტულ პროცესში, გაუმართლებელი იყო და იწვევდა მყისიერ საზიანო ეფექტებს როგორც ჟურნალისტების საქმიანობის, ასევე საზოგადოების ჯეროვანი ინფორმირების კუთხით[6].

გარდა ამისა, საჯარო დაწესებულებებში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვისას სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს შეზღუდვის პროცედურულ ნაწილსაც, რამდენად განჭვრეტადი და ზედმეტი დაბრკოლებებისგან თავისუფალია არსებული წესი. კერძოდ, საქმეში, რომელიც ეხებოდა უნგრეთის პარლამენტში ჟურნალისტების აკრედიტაციის შეზღუდვას ინტერვიუებისა და ვიდეო-გადაღებების ნაწილში, თუკი ეს განხორციელდებოდა სპეციალურად ამისთვის გამოყოფილი ტერიტორიის მიღმა, სასამართლომ მიუთითა, რომ პარლამენტს, როგორც საჯარო დაწესებულებას ჰქონდა გარკვეული დისკრეცია, გამოეყო მედიისთვის სპეციალური ტერიტორია, რითაც მას შეეძლო უზრუნველეყო პარლამენტის შეუფერხებლად ფუნქციონირება. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ არ არსებობდა ადეკვატური პროცედურული გარანტიები, ასევე ბუნდოვანი იყო შეზღუდვის ხანგრძლივობა და არ არსებობდა გადაწყვეტილების სადავოდ გახდის ეფექტიანი საშუალებები, სასამართლო კონვენციის მე-10 მუხლის დარღვევა დაადგინა[7].

რაც შეეხება მედიის მიერ საკუთარი საქმიანობის სათანადოდ განხორციელების შესაძლებლობის მნიშვნელობას დემოკრატიულ საზოგადოებაში, საქმეში, რომელშიც ჟურნალისტს არ მიეცა თავშესაფრის მაძიებელთა დაწესებულებაში ვიზიტის უფლება, იმ მიზნით რომ გამოეკითხა იქ არსებული პირები მათ უფლებრივ მდგომარეობასთან და საცხოვრებელ პირობებთან დაკავშირებით, სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ გარკვეულ ადგილებში/დაწესებულებებში ჟურნალისტური საქმიანობა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, როდესაც სახე ეხება მოწყვლადი ჯგუფების ინტერესების დაცვას. მედიის „საზოგადოებრივი გუშაგის (watchdog)” როლი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს მსგავს კონტექსტში, რადგან მათი ადგილზე ყოფნა გარკვეულ გარანტიას ქმნის, რომ სახელმწიფო დაწესებულებები თავიანთი საქმიანობის განხორციელებისას იქნებიან ანგარიშვალდებულები საზოგადოების წინაშე. ამასთან მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს მითითებით, ინფორმაციის ალტერნატიული წყაროებით მოპოვების შესაძლებლობა არ გამორიცხავდა მედიის ინტერესს, პირდაპირ და უშუალოდ მიეღო ინფორმაცია, თავად ყოფილიყო მისი პირველწყარო და ამგვარად განეხორციელებინა საზოგადოების ინფორმირება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე პროცესებთან დაკავშირებით[8].

