[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / ინფოგრაფიკა

"რუსული კანონის" განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში

განმწესრიგებელ სხდომაზე საქართველოს პრეზიდენტის წარმომადგენლებმა, ზურაბ მაჭარაძემ და ეკა ბესელიამ შესავალი სიტყვა წარმოადგინეს.

ზურაბ მაჭარაძემ განაცხადა, რომ სადავო კანონი სრულად ეწინააღმდეგება კონსტიტუციით დეკლარირებულ მთავარ საგარეო ვექტორს - ევროატლანტიკურ კურსს, რაც ნატოსა და ევროკავშირში საქართველოს სრულფასოვან გაწევრიანებას გულისხმობს. მისი თქმით, კანონი ყოველდღიურად იწვევს არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების საქმიანობაში ჩარევას და ფაქტობრივად, ამ ორგანიზაციების ლიკვიდაციამდეც მიდის. შესაბამისად, აუცილებელია სასამართლომ კანონის მოქმედება შეაჩეროს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღებამდე.

ეკა ბესელიამ სასამართლოს წარუდგინა ევროკავშირის ქვეყნების ლიდერებისა და მთავარი ინსტიტუტების განცხადებები, რომლებიც ადასტურებს, რომ კანონის ამოქმედებამ შეაჩერა საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი.

საქართველოს კონსტიტუციის თანახმად, პრეზიდენტს შეუძლია იდავოს არა მხოლოდ #რუსულიკანონის თავსებადობაზე ადამიანის ძირითად უფლებებსა და თავისუფლებებთან, არამედ მის შესაბამისობაზე საქართველოს კონსტიტუციის 78-ე მუხლთან, რომელიც ქვეყნის ევროატლანტიკურ კურსს განამტკიცებს.

საქართველოს პრეზიდენტის კიდევ ერთმა წარმომადგენელმა - გიორგი ბურჯანაძემ შესავალი სიტყვის ფარგლებში განაცხდა, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ რომც დააკმაყოფილოს სარჩელები ერთი ან რამდენიმე წლის შემდეგ, ეს გადაწყვეტილება ვერ შეცვლის კანონის ამოქმედებითა და იძულებითი აღსრულებით დამდგარ მოცემულობას.

120-ზე მეტი სამოქალაქო და მედია ორგანიზაცია საკონსტიტუციო სასამართლოში ყოფილმა მოსამართლემ - ქეთევან ერემაძემ წარმოადგინა.

შესავალი სიტყვის ფარგლებში მან აღნიშნა, რომ რუსული კანონი კრიტიკული აზრის ჩახშობის ინსტრუმენტია და ეწინააღმდეგება კონსტიტუციურ ღირებულებათა სისტემას.

მისი თქმით, მართალია, ამ [რუსული] კანონის მთავარი სამიზნე ობიექტი არასამთავრობო და მედია ორგანიზაციებია, თუმცა ის ყურადღების მიღმა არ ტოვებს არცერთ ჩვენგანს. ეს კანონი შეიძლება ყველას შეეხოს, მათ შორის კანონის ინიციატორებს, აგრეთვე საკონსტიტუციო სასამართლოში ამ საქმის განმხილველ მოსამართლეებსაც, რადგან მათი უმეტესობა სამეცნიერო საქმიანობას ეწევა და უცხოეთიდან დაფინანსებული პროექტებითაც სარგებლობს.

პარლამენტის 38 წევრის სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში თამარ კორძაიამ და ანა ნაცვლიშვილმა წარმოადგინეს.

თამარ კორძაიამ მიუთითა ევროპარლამენტის რეზოლუციაზე, სადაც პირდაპირ არის ხაზგასმული, რომ კანონპროექტი შეუთავსებელია ევროკავშირის ღირებულებებთან და დემოკრატიულ პრინციპებთან. ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ უნდა გაიხსნას მანამ, სანამ ეს ეს კანონი ქართული სამართლებრივი წესრიგის ნაწილი. მან აგრეთვე აღნიშნა, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ამ სიტუაციაში ერთადერთი ინსტრუმენტია ამ კანონიდან მომდინარე კატასტროფული რისკების თავიდან ასაცილებლად.

ანა ნაცვლიშვილმა კი განმარტა, რომ [რუსული] კანონი უცხოეთის აგენტად გამოცხადების წესებსა და პროცედურებს ადგენს, სწრაფად და მარტივად გამოაქვს სასჯელი ფაქტების, მტკიცებულებების და სასამართლოს გარეშე."

