[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

რელიგიის თავისუფლება / სტატია

რუსთავის ეზოს სამლოცველოები: ქალაქის საჯარო სივრცეების საკრალიზაცია თუ დესაკრალიზაცია?!

 შესავალი

ყოფილ სოციალისტურ ქალაქში, ეზოს სამლოცველოების მოწყობა შეიძლება ითქვას, რომ მართლმადიდებლური ტაძრების მშენებლობის პარალელური პროცესია, რომელიც სამეზობლო თემის ინიციატივითა და ფინანსებით ხორციელდება. ეზოს სამლოცველოების მოწყობამ 2000-იანი[2] წლებიდან მასიური ხასიათი მიიღო და დღემდე გრძელდება. ისინი ერთი მეორესაგან განსხვავდებიან, როგორც ფორმითა და სახელდებით, ისე, დანიშნულებითაც, რომელსაც მათ მიაწერენ. მთავარი კითხვა ამ სამლოცველოებთან დაკავშირებით  სწორედ, მათ დანიშნულებასა და მიზნობრიობის ახსნას უკავშირდება, რატომ აწყობს სამეზობლო თემი სამლოცველოს ეზოების ტერიტორიაზე? რატომ და როგორ ახდენს სამეზობლო თემი ფინანსური რესურსების მობილიზებას მათ მოსაწყობად? ეზოს სამლოცველოების მოწყობით ხდება თუ არა საჯარო სივრცეების საკრალიზაცია თუ ამ ფორმით ვხვდებით სამლოცველო ადგილების ერთგვარ დესაკრალიზაციას? (Seranno 2010) ვხვდებით თუ არა ამ ფორმით საკრალურის დემოკრატიზაციას? (Giordan 2014) სივრცის განაწილებაზე მსჯელობისათვის შეიძლება გამოვიყენოთ ემილ დიურკემის კლასიკად ქცეული ოპოზიცია საკრალური და პროფანული, რომელიც თამარ დრაგაძემ საბჭოთა ეპოქაში რელიგიის დომესტიკაციის კონტექსტი განაზოგადა, როგორც რელიგიის ადგილმონაცვლეობის ფორმა. მებრძოლი ათეიზმის პირობებში რელიგიამ გარე, საჯარო სივრციდან პირად, საშინაო სივრცეში გადაინაცვლა. ამას მოჰყვა საკრალური ველის გაფართოვება, რაც საბჭოთა რეალობის თავისებურ პარადოქსადაც შეიძლება ჩაითვალოს. რაც შეეხება, პოსტ-სოციალისტურ პერიოდში რელიგიურობით გატაცებას  დრაგაძე მათ კომუნისტური კოლონიალური სტრუქტურებისგან განთავისუფლების მცდელობას უკავშირებს, ხოლო რელიგიურ პრაქტიკაზე არსებით გავლენას, მისი აზრით, ეროვნულობის გაგება ახდენს (Dragadze 2004).

სტატიაში წარმოდგენილი მოსაზრებები საველე ეთნოგრაფიულ კვლევას ეფუძნება, რომელიც 2020 წელის შემოდგომაზე ქალაქ რუსთავში ჩავატარე. ველზე  ჩაღრმავებული ინტერვიუს ფორმით 12 მთხრობელი გამოვკითხე. შერჩევის კრიტერიუმი კონკრეტულ სამლოცველოსთან  მათი კავშირი იყო, ეს იქნებოდა უშუალო მონაწილეობის მიღება მის მოწყობაში, თუ სამლოცველოსთან თანაცხოვრების შესაბამისი გამოცდილება. ინტერვიუებში გამოიკვეთა გარკვეული ტენდენციები, რაც პოსტ-სოციალისტური საჯარო სივრცის მოწყობის გაგებაში გვეხმარება და შესაბამისი დასკვნების გაკეთების შესაძლებლობას იძლევა. ასევე ეზოს სამლოცველოებზე დაკვირვების მეთოდით, შემექმნა შთაბეჭდილებები, რომლებიც არსებითად პასუხობენ იმ ნარატივებს, რომელიც სამეზობლო თემებში სამლოცველოების ირგვლივ ჩამოყალიბდა საზოგადოებრივი აზრის სახით და პირად საუბრებში არტიკულირდა. რაც შეეხება ქალაქის მერიასა და კონკრეტულად კი არქიტექტურის სამსახურს, რომელიც ქალაქის იერსახესა და საჯარო სივრცის ორგანიზებაზეა პასუხისმგებელი, აღნიშნული პროცესი მათ მიღმა და რიგ შემთხვევაში შეიძლება ითქვას, რომ მათ წინააღმდეგაც იყო მიმართული. ამ საკითხებზე საუბრისას ბუნებრივია მათი აზრიც იქნება წარმოდგენილი, რომელიც ამ ფენომენის მთლიანობაში  გასააზრებლად დაგვეხმარება.

