„არ დავთანხმდებით, თუ შორს წაგვიყვანენ; ან ისევ მანგანეზზე დაგვასახლებენ; ან ისე გაგვასახლებენ, რომ მარტო კედლების ამარა დაგვტოვონ“, - ჭიათურის სოფელ ითხვისის მოსახლეობა გეოლოგების დასკვნას ელოდება, რომლის შემდეგაც უნდა გადაწყდეს, რა ბედი ელის 15-მდე ოჯახს.
რამდენიმე კვირის წინ ითხვისში მიწა დაიძრა და ერთი სახლი მთლიანად დაინგრა. მისი ნარჩენები ახლა 10 მეტრით ქვემოთ, ხევშია დარჩენილი. მეგრელიშვილების ოჯახი ამ დროისთვის იქვე, ახლობელთან, მეზობელ სახლში რჩება, სადაც საქონელი ჰყავს დაბინავებული. ჟორა მეგრელიშვილი ამბობს, რომ დაელოდება ექსპერტიზის პასუხს და მას შემდეგ გადაწყვეტს, რა გააკეთოს: „ერთია, რომ ჩემს სახლს ვერ ვშორდები, მეორე კი, აქ მყავს საქონელი, ქათმები... ვის დავუტოვო ეს ყველაფერი?“.
დანარჩენი სახლების ნაწილი დაბზარულია ან ისეა გადახრილი, მასში ცხოვრება შეუძლებელია. სახლების გარდა რამდენიმე უბნის სავალ გზებზე ღრმა ნაპრალებია გაჩენილი. საძოვრებზე მიწა დახეთქილია და მოსახლეობა საქონელს გარეთ აღარ უშვებს.
ითხვისში გარემოს დაზიანებას აქ არსებულ მადნის მოპოვებით სამუშაოებს აბრალებენ. წლების განმავლობაში „ჯორჯიან მანგანეზი“ სოფელში მადანს მოიპოვებდა. თუმცა, კომპანია ამ ეტაპზე უარყოფს, რომ პასუხისმგებლობა მას ეკისრება და საუბარია მეწყრულ პროცესებზე, რის გამოც მიწამ ძვრა დაიწყო.
„ერთი წლის წინ მივმართე „ჯორჯიან მანგანეზს“, მაგრამ ჩვენ არ გვეხებაო. მერე ჭიათურის მერიაში დავწერე განცხადება. მერიამ გვითხრა, ჩვენ მაქსიმუმ 4000 ლარით დაგეხმაროთ, დანარჩენზე პასუხი კომპანიამ უნდა გაგცეთო. თუმცა, მას შემდეგ რაც ჩემი სახლი მიწასთან გასწორდა, მერია კომპანიის პასუხისმგებლობაზე აღარ საუბრობს და ახლა ექსპერტიზის პასუხს ველოდებით“.
დაზარალებულ ოჯახებს მერიამ ჭიათურაში სახლები უქირავა და მათი ნაწილი ახლა სოფლიდან წასულია. ნაწილი კი სახლებს ვერ ტოვებს და ამბობს, რომ გეოლოგების დასკვნის შემდეგ გადაწყვეტს, როგორ გააგრძელებს ცხოვრებას:
„ახლა უნდათ ეს ყველაფერი მეწყერს დააბრალონ. ჩვენ კარგად ვიცით, რომ მეწყერმა არ გამოიწვია. წლებია სოფელს მიწა გამოაცალეს და ახლა ეკომიგრანტის სტატუსის მონიჭებით ეს ამბავი ვერ დასრულდება. კანონი მხოლოდ 30 ათას ლარს ითვალისწინებს ამ შემთხვევაში, ჩვენ აქ შრომა გვაქვს ჩადებული, ვენახი გვქონდა, თხილი მოგვყავდა. ამიტომ, კომპენსაცია უნდა იყოს რეალური. წინააღმდეგ შემთხვევაში, დავრჩები ჩემს სახლში და დაველოდები, სამართლის აღდგენას“.