ონლაინ გამოცემების - "საინფორმაციო ცენტრების ქსელისა" და "სტუდია მონიტორის" სარჩელი საკონსტიტუციო სასამართლოში გელა მთივლიშვილმა წარმოადგინა.
მისი განცხადებით, კანონის დაუყოვნებლივი ამოქმედება საზოგადოებას ეჭვსა და უნდობლობას გაუჩენს მედიაორგანიზაციების მიმართ და საფრთხეს შეუქმნის მათ შეუფერხებელ საქმიანობას.

სამოქალაქო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელმა გიორგი დავითურმა რუსული კანონით განსაზღვრულ მასტიგმატიზირებელ ტერმინოლოგიაზე ისაუბრა:

„ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა საკონსტიტუციო სასამართლოს სამართალწარმოების სისტემა, რომელიც ძალიან კარგია აკადემიური და კვლევითი საქმიანობისთვის. რუსული კანონის არსებობის პირობებში ჩვენ ნებისმიერ ასეთ საქმიანობას ვარქმევთ უცხოური ინტერესებისთვის გაკეთებული საქმიანობის ქვეშ.“

საქართველოს პარლამენტის პოზიცია საკონსტიტუციო სასამართლოში ქრისტინე კუპრავამ წარმოადგინა.

პარლამენტის წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ 8 საათიანი განხილვების შემდეგ, ვერ მოისმინა ვერცერთი ხელშესახები არგუმენტი ამ კანონის არაკონსტიტუციურობის შესახებ.

მან აღნიშნა, რომ რუსული კანონი არ არის ნეგატიური შინაარსის მატარებელი, რადგან ამ კანონში პირდაპირ წერია, რომ ის მიზნად არ ისახავს უცხო ქვეყნის ინტერესების გამტარ ორგანიზიების საქმიანობის შეზღუდვა. პირიქით, ტერმინები, რომელიც ამ კანონშია გამოყენებული, კონსტიტუციური კანონმდებლობისთვისაც დამახასიათებელია.

პარლამენტის წარმომადგენელმა, ლევან ღავთაძემ შესავალ სიტყვაში [რუსული] კანონის თანმდევ ეფექტებზე ისაუბრა.

რეესტრი, რომელიც 120-ზე მეტი მოსარჩელე ორგანიზაციისთვის სტიგმის მთავარი წყაროა, პარლამენტის წარმომადგენლის მოსაზრებით, პირიქით, იცავს ორგანიზაციებს სტიგმისგან. მისი თქმით, თითოეული ტერმინი, რომელიც კანონშია გამოყენებული მხოლოდ ფაქტის კონსტატაციაა.

30 აგვისტოს განხილვა

იუსტიციის მინისტრის მოადგილე - ბექა ძამაშვილი არარელევანტურად მიიჩნევს გამოუსწორებელ ზიანსა და სტიგმაზე საუბარს, რადგან ჯერ-ჯერობით რეესტრში არცერთი ორგანიზაცია არ დარეგისტრირებულა.

ამის საპირისპიროდ, გუშინდელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ კანონი ამოქმედებამდეც აყენებდა სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებს რეპუტაციულ ზიანს, რადგან საქმიანობის მიუხედავად აწებებს მათ დამაზიანებელ ეფექტს. ამასთან, თუ კანონის მოქმედება სასამართლომ არ შეაჩერა, სტიგმატიზებასთან ერთად კიდევ უფრო მძიმე შედეგი (ორგანიზაციების დაჯარიმება და ლიკვიდაციაც) შეიძლება მივიღოთ.

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარეს დავით დევიძეს რუსული კანონით გათვალისწინებული ინფორმაციის (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) შენახვა-გავრცელების მიზანშეწონილობის დასასაბუთებლად უძრავი ქონების მესაკუთრის ვინაობის გასაჯაროების პარალელი მოჰყავს.

გასათვალისწინებელია, რომ მონაცემების შეგროვების და გასაჯაროების საკითხი ყოველთვის ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს, ინფორმაციის სენსიტიურობისა და გასაჯაროების მიზნების გათვალისწინებით.

