[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანალიტიკური დოკუმენტები

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის მიმოხილვა  - თანასწორობის პოლიტიკა

11 მარტს ამერიკის შეერთებული შტაბების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა. გთავაზობთ EMC-ს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ მიმოხილვას შემდეგ თემებზე: ეთნიკური უმცირესობები, მაჩალიკაშვილის საქმე, პანკისის სპეცოპერაცია, ქალთა უფლებები, ადამიანის უფლებები ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

ეთნიკური უმცირესობები

ანგარიშში აღნიშნულია რომ ცალკეული პროგრესის მიუხედავად უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, სახელმწიფოს მიერ გატარებული არასაკმარისი ღონისძიებების გამო. ანგარიშში მითითებულია, რომ უმცირესობების ჯგუფებში დაბალია ცოდნა საკუთარი უფლებების შესახებ, ვინაიდან სახელმწიფო უწყებები ნაკლებად ზრუნავენ ამ საკითხებზე უმცირესობის ჯგუფების ცნობიერების ამაღლებაზე. მედიაში არაერთხელ დაფიქსირდა სიძულვილის ენის გამოყენების შემთხვევები უმცირესობების ჯგუფების მიმართ.

სახელმწიფო დეპარტამენტი ქართული ენის სუსტ ცოდნას ინტეგრაციისთვის მნიშვნელოვან ხელშემშლელ ფაქტორად მიიჩნევს. უმცირესობის ზოგიერთ ჯგუფში აღნიშნავენ, რომ სახელმწიფო ენის ადეკვატური ცოდნა, როგორც სახელმწიფო სამსახურში დასაქმების წინაპირობა ხელს უშლით მათ სათანადოდ მიიღონ მონაწილეობა პოლიტიკურ პროცესებში. აქვე აღნიშნულია, რომ ეთნიკური უმცირესობების პოლიტიკური მონაწილეობა კვლავ გამოწვევად რჩება, ცენტრალურ ხელისუფლებაში უმცირესობების დაბალი წარმომადგენლობის გამო.

ასევე, ანგარიშში მითითებულია, რომ ხელისუფლება აგრძელებს ქართული ენის სწავლების 1+4 პროგრამას. კვოტირების სისტემის ქვეშ, მთავრობამ ეთნიკური უმცირესობებისთვის განსაზღვრა 12%-იანი ე.წ. დარეზერვებული კვოტა ყველა საბაკალავრო და უმაღლესი განათლების პროგრამაზე. ამ დარეზერვებული პროცენტებიდან, ეთნიკურად სომეხი და აზერბაიჯანელი თემი იღებს 40%-ს, ხოლო აფხაზი და ოსი თემი თითოეული 10 %-ს.

თემირლან მაჩალიკაშვილის საქმე

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ასევე ეხმაურება თემირლან მაჩალიკაშვილის სიკვდილის ფაქტს, რომელიც 2017 წელს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურების მიერ პანკისის ხეობაში ჩატარებული ოპერაციის დროს მიყენებული ჭრილობებისგან გარდაიცვალა. ანგარიშში ხაზგასმულია დროული, გამჭვირვალე, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროებაზე. საქმეს უკვე განიხილავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, თუმცა პარალელურად გარდაცვლილის მამა კვლავ სთხოვს საქართველოს პარლამენტს საგამოძიებო კომისიის შექმნას.

გარდა ამისა ანგარიშში მითითებულია, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის საქმეზეც, რომელიც ივნისი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ანგარიშში მითითებულია იმ გარემოებაზეც, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ერთგვარი იძულების ბერკეტია ხელისუფლების ხელში, რათა მაჩალიკაშვილს მისი შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნა შეეწყვიტა.

