საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
ადამიანის უფლებების სწავლების და მონიტორინგის ცენტრის (EMC) უკანასკნელი რამდენიმე თვის განმავლობაში აქვეყნებდა პოსტებს საქართველოს პარლამენტის არჩევის წესის ხარვეზების შესახებ. დღეს კი მინდა იმ სისტემებზე ვისაუბრო რაც პასუხს გასცემდა იმ გამოწვევის რომლის წინაშეც ჩვენ დღეს ვდგავართ.
პირველ რიგში ეს არის ერთადერთი გადაცემადი ხმა.
ერთი გადაცემადი ხმა მრავალმანდატიან ოლქებს იყენებს, ხოლო ამომრჩევლები ბიულეტენებში კანდიდატების რანჟირებას ახდენენ პრეფერენციების მიხედვით იგივენაირად, როგორც ეს ალტერნატიული კენჭისყრის სისტემის დროს ხდება. უმეტესად აღნიშნული პრეფერენციული აღნიშვნა არჩევითია და ამომრჩევლებს ყველა კანდიდატის რანჟირებით დალაგება არ მოეთხოვებათ; მათ მხოლოდ ერთი კანდიდატის მონიშვნაც შეუძლიათ, თუკი სურთ ეს.
პირველი პრეფერენციის მქონე ხმების საერთო რაოდენობის დაჯამების შემდეგ დათვლა იწყება იმ ხმების კვოტის დადგენით, რომელიც ერთი კანდიდატის ასარჩევად არის საჭირო. ამ დროს, როგორც წესი, დრუპის (Droop) კვოტა გამოიყენება, იგი მარტივი ფორმულის მეშვეობით გამოითვლება:
კვოტა = (ხმები / (მანდატები +1)) +1
შედეგის დადგენა რამდენიმე დათვლის შემდეგ ხდება. პირველი დათვლისას თითოეული კანდიდატისთვის მიცემული პირველი პრეფერენციული ხმები დგინდება. დაუყოვნებლივ აირჩევა ის კანდიდატი, რომელსაც პირველი პრეფერენციის რაოდენობა ან დადგენილი კვოტის ოდენობისა აქვს, ან მასზე მეტი.
მეორე და შემდგომი დათვლისას არჩეული კანდიდატების საჭიროზე მეტი ხმები (ე.ი. ის ხმები, რომლებიც კვოტით დადგენილ რაოდენობას აღემატება) ბიულეტენში მითითებული მეორე პრეფერენციების შესაბამისად გადანაწილდება.
საინტერესოა ერთ-ერთი ყველაზე სამართლიანი სისტემა, როგორ უპასუხებს საქართველოს საარჩევნო სისტემის გამოწვევებს.
ამომრჩეველს და არჩეულს შორის კავშირი – ამომრჩეველს შესაძლებლობა აქვს იმდენი ხმა მისცეს რამდენი მანდატიც არის გასანაწილებელი ოლქში. ამომრჩეველს ასევე აქვს შესაძლებლობა საკუთარი არჩევანი პრეფერენცირებულად განახორციელოს, რაც საუკეთესოდ უზრუნველყოფს არჩეულთან მის გეოგრაფიულ კავშირს.
დაბალანსებული ტერიტორიული წარმომადგენლობა – არსებული საარჩევნო ოლქების პირობებში, შესაძლებელია, მრავალმანდატიანი, არაუმეტეს 3-4 მანდატიანი ოლქების შემთხვევაში, პარლამენტში მივიღოთ მეტნაკლებად დაბალანსებული გეოგრაფიული წარმომადგენლობა;
ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა – ამ პრინციპის რეალიზებაც მეტწილად საარჩევნო ოლქების რემარკაციაზეა დამოკიდებული, ამის საუკეთესო შესაძლებლობასაც იძლევა წარმოდგენილი სისტემა. საქართველო უნდა დაიყოს 3-4 მანდატიან ოლქებად, რაც უზრუნველყოფს ხმის თანაბრობის პრინციპის რეალიზებას გამონაკლისის გარეშე.
ახალი შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის – რადგან სისტემაში ამომრჩეველთა განწყობები პრეფერენციული სისტემის შემოტანით მაქსიმალურად არის, გათვალისწინებული პარტიებისთვის შესანიშნავ შესაძლებლობებს ქმნის.
პარტიული ვერტიკალის შესუსტება – მოქმედ სისტემასთან შედარებით ასუსტებს პარტიულ ვერტიკალს, მაგრამ პარტია მაინც შეინარჩუნებს თავის გავლენებს იმ პირობებშიც კი რასაც ეს სისტემა ქმნის პარტიებისთვის.