რუსული კანონი იუსტიციის სამინისტროს ნებისმიერი სახის, მათ შორის განსაკუთრებულად სენსიტიური ინფორმაციის მოპოვების შესაძლებლობას ანიჭებს. ისეთი სენსიტიური ინფორმაცია, როგორიცაა ჯანმრთელობასთან, სქესობრივ ცხოვრებასთან და პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებული მონაცემები შეუძლებელია შევადაროთ მიწის მისამართსა და უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ სხვა ინფორმაციას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის შეკითხვა შეეხებოდა უცხოური ინტერესების გამტარ ორგანიზაციად რეგისტრაციის ვადებს. მან საჯარო რეესტრის თავმჯდომარეს კითხვით მიმართა, დაჯარიმდებოდა თუ არა ის ორგანიაზაცია, რომელიც ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადის გასვლის შემდეგ (3 სექტემბერი), სურვილს გამოთქვამდა რეესტრში რეგისტრაციაზე.

მოსამართლის საპასუხოდ, საჯარო რეესტრის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ თუ პირს კანონით განსაზღვრულ ვადაში რეგისტრაცია არ უფიქსირდება, მას კანონის დარღვევა დაუდგინდება, დაეკისრება ჯარიმა (25 000 ლარი) და მასზე გავრცელდება იძულებითი რეგისტრაციის წესი.

პარლამენტის წევრმა, ანა ნაცვლიშვილმა განაცხადა, რომ რუსული კანონით გათვალისწინებული რეგისტრაციის პროცესი არის რთული. მოქალაქეები რეკავენ, საათები იხარჯება სატელეფონო კონსულტაციებში, იუსტიციის სამინისტრომ ამდენი ინფორმაცია უნდა მოიძიოს და შეაგროვოს, მერე გადაამოწმოს, დამატებითი კითხვები დასვას და ა.შ. რა თქმა უნდა, არ არის გამორიცხული, რომ სამინისტროს კონკრეტული თანამშრომელი გასცდეს კანონით დადგენილ ფარგლებს, ამას კიდევ სამართლებრივი დავა მოჰყვება.

ამ მასშტაბის ინფორმაციის გამოთხოვა, რაც კანონითაა გათვალისწინებული, ცდება დეკლარირების ფარგლებს, ეს უკვე კონტროლია სახელმწიფოს მხრიდან.

იუსტიციის მინისტრის მოადგილე, ბექა ძამაშვილი აღნიშნავს, რომ სადავო კანონს არა თუ გამოუსწორებელი, არამედ საერთოდ არანაირი ზიანი არ მოაქვს არავისთვის. მას მაგალითად მოჰყავს „ეკო დიფენსის“ საქმე, რომლის ფარგლებშიც ევროპულმა სასამართლომ რუსეთში მოქმედი მსგავსი კანონი დაჩქარებულად არ განიხილა. შესაბამისად, მიიჩნევს, რომ არც საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა შეაჩეროს კანონის მოქმედება.
არასამთავრობო და მედია ორგანიზაციების წარმომადგენელი, ქეთევან ერემაძე კი აღნიშნავს, რომ რუსეთის საქმეზე დამდგარი შედეგი, პირიქით მიუთითებს სადავო ნორმების შეჩერების აუცილებლობაზე. „ევროპულმა სასამართლომ რომ 9 წელი მოანდომა რუსეთის საქმის განხილვას, ამიტომ არ არსებობს დღეს რუსეთში არცერთი დამოუკიდებელი არასამთავრობო და მედია ორგანიზაცია“.
ანა ნაცვლიშვილის შეკითხვა იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს ინფორმაციის გასაჯაროებაზე კონფლიქტის ზონებში მომუშავე უფლებადამცველი ორგანიზაციების წარმომადგენლების სახელით.

ეს ორგანიზაციები დახმარებას (ხშირად სასიცოცხლო მნიშვნელობის) უწევენ საზღვრისპირა რეგიონებში და ოკუპირებულ ტერიტორიებზე მყოფ ადამიანებს და მათი პოზიციით, მათი მუშაობა კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ სახელმწიფომ შეძლოს კონფლიქტის მშვიდობიანად მოგვარება და შერიგების გზით ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა. უფლებადამცველების ინფორმაციით, ამ საკითხებსა და ადამიანებზე ნებისმიერი ტიპის ინფორმაციის გასაჯაროება "მათ სიცოცხლეს პირდაპირ რისკს შეუქმნის და მათზე სულ მცირე ზეწოლას, დევნას და წამებას გამოიწვევს".