საჯარო დაწესებულებების საქმიანობაზე მედიაგაშუქებისა და ამ გზით საზოგადოებრივი ანგარიშვალდებულების საკითხი კიდევ უფრო მომეტებულ მნიშვნელობას იძენს, როდესაც საქმე სასამართლო სისტემის საქმიანობას ეხება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, სასამართლო პროცესების საჯარო ხასიათი საქმის მონაწილეებს იცავს მართლმსაჯულების ფარულად, საზოგადოების დაკვირვების მიღმა განხორციელებისაგან. საჯაროობა არის ასევე ერთ-ერთი არსებითი საშუალება სასამართლოს მიმართ საზოგადოებრივი ნდობის შენარჩუნებისათვის[9]. მართალია, სამართლიანი სასამართლოს უფლების აღნიშნული ასპექტიც არ არის აბსოლუტური ხასიათის, თუმცა ის შესაძლოა შეიზღუდოს მხოლოდ კონკრეტულ შემთხვევებში მხარეთა პირადი ცხოვრების, არასრულწლოვნის ინტერესების დაცვის მიზნით ან მკაცრად განსაზღვრულ და აუცილებელ შემთხვევებში მართლმსაჯულების ინტერესებისა და უსაფრთხოების დასაცავად. ეს განსაკუთრებით ეხება სისხლისა და ადმინისტრაციული სამართლის საქმეებს, სადაც საჯაროობის მომეტებული მოლოდინი არსებობს. სასამართლოს პრაქტიკით, უსაფრთხოების ინტერესები მართალია ამგვარი პროცესებისას არსებობს, თუმცა მხოლოდ მასზე მითითებით საზოგადოებისა და მედიის სრულად გამორიცხვა სასამართლო პროცესიდან იშვიათ შემთხვევებში უნდა მოხდეს[10]. ეს შემთხვევები კი ვიწროდ ფორმულირებული უნდა იყოს და საჭიროების პრინციპს უნდა აკმაყოფილებდეს. სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გაითვალისწინოს ყველა შესაძლებელი ალტერნატივა, იმისათვის, რომ სასამართლო დარბაზში დაცული იქნას წესრიგი და უსაფრთხოება და უპირატესობა უნდა მიანიჭოს ნაკლებად მზღუდავ ღონისძიებას ამ მიზნების მისაღწევად[11].

შეფასება

აღნიშნულიდან გამომდინარე ნათელია, რომ 25 ივნისის საკანონმდებლო ცვლილებებით დადგენილი შეზღუდვები სასამართლოში მიმდინარე პროცესების მედიაგაშუქებაზე ვერ აკმაყოფილებს ადამიანის უფლებათა სტანდარტებს. გარდა იმისა, რომ შეზღუდვა ბლანკეტურია და არ ითვალისწინებს, მართლმსაჯულების ინტერესებისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნების მიღწევის ნაკლებად მზღუდავ, ინდივიდუალურ შესაძლებლობებს, ბუნდოვანია შეზღუდვის მთელი რიგი ელემენტები. კერძოდ, გაუგებარია, ვინ მოიაზრება „სასამართლოს მიერ უფლებამოსილ პირში“ ან როგორ განსაზღვრავს სასამართლო მის ვინაობას. კიდევ უფრო ბუნდოვანია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს როლი და მანდატი ამ პროცესში. როდესაც ქვეყნის მასშტაბით სასამართლოებში დღეში არაერთი პროცესი მიმდინარეობს, რომლის გარემოებების ყველაზე უკეთ მისმა განმხილველმა მოსამართლემ იცის და ინდივიდუალურ შემთხვევებში გადაწყვეტილების მყისიერად მიღების უკეთესი შესაძლებლობა აქვს, გაუგებარია, სამართლებრივად რა მიზანს შეიძლება ემსახურებოდეს ამ პროცესში ცენტრალიზებული, სასამართლოს თვითმმართველობის უმაღლესი ორგანოს შემოყვანა, თუ არა სასამართლოს და მოსამართლეთა კონტროლის კიდევ ერთი ბერკეტის არსებობა ამ პროცესში. დამატებით ასევე ბუნდოვანია რა პროცედურით, კრიტერიუმებითა და ვადებით უნდა იხელმძღვანელოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სასამართლო პროცესების გაშუქებაზე ნებართვის გაცემის პროცესში, რადგან ამ საკითხზე საბჭოს რაიმე სამართლებრივი აქტი ამ ეტაპზე არ არსებობს.