ამომრჩევლების მხარდაჭერის პროპორციული წარმომადგენლობა – სისტემა ყველაზე ზუსტად გადმოსცემს ამომრჩეველთა განწყობებს და პროპორციულად გარდასახავს საპარლამენტო მანდატებში.
ეთნიკური უმცირესობების და ქალების გარანტირებული წარმომადგენლობა – სისტემა უზრუნველყოფს ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენლობას ყველანაირ პირობებში, ხოლო ქალების წარმომადგენლობა აქაც კვოტირების შემოტანას საჭიროებს.
არჩეული დეპუტატების ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი – ზოგადად პრეფერენციული ელემენტების მქონე საარჩევნო სისტემებში მაღალია ლეგიტიმურობის ხარისხი, რადგან მაქსიმალურად არის გათვალისწინებული საზოგადოების განწყობები. მაგრამ ხმის მიცემის, დათვლის პროცედურებისა და ხმების მანდატებში გარდასახვის სირთულემ შესაძლებელია ეჭვის ქვეშ დააყენოს მისი ლეგიტიმაცია, საზოგადოების სხვაგვარი განწყობების შემთხვევაში.
ხმების მინიმალური დანაკარგი – ეს პრინციპი იდეალურად ხორციელდება მოცემული სისტემის პირობებში, თითქმის უდანაკარგოა, პრეფერენციულ სისტემაში გათვალისწინებული თითოეული ამომრჩევლის ხმა. რაც ასევე პირდაპირ აისახება მის მოტივაციაზე მიიღოს არჩევნებში მონაწილეობა.
ხმის მიცემის სიმარტივე – ერთადერთი გადაცემადი ხმა ერთ-ერთ ყველაზე რთულ საარჩევნო სისტემად ითვლება, როგორც ხმის მიცემის, ისე შედეგების დათვლის თვალსაზრისით. ამ სისტემაზე მყისიერმა გადასვლამ შეიძლება დაბნეულობა გამოიწვიოს ამომრჩეველსა და საარჩევნო პროცესი არაორგანიზებული გახადოს.
შედეგის სწრაფი განსაზღვრის შესაძლებლობა – თანამედროვე ტექნიკური საშუალებების გამოყენებით მისი ურთულესი დათვლის სისტემა შეიძლება გამარტივდეს, მაგრამ სავარაუდოდ მაინც რჩება რისკები იმისა, რომ შედეგების გამოცხადების დაგვიანებამ გამოიწვიოს უნდობლობა და ეჭვი, როგორც ამომრჩეველში ისე პოლიტიკურ პარტიებში.
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და სანდოობა – სისტემა არ იძლევა საშუალებას ხმის დათვლის და ხმების მანდატებში გარდასხვის დროს უზრუნველყოფილი იყოს თითოეული პროცედურის გამჭვირვალობა, რაც საარჩევნო ადმინისტრაციის დაბალი ნდობის პირობებში არჩევნების შედეგების სანდოობას შეუქმნის საფრთხეს.
იმისათვის რომ ერთადერთი გადაცემადი ხმის სისტემამ წარმატებით უპასუხოს იმ გამოწვევებს, რომელიც მწვავედ დგას საქართველოს საარჩევნო სისტემის წინაშე საჭიროა:
თუმცა გასათვალისწინებელია, ის გარემოება, რომ უახლოეს საპარლამენტო არჩევნებამდე შეიძლება ვერ მოხერხდეს გარემოს შექმნა, რომლის პირობებშიც ერთადერთი გადაცემადი ხმის სისტემა მაქსიმალურად პროპორციულ და სამართლიან საარჩევნო შედეგებს უზრუნველყოფდა. ასეთ შემთხვევაში დაუშვებელია დღეს არსებული სისტემით მორიგი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და რეკომენდირებულია გარდამავალ პერიოდში არჩევნები ჩატარდეს შერეული წევრობის პროპორციული სისტემის გამოყენებით. ეს სისტემა ხმის მიცემის პროცედურებიდან გამომდინარე მოქმედი სისტემის მსგავსია, ამომრჩეველს არ უქმნის არანაირ სირთულეს; განსხვავებულია მხოლოდ ხმის დათვლის და ხმების მანდატებში გარდასახვის მომენტი, რომელიც საბოლოო ჯამში მეტად სამართლიან შედეგებს იძლევა.