პანკისი - 2019 წლის აპრილის სპეცოპერაცია

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ასევე პანკისის ხეობაში დაწყებული კამპანია ჰესების წინააღმდეგ, რომელსაც უკავშირდებოდა ადგილობრივების და პოლიციის შეტაკება 2019 წლის აპრილში. ანგარიშში ნახსენებია, რომ გამოძიება დაიწყო პოლიციასთან წინააღმდეგობის ფაქტზე, თუმცა არავის აქვს ბრალი წაყენებული, მეორეს მხრივ, მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა გიორგი გახარიამ პირობა დადო, რომ ჰესები არ აშენდებოდა მანამ სანამ მას არ ექნებოდა ადგილობრივი მოსახლეობის უმრავლესობის თანხმობა.

ადამიანის უფლებები რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე

სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს, მათ შორის გამოყოფს სიცოცხლის ხელყოფის უკანონო და თვითნებურ შემთხვევებს როგორც რუსების, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, უკანონო დაკავებებს და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პრობლემას, ასევე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციულ დევნას და უფლებრივ შეზღუდვების გალის, ახალგორის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რეგიონებში.

ადამიანის უფლებათა დარღვევების მძიმე პრაქტიკას კიდევ უფრო ამძიმებს ის ფაქტი, რომ ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო ორგანიზაციებს არ აქვთ წვდომა ოკუპირებულ ტერიტორიებზე და დამოუკიდებელი მონიტორინგის შესაძლებლობა, რაზეც გაეროს ადამიანის უფლებათა კომისარიც არაერთ ანგარიშში უთითებს. გარდა ამისა ანგარიში უთითებს, რომ „რუსული ბორდერიზაციის“ შედეგად ღრმავდება იზოლაცია და განცალკევება ადმინისტრაციულ საზღვრებს მიღმა მაცხოვრებელ თემებს შორის, ბორდერიზაცია ერთმანეთისგან აშორებს ოჯახებს, ნათესავებს, აფერხებს განათლებაზე და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობას და სხვა საბაზისო ადამიანურ საჭიროებებზე წვდომას.

ოკუპირებულ აფხაზეთში და სამხრეთ ოსეთის რეგიონებში უფლების დარღვევის პრაქტიკას შორის სახელმწიფო დეპარტამენტი გამოყოფს ხმის მიცემის და სხვაგვარად პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობის შეზღუდვას, საკუთრების უფლების, ბიზნესის რეგისტრაციის და მოგზაურობის უფლების შეზღუდვებს. ამ უფლებების დარღვევა განსაკუთრებით მძიმეა ეთნიკურ ქართველებთან მიმართებაში. გარდა ამისა, ანგარიშში აღნიშნულია აფხაზეთის დე-ფაქტო წარმომადგენლების მხრიდან უკანონო და თვითნებური დაკავების, სიცოცხლის ხელყოფის და დე-ფაქტო პენიტენციურ სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის სისტემური პრაქტიკის შესახებ. ამგვარ ფაქტებს შორის არის 2019 წლის მარტში საქართველოს მოქალაქე ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალება, როდესაც ის აფხაზეთში რუსი ე.წ. მესაზღვრეების ტყვეობაში იყო, „საზღვრის უკანონო კვეთის“ ბრალდებით. საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება კვარაცხელიას შემთხვევას იმ უკანონო დაკავების პრაქტიკის გაგრძელებად მიიჩნევს, რომელიც საქართველოს მოქალაქეებთან მიმართებაში წლებია გრძელდება ადმინისტრაციული ხაზის ე.წ. უკანონო კვეთის გამო.

გარდა აფხაზეთისა, აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო პენიტენციურ სისტემაში წამების და არაადამიანური მოპყრობის ფაქტების შესახებ. დეპარტამენტი მიუთითებს მედიაში გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომლის მიხედვითაც 2019 წლის 27 სექტემბერს მოშიმშილეები სასტიკად სცემეს, რადგან ისინი აპროტესტებდნენ არაადამიანურ პირობებს სასჯელაღსრულების დაწესებულებაში. დე-ფაქტო წარმომადგენლები აიძულებდნენ პატიმრებს რომ ეჭამათ, რომლის შემდეგაც ზოგიერთმა მათგანმა თვითმკვლელობა სცადა. სახელმწიფო დეპარტამენტის შეფასებით ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე სასჯელაღსრულების დაწესებულებებში არსებული სიტუაცია ქრონიკულად ვერ აკმაყოფილებს სტანდარტებს.

