[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / ანალიტიკური დოკუმენტები

სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოში რელიგიის თავისუფლების შესახებ - EMC-ს მიმოხილვა

10 ივნისს ამერიკის შეერთებული შტაბების სახელმწიფო დეპარტამენტის 2019 წლის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია 2019 წელს საქართველოში რელიგიის თავისუფლების მხრივ არსებული მდგომარეობა. გთავაზობთ EMC-ს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ მიმოხილვას.

ზოგადი საკანონმდებლო მდგომარეობის აღწერისას ანგარიშში ხაზგასმულია, რომ საქართველოში კონსტიტუციით გარანტირებულია რელიგიის თავისუფლება და აკრძალულია რელიგიური ნიშნით დევნა. აქვე პარალელურად აღნიშნულია, რომ საქართველოს კონსტიტუცია აღიარებს საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის განსაკუთრებულ როლს და სახელმწიფოსა და ეკლესიას შორის ურთიერთობა რეგულირდება კონკორდატის საფუძველზე. ანგარიშში აღნიშნულია, რომ კონკორდატი იმგვარ პრივილეგიებს აძლევს დომინანტ რელიგიურ ორგანიზაციას, რომელიც სხვა ორგანიზაციებს არ აქვთ. საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვისას სახელმწიფო დეპარტამენტი საუბრობს იმ კანონებზე, რომელიც მართლმადიდებელ ეკლესიას პრივილეგიებს ანიჭებს, მაგალითად საგადასახადო კოდექსი, რომელიც ათავისუფლებს ეკლესიას გადასახადებისგან. გარდა ამისა, სახელმწიფო ქონების შესახებ კანონი დომინანტ რელიგიურ ჯგუფს აძლევს უფლებამოსილებას მიიღოს არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების სახელმწიფო ქონება პირდაპირი ყიდვით სახელმწიფოსგან მაშინ, როცა სხვა რელიგიურმა ორგანიზაციებმა შესაბამისი სატენდერო პირობები უნდა დააკმაყოფილონ. ხოლო სასოფლო-სამეურნეო მიწა მართლმადიდებელმა ეკლესიამ კანონის მიხედვით უფასოდ შეიძლება მიიღოს, სხვა ორგანიზაციებისგან განსხვავებით. ანგარიშში აღნიშნულია, რომ ამ დრომდე პარლამენტმა ვერ მოახერხა ამ კანონებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება და შესაბამის კანონებში ცვლილებების შეტანა მაშინ, როცა საკონსტიტუციო სასამართლომ ეს საკანონმდებლო ჩანაწერები არაკონსტიტუციურად ცნო დისკრიმინაციის აკრძალვის პრინციპის დარღვევის გამო.

საკანონმდებლო ჩარჩოს მიმოხილვისას ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საჯარო სკოლებში კანონი კრძალავს რელიგიურ ინდოქტრინაციას და პროზელიტიზმს ან იძულებით ასიმილაციას, კონკორდატი უფლებას აძლევს მართლმადიდებელ ეკლესიას რელიგიური სწავლება განახორციელოს საჯარო საგანმანათლებლო დაწესებულებებში და აძლევს სახელმწიფოს უფლებას მართლმადიდებელი ეკლესიის რელიგიური სკოლებისთვის ფინანსური რესურსები გამოყოს.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში განხილულია 25 წლის უფლებადამცველის ვიტალი საფაროვის მკვლელობის საქმეც, რომელშიც სასამართლომ არ დაადგინა სიძულვილით მოტივირებული დანაშაული, რადგან მიიჩნია, რომ სიძულვილი არ იყო მკვლელობის განმაპირობებელი მთავარი გარემოება. თუმცა, ვიტალი საფაროვის ოჯახის ადვოკატები და საქმეში არსებული არაერთი მტკიცებულება მიუთითებდა იმაზე, რომ საფაროვის მკვლელობა მისი ებრაული და იეზიდური მიკუთვნებულობის გამო მოხდა და მკვლელობაში მსჯავრდებულები ულტრამემარჯვენე იდეების მქონე პირები იყვნენ, რომლებიც სოციალურ ქსელში ფაშისტურ სიმბოლოებსაც ავრცელებდნენ.

