საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC) ასაჯაროებს სახალხო დამცველის მნიშვნელოვან რეკომენდაციას, რომელიც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოდან გათავისუფლებული შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის საქმეებზე 2020 წლის 24 აპრილს გამოსცა. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ სახალხო დამცველი მის ვრცელ რეკომენდაციაში არსებითად იზიარებს იმ სამართლებრივ დასაბუთებას და არგუმენტაციას, რომელიც სამივე საქმეზე სასამართლოში უკვე გაგზავნილ სარჩელებში წარმოდგენილია EMC-ს მიერ. EMC რეკომენდაციის ტექსტს სასამართლოს მალევე გაუზიარებს და ვიმედოვნებთ, რომ სახალხო დამცველის შეფასებები კიდევ უფრო მეტად გააძლიერებს შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის სამართლებრივი ინტერესების და უფლებების დაცვის პროცესს.
შეგახსენებთ, რომ 2020 წლის 19 თებერვალი აჭარის მაუწყებლის მრჩეველთა საბჭომ მოჩვენებითი რეორგანიზაციის პროცესით საინფორმაციო სამსახურის უფროსის მოადგილე, მაია მერკვილაძე ტელევიზიის საინფორმაციო სამსახურიდან რადიოს მიმართულებაში გადაიყვანა და ამ გზით სარედაქციო პოლიტიკაზე მისი გავლენები შეასუსტა. მალევე, 2020 წლის 28 თებერვალს კი მაუწყებლის ახალმა დირექტორმა სამსახურიდან დაუსაბუთებლად გაათავისუფლა არხის საინფორმაციო სამსახურის უფროსი შორენა ღლონტი, ხოლო 2020 წლის 13 მარტს - წამყვანი თეონა ბაკურიძე. მათ ინტერესებს სასამართლოში EMC იცავს.
წარმოგიდგენთ სამივე საქმეზე სახალხო დამცველის შეფასების მოკლე მიმოხილვას. თანდართულ დოკუმენტში შეგიძლიათ იხილოთ რეკომენდაციის ტექსტი სრულად.
მაია მერკვილაძის საქმე
ფაქტობრივი გარემოებები: მაია მერკვილაძე საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების სამსახურში ღია კონკურსის წესით დასაქმდა და წლების განმავლობაში სამსახურში სხვადასხვა თანამდებობას იკავებდა. 2017 წლის 1 ივლისამდე იგი იკავებდა სამსახურის რედაქტორის, ხოლო 2017 წლის 1 ივლისიდან 2020 წლის 25 თებერვლამდე - სამსახურის უფროსის მოადგილის პოზიციებს. მაია მერკვილაძის სამსახურიდან გათავისუფლებას და სამსახურებრივ ჩამოქვეითებას წინ უძღვოდა მაუწყებლის დირექტორის ინიციატივა საშტატო ნუსხის ცვლილებისა და მაია მერკვილაძის მიერ დაკავებული თანამდებობის გაუქმების თაობაზე.
რას ამბობს სახალხო დამცველი: სახალხო დამცველი მაია მერკვილაძის საქმის შეფასებისას ხაზს უსვამს იმ დარღვევებს, რომელიც მაუწყებლის საშტატო განრიგის ცვლილების პროცესისა და მერკვილაძის მიმართ გადაწყვეტილების მიღების დროს არსებობდა.
სახალხო დამცველის მოკვლევის შედეგებში ნათლად ჩანს, რომ მაუწყებელში ჩატარებული რეორგანიზაცია არ იყო სათანადოდ დასაბუთებული და არგუმენტირებული. მათ შორის დირექტორის მითითება, რომ საშტატო განრიგის ცვლილება მიზნად ისახავდა ორგანიზაციაში ეფექტიანი მართვის სისტემის ჩამოყალიბებას, სათანადოდ არ იყო დასაბუთებული და დოკუმენტურად დადასტურებული, ასევე, არც ის ყოფილა დაზუსტებული, თუ რა განსხვავებული უფლებამოსილებებით იქნებოდნენ ახალი კადრები აღჭურვილნი.
