საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
„შახტში არაფერი იცვლება„ - ასე სრულდება ტყიბულელი მეშახტეების 2020 წლის 13 მარტის მიმართვის ტექსტი, რომლითაც ისინი ჯანმრთელობისთვის საშიშ სამუშაო პირობებს აპროტესტებდნენ (პერტაია, 2020a). იმავე დღეს, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ანტიკრიზისული ეკონომიკური სტიმულირების გეგმა წარუდგინა საქართველოს მოსახლეობას (საქართველოს მთავრობა, 2020). ქვეყანამ ხმალამოღებული ბრძოლა დაიწყო ვირუსის წინააღმდეგ, თუმცა ტყიბული არავის გახსენებია. 20 მარტს მეშახტეებმა გამოუვალი ფინანსური მდგომარეობის გამო სიცოცხლისთვის საშიშ პირობებში განაგრძეს მუშაობა - „შახტში ვბრუნდებით იმიტომ, რომ წინააღმდეგ შემთხვევაში დავკარგავთ იმ მცირე შემოსავალსაც კი, რომელსაც ჩვენი მძიმე შრომის ფასად მოვიპოვებთ. ჩვენი ოჯახები დარჩება მშიერი“.
პანდემიამ გადაფარა ყველა დიდი თუ პატარა ამბავი და კორონავირუსმა შთანთქა ყველა რეალობა დაინფიცირებულთა სტატისტიკის და ეპიდემოლოგების განცხადებების მიღმა. თუმცა, ტყიბული არც მანამდე ახსოვდა ქვეყანას და ტყუილად არ დაწერეს მეშახტეებმა მიმართვაში: „ჩვენ სახელმწიფომ მიგვატოვა“. პანდემიამ მარტო ახალი დღის წესრიგი კი არ დააწესა, ეკონომიკური მოცემულობაც გააშეშა. საქართველოს მთავრობამ ბევრი ისაუბრა კრიზისის შანსად გამოყენებასა და ეკონომიკური მოდელის გარდაქმნა-განვითარებაზე, მაგრამ მალე ცხადი გახდა, რომ სრულიად საქართველოშიც არაფერი შეიცვლებოდა. თუმცა, გაქვავებული ეკონომიკის ფონზე აქტიურად გაჩაღდა ისეთი პროცესები, როგორიც ჰესების მშენებლობა ან მოპოვებითი საქმიანობაა. ამასთან, მთავრობამ ბუნებრივი რესურსის 100 ობიექტზე ლიცენზიები შესთავაზა ბიზნესს (წიაღის ეროვნული სააგენტო, 2020). კრიზისის დროს სწორედ ბუნებრივი რესურსი აღმოჩნდა ის ხავსი, რომელსაც გაშმაგებით ჩაეჭიდა ქვეყანა[i]. ბიზნესმა კი საგანგებო მდგომარეობა მშრომელების ექსპლუატაციის ლეგიტიმურ ჩარჩოდ გამოიყენა. მხოლოდ სპარის მაგალითი რად ღირს, თანამშრომლები რომ მაღაზიაში გამოკეტა ღამით, საგანგებო მდგომარეობის წესების დაცვის მიზნით (ქოქოშვილი, 2020).
სახელმწიფო ორმაგი სტანდარტით მიუდგა შრომის და ჯანმრთელობის საკითხს და გადაწყვიტა, რომ არცერთი დღით არ უნდა შეჩერებულიყო მოპოვებითი საქმიანობა (დევიძე & ქებურია, 2020)[ii]. საგანგებო მდგომარეობის შემდგომ პერიოდში დაწყებული შრომის რეფორმის განხილვების დროს კი პრემიერი გვეტყვის, რომ ბიზნესი არ უნდა დავაზარალოთ, მათ ცხოვრება არ უნდა გაურთულოს შრომის კანონმა (პერტაია, 2020b). ამრიგად, კრიზისი ისევ ძლიერთათვის აღმოჩნდა შანსი, მოცემული პოლიტიკური სისტემის თუ აკუმულაციის რეჟიმის გასამყარებლად და ჩასაცემენტებლად. მედია და სამოქალაქო საზოგადოების დიდი ნაწილი კი პანდემიის ხმაურს აჰყვა და როგორც ლუკა ნახუცრიშვილი და ბარბარე ჯანელიძე წერენ, გულიდან ამოსახეთი სათქმელი ამოუთქმელი დარჩა (ჯანელიძე & ნახუცრიშვილი, 2020)[iii].
