11 მარტს ამერიკის შეერთებული შტაბების სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში გამოქვეყნდა. დოკუმენტში შეფასებულია 2019 წელს საქართველოში ადამიანის უფლებების მხრივ არსებული მდგომარეობა. გთავაზობთ EMC-ს მიერ, სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე დაყრდნობით მომზადებულ მიმოხილვას (სრულად იხ. მიმაგრებულ დოკუმენტი)
ანგარიშის მიხედვით:
- ანგარიშში აღნიშნულია რომ ცალკეული პროგრესის მიუხედავად უმცირესობების დაცვა და სამოქალაქო ინტეგრაცია კვლავ მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშეა, სახელმწიფოს მიერ გატარებული არასაკმარისი ღონისძიებების გამო .
- თემილან მაჩალიკაშვილის საქმეზე ანგარიშში ხაზგასმულია დროული, გამჭვირვალე, ობიექტური და დამოუკიდებელი გამოძიების საჭიროებაზე. გარდა ამისა, ანგარიშში მითითებულია, მალხაზ მაჩალიკაშვილის ძმის შვილის, მორის მაჩალიკაშვილის საქმეზეც, რომელიც ივნისი საპროტესტო აქციების დროს დააკავეს. ანგარიშში მითითებულია იმ გარემოებაზეც, რომ მორის მაჩალიკაშვილის დაკავება ერთგვარი იძულების ბერკეტია ხელისუფლების ხელში, რათა მაჩალიკაშვილს მისი შვილის საქმის გამოძიების მოთხოვნა შეეწყვიტა.
- სახელმწიფო დეპარტამენტი განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ადამიანის უფლებათა დარღვევის ფაქტებს,მათ შორის გამოყოფს სიცოცხლის ხელყოფის უკანონო და თვითნებურ შემთხვევებს როგორც რუსების, ასევე აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო რეჟიმის წარმომადგენლების მხრიდან, უკანონო დაკავებებს და გადაადგილების თავისუფლების შეზღუდვის პრობლემას, ასევე ეთნიკური ქართველების დისკრიმინაციულ დევნას და უფლებრივ შეზღუდვების გალის, ახალგორის, ოჩამჩირეს და ტყვარჩელის რეგიონებში.
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში სახალხო დამცველის ინფორმაციაზე დაყრდნობით მიუთითებს, რომ ლგბტი ადამიანთა მიმართ არსებული ძალადობა, რომელიც ოჯახებსა და საჯარო სივრცეებში ხორციელდება, 2019 წელსაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენდა, რომლის მიმართაც მთავრობის მიერ გამოყენებული ზომები არასრულყოფილი იყო.
- ანგარიშში კრიტიკულად არის მიმოხილული საქართველოში ქალთა უფლებების დაცვის, განსაკუთრებით კი ოჯახში ძალადობისა და სექსუალური ძალადობის წინააღმდეგ სახელმწიფო მიერ მიღებული ზომები, რომელსაც აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტი ძალადობის პრევენციისთვის არასრულყოფილად და არაეფექტურად მიიჩნევს.
- ანგარიშის მიხედვით, საქართველოს კანონმდებლობით გაერთიანების თავისუფლება და კოლექტიური მოლაპარაკების უფლების გარანტირების მიუხედავად, დღის წესრიგში რჩება არაერთი პრობლემური საკითხი, მათ შორის, მიუხედავად იმისა, რომ აკრძალულია პროფკავშირების წევრობის ნიშნით პირის მიმართ დისკრიმინაცია, კანონი ცხადად არ ადგენს ამგვარი დასაქმებულების სამუშაოზე აღდგენის შესაძლებლობას.
- ანგარიშის მიხედვით, იძულებითი შრომის კრიმინალიზების მიუხედავად, სახელმწიფო უწყებები ამ პრობლემასთან ბრძოლას ეფექტიანად ვერ ახერხებენ. კერძოდ, განსაკუთრებით დაბალია მსგავსი საქმეების შესახებ გამოძიებები, რაც შეიცავს იძულებითი შრომის წახალისების რისკებს. დეპარტამენტის შეფასებით, სახელმწიფოს ადეკვატურ მუშაობას ძირითადად ხელს უშლიდა შრომის ინსპექტორების სიმცირე.