უნდა აღინიშნოს რომ ეზოს სამლოცველოების შესახებ თითქმის არ გვხვდება ინფორმაცია სამეცნიერო დისკუსიის დონეზე. წარმოდგენილი სტატია იქნება მოკრძალებული მცდელობა აღნიშნული საკითხი საზოგადოებრივ და პოლიტიკური დისკურსების ჭრილში იქნას განხილული, რომელიც პოსტ-საბჭოთა სივრცეების რელიგიური თვალსაზრისით ორგანიზებას უკავშირდება. საინტერესო უნდა იყოს, თუ როგორი წვლილი შეიძლება შეიტანოს ეზოს სამლოცველოებმა დისკუსიაში, რომელიც პოსტ-სოციალისტური საჯარო სივრცეების გააზრებას ეხება. ამ საკითხებზე საგულისხმო სამეცნიერო მოსაზრებებს ავითარებენ მათიას პელკმანსი, სილვია სერანო, თამარა დრაგაძე და სხვა უცხოელი ავტორები, ასევე ქართველი მკვლევარები, როგორებიც არიან ქეთევან ხუციშვილი, სოფიო ზვიადაძე, ქეთევან გურჩიანი და სხვები. სტატიის პირველ ნაწილში საუბარი იქნება სამეზობლო თემის ორგანიზების ფორმებზე, რომელიც ეზოს სამლოცველოების მოწყობას გულისხმობს და  შეიძლება ითქვას, რომ სამოქალაქო მონაწილოებისა და აქტივიზმის ფორმებთან თავისებურ მსგავსებას ამჟღავნებს, რაც თვისებრივად ახალი და განსაკუთრებული მოვლენა შეიძლება იყოს რელიგიურობის კონტექსტში. იმის გათვალისწინებით, რომ სამლოცველო, მისი გახსნის შემდგომ, როდესაც მას მართმადიდებელი მოძღვარი აკურთხებს, რელიგიურ პრაქტიკისგან თითქმის დაცლილია. არის თუ არა აღნიშნული სულიერების გამოვლინება, რომელიც ცვლის საკრალურის საზღვრებს და მის გაგებას? საინტერესოა, რამდენად შეიძლება ვისაუბროთ სივრცის საკრალიზაციაზე და შემდგომ მის დესაკრალიზაციაზე?! სტატიის მომდევნო ნაწილში, საუბარი იქნება ეზოს სამლოცველოს ვიზუალურ მხარეზე, რაც სივრცის მარკირების ფორმასთან ერთად საზოგადოებისათვის განსხვავებული მნიშვნელობების ჩამოყალიბებას უკავშირდება. რელიგიის საჯარო სივრცეში გამოჩენით იქმნება ერთგვარი დისბალანსი სხვადასხვა რელიგიურ ჯგუფებს შორის, თუმცა მისი მოწყობის თავისებურებები და ერთგვარი ავტონომიურობა ოფიციალური ეკლესიისგან შესაძლოა მას ახალ და განსხვავებულ ფუნქციებს ანიჭებს. ეს ფუნქციები შეიძლება იყოს: ეზოს გამწვანება, რეკრეაცია, სისუფთავის დაცვა, ეზოს უსაფრთხო ტერიტორიად გადაქცევა, კრიმინალის განეიტრალება, ბავშვებისათვის დაცული ადგილის შექმნა, მოხუცებისათვის თავშესაქცევი საქმის გაჩენა და რაც მთავარია საერთო ზრუნვის ობიექტის ქონა, სამეზობლო თემის გაერთიანებისა და თვითორგანიზების მიზეზი. ასევე, ეზოს სამლოცველო, ცალკეული ადამიანებისათვის თავის გამოჩენის, საკუთარი შესაძლებლობების რეალიზების შესაძლებლობის საშუალებადაც შეიძლება განვიხილოთ. ამის მაგალითად შეიძლება გამოდგეს შემთხვევები, როცა სამლოცველოს მადლიერების ნიშნად, გარდაცვლილის საპატივსაცემოდ ან განსაკუთრებული მოლოდინისათვის აწყობენ. ამ უკანასკნელის შემთხვევასთან გვაქვს საქმე, ძველი რუსთავის ერთ-ერთი ქუჩის გადაკვეთაზე. ბ-ნმა ომარმა სამლოცველო ღვთისმშობლის სახელზე შვილიშვილის გამოჯანმრთელების მოლოდინითა და იმედით მოაწყო. მიუხედავად იმისა, რომ ცალკეული სამლოცველოს მოწყობის კონტექსტი და პრეისტორია განსხვავებულია, მათი ფუნქციონირება და მათ მიმართ მოლოდინები მეტნაკლებად მსგავსია. ამდენად რუსთავში ეზოს სამლოცველოებისათვის მიწერილი მახასიათებლების განხილვა ქალაქის ურბანულ კონტექსტში მოხდება, სადაც პოსტ-სოციალისტური რეალობა ახალი დროის გამოწვევებსა და მოთხოვნებს პასუხობს.

