[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სახელმწიფომ ითხივის მოსახლეობის შეკითხვები კვლავ უპასუხოდ დატოვა

ჭიათურის სოფელ ითხვისში, სადაც მარტის ბოლოს მოსახლეობის სახლები დაინგრა, დაზარალებული ოჯახების კითხვებს სახელმწიფო კვლავ უპასუხოდ ტოვებს. 11 აპრილს და 4 მაისს სოფლის მოსახლეობამ, მხარდამჭერ ორგანიზაციებთან ერთად, სახელმწიფო უწყებებს ორჯერ მიმართა ოფიციალური განცხადებით, თუმცა 27 მაისს მიღებული წერილი განცხადებებში დასმული შეკითხვების უმრავლესობას პასუხის გარეშე ტოვებს. სოფლის მოსახლეობა მდგომარეობის შესასწავლად ჩამოყალიბებული სპეციალური კომისიის მეთოდოლოგიის, შემადგენლობის და, ასეთის არსებობის შემთხვევაში, მათი დასკვნების გასაჯაროებას ითხოვდა. ამასთან, მოსახლეობა ითხოვდა ინფორმაციას კომპენსაციის დაანგარიშების და გაცემის წესის შესახებ და სახელმწიფო უწყებებს სთხოვდა განემარტათ რამდენად უსაფრთხოა სოფელი იქ დარჩენილი ოჯახებისთვის. სამწუხაროდ ამ საკითხების შესახებ სოფლის მოსახლეობას ხელშესახები ახალი ინფორმაცია მომხდარიდან ორი თვის მანძილზე არ მიუღია.

მიუხედავად, იმისა, რომ სოფლის მოსახლეობა გარემოს ეროვნულ სააგენტოს, ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიას, გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და მინერალური რესურსების ეროვნულ სააგენტოს (ყოფილი წიაღის ეროვნული სააგენტო) მიმართავდა, პასუხი მხოლოდ ამ უკანასკნელისგან მიიღო. სააგენტო ასახლებს იმ პირებს, ვინც სააგენტოს შემსწავლელ კომისიაში წარმოადგენენ, თუმცა შეკითხვები შემსწავლელი კომისიის დასკვნების, მისი მეთოდოლოგიის და მისი ამჟამინდელი სტატუსის შესახებ უპასუხოდ რჩება. მდგომარეობის შემსწავლელი უწყებათაშორისი კომისია სხვასხვა კომპეტენციის სპეციალისტებისგან უნდა დაკომპლექტებულიყო. კომისიამ მომხდარის სრულყოფილი და ობიექტური შეფასება უნდა უზრუნველყოს, თუმცა მისი საქმიანობის შესახებ სოფელში ჯერ-ჯერობით არაფერი იციან.

უპასუხოდ რჩება შეკითხვები კომპენსაციის და სოფლის უსაფრთხოების შესახებაც, რომლებიც გარემოს ეროვნულ სააგენტოს და მუნიციპალიტეტის მერიას მიემართებოდა. სახელმწიფო უწყებების მხრიდან ითხვისის მოსახლეობის მწვავე და გადაუდებელი პრობლემების რეაგირების გარეშე დატოვება საგანგაშო და მიუღებელია.

მიუხედავად დაპირებებისა, რომ მარტში განვითარებული მოვლენები სრულყოფილად იქნებოდა შესწავლილი და რომ დაზარალებული მოსახლეობის საჭიროებები დაკმაყოფილდებოდა, ამ დრომდე უცნობია რა ეტაპზეა სახლების დაზიანების გამომწვევი მიზეზების კვლევა. მომხდარის მიზეზების შესახებ ამ დრომდე ხელმისაწვდომია მხოლოდ ზედაპირული, წინასწარი შეფასება, რომლის ავტორები მტკიცებულებების გარეშე საუბრობენ შესაძლო გამომწვევ ფაქტორებზე, როგორიცაა უხვი ნალექი, მანგანუმის მოპოვება 80-იან წლებში და ბუნებრივი მეწყრული პროცესები. სოფელი ითხვისი „ჯორჯიან მანგანეზის“ სამთო მინაკუთვნში ექცევა, სოფლის ქვეშ მნიშვნელოვანი სამთო-მოპოვებითი ინფრასტრუქტურა არსებობს, რომლის მდგომარეობის შესახებაც კითხვები აქამდეც არაერთხელ დასმულა. ითხვისის მაღარო არაერთხელ გამხდარა ფატალური საწარმოო ინციდენტის ადგილი, მათ შორის მიმდინარე წლის აპრილშიც. მაღაროს მდგომარეობის პრობლემურობაზე მიუთითებდა 2021 წელს განხორციელებული ინსპექტირებების ოქმებიც. მიუხედავად ამისა, „ჯორჯიან მანგანეზი“ ითხვისში მომხდარზე საკუთარ პასუხისმგებლობას უარყოფს, ხოლო გარემოს ეროვნული სააგენტოს წინასწარი დასკვნა მომპოვებელი კომპანიის პოზიციას დამატებითი მტკიცებულებების გარეშე ამყარებს.

კვლავ უცნობია რამდენად მაღალია მომხდარის გამეორების რისკი, რამდენად უსაფრთხოა სოფლის სხვა უბნები და როგორ აპირებენ სახელმწიფო უწყებები არსებულ საფრთხეებთან გამკლავებას. სოფლის მდგომარეობაზე მსჯელობისთვის ითხვისში 21 მაისს სოფლის კრება გაიმართა, რომლის შემდეგაც ითხვისის მოსახლეობამ გადაწყვიტა კიდევ ერთხელ მიემართა სახელმწიფო უწყებებისთვის, მათ შორის გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, გარემოს ეროვნული სააგენტოს და ჭიათურის მუნიციპალიტეტის მერიისთვის. მოსახლეობა ითხოვს იმ ოჯახებთან ერთად, ვისი სახლებიც მარტში დაინგრა, შესწავლის საგანი გახდეს სოფლის ის ნაწილიც, სადაც სახლები დაზიანდა, თუმცა არ დანგრეულა. მოსახლეობა ითხოვს სანდო, ცოდნაზე დაფუძნებული შესწავლის შედეგად დადგინდეს იმ სახლების თუ ზონების სიაც, სადაც საფრთხისშემცველი პროცესები შესაძლოა მომავალში განვითარდეს.

ბუნდოვანი რჩება რა ტიპის და რა ოდენობის კომპენსაციას მიიღებენ დაზარალებული ოჯახები. სხვადასხვა დროს ვრცელდებოდა სხვადასხვა დაპირებები კომპენსაციის ოდენობის შესახებ, თუმცა მათ ამ დრომდე არ ჰქონიათ ოფიციალური და/ან სამართლებრივი სახე. ჭიათურაში დაზარალებული მოქალაქეების კომპენსირების გაუმჭირვალე, ხშირად უსამართლო და ამართლებრივად გაუმართავი პრაქტიკები არაერთხელ გამხდარან მოსახლეობის წუხილის მიზეზი. კომპენსაციის ეს გამოცდილება აჩენს საფრთხეს, რომ მისი დაანგარიშების წესი კვლავ სადაო გახდება, ხოლო მოლაპარაკების პროცესს მომპოვებელი კომპანია და/ან ადგილობრივი ხელისფულება პასუხისმგებლობის თავიდან ასაცილებლად გამოიყენებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“