შერეული წევრობის პროპორციული სისტემა
წარმოადგენს შერეულ საარჩევნო სისტემას, სადაც ამომრჩეველს ორი ხმა აქვს, ერთი პარტიისთვის და ერთი მაჟორიტარი კანდიდატისთვის. პროპორციული წარმომადგენლობის მანდატები გაიცემა იმ არათანაზომიერების აღმოსაფხვრელად, რომელიც საოლქო მანდატების შედეგებიდან წარმოიშვა, მაგალითად, თუ ერთი პარტია ქვეყნის მასშტაბით ხმების 10% დააგროვებს, მაგრამ ოლქში მანდატებს ვერ მოიპოვებს, მაშინ მას პროპორციული წარმომადგენლობის სიებიდან საკმარისი მანდატები გადაეცემა, რათა საკანონმდებლო ხელისუფლებაში მისი წარმომადგენლობა მანდატების 10% ფლობდეს. შესაძლოა, ამომრჩეველს ორი ცალკეული არჩევანი მიეცეს, როგორც ეს გერმანიასა და ახალ ზელანდიაში ხდება. გარდა ამისა, შესაძლოა, ამომრჩეველმა მხოლოდ ერთი არჩევანი გააკეთოს, სადაც პარტიის ხმების მთლიანი რაოდენობა გამოითვლება ინდივიდუალური საოლქო კანდიდატების ხმების მთლიანი ოდენობიდან გამომდინარე.
საინტერესოა, რამდენად პასუხობს შერეული წევრობის პროპორციული სისტემა საქართველოს საარჩევნო სისტემის გამოწვევებს:
ამომრჩეველს და არჩეულს შორის კავშირი – შერეული წევრობის პროპორციულ სისტემა შერეულ სისტემას წარმოადგენს, სადაც ამომრჩეველი ხმას აძლევს როგორც პოლიტიკურ პარტიას, ასევე კანდიდატს, რაც მას აძლევს საკუთარი არჩევანის პერსონიფიცირების საშუალებას, მაგრამ არა ბოლომდე, რადგან არსებობს პარტიული სიების ელემენტიც თუ პარტიამ მოიპოვა მხარდაჭერა მაგრამ ვერ გაიყვანა კანდიდატები, მაშინ საკუთარი პარტიული სიიდან აირჩევა კანდიდატები, რაც შეამცირებს არჩევანის პერსონიფიცირების ხარისხს. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ეს სისტემა ბევრად უკეთესია მოქმედ მაჟორიტარულ სისტემასთან შედარებით.
დაბალანსებული ტერიტორიული წარმომადგენლობა – აღნიშნული ბალანსი მიიღწევა საარჩევნო ოლქების საზღვრების დემარკაციით, რაც მნიშვნელოვან პრობლემას წარმოადგენს საქართველოსთვის, რადგან ქვეყანაში ჯერ არ დასრულებულა ადგილობრივი თვითმმართველობის რეფორმა და ტერიტორიულ დაყოფასთან დაკავშირებით ბევრი დეტალი ჯერ კიდევ არ არის ცნობილი.
ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა – ეს გამოწვევა მნიშვნელოვნად არის დაკავშირებული დაბალანსებულ ტერიტორიულ წარმომადგენლობასთან. ამომრჩეველთა ხმის წონა ვერ იქნება უზრუნველყოფილი მოქმედი საარჩევნო ოლქების პირობებში, ანუ აღნიშნული სისტემა არსებული საარჩევნო საზღვრების ცვლილების გარეშე ვერ მოერგება არსებულ საარჩევნო ოლქებს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა. ამ შემთხვევაშიც საეჭვოა თანაბარი საარჩევნო ხმის პრინციპის იდეალური რეალიზება. სავარაუდოდ, ცალკეულ შემთხვევებში საჭირო გახდება გადახვევა მისგან.
ახალი შესაძლებლობა პატარა პარტიებისთვის – ეს სისტემა მართლაც შეიძლება აღმოჩნდეს შანსი პატარა პარტიებისთვის, მათ შეეძლებათ კანდიდატი ოლქშიც წარადგინონ და იგივე კანდიდატი საარჩევნო სიაშიც შეიყვანონ, რაც შანსებს მნიშვნელოვნად გაზრდის.