31 აგვისტოს განხილვა

საკონსტიტუციო სასამართლოში მოწვეულმა ენათმეცნიერმა, მარინა ბერიძემ, რუსულ კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობასა და კონოტაციებზე ისაუბრა. მისი თქმით, ლექსიკოგრაფიული და ტრადიციული მეთოდით დგინდება, რომ კანონში გამოყენებული საკვანძო ცნებები და ტერმინები ცალსახად ნეგატიური კონოტაციისაა.

„ტერმინი "უცხო ძალა" ჩვენს შემეცნებით საერთო ეროვნულ ბაზაში, სიტყვების ერთობლიობით, დაკავშირებულია უარყოფით აღქმებთან. ის უარყოფითი და შიშის მომგვრელი მნიშვნელობები კი, რაც ტერმინ "ძალას" აქვს შეემატა მის (უცხო ძალის ინტერესების) გამტარებელსაც. მეორე ფაქტორი, რის გამოც ასე ძალიან დამძიმდა კონტექსტი, არის ის რომ "გამტარებელი" ჩვენ ვაქციეთ "აგენტის" სინონიმად. „უცხო ძალა“ შემეცნებით ეროვნულ ბაზაში მეხუთე კოლონასა და ეშმაკთანაც არის გაიგივებული.“ - განმარტა მან.

შეგახსენებთ, რომ პარლამენტის წარმომადგენლები კანონში გამოყენებულ ტერმინებს ნეიტრალური შინაარსის მატარებელ სიტყვებად მოიხსენიებდნენ, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავა კი არც პოზიტიურ კონტექსტს გამორიცხავდა.

ქართული სამოქალაქო და მედიაორგანიზაციების წარმომადგენელმა , გიორგი დავითურმა კითხვით მიმართა ექსპერტ მანანა ბერიძეს: "ადამიანი, რომლისთვისაც ქართული ენა არის მშობლიური, შეხვდება მისთვის უცნობ ორგანიზაციას და იცის, რომ საქართველოში არსებობენ უცხოური ინტერესების გამტარი ორგანიზაციები. თქვენი შეფასებით, რა განცდა გაუჩნდება მას ამ ორგანიზაციაზე?"

საკონსტიტუციო სასამართლოში მოწვეულმა ექსპერტმა მარინა ბერიძემ, რუსულ კანონში გამოყენებული ტერმინების მნიშვნელობასა და კონოტაციებზე ისაუბრა.

მან აღნიშნა, რომ ეს სტიგმები არ არის მუდმივი კონკრეტული შესიტყვებების მიმართ, მაგრამ ამის ცვლილებას სჭირდება თაობები და წლები, ბევრი ტექსტის შექმნა და ამ შესიტყვებების მიმართ საზოგადოებაში სხვაგვარი ნდობის გაჩენა.

პარლამენტის წევრი, თამარ კორძაია განმარტავს მიზეზებს, რატომ არის აუცილებელი რუსული კანონის მოქმედების შეჩერება (და შემდეგ გაუქმება) არა მხოლოდ კონსტიტუციურ უფლებებთან, არამედ ევროატლანტიკური კურსის განმსაზღვრელ დებულებასთან (78-ე მუხლი) მიმართებით.

„ამ კანონის ცალკეული დებულებები შეუსაბამოა ბევრ კონსტიტუციურ უფლებასთან მიმართებით, თუმცა 78-ე მუხლი კონსტიტუციის ის დებულებაა, რომელსაც ამ კანონის სრული ტექსტი ეწინააღმდეგება. ევროკავშირის უცხო ძალად მონათვლა თავისთავად დამაზიანებელია საქართველოს ევროპული მომავლისთვის. მთელი კანონი არის წითელი ხაზი მოლაპარაკებების გახსნისთვის.

ერთი წლის წინ, საქართველოს პარლამენტმა რომ გაიწვია რუსული კანონი, ეს გახდა კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა. ევროკავშირმა ბოსნია და ჰერცოგოვინას გაწევრიანების მოლაპარაკებები ანალოგიური შინაარსის კანონის გაუქმების შემდეგ გაუხსნა. ეს ადასტურებს იმას, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესს აქვს მდგენელები“ - განმარტა მან.

