საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
არასამთავრობო ორგანიზაცია „იდენტობას“ ინიციატივაზე, გახსნილიყო თავშესაფარი უსახლკარო ადამიანებისათვის, საპატრიარქოს აქტიურმა წინააღმდეგობამ დაგვანახა სოციალური უსამართლობის ორი სხვადასხვა განზომილება.
ერთი მხრივ, ეკონომიკური რესურსების გადანაწილების უსამართლობა, უსახლკარო ადამიანების სახით და გავლენიანი ინსტიტუცია - საპატრიარქო, რომელიც არ აძლევს საშუალებას, „იდენტობას“ იყოს საზოგადოების სრულუფლებიანი წევრი.
პირველი ეკონომიკური სიკეთის გადანაწილების პრობლემაა, ხოლო მეორე ლგბტ ჯგუფის არ აღიარების.
ამიტომაც ეფექტური იქნება, თუკი აღნიშნულ საკითხს ნენსი ფრაიზერის ეკონომიკური და კულტურული სოციალური სამართლიანობის გამაერთიანებელ, დუალისტურ მოდელზე დაყრდნობით განვიხილავთ.
სოციალური სამართლიანობა ნიშნავს, სიმდიდრის თანაბარ გადანაწილებას და აღიარების პოლიტიკას. აღიარება სამართლიანობის მანამდე არსებულ კონცეფციებს მოგვიანებით დაემატა და მიზნად ისახავს განსხვავებულობის მიმართ კეთილგანწყობილ საზოგადოებას. თუმცა თანაბარი მოპყრობის უფლება და თანასწორობა, უმრავლესობასთან ან გაბატონებულ ლეგიტიუმურ კულტურასთან, ასიმილაციის ხარჯზე არ უნდა მოხდეს.
მანამდე, გადანაწილება და აღიარება ერთმანეთის გამომრიცხავ ალტერნატივებად აღიქმებოდა: როდესაც აღიარების პოლიტიკას ხშირად ყურადღება ეკონომიკური სამართლიანობიდან გადააქვს, ხოლო გადანაწილების პოლიტიკა განსხვავებების მიმართ არის ბრმა, რამაც შეიძლება გაბატონებული ჯგუფის ნორმების უნივერსალიზება გამოიწვიოს და დაქვემდებარებული ჯგუფებისგან, მათი განსხვავებულობის აღიარების ნაცვლად, ასიმილაცია მოითხოვოს.
ფრაიზერს ამ კონსტრასტში შემოაქვს გაეთიანება - ორგანზომილებიანი სამართლიანობის კონცეფცია, რომელიც სოციალური თანასწორობისა და განსხვავებულობის აღიარების ლეგიტიმურ მოთხოვნებს ერთმანეთს შეუთავსებს.
უსამართლობაა, როდესაც ინდივიდები და ჯგუფები, მხოლოდ კონკრეტული ინსტიტუციონალიზებული ფასეულობების დამკვიდრების შედეგად, სოციალურ ინტერაქციაში სრულფასოვან სტატუსს ფლობენ. ასეთ გარემოში აღიარების დეფიციტი, არამარტო თვითდამკვიდრებაში ხელისშემშლელი ფაქტორია, არამედ ინსტიტუციონალური დაქვემდებარებითი ურთიერთობაა.
ფრეიზერის კონცეფციის ნორმატიული მარცვალი მდგომარეობს პარტიციპატორულ (სოციალური ცხოვრების გაზიარების) პარიტეტში, რამაც უნდა განაპირობოს საზოგადოების ყველა წევრის თანასწორი ურთიერთობა.
პარიტეტი საჭიროებს ობიექტურ და სუბიექტურ პირობებს :
ობიექტური პირობის მიხედვით, მატერიალური რესურსების გადანაწილებამ უნდა უზრუნველყოს ინდივიდის დამოუკიდებლობა და ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების გარანტია. თავშესაფრის არსებობა პირველ რიგში სიცოცხლის შანსებს/ფიზიკური არსებობის პირობების შექმნას და ადამიანის უფლებების ძირითად პარადიგმას, ადამიანის ღირსებას უკავშირდება.
