საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სოციალური სამართლიანობის ცენტრი ეხმაურება შუქრუთის პროტესტის მონაწილეების წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყებას და მიგვაჩნია, რომ იგი მიზნად ისახავს ადგილობრივების პროტესტის დასუსტებას და კიდევ ერთხელ აჩვენებს ხელისუფლების უპირობო ლოიალობას მსხვილი ბიზნესებისა და მათი უკანონო პრაქტიკების მიმართ.
გუშინ, 31 ივლისს, ცნობილი გახდა, რომ პროკურატურამ სისხლის სამართლებრივი დევნა დაიწყო შუქრუთის პროტესტის მონაწილეების, გიორგი ნეფარიძის, რომან მეგრელიშვილისა და მალხაზ ლაბაძის წინააღმდეგ. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ადგილობრივებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით (ჯგუფური მოქმედების ორგანიზება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს, ან მასში აქტიური მონაწილეობა) წარედგინათ[1]. ადგილობრივები აცხადებენ, რომ პროკურატურა მათ კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობის შეფერხებას ედავება.
საზოგადოებას შევახსენებთ, რომ ჭიათურის სოფელ შუქრუთის მოსახლეობა, უკვე 140 დღეზე მეტია სოფელ შუქრუთში, კოროხნალის მაღაროსთან აქციას მართავენ და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზის” მიერ მათი საცხოვრებელი სახლებისთვის და კარ-მიდამოსთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. შუქრუთელები მიყენებული ზიანის სათანადო წესით კომპენსირებას ჯერ კიდევ 2021 წლიდან ითხოვდნენ და ამ მიზნით პროტესტის უკიდურეს ფორმებსაც მიმართეს. მაშინ კომპანიასა და ადგილობრივებს შორის შეთანხმების საფუძველზე, შუქრუთელებმა შიმშილობა შეწყვიტეს. პროტესტის მონაწილეებმა მიიღეს დაპირება, რომ სამხარაულის ეროვნული ბიურო მათთვის მიყენებული ზარალის მოცულობას შეაფასებდა და დასკვნის საფუძველზე, მოხდებოდა მათი კომპენსირება, თუმცა შუქრუთელები ამბობენ, რომ ეს დაპირებები არ შესრულებულა და კომპანია “ჯორჯიან მანგანეზს” მათთვის მიყენებული ზიანი ამ დრომდე არ აუნაზღაურებია.
ამ დროისთვის კონკრეტული სისხლის სამართლის საქმის მასალები ჩვენთვის ხელმისაწვდომი არ არის, თუმცა საქართველოს კონსტიტუციით და ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართლით განმტკიცებული შეკრების თავისუფლების უფლების შინაარსი გულისხმობს, რომ მნიშვნელოვანია, დემონსტრანტებს მიეცეთ შესაძლებლობა, პროტესტი გამოხატონ “მათი სამიზნე აუდიტორიის სიახლოვეს”[2], ხოლო ბიზნეს ორგანიზაციები, თავის მხრივ, ვალდებული არიან, პატივი სცენ მათი საქმიანობით დაზარალებულების შეკრების თავისუფლებას.[3]
დამატებით საგანგაშოა ისიც, რომ პროტესტის ერთ-ერთი მონაწილე გიორგი ნეფარიძე 20 ივლისის ინციდენტთან მიმართებით, როდესაც კომპანიამ სამუშაო პროცესის აღდგენა სცადა, მიუთითებს კომპანიის თანამშრომლების და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუს) ერთობლივ მოქმედებაზე. მიგვაჩნია, რომ დამატებით განმარტებებს საჭიროებს, ადგილზე ყოფნის შემთხვევაში, რა უფლებამოსილებების ფარგლებში მოქმედებდა სუს-ი შუქრუთში.