რაც შეეხება ადმინისტრაციულ ხაზთან უკანონო დაკავებებს, ანგარიშში აღნიშნულია რომ ეს ფაქტები გახშირებულია. სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო წარმომადგენლებმა აგვისტოში 8 საქართველოს მოქალაქე დააკავეს ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის გამო. აქვე აღნიშნულია ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილის 9 ნოემბერს დაკავების ფაქტი, რომელსაც ჯერ ორ თვიანი წინასასამართლო პატიმრობა მიესაჯა, შემდეგ 1 წელი და 9 თვე თავისუფლების აღკვეთა, თუმცა 28 დეკემბერს ის გაათავისუფლეს ე.წ. „შეწყალების აქტით“.

გარდა ამისა, გადაადგილების თავისუფლება შეეზღუდათ უცხოელებსაც, რომლებსაც აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლება ბოლო პერიოდია არ აძლევს საქართველოს კონტროლირებადი ტერიტორიიდან შესვლის უფლებას, რაც აქამდე დასაშვები იყო საერთაშორისო მისიებისთვის და ორგანიზაციებისთვის.

გადაადგილების თავისუფლება კიდევ უფრო შეიზღუდა ეთნიკური ქართველებისთვის აფხაზეთში. აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ აკრძალა საბჭოთა კავშირის დროს გაცემული პასპორტების გამოყენება დე-ფაქტო ტერიტორიაზე შესვლისთვის, რომლითაც აფხაზეთში ეთნიკური ქართველების უმრავლესობა სარგებლობდა. საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსულ ქართველებს აფხაზეთში უკან დაბრუნება მხოლოდ სპეციალური დოკუმენტების ფლობის შემთხვევაში შეუძლიათ. ისინი უნდა ფლობდნენ ან აფხაზურ ე.წ. პასპორტებს, მუდმივი ბინადრობის მოწმობას და დროებით სამგზავრო დოკუმენტს ე.წ. ფორმა 9-ს. დოკუმენტებთან დაკავშირებული შეზღუდვების დაწესება თავის მხრივ არჩევნებში მონაწილეობის უფლებასაც უზღუდავს ეთნიკურ ქართველებს.

ადგილობრივ მოსახლეობას გადაადგილების თავისუფლება ეზღუდებათ ფუნდამენტური საჭიროებების მიღებისთვისაც, მათ შორის სამედიცინო დახმარების, პენსიის მიღების, განათლების და რელიგიური მსახურების მიზნით. ანგარიშში ხაზგასმულია ახალგორის ერთადერთი გადმოსასვლელის ჩაკეტვის ფაქტი დე-ფაქტო ორგანოების მხრიდან და ამ პირობებში ნახსენებია მარგო მარტიაშვილის გარდაცვალების შესახებ. მას დე-ფაქტო უწყებებმა 2019 წლის ოქტომბერში, არ მისცეს თბილისის კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლის შესაძლებლობა გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების პირობებში. ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ინფორმაციით, 2019 წლის 1 დეკემბრის მონაცემებით აფხაზეთთან არსებულ ადმინისტრაციულ საზღვარზე 11 ადამიანი დააკავეს, ხოლო სამხრეთ ოსეთთან 44 ე.წ. უკანონო საზღვრის კვეთის ბრალდებით. EUMM ის ინფორმაციით დე-ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები დაკავებულებს ხელს აწერინებენ რუსულენოვან დოკუმენტებზე, რომლის შინაარსით მათ არ ესმით.