ეკონომიკურ ზრდასა და ჯანმრთელობის დილემებს შორის მოქცეული სახელმწიფო კი აგრძელებს ორაზროვან თამაშს მშრომელებს და კაპიტალს, ავტორიტარიანიზმს და დემოკრატიას შორის, შრომისა და ბუნების ექსპლუატაციის ხარჯზე. იგი კრიზისის დროს მთელი სიცხადით ავლენს ორმაგ სახეს და ჰიბრიდულ განსხეულებას. მისი პოლიტიკა წინააღმდგობებითაა სავსე - თან მოსახლეობის ჯნამრთელობაა უზენაესი მიზანი (და წირავს ტურიზმსაც კი), თან არ აჩერებს სამთო-მოპოვებას და ჰესების მშენებლობას; თან მცირე სახელმწიფოს მანტიას ირგებს და თან სრულიად აკონტროლებს საზოგადოებრივ თუ ეკონომიკურ წესრიგს. როცა დასჭირდება, პრემიერი ‘თითს უქნევს‘ კაპიტალს[iv] (BM.ge, 2020; Commersant.ge, 2020) და ამავდროულად თვალს ხუჭავს შრომის ექსპლუატაციაზე და აჯანჯლებს შრომის რეფორმას. მართალია, პანდემიის ფონზე ბევრს საუბრობენ სახელმწიფოს დაბრუნებაზე და ხშირად დიდი იმედითაც, მაგრამ საქართველოში სახელმწიფო არ ბრუნდება მზრუნველი და კეთილდღეობის სახელმწიფოს სახით, იგი არც იცვლება. ავტორიტარიანული ნეოლიბერალური სახელმწიფო ფრთებს შლის პანდემიის დროს, მკაფიოდ გვაჩვენებს მის სახეს და რეკონფიგურაციას განიცდის კრიზისის საპასუხოდ. პანდემია კიდევ ერთხელ გვაჩვენებს, რომ ნეოლიბერალური მცირე სახელმწიფო მითია. სახელმწიფო აპარატი მართვს, თანაც ეკონომიკური ლოგიკით და ბაზრის პრინციპებით. მას ძლიერი დისციპლინის და კონტროლის მექანიზმები აქვს, რომლებსაც ხან კაპიტალის სასარგებლოდ ამუშავებს და ხანაც მის საწინააღმდეგოდ. პანდემია არაფერს არ გარდაქმნის, არამედ უფრო მტკიცე და გაურღვეველი ხდება არსებული რეჟიმი, თან ამჯერად ჯანმრთელობის სახელით.
პოსტ-საბჭოთა ქვეყნების და მათ შორის საქართველოს ორსახოვნებასა და ჰიბრიდულობაზე ბევრი დაწერილა (იხ. (Aprasidze, 2004; Baramidze, 2015; Carothers, 2002; Cheterian, 2008; Christophe, 2005; Diamond, 2002; Gegeshidze, 2011; Lazarus, 2013; Wheatley, 2008; Wheatley & Zürcher, 2008)). თუმცა, აღნიშნულ შრომებში ჰიბრიდულობა უმეტესად სახელმწიფოს ვებერიანული განმარტებიდანაა ამოზრდილი და იგი პოლიტიკური კონცეპტია[v], რომელიც დემოკრატიასა და ავტორიტარიანიზმს შორის მოქცეულ ქვეყნებს ჰიბრიდულად ახასიათებს. ეს მიდგომა ირეკლავს ტრანზიციის მოლოდინს, რომ პოსტ-საბჭოთა სახელმწიფოებმა დასავლურ დემოკრატიას უნდა მიაღწიონ (იხ. (Carothers, 2002, p. 10)). ჰიბრიდულობის ამგვარი აღქმა სოციო-ეკონომიკურ განზომილებას უგულებელყოფს და მისი მთავარი მიზანი დემოკრატიზაციის დონის გაზომვა ხდება. ეს სტატია კი ჰიბრიდულობას პოლიტიკურ-ეკონომიურ კონცეპტად განიხილავს, რომელიც სახელმწიფოს წინააღმდეგობრივ პრაქტიკებს აანალიზებს, როგორც პოლიტიკურ სფეროში, ისე კაპიტალის აკუმულაციის რეჟიმში, მთავრობასა და ბაზარს შორის ურთიერთობაში, მმართველობის ტექნოლოგიებში, სამოქალაქო საზოგადოებაში, ადგილობრივ და გლობალურ დონეზე.
