საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საზოგადოებრივი ნდობის და ანგარიშვალდებულების კრიზისი, გარდაუვალს ხდის ქვეყანაში სამართალდამცავი სისტემის მასშტაბური რეფორმის პოლიტიკურ დღის წესრიგში შემოტანას. ცალკეული უწყებებში ძალაუფლების კონცენტრაციამ და მათმა პოლიტიზირებამ, შედეგად, ვიწრო პარტიული ინტერესის გამტარებელი, საზოგადოებისგან განყენებული და პასუხისმგებლობისგან დაცლილი სისტემა შექმნა.
მმართველ პოლიტიკურ ძალას, ვერც ერთ ეტაპზე ვერ აღმოაჩნდა საკმარისი რესურსი და გამბედაობა სისტემური რეფორმებისთვის. ფრაგმენტული ცვლილებები კი, არ იქნა საკმარისი მნიშვნელოვანი გარდაქმინისთვის.
პოლიტიკური გავლენის მაღალი რისკი, სუსტი ანგარიშვალდებულება და მკაცრი ცენტრალიზებული იერარქია, არის ის ძირითადი გამოწვევა, რაც სამართალდამცავ სისტემას დღეს აქვს. გამოწვევებს კომპლექსური გააზრება, თანმიმდევრული და სახელმწიფო მოწყობის არსებულ მოდელთან თავსებადი ცვლილებები სჭირდება.
იმ ვითარებაში, როცა მინიმალურია მმართველი ძალის მზაობა, აიღოს პოლიტიკური პასუხისმგებლობა ფუნდამენტური ცვლილებისთვის, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ოპოზიციური პარტიების როლი, იმისთვის რომ ეს საკითხები პოლიტიკურ დონეზე გააქტიურდეს და საბოლოოდ გახდეს შესაძლებელი ქვეყანაში, საზოგადოებრივ ნდობაზე დაფუძნებული სისტემის შექმნა.
რამდენიმე დღის წინ, საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა რამდენიმე პოლიტიკური გაერთიანების შეთანხმების შესახებ, რომელიც მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელი რეფორმებს ეხება. ეს ფაქტი თავისთავად მიუთითებს კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფების მიერ საკითხის მნიშვნელობის აღიარებას, პრობლემის გააზრებას და რაც მთავარია, ცვლილებებისთვის მზადყოფნას.
წარმოდგენილი იდეების ფარგლებში, როცა უცნობია მის უკან მდგომი კონკრეტული ხედვა თითოეული უწყების თუ საკითხის მიმართ, რთულია, რომ მსჯელობა, მით უმეტეს კრიტიკა, იყოს საფუძვლიანი. თუმცა, რეფორმის იდეები რამდენიმე ლეგიტიმურ კითხვას ბადებს, რომელსაც პასუხი ოპოზიციური პარტიების მიერ დეტალურმა კონცეფციამ, რეფორმის დეტალური ხედვის გასაჯაროებამ უნდა გასცეს.
შეთანხმება რამდენიმე უწყების ფარგლებში განსახორციელებელ ცვლილებებს აერთიანებს, კერძოდ: შინაგან საქმეთა სამინისტროს, პროკურატურის და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის.
უდავოა, რომ სამართალდამცავი სისტემის რეფორმამ ყველა ეს უწყება უნდა მოიცვას, თუმცა ასევე ცხადია, რომ თითოეული ამ უწყების ფარგლებში, რეფორმის მიზნით გადადგმულ ნაბიჯს სისტემური გააზრება სჭირდება. შემდგომ მსჯელობას მოითხოვს ის, თუ რამდენად მოგვცემს შემოთავაზებული ხედვა არსებულ კონსტიტუციურ წყობასთან თავსებად სისტემას და რამდენად არის იდეის ავტორებს შორის გააზრებული თანმდევი რისკები, რაც ახლავს რეფორმის გაჟღერებული იდეით გატარებას.
