საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63


დღეს, 23 დეკემბერს 16 საათზე, თბილისის სააპელაციო სასამართლოში ზვიად რატიანის სისხლის სამართლის საქმის განხილვა იწყება. თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის გიორგი გელაშვილის 9 ოქტომბრის განაჩენი, როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარემ გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლოში პროკურორი ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნის პოლიციელზე თავდასხმად შეფასებას, დაცვის მხარე კი ზვიად რატიანის უდანაშაულოდ ცნობას ითხოვს.
როგორც ცნობილია, პოეტი ზვიად რატიანი პოლიციის თანამშრომლებმა 2025 წლის 23 ივნისს თბილისში, რუსთაველის გამზირზე დააკავეს. პროკურატურა ზვიად რატიანს პოლიციის თანამშრომლისთვის სილის გაწვნის გამო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3531-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას ედავება, რაც პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. 9 ოქტომბრის განაჩენით ზვიად რატიანის მიერ პოლიციელისთვის სილის გაწვნა პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევად შეაფასა მოსამართლემ და სასჯელად 2 წლით თავისუფლების აღკვეთა შეუფარდა.
აღსანიშნავია, რომ ზვიად რატიანი არ უარყოფს პოლიციელისთვის სახეში სილის გაწვნის ფაქტს. ქმედების ხასიათის გათვალისწინებით, სასამართლოს შეეძლო ემსჯელა მხოლოდ იმაზე, მსჯავრდებულის ქმედება ხომ არ წარმოადგენდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულს, სხვაგვარ ძალადობას. თუმცა, მიგვაჩნია, რომ ზვიად რატიანის ქმედება, როგორც მინიმალური ინტენსივობის, ერთჯერადი სილა ვერ აღწევს არათუ პოლიციელზე თავდასხმის, არამედ სისხლის სამართლებრივად დასჯადი ქმედების ხარისხს.
სილის გაწვნა, როგორც სპონტანური და სიმბოლური ჟესტი, არ განეკუთვნება იმგვარ აგრესიულ ქმედებას, რომელიც დააზიანებდა ან საფრთხეს შეუქმნიდა პოლიციელის ჯანმრთელობას ან სახელმწიფოს მმართველობითი ფუნქციის შესრულებას. აღნიშნულს ადასტურებს სისხლის სამართლის საქმის მასალებიც. კერძოდ, დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვის ოქმებით დასტურდება, რომ ზვიად რატიანმა პოლიციელს მარჯვენა ხელით, ერთჯერადად დაარტყა სახის მარცხენა ნაწილში. საქმეზე წარმოდგენილი ვიდეომასალით დასტურდება და ყველასთვის აღქმადია, რომ ბრალდებულის ხელი ფაქტობრივად სანახევროდ, არცთუ ისე ძლიერად ეხება დაზარალებულს სახის არეზე, რასაც თავად დაზარალებულის რეაქციაც ადასტურებს. დაზარალებული არც წაბარბაცებულა, არც ძირს დაცემულა და არც რაიმე სახის დაზიანება მიუღია. თავად დაზარალებულის გამოკითხვის ოქმითაც დასტურდება, რომ მას რაიმე სახის ფიზიკური დაზიანება არ მიუღია და მის ჯანმრთელობას ბრალდებულის ქმედების შედეგად ზიანი არ მისდგომია.
რაც შეეხება დაზარალებულის მითითებას, რომ ბრალდებულის ქმედების შედეგად განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, მიუხედავად იმისა, რომ ობიექტურად საკმაოდ რთულია სახის არეში ერთჯერადი დარტყმა ძლიერი ტკივილის გამომწვევ გარემოებად შეფასდეს, კიდევ უფრო რთულია აღნიშნული ქმედების თავდასხმად იდენტიფიცირება სისხლის სამართლის მიზნებისთვის. დაზარალებულის მითითება განცდილ ტკივილზე ვერ გამოდგება იმის დასადასტურებლად, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა სისხლის სამართლით დასჯადი ქმედება, მით უფრო თავდასხმა.
მიგვაჩნია, რომ დადგენილ სასამართლო პრაქტიკასთან ერთად, სასამართლომ ზვიად რატიანის საქმის განხილვისას სასამართლო აგრეთვე უნდა გაითვალისწინოს კონტექსტი, რომელიც წინ უსწრებდა მის ქმედებას, კერძოდ, ქვეყანაში მიმდინარე უწყვეტი საპროტესტო აქციები და თავად პოლიციის თანამშრომელთა ძალადობრივი ქმედებები პროტესტის მონაწილეების მიმართ.
ზვიად რატიანი ბოლო წლების განმავლობაში არაერთხელ გამხდარა პოლიციის მხრიდან დევნისა და ძალადობის სამიზნე. პირველად ზვიად რატიანი 2017 წლის 23 დეკემბერს დააკავეს. მის დაკავებას წინ უძღოდა პოლიციელების მხრიდან ირონიული და არაეთიკური კომენტარები ჩაცმულობასთან დაკავშირებით. პოლიციის განყოფილებაში მიყვანამდე ის ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფის მსხვერპლი გახდა. მოგვიანებით კი, საზოგადოებრივმა მაუწყებელმა მისი დისკრედიტაციის მიზნით გაავრცელა დაკავებული და ნაცემი ზვიად რატიანის კადრები.
ზვიად რატიანი ძალოვნების სამიზნე 2024 წლის 28 ნოემბრის შემდეგ დაწყებულ აქციებზეც გახდა. 29 ნოემბრის ღამეს, პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე მასშტაბური საპროტესტო აქციის მიმდინარეობისას, ის ადმინისტრაციული წესით (წვრილმანი ხულიგნობისა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის საფუძვლით) დააკავეს. დაკავებისას სამართალდამცავებმა პოეტი გრძელ კორდონში გაატარეს და ფიზიკურად სასტიკად უსწორდებოდნენ, რის შედეგადაც ზვიად რატიანს მეხუთე მალის, ცხვირის ძვლისა და ძგიდის მოტეხილობა, აგრეთვე თავსა და მთელ სხეულზე სხვადასხვა სიმძიმის ჰემატომები, დაჟეჟილობები აღენიშნებოდა. დაკავებიდან 2 კვირაში, 12 დეკემბერს, საპროტესტო აქციაზე მიმავალ რატიანს საკუთარ სახლთან შავფორმიანი ე.წ. ტიტუშკები ფიზიკურად გაუსწორდნენ.
სოციალური სამართლიანობის ცენტრი აგრძელებს ზვიად რატიანის ინტერესების დაცვას. სასამართლო განხილვის მიმდინარეობის შესახებ საზოგადოებას პერიოდულად მივაწვდით განახლებულ ინფორმაციას.
ინსტრუქცია