სუბიექტური ასპექტი გულისხმობს, რომ ინსტიტუციონალიზებული კულტურული ფასეულობები საზოგადოების ყველა წევრს თანაბრად უნდა აფასებდეს და თანაბარი აღიარების შანსებს აძლევდეს. წინააღმდეგ შემთხვევაში დგება სეპარატიზმის, შოვინიზმისა და შეუწყნარებლობის გაღვივების საფრთხე.
გადანაწილებაზე მოთხოვნისას უნდა დასაბუთდეს, რომ არსებული ეკონომიკური მექანიზმები ინდივიდს უკარგავს პარტიციპატორული პრაქტიკისათვის საჭირო შესაძლებლობებს. ამ კონტექსტში სოციალური სახელმწიფოს მთავარი დანიშნულება იმ მინიმალური პირობების უზრუნველყოფაა, რაც ინდივიდს საშუალებას მისცემს ეფექტურად გამოიყენოს სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს სიკეთეები. მაგალითად, ადამიანები, რომლებიც მუდამ თვითგადარჩენის ბრძოლაში არიან, არ აქვთ თავშესაფარი და ელემენტარული არსებობის პირობები, ვერ გახდებიან სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს მიღწევების გამზიარებლები.
მას ვისაც მოთხოვნა აქვს აღიარებაზე, უნდა დაასაბუთოს, რომ კულტურული შეფასებების ინსტიტუციონალიზირებული მაგალითები თანაბარ შანსს არ აძლევენ საზოგადოებრივი რეპუტაციის მოსაპოვებლად.
„იდენტობას“ საპატრიარქო უარს ეუბნება, იყოს საზოგადოებრივი ცხოვრების მონაწილე შესაბამისად, მათ ართმევს საზოგადოებრივი რეპუტაციის მოპოვების ყველანაირ შესალებლობას. ეს კი საბოლოოდ ლგბტ ჯგუფის აღიარების შანსამდე არ დაშვების მცდელობაა, რაც თანაბარი შესაძლებლობების პრინციპთან წინააღმდეგობაში მოდის და სოციალური უსამართლობის (არაღიარების) მაგალითია.
ფრეიზერის კონცეფციაში არ არის გამიჯნული პოლიტიკური და სამართლებრივი სფეროები და არც რომელიმე ინსტიტუციის მიმართ კონკრეტული მიმართება ჩანს. სოციალური სამართლიანობის მოქმედების დონე საზოგადოებაა, რაც დუალისტური კონცეფციიდან წარმოშობილ ფასეულობებს : თანასწორობას, ადამიანის ღირსებას და სოლიდარობას უნივერსალურს ხდის ყველა ინსტიტუციისათვის. საპატრიარქოს წინააღმდეგობა, მხოლოდ უსამართლობას ისახავს მიზნად და ნაცვლად ინიციატივის გაზიარებისა, რომელიც მასაც თანაბრად ავალდებულებს, იყოს პრობლემის მიმართ სენსიტიური, ეწინააღმდეგება მას რადიკალური მოწოდებებით. ეს ყველაფერი კი უსახლკაროთა პრობლემების აბსოლუტური იგნორირების ფონზე ხდება.
სამწუხაროდ, საპატრიარქო ამას უმრავლესობის სახელით აკეთებს; ამით ის, როგორც გაბატონებული ჯგუფი უსამართლობის ახალი ნიმუშის ინსტიტუციონალიზაციას წარმატებით ახერხებს და უსახლკაროთა პრობლემების მნიშვნელობის დაკნინებას უწყობს ხელს. ეს უკანასკნელი კი გადანაწილების უსამართლობის მახასიათებელია.
შედეგად, საპატრიარქოს წინააღმდეგობა “იდენტობას“ თავშესაფრების იდეის მიმართ, როგორც გადანაწილების, ასევე აღიარების კონტექსტში, სოციალური უსამართლობაა.
ინსტრუქცია