სახალხო დამცველი რეორგანიზაციის მოჩვენებითობაზე საუბრისას ასევე ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ მაუწყებლის საშტატო განრიგში არ შეცვლილა თანამდებობათა ოდენობა და ახალი ამბების სამსახურის საშტატო განრიგში უფროსის მოადგილის ნაცვლად, გაჩნდა რედაქტორის თანამდებობა, რომელიც არსებითად იდენტური უფლებამოსილებებისა და ვალდებულებების მატარებელი იყო. სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებები არ ქმნიდა მაია მერვილაძის სამსახურიდან გათავისუფლების სამართლებრივი საფუძველს, რამდენადაც მისი შტატი არ გაუქმებულია და საშტატო განრიგში მსგავსი ფუნქციების მატარებელი თანამდებობა რედაქტორის საშტატო ერთეულით დარჩა.
ნიშანდობლივია, რომ საშტატო განრიგში შეტანილი ცვლილებების სამართლებრივი შედეგები მაუწყებლის სხვა თანამშრომლებს არ შეხებია და ისინი დღემდე აგრძელებენ შეცვლილ პოზიციებზე საქმიანობას.
სახალხო დამცველი აფასებს, რომ მაუწყებელში ჩატარებული რეორგანიზაცია არ ქმნიდა დასაქმებული მაია მერკვილაძის სამსახურიდან გათავისუფლების/გადაყვანის სამართლებრივ საფუძველს და ამ საქმეში ამგვარი გადაწყვეტილება უტოლდება უფლების ბოროტად გამოყენებას, რაც კანონმდებლობით აკრძალული ქმედებას წარმოადგენს.
თეონა ბაკურიძის საქმე
ფაქტობრივი გარემოებები: საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიასა და რადიოში გადაცემა „მთავარის“ წამყვანის თეონა ბაკურიძის მიმართ 2020 წლის 6 მარტს დაწყებული დისციპლინური წარმოება პირველ ეტაპზე მისი ტელეეთერიდან ჩამოშორების გადაწყვეტილებით, ხოლო საბოლოოდ მისი სამსახურიდან გათავისუფლებით დასრულდა. ახალი დირექტორი თეონა ბაკურიძეს საინფორმაციო სამსახურის მოვალეობის შემსრულებლად ახლად დანიშნული ფირუზ ბოლქვაძის ბულინგს ედავებოდა, რომელიც სწორედ ამ გადაწყვეტილების გარშემო თანამშრომლებს შორის დისკუსიას თითქოსდა თან ახლდა.
რას ამბობს სახალხო დამცველი: სახალხო დამცველის დასკვნის მიხედვით, სამსახურიდან გათავისუფლების გადაწყვეტილებას, თეონა ბაკურიძის მიმართ გაჟღერებული ბრალდებების საპირწონედ, საქმეში არ იკვეთება მითითებული ქმედებების ჩადენის ფაქტი და არ მოიპოვება სათანადო მტკიცებულებები, რისი უტყუარად დასაბუთების ვალდებულება დამსაქმებელს გააჩნია. ამასთან სახალხო დამცველი უთითებს, რომ „თეონა ბაკურიძის ქმედებების უხეშ დარღვევად შეფასებისას, დირექტორის მიერ შეფასება არ მისცემია გადაცდომის გამომწვევ და ხელშემწყობ ფაქტორებს, რომელთან დაკავშირებითაც, არაერთმა თანამშრომელმა გააკეთა განმარტება. მათ შორის, ჟურნალისტები მიუთითებდნენ ბოლო პერიოდის განმავლობაში ტელევიზიაში არსებულ სტრესულ გარემოზე და მის შედეგად, თანამშრომელთა ნაწილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების ფაქტებზე, რასაც, მათივე განმარტებით, ადგილი ჰქონდა 2020 წლის 6 მარტსაც“.