ჰიბრიდულობის კონცეპტი სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიურ განმარტებასთან ბმაში[vi] უნდა განვიხილოთ, სადაც სახელმწიფო სოციალურ ძალაუფლებრივ ურთიერთობათა კომპლექსს წარმოადგენს და ‘ჩაშენებულია‘ სამეწარმეო ურთიერთობებში (Becker, 2008, p. 10). სახელმწიფო აპარატი არ აღიქმება როგორც კაპიტალისტური კლასის ინსტრუმენტი[vii]. ამრიგად, მართალია სახელმწიფო უზრუნველყოფს სოციო-ეკონომიკური პროცესების კვლავწარმოების სტაბილურობას (Lipietz & Jenson, 1987, p. 24), მაგრამ იგი არ არის ნეიტრალური აქტორი, რომელიც მხოლოდ გარკვეული რეგულაციებით განსაზღვრავს წარმოებისთვის თამაშის წესებს. სახელმწიფო კაპიტალისტური წარმოების განუყოფელი ნაწილია. ამასთან, რეგულირების და მართვის ობიექტი არა მხოლოდ აკუმულაციის რეჟიმია, არამედ ყველა სხვა ტიპის სოციალური ქმედება. მმართველობის სტრატეგიული აპარატი, რომელსაც მიშელ ფუკო დისპოზიტივს უწოდებს, აერთიანებს დიკურსებს, ინსტიტუტებს, საკანონდმებლო ცვლილებებს, მეცნიერულ მოსაზრებებს, ადმინისტრაციულ ზომებს თუ მორალურ და ფილოსოფიურ დებულებებს (Foucault, 1980, p. 194)[viii]. კაპიტალის აკუმულაციის რეჟიმის წარმატებით რეგულირებაზე კი ჰეგემონიური ბრძოლები ახდენენ გავლენას, ინსტიტუციური სტრუქტურების აქტიური ჩართულობით (Brand, 2005, pp. 31–34; Pickles & Smith, 1998, p. 29). აღნიშნული ბრძოლების ველი სამოქალაქო საზოგადოებაა (Gramsci, 2000, pp. 211–212), რომელიც ისეთ სოციალურ ჯგუფებს აერთიანებს, როგორიცაა ეკლესია, აკადემია, მედია, ოჯახი, ბიზნესი ან არასამთავრობო ორგანიზაციები. პოლიტიკურ საზოგადოებას კი მთავრობა, ჯარი, ბიუროკრატია, პოლიცია და ლეგალური ნორმები წარმოადგენს (Wullweber, 2012, p. 32). ჰეგემონიის დამყარებისთვის დომინანტურმა ჯგუფმა საკუთარი ინტერესების უნივერსალიზაცია უნდა შეძლოს ფართო საზოგადოების თანხმობის და ეთიკური ლეგიტიმაციის მოპოვებისთვის. თუმცა, ჰეგემონიას ძალადობრივი პრაქტიკებიც (ჯარი, პოლიცია) უმაგრებს ზურგს (იხ. (Demirović, 2007, p. 31; Scherrer, 2001, p. 4)). სახელმწიფოებრიობის ანალიზში მნიშვნელოვანია გლობალური აქტორების როლიც. საქართველო პერიფერიული სახელმწიფოა[ix] და შესაბამისად გლობალურ პროცესებს და აქტორებს დიდი მნიშვნელობა ენიჭება ადგილობრივი პოლიტიკების განსაზღვრაში.
წყარო: ავტორის ილუსტრაცია
სახელმწიფოს პოლიტიკურ-ეკონომიური განსაზღვრებიდან ამოზრდილი ჰიბრიდულობის კონცეპტუალიზაციაში მნიშვნელოვანია დროითი ასპექტი და ისტორიული კონტექსტი. პოსტ-საბჭოთა ქვეყნების ჰიბრიდულობა შესაძლოა აღვიქვათ როგორც დემოკრატიზაციის და მარკეტიზაციის წნეხზე პასუხი; როგორც თავის დაღწევის და შექმნილ სიტუაციასთან გამკლავების სტრატეგია. სწორედ ძველი და ახალი ღირებულებების შეუთავსებლობასა და ჭიდილში ძლიერდება ამ სახელმწიფოების ორმაგი სახე - ახალი კანი არ ერგება ძველ სხეულს. ამრიგად, ჰიბრიდულობა დინამიური კონცეპტია და მისი დესკრიპტიული მნიშვნელობა განსხვავებულად ივსება მმართველობის სხვადასხვა რეჟიმების დროს. ჰიბრიდულობის ამგვარი გაგების ერთ-ერთ სახედ, ვარდების რევოლუციის შემდგომ საქართველოში, ავტორიტარიანული ნეოლიბერალიზმი გვევლინება. ცხადია, ავტორიტარიანული ნეოლიბერალიზმის აუცილებელ წინაპირობას სრულებითაც არ წარმოადგენს საბჭოთა გამოცდილება, მაგრამ ამ შემთხვევაში, ისტორიული მემკვიდრეობა შესანიშნავ ბაზისს ქმნის მმართველობის ამ ფორმის აღმოსაცენებლად. ვარდების რევოლუციის შემდეგ ჩამოყალიბებული კაპიტალის აკუმულაციის და მართვის რეჟიმი ხომ სწორედ გლობალური ნეოლიბერალიზაციის გამოძახილია პერიფერიულ სახელმწიფოში, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა სხეულში ცხოვრობს. იგი მოდერნიზაციას და დემოკრატიზაციას ესწრაფვის ავტორიტარიანული მმართველობის ხარჯზე; ეკონომიკური ზრდის მიღწევას კი შრომის და ბუნების ექსპლუატაციით ცდილობს. ძლიერი სახელმწიფო აპარატი გვევლინება არა მარტო პოლიტიკური და სოციალური სფეროების, არამედ კაპიტალის აკუმულაციის რეჟიმის მმართველადაც.