პრობლემური საკითხის გამოყოფამდე, უნდა ითქვას, რომ რეფორმის წარმოდგენილი შეთანხმება რამდენიმე მნიშვნელოვან იდეას იზიარებს, რომელთან დაკავშირებითაც სხვადასხვა ჯგუფში მეტნაკლებად ერთიანი ხედვა და კონსენსუსი ჩამოყალიბდა. მათ შორის არის:
გამოძიებაზე პროკურატურის საზედამხედველო ფუნქციის შესუსტება. დღევანდელი მოდელით გამოძიება სრულად კონტროლდება პროკურატურის მიერ, საგამოძიებო ორგანოებს არ აქვთ პროკურორთან შეთანხმების და მისი წინასწარი თანხმობის გარეშე ელემენტარული საგამოძიებო მოქმედების ჩატარების შესაძლებლობა, მათთვის პროკურორის ნებისმიერი მითითება სავალდებულოა. პროკურატურის ჭარბი და დაუბალანსებელი საზედამხედველო ფუნქცია გამოძიებას აბსოლუტურად დამოკიდებულს ხდის პროკურატურაზე. ამ ვითარებაში გამოძიება პროკურატურის ინსტრუმენტი უფროა, წარმატებული სისხლისსამართლებრივი დევნისთვის, ვიდრე პროცესი რომელსაც შეუძლია ობიექტური ვითარების დადგენა. შესაბამისად, საპროკურორო ზედამხედველობის შესუსტება გამოძიებაზე, უნდა გახდეს ქვეყანაში დამოუკიდებელი, მიუკერძოებელი გამოძიების საწინდარი.
შინაგან საქმეთა მინისტრის ძალაუფლების შესუსტება, რის შედეგადაც უნდა ამაღლდეს პროფესიული პოლიციელის როლი და შეიქმნას საფუძველი აპოლიტიკური საპოლიციო სისტემის ჩამოსაყალიბებლად.
მინისტრის უფლებამოსილების მიმართ ამგვარი ხედვა, თავის მხრივ ქმნის შესაძლებლობას გადაიხედოს სამინისტროს სისტემაში არსებული საკადრო პოლიტიკა. მინისტრის ერთპიროვნულ გადაწყვეტილებაზე არ იყოს დამოკიდებული რიგითი და ხელმძღვანელ თანამდებობაზე მყოფ პოლიციელთა დანიშვნა-გათავისუფლების, როტაცია-მობილობის საკითხები.
ეს საკითხი კიდევ უფრო შორს მიდის და შესაძლებელს ხდის დისციპლინური პასუხისმგებლობის სისტემაზე მსჯელობის დაწყებას. მინისტრის უფლებამოსილების მეტნაკლები დეცენტრალიზაციის პირობებში, შესაძლებელია, დისციპლინირების არსებული, მანკიერი მოდელის ცვლილებაზე მსჯელობა. დისციპლინირების იმგვარი სისტემის შექმნა, რომელიც ერთმნიშვნელოვნად არ იქნება დამოკიდებული უშუალოდ მინისტრის ხედვაზე, გააძლიერებს გენერალური ინსპექციის ფუნქციურ დამოუკიდებლობას და ამასთან შექმნის ანგარიშვალდებულების მაღალ მექანიზმის.
მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციურმა პარტიებმა ასევე დაინახეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის რეფორმის საჭიროება, თუმცა აუცილებელია მსჯელობა იმაზე, რამდენად აზღვევს წარმოდგენილი ხედვა იმ საფრთხეებს, რაც ამ უწყების საქმიანობას უკავშირდება დღეს. შეთანხმება უსაფრთხოების სამსახურის დაშლას და მისთვის ,,პოლიტიკური პოლიციის ფუნქციის“ გაუქმებას გულისხმობს.
უდავოა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ერთ-ერთი ყველაზე დახურული უწყებაა სისტემაში, რომლის ფარგლებში ჭარბი ძალაუფლებაა თავმოყრილი. ამგვარი ინსტიტუციური და ფუნქციური მოწყობის პირობებში, საზოგადოებაში არსებობს განცდა, რომ უწყება დიდი ხანია გაცდა უსაფრთხოების დემოკრატიული უზრუნველყოფის მასშტაბს და სოციალური კონტროლის მექანიზმად იქცა. თუმცა მეორეა, რამდენად მოაგვარებს ერთი უწყების დაშლა მის ფარგლებში არსებულ პრობლემებს. შეთანხმება არ იძლევა შესაძლებლობას ვიმსჯელოთ, ზოგადად რა ხედვა აქვთ მონაწილე პარტიებს უსაფრთხოების საკითხებზე, როგორი უნდა იყოს უსაფრთხოების კონცეფცია ქვეყანაში, ვინ, რა წესით და დოზით უნდა იყოს უსაფრთხოების საკითხებზე პოლიტიკურად პასუხისმგებელი პირი. ან საერთოდაც, რამდენად დააზღვევს სამსახურის ფუნქციების მარტივი გადანაწილება სხვა უწყებებზე რისკებს, რაც დღეს სამსახურის წინაშე დგას - რას შეცვლის ძალთა ტექნიკური გადანაწილება ერთი მხრივ, ფუნქციების და მეორე მხრივ, სუს-ის საქმიანობის მეთოდების გადახედვის გარეშე.