---

საკონსტიტუციო სასამართლოში „რუსული კანონის“ განხილვების მეორე დღეს სასამართლოს წინაშე გამოიკითხნენ იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები. სამინისტროს მოსაზრებები ხშირ შემთხვევაში იყო მანიპულაციური და წინააღმდეგობრივი, რათა შექმნილიყო მოჩვენებითი სურათი, რომ კანონის დამაზიანებელი ეფექტი მცირეა და ეს ზიანი რამდენიმე თვის შემდეგ დადგება. სამინისტროს ამგვარი პოზიციონირების მიზანია, რომ საკონსტიტუციო სასამართლომ არ გამოიყენოს ნორმის შეჩერების დროებითი მექანიზმი, სანამ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილებას არ მიიღებს.

იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლები პროცესზე ამტკიცებდნენ, რომ სამოქალაქო ორგანიზაციებისთვის კანონის შედეგად დამაზიანებელი/რეპრესიული შედეგები მყისიერად არ დადგება და ამას დაჭირდება 1-დან 3 თვემდე. ნიშანდობლივია, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარე, მერაბ ტურავაც ცდილობდა, რომ მიწოდებული ინფორმაციის ინტერპრეტაცია იმგვარად გაეკეთებინა, რომ თითქოს კანონის უარყოფითი ზემოქმედება (ორგანიზაციების დაჯარიმება, ანგარიშებსა და ქონებაზე ყადაღის დადება, აღსრულების პროცედურები) ქართულ სამოქალაქო და მედია ორგანიზაციებზე ნებაყოფლობითი რეგისტრაციის ვადის ამოწურვიდან (2 სექტემბრიდან) 2-დან 4 თვემდე პერიოდში წარმოიშვება.

მსგავსი მსჯელობა არ გამომდინარეობს „რუსული კანონის“ ტექსტიდან და არც სხვა რელევანტური სამართლებრივი აქტებიდან. რაც მოგვიანებით, საჯარო რეესტრმაც დაადასტურა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლის კითხვის საპასუხოდ. კერძოდ, „რუსული კანონი“ იუსტიციის სამინისტროს პირდაპირ აღჭურავს შეუზღუდავი უფლებამოსილებით, რომ 2 სექტემბრიდან ნებისმიერ ორგანიზაციაში დაიწყოს მონიტორინგი, რომლის ფარგლებშიც უწყება სრულად მოიპოვებს და დაამუშავებს ორგანიზაციებზე და მათ საქმიანობაზე არსებულ ინფორმაციას, მათ შორის პერსონალურ მონაცემებს. ხოლო ამის შედეგად, გამოიყენოს დაჯარიმების მექანიზმი, რასაც თან სდევს ქონების დაყადაღება და იძულებითი აღსრულების პროცესი. ზოგადი წესით, იუსტიციის სამინისტროს საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად, ანუ ორგანიზაციების დასაჯარიმებლად, 1 თვიანი ვადა აქვს და მხოლოდ უწყების გადასაწყვეტია, ამ ვადას დამატებით 2 თვით გაახანგრძლივებს თუ არა. შესაბამისად, პოტენციურად სამოქალაქო და მედია ორგანიზაციები უკვე 3 სექტემბრიდან შეიძლება დაექვემდებარონ კანონის რეპრესიულ მექანიზმებს.

საკონსტიტუციო განხილვებისას, იუსტიციის სამინისტრო ერთი მხრივ ამტკიცებს, რომ „რუსული კანონი“ არ ვრცელდება მაგალითად ადვოკატსა და კლიენტს შორის ურთიერთობაზე. შესაბამისად, ორგანიზაციაში დაცული ისეთი მონაცემები, რომლებიც იურიდიული მომსახურების დეტალებს შეეხება, მონიტორინგის ქვეშ არ მოექცევა. მიუხედავად იმისა, რომ „რუსული კანონის“ ტექსტიდან ეს არ გამომდინარეობს, სამინისტრო მაინც ცდილობს, კანონის პოტენციური მავნე შედეგი ამგვარი ინტერპრეტაციით შეამსუბუქოს და არგუმენტად იშველიებს იმას, რომ „ადვოკატთა შესახებ“ კანონი ამგვარ გარანტიას იძლევა და ეს უკანასკნელი არის „სპეციალური ნორმა“.