ამ კონკრეტული საკანონმდებლო შეზღუდვების მიღმა, მიმდინარე მწვავე პოლიტიკური და საზოგადოებრივი კრიზისის კონტექსტში და სხვა პარალელურად განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებების გათვალისწინებით, რომლებიც ასევე ფუნდამენტურად ზღუდავს მედიაორგანიზაციების საქმიანობის სხვა კომპონენტებს[12], ნათელია „ქართული ოცნების“ მიზანი - ფაქტობრივად შეუძლებელი გახადოს დამოუკიდებელი მედიის საქმიანობა და, შესაბამისად, დრამატულად შეამციროს საზოგადოების ჯეროვნად და ობიექტურად ინფორმირების ხარისხი, რაც დემოკრატიული საზოგადოების ფუნქციონირებისათვის არსებით ელემენტებს წარმოადგენს. როგორც ჩანს, „ოცნების“ და ასევე თავად სასამართლო სისტემის წარმომადგენლების მიერ მწვავედ და საფრთხის შემცველად აღიქმება საზოგადოებაში არსებული სამართლიანი და მზარდი კრიტიკა იმ სასამართლო პროცესებზე, რომლებიც საზოგადოებრივ პროტესტთან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ და სისხლის სამართლის საქმეებზე მიმდინარეობს და რომლებზე საზოგადოების ინფორმირების პროცესშიც მთავარ შრომას დამოუკიდებელი მედიაორგანიზაციები სწევენ. სწორედ მედიის თანმიმდევრულმა და ძალიან მნიშვნელოვანმა შრომამ გახადა შესაძლებელი, საზოგადოებას ნათლად დაენახა, რა მასშტაბის სამართლებრივ თუ მორალურ შეუსაბამობებს აქვს ადგილი მიმდინარე პროცესებზე, რამდენად უხეშად ირღვევა კანონი სასამართლოს, ბრალდების მხარის თუ მათი მოწმეების მხრიდან, რამდენად არამგრძნობიარე სასამართლო ბრალდებულებისა თუ მათი ოჯახის წევრების მიმართ. ყოველივე ეს მნიშვნელოვნად ზრდიდა საზოგადოებაში სოლიდარობას ბრალდებულების მიმართ და ასევე ცოდნას, სასამართლო სისტემაში არსებული ფუნდამენტური გამოწვევების თაობაზე. ეს კი, „ქართული ოცნებისა“ და სასამართლო კლანისათვის, ბუნებრივია, მიუღებელი და საფრთხის შემცველი აღმოჩნდა.

მეორე მხრივ ნათელია ისიც, რომ სასამართლოში არსებული არაფორმალური ძალაუფლების მზარდი სამართლებრივი კონსოლიდაციის ფონზე, მცირდება ინდივიდუალური მოსამართლეების მიერ გადაწყვეტილების მიღების სივრცეები. ეს, ერთი მხრივ, შესაძლოა, ემსახურებოდეს მათზე პასუხისმგებლობის არსებული ტვირთის შემცირებას, მეორე მხრივ კი - ძალაუფლების კიდევ უფრო მეტად კონსოლიდაციას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ხელთ, რაც მიმდინარე პროცესში მათთვის რაიმე არასასურველი მოულოდნელობის რისკებს მინიმუმამდე ამცირებს.

დამატებით, უკიდურესად შემაშფოთებელია ისიც, რომ „ქართული ოცნება“ საკანონმდებლო ცვლილებების მიღების პროცესში ფორმალურ-პროცესუალური დემოკრატიის ყველაზე მინიმალურ მოთხოვნებსაც კი დემონსტრაციულად აღარ აკმაყოფილებს, რაც აქამდე წლების განმავლობაში მათი სტრატეგიული მიდგომების ერთ-ერთი მთავარი ელემენტი იყო. დაჩქარებული წესით, 2-3 დღეში მიღებული ცვლილებები, რომელთა შინაარსი მოსმენიდან მოსმენამდე რადიკალურად იცვლება და ვიდრე საზოგადოება მისი შინაარსის რეალურად აღქმას შეძლებს, უკვე შემდგომ ცვლილებებს ექვემდებარება, ფუნდამენტურ დონეზე შლის, არამხოლოდ ზოგადად დემოკრატიის არამედ კონკრეტულად სამართლის არსისა და მოქმედების საბაზისო პრინციპებს და საზოგადოებას მუდმივად განუჭვრეტელ და ტურბულენტურ მდგომარეობაში ამყოფებს.