ოპოზიციური პარტიების ახალი ხედვა რადიკალურად ცვლის პოლიციის ამჟამინდელ მოწყობას. წარმოდგენილი იდეა მკაცრი ცენტრალიზაციის ჩანაცვლებას აბსოლუტური დეცენტრალიზაციით, ე.წ. არჩევითი შერიფების ინსტიტუტის დამკვიდრებით ცდილობს, რომელიც პასუხისმგებელი იქნება მისი იურისდიქციის ფარგლებში ჩადენილ ყველა დანაშაულზე. გარდა ბევრი თანმდევი კითხვისა, რაც ამ მოდელთან დაკავშირებით ჩნდება (უფლებამოსილების ფარგლები, ანგარიშვალდებულების სისტემა, ბიუჯეტის ფორმირება, მიმართება ცენტრალურ ხელისუფლებასთან, გათავისუფლების საკითხის ინიცირება, კორუფციის რისკების დაზღვევა, მის მიერ ჩადენილი დანაშაულის გამოძიება, ქვემდებარეობის საკითხები და სხვა) და რომელზეც კონკრეტული პასუხების გარეშე მსჯელობა რთულია, რამდენიმე დიდ პრობლემურ საკითხზე შევჩერდეთ:
როგორც წესი, არჩევითობის კომპონენტის შემოღება ხელმძღვანელი თანამდებობის პირის, თუ რიგითი სახელმწიფო მოხელის მიმართ, სანდოობის, კანდიდატის სახალხოობის ზრდას უკავშირდება. არჩევითობა, (განსაკუთრებით პირდაპირი მონაწილეობით არჩევითობა) კანდიდატს მეტ ლეგიტიმაციას და საზოგადოებრივ მხარდაჭერას აძლევს. ასევე, არჩევის კომპონენტი ამაღლებს არჩეული პირის უშუალოდ ამომრჩევლის წინაშე პასუხისმგებლობის და ანგარიშვალდებულების დონეს. თუმცა, ასევე გასათვალისწინებელია, რამდენად არის სახელმწიფოს არსებულ მოწყობასთან ადგილობრივ დონეზე პოლიციის ხელმძღვანელის არჩევა და რა ხედვა აქვთ იდეის ავტორებს თანმდევი რისკების (როგორიც შეიძლება იყოს, თანამდებობიდან გათავისუფლების სირთულე, კორუფცია, შესაძლო პოლიტიკური მიკერძოება და სხვა) დასაზღვევად.
შეთანხმების ამ ნაწილს სიღრმისეული ანალიზი და სისტემური გააზრება აკლია. პოლიციის ხელმძღვანელის ადგილობრივ დონეზე, პირდაპირი წესით არჩევა არსებულ სახელმწიფო მოწყობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის დიდი რეფორმის გარეშე, ნაკლებად გამართლებულია და საეჭვოა, რომ ამ მოდელმა ეფექტური ფუნქციონირება შეძლოს.
კონსტიტუციური მოწყობის, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების ურთიერთმიმართების არსებული მოდელის პარალელურად, იდეის ავტორებს ყურადღების მიღმა დარჩათ სისხლის სამართლის პოლიტიკის საკითხი. დღეს მკაცრად ცენტრალიზებულ სტრუქტურის პირობებში, სისხლის სამართლის პოლიტიკას ქვეყნის მასშტაბით პარლამენტი განსაზღვრავს. იმ ქვეყნებისგან განსხვავებით, სადაც პოლიციის ადგილობრივი წარმომადგენლები უშუალოდ ხალხის მიერ, თვითმმართველობის დონეზე აირჩევა, საქართველოში ადგილობრივ დონეზე არჩეული შერიფიც ვალდებული იქნება, მის ტერიტორიაზე პარლამენტის მიერ დადგენილი პოლიტიკის ფარგლებში იმოქმედოს. მისი ხედვა ადგილობრივ დონეზე კრიმინოგენული ვითარების გასაუმჯობესებლად ვერ იქნება ერთმნიშვნელოვნად მის წარმოდგენებს, მის მიერ შექმნილ პოლიტიკას დაფუძნებული, რაც არ უნდა მაღალი იყოს იმის მტკიცება, რომ ეს ხედვა გამართლებულია კონკრეტულ ტერიტორიულ ერთეულში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით. პასუხი კი, როგორ ფიქრობს ამ დილემის გადაჭრას ოპოზიციური ჯგუფი, უცნობია. უცნობია ასევე, ოპოზიციური პარტიების ხედვა, სისხლის სამართლის პოლიტიკის განსაზღვრის ალტერნატიულ მეთოდებთან დაკავშირებით.