გადაადგილების თავისუფლების კუთხით არსებულ კრიტიკულ სიტუაციას ამძიმებს მიმდინარე ე.წ. ბორდერიზაციის პროცესი. ანგარიშშია ნახსენებია გუგუთიანთკარში 2019 წლის აგვისტოში გავლებული მავთულხლართები და ღობეები, რომელმაც მოსახლეობას შეუზღუდა სარწყავ წყალზე ხელმისაწვდომობა, რამდენიმე ადგილობრივმა მოსახლემ დაკარგა საკუთრება. Amnesty International-ის ცნობით, 2018 წლის ბოლოს დაახლოებით 34 სოფელი არის გაყოფილი ღობეებით, რაც კრიტიკულ ინფრასტრუქტურაზე წვდომას ზღუდავს მათ შორის ფერმებზე, ირიგაციაზე, სასაფლაოებზე, საძოვრებზე.

ე.წ. საზღვრის თვითნებური ჩაკეტვის არაერთი შემთხვევა იყო აფხაზეთის რეგიონშიც, სადაც ორი გამშვები პუნქტია ენგურის ხიდზე და საბერიო-ფახულანის. იანვარში ერთი გამშვები პუნქტი ჩაიკეტა H1N1 ვირუსის პრევენციის მიზნით, რომელიც შემდეგ გაიხსნა. ხოლო 27 ივნისს რამდენიმე თვით ჩაიკეტა ორივე გამშვები პუნქტი, თბილისში ივნისში მიმდინარე საპროტესტო პროცესების გამო, რომელმაც ადგილობრივ მოსახლეობას დიდი ხნით შეუზღუდა სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

ანგარიშში ცალკეა გამოყოფილი ეთნიკური ნიშნით დისკრიმინაციის და უფლებების შეზღუდვის პრაქტიკა აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლებების მიერ. სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებით ხაზს უსვამს ქართულ ენაზე სწავლების შეზღუდვას. ქართული სკოლები დაიხურა და ეთნიკურად ქართველი მასწავლებლები დაითხოვეს რუსული ენის არასაკმარისი ცოდნის გამო. ქვედა გალის ტერიტორიაზე პირველიდან მეოთხე კლასის ჩათვლით მოსწავლეებს რუსულ ენაზე ასწავლიან. რუსული არის ერთადერთი სწავლების ენა ტყვარჩელში და ოჩამჩირეში. იმ პირობებში, როცა ამ რეგიონებში ეთნიკურად ქართველი სტუდენტები და მასწავლებლები ცუდად ფლობენ რუსულ ენას, რუსულ ენაზე სწავლება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს განათლების ხარისხზე. ეს აიძულებს ადგილობრივებს კერძო რეპეტიტორებს გადაუხადონ თანხა, თბილისის კონტროლირებადი ტერიტორიიდან მოახერხონ მასწავლებლების გადაყვანა ან სტუდენტები გააგზავნონ ქართულენოვან გაკვეთილებზე დასასწრებად ადმინისტრაციულ ხაზს მიღმა. განათლების მიღების მიზნით გალიდან სტუდენტები რთულად გადმოდიან საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე გამოცდების ჩასაბარებლად, დაფიქსირდა საზღვარზე ჩუმად გადმოსვლისას ფიზიკური დაზიანების შემთხვევებიც. 2019 წლის შემოდგომაზე, EUMM-ის ინფორმაციით გაიზარდა სკოლის მოსწავლეების რაოდენობა რომელიც ადმინისტრაციულ ხაზს კვეთენ სწორედ განათლების პროცესში ენობრივი შეზღუდვების გამო.

რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, აქაც ნებისმიერი ასაკის ეთნიკურ ქართველს სთხოვენ რუსულ ენაზე სწავლას. გარდა ამისა ეთნიკური ქართველების დევნა და დისკრიმინაცია სხვა შემთხვევებშიც ხდება. სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში უთითებს ახალგორში, თამარ მეარაყიშვილის საქმეზე, რომლის წინააღმდეგაც არაერთი სისხლის სამართლის საქმე დაიწყო, რაც მის ეთნიკურ ნიშანს უკავშირდება.