ანგარიშში ასევე ნახსენებია, რომ 1 რელიგიური ორგანიზაციის რეგისტრაცია მოხდა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ, თუმცა 6 ორგანიზაციას უარი ეთქვა რეგისტრაციაზე, რადგან ისინი არ წარმოადგენდნენ „ევროპის საბჭოს ქვეყნებში აღიარებულ ტრადიციულ რელიგიას“.

ანგარიშში დეტალურად არის განხილული 2019 წელს პარლამენტის ადამიანის უფლებათა კომიტეტში შექმნილ სამუშაო ჯგუფში მიმდინარე პროცესები. ანგარიშის მიხედვით პარლამენტს 2018 წლის დეკემბრამდე უნდა გაეუქმებინა არაკონსტიტუციური ჩანაწერები სახელმწიფო ქონების შესახებ კანონში და საგადასახადო კოდექსში, თუმცა პარლამენტმა ეს ვალდებულება დღემდე არ შეასრულა. აქვე საუბარია რელიგიის საკითხებში სახელმწიფო სააგენტოს და ცალკეული რელიგიური ორგანიზაციების მიერ ადვოკატირებულ საკანონმდებლო ინიციატივაზე რელიგიის შესახებ სპეციალური კანონის მიღებასთან დაკავშირებით. თუმცა, ეს საკანონმდებლო ინიციატივა ჯერჯერობით არ არის მომზადებული და არც განხილული. რელიგიური უმცირესობებისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების კრიტიკა ამ ინიციატივას მიემართებოდა იმ უთანასწორო კონტექსტის გათვალისწინებით, რაშიც დღეს რელიგიური ორგანიზაციები იმყოფებიან, ვინაიდან არსებობს რისკები, რომ კანონმა მათი მდგომარეობა კიდევ უფრო დაამძიმოს და გაზარდოს სახელმწიფოს ჩარევა მათ საქმიანობაში.

აქვე საუბარია საზოგადოებრივი და რელიგიური ორგანიზაციების კრიტიკაზე სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული მუსლიმური ორგანიზაციის საქმიანობაში ჭარბი ინტერვენციის გამო. ანგარიშში აღნიშნულია, რომ არასამთავრობო სექტორი მიუთითებდა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის გავლენებზე სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველოში 2019 წლის 25 დეკემბერს ჩატარებული არჩევნების პროცესზე.

2019 წლის ბოლოს სასამართლომ ასევე არ დააკმაყოფილა სომხური სამოციქულო ეკლესიის მოთხოვნა საკუთრებაში გადასცემოდა ეკლესია, რომელიც საბჭოთა კავშირის დროს დაკარგა და საჯარო რეესტრმა ის მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთრებაში დაარეგისტრირა. ანგარიშში აღნიშნულია, რომ რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტომ უპასუხოდ დატოვა სომხური სამოციქულო ეკლესიის 57 პეტიცია საკუთრებაში ან სარგებლობის უფლებით გადაცემასთან დაკავშირებით. ეკლესიის მტკიცებით, ისინი საქართველოს მასშტაბით 57 ეკლესიას აფუნქციონირებენ, მაგრამ არც ერთს არ ფლობენ საკუთრებაში. რელიგიის სააგენტო მტკიცებულებათა ნაკლებობის გამო არ გასცემს შესაბამის რეკომენდაციას ამ ქონების გადაცემასთან დაკავშირებით.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა ბათუმის მეჩეთის მშენებლობის გაჭიანურებული და პრობლემური საქმეც, რომელშიც მუნიციპალიტეტმა დისკრიმინაციულად არ გასცა ბათუმში მეორე ახალი მეჩეთის მშენებლობის ნებართვა. ანგარიშში მიმოხილულია მოლაპარაკებების გაჭიანურებული პროცესის, როცა თვითმმართველობა მეჩეთის მშენებლობის ინიციატორებს სთავაზობდა მათ საკუთრებაში არსებული მიწა გადაეცა სრულიად საქართველოს მუსლიმთა სასულიერო სამმართველოსთვის, რომელიც სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული რელიგიური ორგანიზაციაა. ანგარიშში ნახსენებია რელიგიის სააგენტოს პრობლემური როლიც ამ საქმეში, რომელიც ყოველგვარი ლეგიტიმაციის გარეშე ჩაერია თვითმმართველობის საქმიანობაში. პირველი ინსტანციის სასამართლომ ამ საქმეზე დისკრიმინაცია დაადასტურა, თუმცა მუნიციპალიტეტმა ის სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