ავტორიტარიანული ნეოლიბერალიზმი, ნიკოს პულანცას და სტუარტ ჰოლის იდეებზე დაყრდნობით (Bruff, 2014), კაპიტალიზმის მმართველობის ფორმას ასახავს, რომელშიც სოციალური ჯგუფები და ოპოზიციური ძალები მარგინალიზებული არიან. სახელმწიფო აპარატი მათ დისციპლინირებას უფრო ცდილობს, ვიდრე მათი გულის მოგებას და გადმობირებას. ამგვარი მმართველობის გამართლება კი ეკონომიკური საჭიროებებით ხდება. მთავრობა ხშირად საკანონმდებლო ან კონსტიტუციურ ცვლილებას მიმართავს გარკვეული პოლიტიკების გასატარებლად, მათი საზოგადოებასთნ განხილვის გარეშე. ავტორიტარიანული ნეოლიბერალური სახელმწიფოები ძალის განმტკიცებას აღმასრულებელი ძალაუფლების გამყარებით ცდილობენ, რაც ოპოზიციის მიმართ რეპრესიულ ქმედებებშიც აისახება (Bruff & Tansel, 2018, p. 2). ავტორიტარიანიზმი მხოლოდ ძალადობაში (ჯარის ან პოლიციის გამოყენებით) არ გამოიხატება; იგი ასევე ასახავს სახელმწიფოს უნარს, შეძლოს ინსტიტუციური ძალაუფლების რეკონფიგურაცია გარკვეული პოლიტიკის გასატარებლად, სოციალური და პოლიტიკური უკმაყოფილებების მიუხედავად (Bruff, 2014, p. 115). ამისათვის მთავრობა ლეგალურ, ადმინისტრაციულ და ძალადობრივი მმართველობის ფორმებს მიმართავს (Bruff & Tansel, 2018, p. 7)[x].[xi]
პანდემიის დროს ავტორიტარიანულ ნეოლიბერალური სახელმწიფო მთელი სიცხადით ავლენს მის სახეს, რადგან სახელმწიფო აპარატი სრულ მობილიზებას განიცდის კრიზისის მოსაგვარებლად და კაპიტალის აკუმულაციის არსებული რეჟიმის სტაბილურობის შესანარჩუნებლად. აქვე იმსხვრევა ნეოლიბერალური მცირე სახელმწიფოს მითიც, რადგან ნეოლიბერალურ წესრიგს ჰაერივით სჭირდება სახელმწიფო. თუმცა, ეს არ არის ზრუნვის და სოციალური პასუხისმგებლობების სახელმწიფო. იგი ეკონომიკური პრინციპებით მართავს (Madra & Adaman, 2018, p. 115), რადგან ბაზრის ლოგიკა უფრო სანდოდ და ეფიციენტურად მიიჩნევა და სწორედ მისი ფასეულობები ხდება პოლიტიკური და სოციალური ცხოვრების მოწყობის ღერძი (Davies, 2018, p. 275).
საქართველოს მთავრობაც არ აყოვნებს და პანდემიის დროს სოციო-ეკონომიკური თუ პოლიტიკური პროცესების მთავარ დირიჟორად ამჯერად გაცხადებულად გვევლინება. იგი აწესებს თამაშის წესებს და საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებით აფართოვებს მოქმედების არეალს და ძალაუფლებას. დისციპლინა, როგორც მმართველობის ფორმა აღარ არის შეფარვითი და ირიბი - პრემიერი პირადად აცნობს მოსახლეობას ახალ წესებს. პანდემია კიდევ უფრო აქტიურად ამუშავებს კონტროლის და დასჯის მექანიზმებს, რომლებსაც საკანონმდებლო ცვლილებები და მეცნიერული აზრი უმაგრებს ზურგს. მთავრობა შესანიშნავად იყენებს პანდემიას ერთი მხრივ, პოლიტიკური ლეგიტიმურობის მოსაპოვებლად და მეორე მხრივ, იმ ეკონომიკური საქმიანობების წინ წასაწევად, რომელსაც სხვა დროს შესაძლოა წინააღმდეგობა მოჰყოლოდა (მაგ. ჰესები). ასევე, დროს არ კარგავს საკანონმდებლო ჩარჩოს საშუალებით ბაზრისთვის ხელსაყრელი ცვლილებების გასატარებლად და ამარტივებს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების პროცედურას, სახალხო განხილვების გვერდის ავლის ხარჯზე (მწვანე ალტერნატივა & საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, 2020).