საბოლოოდ კი, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები „ქართული ოცნების“ მიერ ავტორიტარიზმის საბოლოოდ კონსოლიდაციისა და სტაბილიზაციის დაჩქარებულად მიმდინარე პროცესის კიდევ ერთი არსებითი და საგანგაშო ელემენტია, რომელიც საზოგადოების ყურადღების მიღმა ტოვებს სასამართლოში მიმდინარე კრიტიკული მნიშვნელობის მქონე პროცესებსა თუ საქმეებს და სისტემის პირისპირ კიდევ უფრო მოწყვლად მდგომარეობაში ტოვებს რეპრესიების მსხვერპლ პოლიტიკურ პატიმრებს. საგულისხმოა ისიც, რომ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მართველობის პერიოდში საზოგადოებისა და მედიისათვის დახურული სასამართლო პროცესების კვლავ გახსნის გადაწყვეტილება თავად „ქართულმა ოცნებამ“ მიიღო ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, 2013 წელს, რაც დემოკრატიული მმართველობისა და მართლმსაჯულების ღიაობის კუთხით წინ გადადგმული ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი იყო. საბაზისო დემოკრატიული და უფლებრივი სამართლებრივი პრინციპების დაცვისკენ მიმართული საკუთარი გადაწყვეტილების დემონსტრაციულად უკან წაღება, რაც საზოგადოების ყურადღების მიღმა დატოვებისთვის წირავს რეპრესიების მსხვერპლ ადამიანებს და აქ შეუძლებელს ხდის მედიის ფუნქციონირებას , „ქართული ოცნების“ ავტორიტარული მისწრაფებების ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მაგალითად უნდა ჩაითვალოს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] “საერთო სასამართლოების შესახებ” ორგანულ კანონში 25 ივნისს შესული ცვლილებები: https://info.parliament.ge/file/1/BillReviewContent/394085

[2] ტვ პირველი, პაპუაშვილის აზრით: "კამერები და პირდაპირი ჩართვები დამსწრეთა მიტინგურ საქციელს ახალისებდა", ხელმისაწვდომია: https://tvpirveli.ge/ka/siaxleebi/politika/104689-papuashvilis-azrit-kamerebi-da-pirdapiri-chartvebi-damstsreta-mitingur-saqtsiels

[3] Ნეტგაზეთი, „ოცნება“ სასამართლო სხდომების აუდიოჩაწერასაც ზღუდავს, ხელმისაწვდომია:  https://netgazeti.ge/news/778604/ 

[4] პუბლიკა, ქარტია იუსტიციის საბჭოს მოუწოდებს, დროულად შეიმუშავოს სასამართლო პროცესების გაშუქების მარტივი და ნათელი პროცედურები, ხელმისაწვდომია:  https://publika.ge/qartia-iusticiis-sabchos-mouwodebs-droulad-sheimushavos-sasamartlo-procesebis-gashuqebis-martivi-da-nateli-procedurebi/

[5]Რადიო თავისუფლება, ჟურნალისტებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს შენობაში არ უშვებენ. Ხელმისაწვდომია:  https://www.facebook.com/watch/live/?ref=watch_permalink&v=4103590543207367

[6] Karácsony and Others v. Hungary [GC], Selmani and Others v. the Former Yugoslav Republic of Macedonia, § 75; referring to the Pentikäinen v. Finland [GC}.

[7] Mándli and Others v. Hungary.

[8] Szurovecz v. Hungary.

[9]  Sutter v. Switzerland, § 26; Riepan v. Austria, § 27; Krestovskiy v. Russia, § 24.

[10] Riepan v. Austria, § 34.

[11] Krestovskiy v. Russia, § 29.

[12] სოციალური სამართლიანობის ცენტრი, “ქართული ოცნების” ახალი საკანონმდებლო ინიციატივა სიტყვისა და გამოხატვის თავისუფლების სამართლებრივ დემონტაჟს ახდენს, ხელმისაწვდომია:  https://socialjustice.org.ge/ka/products/kartuli-otsnebis-akhali-sakanonmdeblo-initsiativa-sitqvisa-da-gamokhatvis-tavisuflebis-samartlebriv-demontazhs-akhdens

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“