სამინისტრო იგივე ლოგიკას არ ავრცელებს, მაგალითად, საბანკო მონაცემებზე და აქ უკვე აცხადებს, რომ მონიტორინგის ფარგლებში, სამინისტროს შეუზღუდავი წვდომა უნდა ჰქონდეს როგორც ორგანიზაციის, ისე მისი თანამშრომლების, ბენეფიციარების თუ სხვა დაკავშირებული პირების საბანკო მონაცემებზე. მათ შორის, ბანკისგან ინფორმაციის გამოთხოვის საშუალებით, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობით აღიარებულ საბანკო საიდუმლოების ცნებას. ამის არგუმენტად კი უწყების წარმომადგენლებს ის გარემოება მოჰყავთ, რომ „რუსული კანონი“ არის უფრო ახალი ნორმატიული აქტი და შესაბამისად, მას უპირატესობა უნდა მიენიჭოს მანამდე მოქმედ აქტებთან, მათ შორის „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონთან მიმართებით.

სამინისტროს წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მონიტორინგის შედეგად, უწყება „გაფილტრავს“ და მხოლოდ იმ მონაცემებს გაასაჯაროებს, რაც საჭიროა რეესტრის მიზნებისთვის და საზოგადოების ინფორმირებისთვის. საგულისხმოა, რომ სამინისტროს წარმომადგენლების ეს ინტერპრეტაციაც არის თვითნებური და „რუსული კანონი“ უწყებას არ აღჭურავს მონაცემთა ამგვარად გაფილტვრის უფლება-მოვალეობით. ასეც რომ იყოს, არსად, არც „რუსულ კანონში“ და მითუმეტეს არც რომელიმე სხვა სამართლებრივ აქტში არაა დაკონკრეტებული, რა კრიტერიუმებით, როგორი საფუძვლებით ხდება გადაწყვეტა, რა მონაცემი უნდა იყოს რეესტრში საჯაროდ გამოქვეყნებული და რა - არა.

რაც მთავარია, სამინისტრო ამგვარ ინტერპრეტაციას გვთავაზობს იმაში დასარწმუნებლად, რომ თითქოს ამ მონაცემთა ადრესატების ინტერესები, მათი პირადი ცხოვრების უფლება ამ გზით ეფექტიანად იქნება დაცული. რეალურად კი, ცალკეული მონაცემების (მაგალითად, პირის მიერ ამა თუ იმ სამედიცინო სერვისით სარგებლობა, სექსუალური/ოჯახური ძალადობის მსხვერპლობა და ა.შ) სამინისტროს ხელში ჩავარდნა უკვე არის ამ მონაცემთა სუბიექტების პირადი ცხოვრების უფლებაში უხეში ჩარევა.

სამინისტროს შემოთავაზებული პოზიცია კიდევ უფრო ანეკდოტურია ისეთ შემთხვევებზე, როცა ინფორმაცია ეხება კორუფციული დანაშაულის მხილებას. ავიღოთ შემთხვევა, როცა იუსტიციის სამინისტროში არსებულ კორუფციულ დანაშაულზე, ამავე უწყების სხვა თანამშრომელი მიაწვდის ინფორმაციას რომელიმე მედიას, ან კორუფციაზე მომუშავე ორგანიზაციას, როგორც მამხილებელი. ასეთ შემთხვევაზე სამინისტრო ამტკიცებს, რომ მამხილებლის თაობაზე მონაცემებზე წვდომა მას მაინც უნდა ჰქონდეს, ხოლო მამხილებლის დაცულობისთვის ისიც საკმარისია, რომ მისი მონაცემები საჯაროდ არ გამოქვეყნდება.

სასამართლოს მიმართ გაკეთებული განმარტებებისას, იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებმა განმარტეს, რომ რეგისტრაციის ვადის ამოწურვამდე 3 დღით ადრე, "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრში" რეგისტრაციაზე შესაბამის უწყებას 233-მა არაკომერციულმა ორგანიზაციამ მიმართა, თუმცა ამ დრომდე, არც ერთი მათგანი რეესტრში რეგისტრირებული არ არის.
"ქვეყანაში რეგისტრირებულია 31 233 არაკომერციული ორგანიზაცია [...] მათგან 564 ისეთი ორგანიზაციაა, რომელიც სახელმწიფოს მიერაა დაფუძნებული. 733-ში კი ფიგურირებს სპორტი"
იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენლებს არ გაუჟღერებიათ რამდენია ისეთი იურიდიული პირი, რომელიც რეგისტრაციას ექვემდებარება, თუმცა არა არაკომერციული, არამედ სხვა სამართლებრივი ფორმით, მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის პირად (შპს) ოპერირებს.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“