ამასთანავე, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში აღნიშნულია რომ წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის ინფორმაციით (ICRC) 2300 მდე ადამიანი კვლავ დაკარგულად მიიჩნევა 1992-93 და 2008 წლის კონფლიქტების შედეგად. ხელისუფლებას არ აქვს მნიშვნელოვანი პროგრესი ეთნიკური ოსების ალან ხაჩიროვის, ალან ხუგაევის, სოლთან პლიევის 2008 წელს გაუჩინარების გამოძიების საქმეში. ანგარიშში გაკრიტიკებულია ასევე ის ფაქტიც რომ სახელმწიფომ არ განაახლა ეუთოს დამოუკიდებელი ექსპერტის დუსან იგნატოვიჩის მანდატი ამ საკითხების გამოსაძიებლად.

სახელმწიფო დეპარტამენტი ასევე ხაზს უსვამს ოკუპირებულ ტერიტორიებზე საკუთრების უფლების დარღვევის განგრძობად პრაქტიკას. კერძოდ, აფხაზეთის დე-ფაქტო სამართლებრივი სისტემა უზღუდავს ეთნიკური ქართველებს 1992-93 წლებში დაკარგული ქონების დაბრუნებას. ხოლო 2019 წლის აპრილში დე-ფაქტო პარლამენტმა მიიღო „კანონი“ რომლის მიხედვითაც მემკვიდრეობის უფლება ეზღუდება ყველას ვინც „იბრძოდა აფხაზეთის სუვერენიტეტის წინააღმდეგ, მონაწილეობდა აფხაზეთის წინააღმდეგ სამხედრო მოქმედებებში ან ეხმარებოდა ოკუპანტ ძალებს“. რაც შეეხება სამხრეთ ოსეთს, აქ 2010 წელს დე-ფაქტო უწყებებმა გააუქმეს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული დოკუმენტები, რომელიც გამოცემულია საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ 1991-2008 წლებში ახალგორის რეგიონთან მიმართებაში. ასევე განისაზღვრა, რომ ნებისმიერი ქონება ახალგორში ეკუთვნის დე-ფაქტო ხელისუფლებას მანამ სანამ დე-ფაქტო კანონმდებლობით არ დადგინდება მოქალაქის საკუთრების უფლება, რაც თავის მხრივ 2008 წელს დევნილ ეთნიკურ ქართველებს უკრძალავს საკუთრების უფლების დაბრუნებას.

ძალადობა, დისკრიმინაცია და სექსუალური ორიენტაციისა და გენდერული იდენტობის ნიშნით ჩადენილი სხვა დანაშაულები

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს შესახებ 2020 წლის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს ლგბტი ადამიანთა უფლებრივ მდგომარეობაზე და კრიტიკულად მიმოიხილავს მათ წინააღმდეგ 2019 წელს განხორციელებულ დისკრიმინაციისა და ძალადობის შემთხვევებს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სახალხო დამცველის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ლგბტი ადამიანთა მიმართ არსებული ძალადობა, რომელიც ოჯახებსა და საჯარო სივრცეებში ხორციელდება, 2019 წელსაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, რომლის მიმართაც მთავრობის მიერ გამოყენებული ზომები არასრულყოფილი იყო. საქართველოს მთავრობის არაეფექტურმა პოლიტიკამ ლგბტი თემის ნდობა არსებითად შეარყია სახელმწიფო ინსტიტუციების მიმართ, უნდობლობის გაძლიერებას ხელი პოლიტიკოსებისა და საჯარო მოხელეების მხრიდან გამოხატულ დისკრიმინაციულმა ენამაც შეუწყო ხელი.