კრიზისის საპასუხოდ შემუშავებული წესები მხოლოდ რიგით მოქალაქეებზე კი არ ვრცელდება, არამედ მთლიანად ეკონომიკური საქმიანობა სამთავრობო გადაწყვეტილებების მძევალი ხდება (შეჩერებული ეკონომიკური საქმიანობების ფონზე). ამრიგად, ზემოთ აღნიშნული რეგულაციის დისპოზიტივი (იხ. (Becker, 2002, p. 277)) ბუკვალური გაგებით მართვის რეჟიმზე გადადის და ფერმკრთალდება იმ ჰეგემონიური ბრძოლების როლი, რომლებიც გავლენას ახდენენ სახელმწიფოს გადაწყვეტილებებზე. თუმცა, ეს ბრძოლები არ წყდება - ყველა თანასწორი არ აღმოჩნდება საგანგებო მდგომარეობის რეჟიმის წინაშე, არც მშრომელების და არც კაპიტალის მხარეს. მთავრობის ანტიკრიზისული და პოსტკრიზისული პროგრამებიც ხომ თანაბრად არ არგებს ეკონომიკის ყველა დარგს და ყველა ტიპის დასაქმებულს. აქ კი კარგად იკვეთება ჰიბრიდული სახელმწიფოს სელექციურობა[xii], რომელიც მოპოვებით სექტორში ჰპოვებს ასახვას. მაშინ როცა სრულიად ეკონომიკა პარალიზებულია, მოპოვებით სექტორში, პრიორიტეტი განუწყვეტელ შრომას ენიჭება და არა ჯანმრთელობას. სახელმწიფოს ეს გადაწყვეტილება კითხვის ნიშნებს აჩენს, რადგან ეს სექტორი არც თუ ისე მნიშვნელოვან როლს თამაშობს ქვეყნის მთლიან შიდა პროდუქტში.[xiii] ბაზრის ლოგიკის უზენაესობის მიუხედავად, სახელმწიფო აპარატი ორმაგ თამაშში დროებით წირავს ეკონომიკური ზრდის პრიორიტეტს - ტურიზმს - პოლიტიკური ლეგიტიმურობის შესანარჩუნებლად. ხოლო, იქ, სადაც ეკონომიკური აქტივობა პირდაპირ არ უკავშირდება პოლიტიკურ თავის ტკივილს, მუშაობა პანდემიის დროსაც არ წყდება. სამთო-მოპოვებითი ინდუსტრია და იქ დასაქმებულთა პრობლემები ხომ, ბოლო დროის პოლიტიზირების მიუხედავად, კვლავ მთავარ რადარებს მიღმა რჩება.
მთავრობის მიერ ჯანმრთელობის უზენაეს მიზნად გამოცხადების პერიოდს ტყიბულელი მეშახტეების მორიგი პროტესტი გასდევს. ისინი კვლავ სიცოცხლისთვის უსაფრთხო სამუშაო პირობების უზრუნველყოფას ითხოვენ და სახელწმიფოს აქტიურ ჩართულობას მოითხოვენ. 2020 წლის 9 ივნისს შახტში ლიფტის ჩავარდნისას ოცზე მეტი მუშა „სასწაულებრივად გადაურჩა„ დაზიანებას და სიკვდილს. საქნახშირმა კი მშრომელების დაუდევრობას დააბრალა ინციდენტი (პერტაია, 2020c).
ამრიგად, მზრუნველობის მანტიამოსხმული სახელმწიფო კრიზისს მოჩვენებითი და ზედაპირული ‚კეთილდღეობის პოლიტიკით‘ უმკლავდება, რომელიც არ გულისხმობს სისტემურ გარდაქმნას. შესაბამისად, ტყიბულშიც არაფერი იცვლება. არც ის გარემოებაა უმნიშვნელო, რომ ამ პოლიტიკის მიღმა იდეურად და ფინანსურად, საერთაშორისო ორგანიზაციები დგანან, რომლებიც გლობალური წესრიგის შენარჩუნებასა და სოციალური ამბოხის თავიდან არიდებაზე ზრუნავენ[xiv]. საერთაშორისო სავალუტო ფონდის თუ მსოფლიო ბანკის მიერ ათწლეულების განმავლობაში ნალოლიავები ნეოლიბერალური წესრიგის შენარჩუნება კი (ცვლილებების მიუხედავად) არ გულისხმობს ბაზრის ლოგიკის უზენაესობის, ტექნოკრატიზაციის და დეპოლიტიზაციის პროცესების გარდაქმნას.