დღევანდელი პოლიციის მთავარი პრობლემა პოლიტიკურად მოტივირებული საქმიანობაა. აქედან გამომდინარე, რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პოლიტიკურად ნეიტრალური სისტემის შექმნაა. რთულია იმაზე მსჯელობა, რომ შემოთავაზებული ვერსია პოლიტიკურ მიკერძოებას დააზღვევს და იქნება ამომრჩევლის ინტერესების ობიექტური გამტარი, რა არის ოპოზიციის ხედვით მექანიზმი, რომელიც ამ პროცესს პირველ რიგში პარტიული გავლენებისგან დაიცავს და არ დაუშვებს კონკრეტული დომინანტი, თუ არადომინანტი პოლიტიკური პარტიისთვის სასურველი კანდიდატის ლობირებას.
რეფორმის ცხადი კონცეფციის გარეშე კიდევ უფრო მეტად ბუნდოვანი და პრობლემურია არჩევითი შერიფის პასუხისმგებლობის, მისი გათავისუფლების მექანიზმები. რამაც ერთი მხრივ, უშუალოდ არჩეული პირი უნდა დაიცვას თანამდებობიდან უსაფუძვლოდ გათავისუფლებისგან, ხოლო მეორე მხრივ, შექმნას საფუძველი არაკეთილსინდისიერი საქმიანობის შემთხვევაში მისი გათავისუფლებისთვის.
ოპოზიციური პარტიების ახალი ხედვა სრულად ცვლის სახელმწიფო ბრალდების არსს ნაკლებად მძიმე დანაშაულზე, აძლევს რა შესაძლებლობას დაზარალებულს უშუალოდ აირჩიოს მისი ინტერესების წარმომადგენელი პროკურორის ნაცვლად. ამ იდეას ბევრი არგუმენტი შეიძლება დაუპირისპირდეს, როგორც არსობრივ დონეზე, - დანაშაულის და სახელმწიფოს ურთიერთმიმართებიდან დაწყებული, ინსტიტუციური რეგულაციებით და კორუფციის მომეტებული რისკების გათვალისწინებით. სახელმწიფოს აქვს პასუხისმგებლობა ერთი მხრივ, დაიცვას საზოგადოება დანაშაულისგან, ხოლო მეორე მხრივ, იყოს ეფექტიანი მასთან ბრძოლაში.
შემოთავაზებული იდეა არღვევს სახელმწიფოს ამ დამოკიდებულებას დანაშაულთან, როგორც პროტესტთან არსებული სოციალური წყობილების წინააღმდეგ და სრულად გადააქვს პასუხისმგებლობა ინდივიდზე. სახელმწიფო სისტემის ისტორიული უფუნქციობის, მიკერძოების, არაკვალიფიციურობის ფონზე, რეფორმა მიმართული უნდა იყოს სოციალურად პასუხისმგებლიანი, საზოგადოების დამცავი ფუნქციის მქონე სისტემის შექმნაზე და არა პირიქით.
სამართალდამცავი სისტემის რეფორმის რადიკალური ცვლილება ოპოზიციური პარტიების თამამი და დროული განაცხადია. ამ ეტაპზე მნიშვნელოვანია, რომ ძირეული რეფორმის იდეა, მხოლოდ პოლიტიკურ ლოზუნგად არ დარჩეს და პარტიებმა ეს პასუხისმგებლობა ბოლომდე აიღონ. თუმცა, წარმოდგენილ იდეებს სიღრმისეული ანალიზი, რეფორმის დეტალური კონცეფციების შემუშავება და დისკუსია სჭირდება, რათა არსებული სისტემა გამართულმა და საზოგადოებრივი ნდობით აღჭურვილმა უწყებებმა შეძლოს.
სახელმწიფოს სჭირდება რეფორმა, რომელიც შეძლებს ქვეყანაში საბოლოოდ შექმნას ერთი მხრივ ეფექტიანი, ხოლო მეორე მხრივ, ადამიანზე ორიენტირებული, ანგარიშვალდებული და გამჭვირვალე სისტემა.
ინსტრუქცია