ყურადსაღებია, რომ ანგარიში ასევე ეხება უფლებადამცველი ლგბტი სათემო ორგანიზაციებისა და მათ თანამშრომელთა უსაფრთხოების საკითხს. რასთან დაკავშირებითაც, ანგარიში იხმობს „თანასწორობის მოძრაობის“ თანამშრომელთა და მის ბენეფიციართა მიმართ განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას, რამაც ორგანიზაცია იძულებული გახადა ოფისი შეეცვალა. აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტისთვის ყურადსაღები იყო, რომ აღნიშნული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად როგორც დაზარალებულების, ისე სავარაუდო თავდამსხმელის წინააღმდეგ სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო. გარდა აღნიშნულისა, დეპარტამენტმა ყურადღება გაამახვილა 2017 წელს „თანასწორობის მოძრაობის“ დირექტორისა და ქვიარ აქტივისტის წინააღმდეგ ქალაქ ბათუმში პოლიციელებისა და მესამე პირების მხრიდან ძალადობის საქმეზე და მიუთითა, რომ მიუხედავად ძალადობის ფაქტისა, სახელმწიფოს მხრიდან საქმეს დღემდე არ განუცდია პროგრესი.

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ადგილს უთმობს საქართველოში შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების პრაქტიკაში განხორციელების პრობლემურობას ლგბტი ადამიანებისთვის. ანგარიში მიმოიხილავს „თბილისი პრაიდის“ მიერ დაანონსებულ „პრაიდის კვირეულის“ ირგვლივ მომხდარ მოვლენებს, მათ შორის, ანტი-ლგბტი ჯფუფების მხრიდან ძალადობისაკენ საჯაროდ მოწოდებას და მათ მიერ ორგანიზებული ძალადობრივი ჯგუფების ჩამოყალიბებას ლგბტი ადამიანთა შეკრების დასარბევად და მათთვის ფიზიკური ზიანის მისაყენებლად. ანგარიში აღნიშნავს, რომ „პრაიდის“ ორგანიზატორებს დაგეგმილი ღონისძიებების რამდენჯერმე გადატანა მოუწიათ ძალადობის მუქარისა და შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დაცვის გარანტიების მიუღებლობის გამო. ანგარიში მიუთითებს, რომ 8 ივლისს „პრაიდის“ ორგანიზატორებმა თბილისის გარეუბანში შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობის წინ მცირე მარშის ჩატარება მოახერხეს, რითიც თავი აარიდეს ანტი-ლგბტი ჯგუფებს, რომლებიც მათ წინააღმდეგ მოემართებოდნენ და მიუხედავად გაფრთხილების არარსებობისა, პოლიციაც იყო მობილიზებული მშვიდობიანი შეკრებით მოსარგებლეთა დასაცავად.

ქალთა უფლებები

ანგარიშში კრიტიკულად არის მიმოხილული საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო მიერ მიღებული ზომები, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ძალადობის პრევენციისთვის არასრულყოფილად და არაეფექტურად მიიჩნევს.

ქალთა მიმართ ოჯახში ძალადობის, სექსუალური შევიწროებისა და დისკრიმინაციის პრაქტიკის მიმოხილვისა და სახელმწიფოს მიერ საერთაშორისოდ ნაკისრი ვალდებულებების პრაქტიკაში იმპლემენტაციის შეფასებასთან ერთად, ანგარიში ასევე მიმოიხილავს ქალთა მიმართ საზიანო პრაქტიკას. ანგარიში აღნიშნავს, რომ ქალთა მოტაცება ქორწინების მიზნით მხოლოდ ზოგიერთ არეალებსა და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ რეგიონებში ხდება, თუმცა ის იშვიათია. ანგარიში შეეხო 2019 წლის ოქტომბერში შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ დაწყებულ გამოძიებას მასწავლებლის მიმართ განხორციელებულ ძალადობის ფაქტზე, რაც მისი მოსწავლის იძულებითი ქორწინების საჯარო გამოხმაურებას მოჰყვა. საინტერესოა, რომ ანგარიში აღნიშნულ ინციდენტთან კავშირში ახსენებს აზერბაიჯანელებით დასახლებულ რეგიონში მცხოვრები ახალგაზრდების მიერ შექმნილ სოციალურ კამპანია „სალამ“-ს, როგორც ადრეული და იძულებითი ქორწინების წინააღმდეგ შექმნილ ადვოკატირების კარგ მაგალითს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“