ამასთან, სახალხო დამცველის შეფასების თანახმად, თეონა ბაკურიძის საქმეზე არსებითი დარღვევაა გადაწყვეტილების მიღების პროცესუალური გაუმართაობა, რამდენადაც მაუწყებლის დირექტორმა თეონა ბაკურიძის ტელეეთერიდან ჩამოშორების გადაწყვეტილების მიღებისას საკმარისად არ შეისწავლა და არ გამოიკვლია საქმის გარემოებები, არ გამოკითხა ამ ინციდენტში მონაწილე სხვა პირები, მათ შორის არც თეონა ბაკურიძე. პრობლემა არის ისიც, რომ დირექტორმა ისე მიიღო დისციპლინური სახდელის დადების გადაწყვეტილება, რომ არ დაასაბუთა „განსაკუთრებული შემთხვევის“ არსებობა და გამოყენებული მექანიზმის აუცილებლობა და პროპორციულობა. დისციპლინური პროცესის კანონიერებაზე მსჯელობისას სახალხო დამცველი ხაზს უსვამს, რომ საქმეში არ არის დასაბუთებული დირექტორის მიერ თეონა ბაკურიძის მიმართ გამოყენებული სანქციის წინაპირობები, მიზანი და თანაზომიერება, რაც სხვა დარღვევებთან ერთად მისი უკანონობის საფუძველს ქმნის.
გარდა ამისა, სახალხო დამცველის შეფასებით, გადაწყვეტილების მიღებისას დარღვეულია შრომის სამართალში მოქმედი პრინციპი, რომ აკრძალულია ერთსა და იმავე ქმედებაზე პირის ორჯერ დასჯა. ეს პრინციპი გვხვდება საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს შინაგანაწესში.
სახალხო დამცველი პრობლემური საკითხად სვამს სახდელის პროპორციულობასაც. თეონა ბაკურიძის მხრიდან რაიმე დარღვევის ჰიპოთეტური დაშვების პირობებშიც კი, სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ დასაბუთებული არ არის პასუხისმგებლობის ყველაზე მკაცრი ზომის - სამსახურიდან გაშვების გამოყენების საფუძვლიანობა და პროპორციულობა.
შორენა ღლონტის საქმე
ფაქტობრივი გარემოებები: შორენა ღლონტის მიმართ დისციპლინური წარმოება დაიწყო 2019 წლის 28 თებერვალს ეთერში გასული გადაცემის გამო - ,,ახალი სივრცე“, რომელიც დაფინანსებული იყო საერთაშორისო საქმეთა ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ფილიალის მიერ. მოქმედ დირექტორს პრეტენზია აქვს შორენა ღლონტის მიმართ და ამტკიცებს, რომ შორენა ღლონტმა დამოუკიდებლად, მაუწყებელთან შეთანხმების გარეშე, მოახერხა აღნიშნული გადაცემის ტელეეთერში გაშვება და განკარგა თანხა, რითიც ზიანი მიადგა მაუწყებელს.
რას ამბობს სახალხო დამცველი: შორენა ღლონტის გათავისუფლების საქმესთან დაკავშირებით სახალხო დამცველის აპარატმა მოკვლევის შედეგად დაადგინა, რომ შორენა ღლონტის მიმართ, როგორც დისციპლინური წარმოებისას, ისე მისი გათავისუფლებით, მაუწყებლის მიერ უხეშად დაირღვა მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები. კერძოდ, სახალხო დამცველი მიუთითებს აჭარის მაუწყებლის შრომის შინაგანაწესზე და აღნიშნავს, რომ დისციპლინური სანქცია დასაქმებულს უნდა შეეფარდოს არაუგვიანეს 1 თვისა მის მიერ შრომის დისციპლინის დარღვევის გამოვლენის დღიდან. შორენა ღლონტს დისციპლინური პასუხისმგებლობა დაეკისრა სადავო ქმედების ჩადენიდან 1 წლის გასვლის შემდეგ, მაშინ როდესაც აღნიშნული ხელშეკრულება დაიდო იმ დროს მოქმედ დირექტორთან შეთანხმებით. დასკვნაში აღნიშნულია, რომ მხოლოდ, აღნიშნული 1 თვიანი ვადის დარღვევაც საკმარისია გამოცემული ბრძანების ბათილად ცნობისთვის.