ტყიბულში მორიგი გაფიცვა მორიგი შეთანხმებით სრულდება, არაფერი იცვლება - სახელმწიფოსგან მიტოვებული მშრომელები საკუთარ თავს აიძულებენ, იწამონ მორიგი დაპირების და განაახლონ შრომა. ისინი მარტო ვერასოდეს გაარღვევენ ავტორიტარიანული ნეოლიბერალიზმის წრეს.
პუბლიკაცია მომზადებულია პროექტის "სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები" ფარგლებში. პროექტის მხარდამჭერია ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის თბილისის ოფისი.
ბიბლიოგრაფია
Aprasidze, D. (2004). The Bureaucratic-Patrimonial State in Georgia: Has the “Roses Revolution” Given It a New Lease of Life? Central Asia and the Caucasus, 1(25), 42–48.
Ataç, I., Lenner, K., & Schaffar, W. (2008). Kritische Staatsanalyse(n) des globalen Südens. Journal Für Entwicklungspolitik, XXIV(2), 4–9.
Baramidze, M. (2015). Forms of Capitalism in the Post-Soviet Georgia and their Impact in the State’s Investment Policy. In 4th ASCN Annual Conference Protest, Modernization, Democratization: Political and Social Dynamics in the Post-Soviet Countries (pp. 306–319). Tbilisi: ASCN, Gebert Fuer Stiftung Wissenschaft bewegen.
Becker, J. (2002). Akkumulation, Regulation, Territorium: Zur kritischen Rekonstruktion der französischen Regulationstheorie. Marburg: Metropolis Verlag.
Becker, J. (2008). Der Kapitalistische Staat in der Peripherie: polit-ökonomische Perpektiven. Journal Für Entwicklungspolitik, XXIV(2), 10–32.
BM.ge. (2020). „ეს გადაეცით პირადად ჩემგან„ - გახარია „ჯორჯიან ეარვეისის დირექტორს აფრთხილებს. BM.Ge. Retrieved from https://bm.ge/ka/article/quotes-gadaecit-piradad-chemganquot---gaxaria-quotjorjian-earveisisquot-direqtors-afrtxilebs-/51873
Brand, U. (2005). Gegen-Hegemonie: Perspektiven globalisierungskritischer Strategien. Hamburg: VSA-Verlag Hamburg.
Bruff, I. (2014). The Rise of Authoritarian Neoliberalism. Rethinking Marxism, 26(1), 113–129.
Bruff, I., & Tansel, C. B. (2018). Authoritarian neoliberalism: trajectories of knowledge production and praxis. Globalizations, 1–12. https://doi.org/10.1080/14747731.2018.1502497
Carothers, T. (2002). The End of the Transition Paradigm. Journal of Democracy, 13(1), 5–21.
Cheterian, V. (2008). Georgia’s rose revolution: Change or repetition? Tension between state-building and modernization projects. Nationalities Papers: The Journal of Nationalism and Ethnicity, 36(4), 689–712.
Christophe, B. (2005). From Hybrid Regime to Hybrid Capitalism? The Political Economy of Georgia under Eduard Shevardnadze. In Varieties of capitalism in post-communist countries, 23-24 September 2005, University of Paisley. Center for Contemporary European Studies.
Commersant.ge. (2020). Commersant. გიორგი გახარია: მივაკითხავთ ყველა კომპანიას რომელმაც დასაქმებულს რამდენიმე თვის ანაზღაურება არ გადაუხადა ? Retrieved from https://commersant.ge/ge/post/giorgi-gaxaria-mivakitxavt-yvela-kompanias-romelmac-dasaqmebuls-ramdenime-tvis-anazgaureba-ar-gadauxada
Davies, W. (2018). The Neoliberal State: Power against Politics. In D. Cahill, M. Cooper, M. Konings, & D. Primrose (Eds.), The SAGE Handbook of Neoliberalism (pp. 271–284). Los Angeles, London, New Dehli: SAGE reference.
Demirović, A. (2007). Politische Gesellschaft - zivile Gesellschaft. Zur Theorie des integralen Staates bei Antonio Gramsci. In Hegemonie gepanzert mit Zwang: Zivilgesellschaft und Politik im Staatsverständnis Antonio Gramscis (pp. 21–40). Baden-Baden: Nomos.
Diamond, L. J. (2002). Thinking About Hybrid Regimes. Journal of Democracy, 13(2), 21–35.
Foucault, M. (1980). The Confession of the Flesh. In C. Gordon (Ed.), Power/Knowledge: Selected Interviews and Other Writings 1972-1977 (pp. 194–229). New York: Pantheon Books.
