[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანალიტიკური დოკუმენტები

საპარლამენტო კონტროლის ძირითადი მექანიზმები საქართველოში

საპარლამენტო ზედამხედველობა (კონტროლი) ერთ-ერთია პარლამენტის სამ ყველაზე ზოგად ფუნქციას შორის (წარმომადგენლობითი, საკანონმდებლო და საზედამხედველო).[1] საზედამხედველო ფუნქცია ორი გზით ხორციელდება: პარლამენტები აკონტროლებენ პოლიტიკის მომზადების პროცესს (ex ante) ან აკონტროლებენ პოლიტიკის აღსრულებასა და იმპლემენტაციას (ex post).[2] ზედამხედველობა, ცხადია, არის კანონშემოქმედებითი ფუნქციის გამაგრძელებელი აქტივობა. მეტიც, აღმასრულებლი ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი, შესაძლოა, საკანონმდებლო ორგანოს ყველაზე მნიშვნელოვან ფუნქციადაც კი იქნას მიჩნეული.[3]

საპარლამენტო ზედამხედველობა არსებითად ორ დონეზე - პლენარულსა და საკომიტეტოზე - მიმდინარეობს. საკომიტეტო კონტროლი უფრო მეტად საკითხების საგნობრივ და სიღრმისეულ შესწავლას გულისხმობს. მისი მიზანი არა იმდენად პოლიტიკური ამინდის შექმნა, არამედ საკითხების სპეციფიკურ მახასიათებლებში გარკვევა და მისი დეტალური ანალიზია, რაც შემდგომ, შესაძლოა, უფრო ფართო პოლიტიკური პროცესების წინაპირობა გახდეს. საპირისპიროდ, პლენარულ სხდომაზე მიმდინარე პროცედურების დიდი ნაწილი, სხვა ფუნქციებთან ერთად, უფრო მეტად ემსახურება პოლიტიკური დღის წესრიგის ჩამოყალიბებისა და პოლიტიკური იძულების მიზნებს. პლენარულ სხდომებზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს პოლიტიკური დებატები (მით უფრო მაშინ, როცა ის საზოგადოებრივი ყურადღების საგანია). დებატები კონკრეტულ გადაწყვეტილებებში იშვიათად გამოიხატება და მისი საგანი არც მაინცდამაინც საკითხის დეტალური გამოკვლევაა.[4] მიუხედავად ამისა, პოლიტიკური დებატები აიძულებს მთავრობას მხედველობაში მიიღოს ცალკეული საკითხები, წარუდგინოს პარლამენტს ანგარიში, ის გავლენას ახდენს ელექტორალურ შეხედულებებსა და ამომრჩევლის განწყობებზე.[5]

უნდა ითქვას, რომ ეს დაყოფა, ისევე როგორც მექანიზმებისთვის მინიჭებული შესაბამისი დატვირთვები, ბუნებრივია, პირობითია და შესაძლოა ზუსტად არ ასახავდეს ყველა კონკრეტული პროცედურის არსს. თუმცა, ამ დაყოფის მიზანი მათ შორის ისიც არის, რომ უფრო ნათლად გამოკვეთოს სხვადასხვა დონეზე საპარლამენტო კონტროლის მექანიზმების სწორად და ეფექტიანად გამოყენების შესაძლებლობები.

დოკუმენტი სრულად შეგიძლიათ იხ. მიმაგრებულ ფაილში

საპარლამენტო_კონტროლის_ძირითადი_მექანიზმები_საქართველოში_1623150788.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] Niall Johnston, Financial Oversight: A Handbook for Parliamentarians, World Bank Institute, p. 1, [ხელმისაწვდომია: https://bit.ly/3vlJ6yX; წვდომის თარიღი: 27.04.2021].

[2] იქვე.

[3] საპარლამენტო მექანიზმების გაძლიერება ხელისუფლების საკანონმდებლო და აღმასრულებელ შტოებს შორის ურთიერთობებში, NDI, ინგლისურიდან ქართულად თარგმნისა და განახლების ჯგუფი: ვახუშტი მენაბდე (სამეცნიერო რედაქტორი), თორნიკე გერლიანი და გვანცა ჯიქია, 2019, გვ. 45.

[4] Paul Silk and Rhodri Walters, How Parliament Works, 4th edition, Harlow, 1998, United Kingdom, p. 207.

[5] იქვე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“