დასკვნაში ასევე აღნიშნულია, რომ არც დისციპლინური წარმოებისას და არც გათავისუფლების ბრძანებაში არ არის მითითებული, ხელშეკრულების და მაუწყებლის შრომის შინაგანაწესის შესაბამისი ნორმა, რომლიც დაირღვა შორენა ღლონტის მიერ ეროვნულ დემოკრატიული ინსტიტუტის საქართველოს ფილიალთან ხელშეკრულების გაფორმებით. სახალხო დამცველმა მიუთითა, რომ 2018-2019 წლებში, დონორების მიერ დაფინანსებული პროექტების ფარგლებში, მაუწყებლის 100-ზე მეტ თანამშრომელს ჰქონდა ხელშეკრულება გაფორმებული, რაც იმას მიუთითებს, რომ ტელევიზიაში მსგავსი პრაქტიკა არსებობდა და შესაბამისად ბუნდოვნად მიიჩნია, რატომ გატარდა ასეთი მკაცრი ღონისძიებები კონკრეტულად შორენა ღლონტის მიმართ.
დასკვნაში არაპროპორციულად იქნა ასევე შეფასებული, მაუწყებლის მიერ ყოველგვარი დასაბუთების და არგუმენტაციის გარეშე დისციპლინური პასუხისმგებლობის ყველაზე მძიმე ფორმის გამოყენება (გათავისუფლება), მაშინ როდესაც მაუწყებელს არანაირი ზიანი არ მიუღია შორენა ღლონტის ქმედებით. სახალხო დამცველის თქმით, მენეჯმენტის გადაწყვეტილება "არ განმარტავს, კონკრეტულად რა კანონიერი ინტერესის საწინააღმდეგოდ იმოქმედა განმცხადებელმა და ამის შედეგად, რა სახის დანაკარგი განიცადა მაუწყებელმა. აღნიშნული განსაკუთრებით პრობლემურია იმ პირობებში, როდესაც დისციპლინური წარმოების ფარგლებში მიღებული ახსნა-განმარტებებით არ იკვეთება სადავო ხელშეკრულების დადებისა და გადაცემის ეთერში გასვლის შედეგად, მაუწყებლისთვის ფინანსური ზიანის მიყენების ან/და მისი საქმიანობის შეფერხების ფაქტი. ამის საწინააღმდეგოდ, აჭარის ტელევიზიის ადმინისტრაციის უფროსისგან მიღებული წერილობითი განმარტება ადასტურებს, რომ ხელშეკრულება მაუწყებელზე „ფინანსურ გავლენას ვერ მოახდენდა“. პასუხისმგებლობის უკიდურესი ზომის გამოყენების მიზანშეწონილობის გასამყარებლად, სახალხო დამცველის აპარატისთვის დირექტორს არც შორენა ღლონტის მიერ წარსულში ჩადენილ გადაცდომებზე მიუთითებია".
სახალხო დამცველის აპარატის მიერ შემოწმებისას დადგინდა, რომ დისციპლინური წარმოებისას შორენა ღლონტს არ მიეცა შესაძლებლობა სამართლებრივი არგუმენტაცია დაეპირისპირებინა მის მიმართ არსებული ბრალდებებისთვის და სრულფასოვნად ესარგებლა თავის გამართლების უფლებით, რაც შრომითი სამართლის კუთხით, როგორც შიდა, ასევე საერთაშორისო კონვენციის უხეშ დარღვევას წარმოადგენს.
დასკვნა
ზემოთ წარმოდგენილ სამივე საქმეზე სახალხო დამცველი მიიჩნევს, რომ პირვანდელი პოზიციებიდან შორენა ღლონტის, მაია მერკვილაძისა და თეონა ბაკურიძის გათავისუფლება/გადაყვანა მოხდა კანონის მოთხოვნათა დარღვევით. შესაბამისად, სახალხო დამცველი რეკომენდაციით მიმართავს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს და მოუწოდებს, იმსჯელოს მათ პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის საკითხზე, ან მათთვის ტოლფასი თანამდებობის შეთავაზებისა და საჭიროების შემთხვევაში, სათანადო და სამართლიანი კომპენსაციის გადახდაზე. სახალხო დამცველი სთხოვს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიისა და რადიოს დირექტორს „საქართველოს სახალხო დამცველის შესახებ“ კანონის საფუძველზე განიხილოს მისი რეკომენდაცია და 20 დღის განმავლობაში წერილობით აცნობოს განხილვის შესახებ.
ინსტრუქცია