ანგარიშში ასევე განხილულია მოხეში მეჩეთთან დაკავშირებით არსებული კონფლიქტი, რომელიც რელიგიის სააგენტომ სპეციალური კომისიის შექმნით გადაწყვიტა. თუმცა, ანგარიში უთითებს EMC-ის კრიტიკაზე, რომ კომისიის გადაწყვეტილებაში არ იყო წარმოდგენილი ადგილობრივ მუსლიმთა ინტერესები, რადგან მას ნდობა არ ჰქონია ადგილობრივი თემისგან. მოხის მეჩეთის საქმე EMC-ის გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტში აქვს გასაჩივრებული.

ანგარიშში ასევე ნახსენებია ქობულეთის პანსიონატის საქმეც, ვინაიდან შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან დისკრიმინაცია ადგილობრივმა სასამართლოებმა დღემდე არ დაადგინეს. ამის პარალელურად საუბარია რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის პრაქტიკაზე საჯარო სკოლებში. მათ შორის აღნიშნულია რელიგიური ნეიტრალიტეტის დარღვევის შემთხვევა მაღალმთიან აჭარაში 2019 წლის ოქტომბერში, რომლის თაობაზეც EMC-იმ განათლების სამინისტროს შესაბამისი მონიტორინგის ჩატარებისკენ მოუწოდა.

ანგარიშში საუბარია იმ ფინანსურ სუბსიდიებზე, რასაც სახელმწიფო ხუთ რელიგიურ ორგანიზაციას აძლევს ბიუჯეტიდან და ასევე ნახსენებია პარლამენტის მიერ 12 მაისს მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღის აღსანიშნავად 890.000 ლარის გამოყოფა.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში ვრცლად არის მიმოხილული რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე რელიგიის თავისუფლების დარღვევის შემთხვევები, რომლებშიც საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიას არ ეძლევა საქმიანობის უფლება და ისტორიული მართლმადიდებლური შენობების დაზიანების არაერთი შემთხვევა დაფიქსირდა, მათ შორის, კულტურულ მემკვიდრეობათა დაცვის სააგენტოს მითითებით ბედიის კათედრალი, მე-10 საუკუნის მართლმადიდებლური სამონასტრო კომპლექსი დაზიანდა ე.წ. „რუსული ვანდალიზმის“ გამო.

2019 წელს წინა წელთან შედარებით შსს-ს მიერ გამოძიებული რელიგიური სიძულვილით მოტივირებული დანაშაულების რაოდენობა გაზრდილია 23-დან 44 საქმემდე. ანგარიშში აღნიშნულია სახალხო დამცველის კრიტიკა იმის შესახებ, რომ არ ხდება იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების კვალიფიკაცია და გამოძიება, როგორც სიძულვილით მოტივირებული დანაშაულის. ანგარიშში აღნიშნულია, რომ შსს-ს მხრიდან იეჰოვას მოწმეების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან დაკავშირებით რეაგირება გაზრდილია, თუმცა პროკურატურა კვლავ ვერ ახდენს ამგვარი დანაშაულების სწორ კვალიფიკაციას.

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სრულად: https://bit.ly/3dR2Ty0

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“