აღსანიშნავია, რომ ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლი შუქრუთელების წინააღმდეგ გამოიყენება, 2021 წლის პროტესტის შემდეგაც, სწორედ ამ მუხლით აღიძრა საქმე რამდენიმე აქტივისტის წინააღმდეგ. ამასთან, ზოგადად, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით პროტესტის დასუსტების სტრატეგია იკვეთება სხვა გარემოსდაცვითი მოძრაობების შემთხვევაშიც. ბალდის კანიონის მოძრაობის წევრს, ინდიკო ბჟალავასაც სისხლის სამართლებრივი საქმის ფარგლებში აქვს ბრალი წარდგენილი და ამ დრომდე წინასწარ პატიმრობაში რჩება. ჩვენთვის აშკარაა, რომ ხელისუფლების მხრიდან სისხლის სამართლებრივი მექანიზმების ბოროტად გამოყენება სოციალური პროტესტის ორგანიზატორების დასჯას უფრო ისახავს მიზნად და სახელმწიფოსა და მსხვილ კომპანიებს შორის გაუმართლებელი ურთიერთგადაჯაჭვულობისა და ლოიალობის მანკიერ პრაქტიკას აჩვენებს. ამგვარი მიდგომები წინააღმდეგობაში მოდის დემოკრატიული და სოციალური სახელმწიფოს პრინციპებთან.
ნიშანდობლივია, რომ სახელმწიფო ორგანოები ოპერატიულად რეაგირებენ მაშინ, როცა საქმე კომპანიის “საკუთრების დაცვას” უკავშირდება, თუმცა აქამდე არც ერთ სახელმწიფო უწყებას არ გაუკეთებია ოფიციალური განმარტება შუქრუთში ადგილობრივი მოსახლეობის სოციალური პროტესტის მოთხოვნებისა და შინაარსის შესახებ. ამ დრომდე უცნობია, რა ზომებს იღებს სახელმწიფო შუქრუთელების საკუთრების, გარემოსდაცვითი თუ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლებების დარღვევებზე საპასუხოდ, რაზეც პასუხისმგებელი პირი სწორედ სახელმწიფოს მართვის ქვეშ მყოფი “ჯორჯიან მანგანეზია.”
ჭიათურელებს აქვთ განცდა, რომ ისინი მსხვერპლად არიან შეწირული მანგანუმის რესურსთან დაკავშირებულ მსხვილ ბიზნეს ინტერესებს, ხოლო ადგილობრივების ხმა სახელმწიფოსა და სხვა პოლიტიკურ აქტორებს არ ესმით. აქციის მონაწილეების მიმართ სისხლის სამართლებრივი დევნის დაწყება კი მათ პროტესტის უფლებასაც უქმნის საფრთხეს, რომელიც მძიმე სოციალურ რეალობასთან დაპირისპირების ერთადერთი საშუალებაა მათ ხელში.
არსებობს რისკი, რომ ამგვარ სადამსჯელო მიდგომებს ექნება “მსუსხავი ეფექტი” შუქრუთელების, სხვა ჭიათურელების და ზოგადად, გარემოსდამცველების გამოხატვის და შეკრების თავისუფლებებზე, რაც კიდევ უფრო დაამძიმებს ადგილობრივების ყოფას და ადამიანებისა და ბუნებრივი რესურსების ექსპლუატაციას, მიტაცებასა და ჩაგვრას.
[1] აღნიშნული დანაშაულის შემადგენლობა გულისხმობს ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას ან მასში მონაწილეობას, რომელიც უხეშად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს ან დაკავშირებულია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი მოთხოვნისადმი აშკარა დაუმორჩილებლობასთან ან რომელმაც ტრანსპორტის, საწარმოს, დაწესებულების ან ორგანიზაციის მუშაობის შეფერხება გამოიწვია.
[2] იხ., Human Rights Committee, General comment No. 37 (2020) on the right of peaceful assembly (article 21), para. 26.
[3] იქვე, para. 31; იხ., ასევე, Guiding Principles on Business and Human Rights: Implementing the United Nations “Protect, Respect and Remedy” Framework.
ინსტრუქცია