Gegeshidze, A. (2011). Georgia’s Political Transformation: Democracy in Zigzag. In South Caucasus 20 Years of Independence (pp. 25–41). Friedrich Ebert Stiftung South Caucasus.
Gramsci, A. (2000). The Gramsci Reader: Selected Writings 1916-1935. (D. Forgacs, Ed.), New York University Press. New York: New York University Press.
Jessop, B. (1982). The Capitalist State Marxist Theories and Methods. New York, London: New York University Press.
Jessop, B. (1990). State Theory: Putting the Capitalist State in its Place. Cambridge: Polity Press.
Jessop, B. (2009). The Spatiotemporal Dynamics of Globalizing Capital and Their Impact on State Power and Democracy. In H. Rosa & W. E. Cheuerman (Eds.), High Speed Society: Social acceleration, power, and modernity (pp. 135–159). University Park, Pennsylvania: The Pennsylvania State University Press.
Lazarus, J. (2013). Democracy or Good Governance? Globalization, Transnational Capital, and Georgia’s Neo-liberal Revolution. Journal of Intervention and Statebuilding, (August), 1–28.
Lipietz, A., & Jenson, J. (1987). Rebel sons: the Regulation. lipietz.net.
Madra, M. Y., & Adaman, F. (2018). Neoliberal Turn in the Discipline of Economics: Depoliticization Through Economization. In D. Cahill, M. Cooper, M. Konings, & D. Primrose (Eds.), The SAGE Handbook of Neoliberalism (pp. 113–129). Los Angeles, London, Nw Dehli: SAGE reference.
Pickles, J., & Smith, A. (1998). Introduction: Theorising transition and the political economy of trasnformation. In J. Pickles & A. Smith (Eds.), Theorising Transition: The Political Economy of Post-Communist Transformations (pp. 1–22). London, New York: Routledge.
Robinson, N. (2013). Economic and political hybridity: Patrimonial capitalism in the post-Soviet sphere. Journal of Eurasian Studies, 4(2), 136–145.
Scherrer, C. (2001). ‘Double Hegemony’? State and Class in American Foreign Economic Policymaking. Amerikastudien, 46(4), 573–591.
Shalal, A. (2020, April 15). Pandemic could trigger social unrest in some countries: IMF. Retrieved from https://www.reuters.com/article/us-imf-worldbank-coronavirus-protests/pandemic-could-trigger-social-unrest-in-some-countries-imf-idUSKCN21X1RC
Wheatley, J. (2008). Georgia’s democratic stalemate. Open Democracy.
Wheatley, J., & Zürcher, C. (2008). On the Origin and Consolidation of Hybrid Regimes: The State of Democracy in the Caucasus. Taiwan Journal of Democracy, 4(1), 1–31.
Wullweber, J. (2012). Konturen eines politischen Analyserahmens - Hegemonie, Diskurs und Antagonismus. In I. Dzudzek, C. Kunze, & J. W. Hg (Eds.), Diskurs und Hegemonie: Gesellschaftskritische Perspektiven (pp. 29–58). Bielefeld: transcript Verlag.
დევიძემარიამი, & ქებურიათამუნა. (2020). ოქროს ციებ-ცხელება და გლობალური პანდემია. EMC. Retrieved from https://emc.org.ge/ka/products/okros-tsieb-tskheleba-da-globaluri-pandemia
მწვანე ალტერნატივა, & საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია. (2020). მთავრობა საგანგებო მდგომარეობით სარგებლობს და სადავო პროექტებში გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობას ზღუდავს. მწვანე ალტერნატივა.
პერტაიალუკა. (2020a). ნეტგაზეთი. ტყიბულელი მეშახტეების მიმართვა: "ისევ ჯოჯოხეთური პირობები გველოდება„. Retrieved from https://netgazeti.ge/news/433676/
პერტაიალუკა. (2020b). ნეტგაზეთი. ვინ და რატომ ლობირებს შრომის რეფორმის ჩაგდებას პარლამენტში. Retrieved from https://netgazeti.ge/news/466725/
პერტაიალუკა. (2020c). ნეტგაზეთი. „საქნახშირი“ მეშახტეებს ადანაშაულებს უსაფრთხოების წესების დარღვევაში. Retrieved from https://netgazeti.ge/news/459670/
საქართველოს მთავრობა. (2020). გიორგი გახარიამ ანტიკრიზისული ეკონომიკური გეგმა წარადგინა. government.gov.ge. Retrieved from gov.ge/index.php?lang_id=GEO&sec_id=541&info_id=75972
ქოქოშვილიდათო. (2020). ნეტგაზეთი. სპარის დირექტორის განმარტებები ფილიალებში 21 საათის შემდეგ მუშაობაზე. Retrieved from https://netgazeti.ge/news/440781/
წიაღის ეროვნული სააგენტო. (2020). 100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს. წიაღის ეროვნული სააგენტო. Retrieved from http://nam.gov.ge/?m=text&menu=131
ჯანელიძებაია, & ნახუცრიშვილილუკა. (2020). ჟამი. ნაწილი მესამე: სიცოცხლე თუ ცხონება? EMC. Retrieved from https://emc.org.ge/ka/products/zhami-natsili-mesame-sitsotskhle-tu-tskhoneba
[i] აღნიშნულ საკითხზე უფრო ვრცლად იხ. გიორგი ცინცაძის სტატია „ფინანსური ლანდშაფტი, ბუნებრივი კაპიტალი“.