- ანგარიშის თანახმად, განსაკუთრებით გასააქტიურებელია სახელმწიფოს საქმიანობა ბავშვთა შრომის აკრძალვის კუთხით.
- დეპარტამენტი მიუთითებს, რომ ისევ მნიშვნელოვან გამოწვევად რჩება სამუშაო სივრცეში დისკრიმინაციის საქმეების პროაქტიული გამოძიების ორგანოს არარსებობა. ანგარიშის თანახმად, დისკრიმინაციის შემთხვევათა დიდი ნაწილი მიემართებოდა ქალებს.
- ნგარიშის თანახმად, საქართველოში შრომის არასათანადო პირობები სხვადასხვა კომპონენტში გამოიხატება. მათ შორის არის მინიმალური ხელფასის საკითხი, რომელიც კერძო თუ საჯარო სექტორში დასაქმებულებისთვის ოფიციალურ საარსებო შემოსავლის დონეზე დაბალი იყო.
- რაც შეეხება სამართალდამცავთა მხრიდან უფლებამოსილების გადამეტებას, ანგარიშში ვკითხულობთ, რომ წლის განმავლობაში სახალხო დამცველმა შეისწავლა 367 შემთხვევა, რომელიც შეეხებოდა პენიტენციური და სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლების მიერ უფლებამოსილების შესაძლო გადამეტების ფაქტებს.
- ანგარიშში სპეციალურად არის ყუურადღება გამახვილებული გასული წლის ბოლოს საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე და მითითებულია, რომ საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ეს პროცესი შეფასდა როგორც მკვეთრად არაპროფესიონალური. ასევე აღნიშნულია, რომ ამ პროცესში გამჭვირვალობის კუთხით გამოვლენილ ხარვეზებს შესაძლოა დაერღვია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი (ეუთო/ოდირის დასკვნის მიხედვით).
- ანგარიში ხაზს უსვამს სამართლიანი სასამართლო პროცესის კუთხით არსებულ არაერთ დარღვევას. ეს განსაკუთრებით ეხება მაღალი საზოგადოებრივი ინტერესისა და პოლიტიკურად სენსიტიურ საქმეებს. ასევე მითითებულია, რომ სასამართლო განხილვების დახურულ რეჟიმში ჩატარება ხშირად დაუსაბუთებელი იყო.
- სახელმწიფო დეპარატამენტი მიუთითებს, რომ გაიზარდა პოლიტიკური ნიშნით სისხლისსამართლებრივი გამოძიებისა და ბრალდების შემთხვევები. ანგარიში ასახელებს რამდენიმე შემთხვევას, კერძოდ: თიბისი ბანკის დამფუძნებლების, ტელეკომპანია რუსთავი 2-ის ყოფილი დირექტორის, ტელეკომპანია პირველის მფლობელის მამის და ივნისის პროტესტის მონაწილეების დაკავების (მათ შორის ირაკლი ოქრუაშვილის) საქმეები.
- სახელმწიფო დეპარტამენტი ყურადღებას ამახვილებს პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის კუთხით არსებულ მნიშვნელოვან პრობლემებზე. ამ ნაწილში ანგარიში გამოარჩევს პარლამენტის დეპუტატის პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების შემთხვევას, რომელიც ააშკარავებს ამგვარი ფარული ზომების გამოყენების პოლიტიკურად მოტივირებულ ბუნებას.
- სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშში მოხვდა 2018 წლის საპრეზიდენტო არჩევნები და ამ პროცესში გამოვლენილი ხარვეზები. როგორც ანგარიში მიუთითებს, პირველი ტური იყო კონკურენტული და პროფესიონალურად დაგეგმილი. თუმცა მაინც ფიქსირდებოდა ადმინისტრაციული რესურსების ბოროტად გამოყენება, არათანაბარი პირობები, კერძო მედიის მკვეთრი პოლარიზაცია, უხეში რიტორიკა და ნეგატიური კამპანია, ასევე საკანონმდებლო ცვლილებები, რომელმაც გაზარდა მმართველი ძალის წარმომადგენლობა ადმინისტრაციულ დონეებზე და სხვა. მსგავსი ტიპის დარღვევებმა უფრო მკვეთრი სახე მიიღო არჩევნების მეორე ტურში.
EMC_მიმოხილვა_-_2019_1584029469.pdf