პარტიული ვერტიკალის შესუსტება – მოქმედ სისტემაში პარტიული ლიდერის ავტორიტეტი გადამწყვეტ როლს ასრულებს, ამომრჩეველი ვერ ახდენს საკუთარი არჩევანის პერსონიფიცირებას, ხოლო შერეული წევრობის სისტემა შედარებით შეასუსტებს უზომოდ გაზრდილ პარტიულ გავლენებს ქართულ პოლიტიკაზე და რეგიონალურ ლიდერებსაც მიეცემად შანსი, ქვეყნის პოლიტიკის განსაზღვრაში მიიღონ მონაწილეობა და წარმოადგინონ ადგილობრივი მოსახლეობის განწყობები ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, ასევე მნიშვნელოვანია, რომ ისინი გაცილებით მოქნილები და დამოუკიდებლები იქნებიან საკუთარი პოზიციის დაფიქსირების დროს.
ამომომრჩევლის მხარდაჭერის პროპორციული წარმომადგენლობა – ეს პრინციპი დემოკრატიული საქართველოს პარლამენტის არჩევნებისას თითქმის ყოველთვის უგულვებელყოფილი იყო. პარტიები არსებული სისტემის წყალობით ყოველთვის იმაზე მეტ ადგილს იღებდნენ პარლამენტში, ვიდრე საზოგადოების მხარდაჭერა ჰქონდათ, ამ სისტემის ღირსება სწორედ ის არის, რომ შეუძლია ამ მრავალწლიანი პრობლემის იდეალური გადაწყვეტა, თავისი ხმის ბალანსის სისტემის წყალობით.
ეთნიკური უმცირესობების და ქალების გარანტირებული წარმომადგენლობა – ეთნიკური უმცირესობების საკითხს ეს სისტემა მოქმედ საარჩევნო ოლქების პირობებშიც დაარეგულირებს, იმ შემთხვევაშიც კი თუ ეთნიკური უმცირესობის წარმოადგენელს საშუალება არ მიეცემა პარტიული სიით გახდეს პარლამენტის წევრი, მას ეს შეუძლია მოახერხოს კანდიდატის სტატუსით, ან კენჭი იყაროს როგორც პარტიული სიით, ასევე კანდიდატის რანგში რაც ორმაგად ზრდის მისი არჩევის შანსს. ხოლო ქალების წარმომადგენლობასთან დაკავშირებით გამოსავალი ალბათ კვოტირებაა, რაც ამ სისტემის პირობებში სრულიად შესაძლებელია. თუმცა მოქმედ სისტემაში ეთნიკური წარმომადგენლობის პრობლემა ნაკლებად დგას, საარჩევნო ოლქები ისეა მოწყობილი, რომ მათ ყოველთვის ჰყავთ საკუთარი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში.
არჩეული დეპუტატების ლეგიტიმაციის მაღალი ხარისხი – სისტემას გააჩნია უნიკალური ბალანსის მექანიზმი, რომელიც უზრუნველყოფს საზოგადოების მხარდაჭერის პროპორციულ ასახვას ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოში, რაც პირდაპირ არის დაკავშირებული ლეგიტიმაციასთან.
ხმების მინიმალური დანაკარგი – სისტემა უზრუნველყოფს ხმების დანაკარგის შემცირებას მოქმედ სისტემასთან შედარებით, მაგრამ არა იმდენად, რამდენადაც ეს ხდება პრეფერენციულ სისტემებში.
ხმის მიცემის სიმარტივე – საკმაოდ მარტივია ხმის მიცემის პროცედურა, თითქმის იგივეა, რაც მოქმედ საარჩევნო სისტემაშია, მთავარი განსხვავება ხმის დათვლის და ხმების მანდატებში გარდასახვის პროცედურებშია.
შედეგის სწრაფი განსაზღვრის შესაძლებლობა – დათვლის და ხმების მანდატებში გარდასახვის თვალსაზრისით საშუალო სირთულით ხასიათდება, ქართული საარჩევნო გარემოს გათვალისწინებით, შესაძლებელია, რომ სისტემამ ამ გამოწვევას უპასუხოს.
საარჩევნო პროცესის გამჭვირვალობა და სანდოობა – რადგან სისტემა არ წარმოადგენს რთულ სისტემას, რომელიც ამომრჩევლის და საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მოითხოვს რთულ მათემატიკურ გაანგარიშებებს, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ პროცესის მიმართ პრეტენზიები ნაკლებად იქნება.
აღნიშნული გამოწვევების საპასუხოდ შერეული წევრობის პროპორციულმა სისტემის ძირითადი პარამეტრები შემდეგნაირად წარმოგვიდგენია, პროპორციულ სისტემაში:
რეგიონალური წარმომადგენლების არჩევისას:
ინსტრუქცია