[ii] ავტორები განიხილავენ ოქროს მოპოვების მაგალითს და განუწყვეტელ შრომას პანდემიის დროს.
[iii] ავტორები აქ სპარის მაგალითს და მის კონტექსტუალიზაციას განიხილავენ.
[iv] საგანგებო მდგომარეობის დროს პრემიერმა გააფრთხილა ავიაკომპანია „ჯორჯიან ეარვეისი„ (გაუქმებული ფრენების შემდეგ), რომ თუ ისინი არ დაექვემდებარებოდნენ შესაბამის წესებს, სახელმწიფო აამუშავებდა მათ მიმართ შესაბამის სამართლებრივ ინსტრუმენტებს და შესაძლოა კომპანია დროებით სახეწლმიფოს მფლობელობაშიც კი გადასულიყო (BM.ge, 2020).
[v] არსებობს გამონაკლისებიც იხ. (Christophe, 2005), რომელიც ჰიბრიდულობის პოლიტ-ეკონომიურ გაგებას გვთავაზობს. ჰიბრიდულობის ეკონომიკური კონცეპტუალიზაციისთვის კი იხილეთ (Robinson, 2013).
[vi] სახელმწიფოს თეორიების განხილვისთვის იხ. (Jessop, 1982, 2009).
[vii] მარქსისტული სახელმწიფოს თეორია სახელმწიფოს კაპიტალისტური კლასის ინსტრუმენტად და ‚პარაზიტულ‘ ინსტიტუციად მოიაზრებს (იხ. (Jessop, 1990, p. 26)).
[viii] იოახიმ ბეკერი იყენებს კონცეპტს რეგულაციის დისპოზიტივს, რეგულაციის თეორიიიდან ამოზრდილი ეკონომიკური რეგულაციის ვიწრო გაგების გასაფრთოვებლად (Becker, 2002, p. 277).
[ix] პერიფერიული სახელმწიფოს დებატზე იხ. (Ataç, Lenner, & Schaffar, 2008; Becker, 2008).
[x] ავტორიტარიანული ნეოლიბერალიზმის კონცეპტი ევროპის ქვეყნებთან მიმართებაში აღმოცენდა, მაგრამ მზარდია აკადემიური ლიტერატურა, რომელიც აღნიშნულ კონცეპტს გლობალური სამხრეთის ქვეყნებთან მიმართებაში გამოიყენება. იხ. Bruff J., Tansel, C.B. (Eds) (2019) Authoritarian Neoliberalism: Philosophies, Practices, Contestations, Routledge.
[xi] პარაგრაფი ავტორიტარიანულ ნეოლიბერალიზმზე თითქმის ზუსტი ამონარიდია ავტორის სტატიიდან „სამთო-მოპოვებითი ინდუსტრიის სოციო-ეკოლოგიური კრიზისები ავტორიტარიანული ნეოლიბერალიზმის პრიზმაში“, რომელიც გამოქვეყნდება პროექტის „სამთო მოპოვებითი ინდუსტრიები და მათი სოციო-ეკოლოგიური ასპექტები“-ს ფარგლებში.
[xii] ჰიბრიდული სახელმწიფოს სელექციურობაზე წერს ბარბარა ქრისტოფიც, შევარდნაძის პერიოდის საქართველოსთან მიმართებაში (Christophe, 2005, pp. 24–25).
[xiii] თამუნა ქებურია და მარიამ დევიძე ამ შეკითხვას ოქროს მოპოვების მაგალითზე, აღნიშნული დარგის ფინანსური სტაბილურობისთვის საჭიროებით ხსნიან. ავტორები მიუთითებენ „შოკურ კაპიტალიზმზე“, რომელიც კრიზისის დროს კიდევ უფრო მეტ ჩამორთმევას და ამ სახით დაგროვებას ითვალისწინებს.
[xiv] სავალუტო ფონდის და მსოფლიოს ბანკის წუხილზე, რომ კრიზისის არასათანდო მენეჯმენტი სოციალურ ამბოხს გამოიწვევდა იხ. (Shalal, 2020).
ინსტრუქცია