საგულისხმო საკითხია, თუ როგორ ხდება ცალკეული მსგავსი ადგილის სახელდება თავად მოსახლეობის მხრიდან. როდესაც ისინი ზოგადად საუბრობენ სხვა, იგივე ტიპის სალოცავებზე, მთხრობელები ძირითადად იხსენიებენ, როგორც ეზოს სამლოცველოებს, რომელშიც ერთიანდება ყველა მათგანი. შესაბამისად, სწორედ ამ სახელდებით მოვიხსენიებ ადგილს, რომელიც გაწყობილია რელიგიური ნიშნებით, როგორიცაა, ჯვარი, ხატი, სასანთლე და ტაძრის მაკეტი. ცალკეული სამლოცველო წარმოადგენს მარკირებულ ადგილს ეზოში, ან მიმდებარედ, რომელიც უმრავლეს შემთხვევაში გამოყოფილია სხვადასხვა ფორმის ღობით. რუსთაველები როცა მათი ეზოს სამლოცველოზე საუბრობენ, რამდენიმე სახელდებას იყენებენ, ასე მაგალითად, „უფლის სამლოცველო“, „ღვთისმშობლის წმინდა კედელი“, „უბნის სამლოცველო“, „ეკლესია“, „სამლოცველო კუთხე“, „ეზოს სამლოცველო“, „წმინდა გიორგის ეკლესია“, „წმინდა კუთხე“, „წმინდა ნიში“. ცალკეული მათგანი ამოდის, ეზოს სამლოცველოს რომელიმე მახასიათებელი ნიშნიდან, ეს იქნება ფორმა, თუ რომელიმე წმინდანისადმი მიკუთვნებულობა, რაც შეიძლება კონკრეტულ ადგილას რომელიმე ხატს ან მთლიანობაში სამლოცველოს შექმნის ისტორიას უკავშირდებოდეს. აღსანიშნავია, რომ რამდენიმე მათგანი ეკლესიის სახელითაც მოიხსენიება, რაც იმეორებს ოფიციალური მართლმადიდებლური ტაძრის დასახელებას. ასევე საგულისხმო ფაქტია, რომ რამდენიმე შემთხვევა გვაქვს, როცა ეზოს სამლოცველო, სრულფასოვან ტაძრად გადაკეთდა, სადაც მართლმადიდებლური წესით წირვა-ლოცვა აღევლინება. თუმცა მსგავსი შემთხვევა უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი, რომელიც ზოგადად ეზოს სამლოცველოებზე შეიძლება გავრცელდეს. ამგვარად, ეზოს სამლოცველოების მაგალითზე შევეცდები ვაჩვენო, ერთი მხრივ, მისი კავშირი მართმადიდებლურ ეკლესიასთან, მეორე მხრივ მისი ავტონომიური ბუნება, რომელსაც სამეზობლო თემი და საერთოა სარგებლობის სივრცის გამოყენება განაპირობებს.

სამეზობლო თემის ორგანიზება

ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელი, რაც შეიძლება ჰქონდეს ეზოს სამლოცველოებს, ესაა კონსენსუსი, უპირობო მხარდაჭერა იდეისა და მის განხორციელებაში სამეზობლოს მაქსიმალური ჩართულობა. ყველა მთხრობელი, გამონაკლისის გარეშე, აღნიშნავს, რომ სამეზობლოში ყველა თანახმა იყო მხარი დაეჭირა ინიციატივისათვის მოეწყოთ სამლოცველო და მეტიც, ამ პროცესში ყველა მათგანი იღებდა გარკვეული ფორმით მონაწილეობას. თორმეტი შემთხვევიდან არ ყოფილა, ფაქტი, რომ ვინმეს გაეპროტესტებინოს გადაწყვეტილება. მთხრობელების მხრიდან განსაკუთრებულად ესმევა ხაზი, მეზობლების სურვილსა და მცდელობას მონაწილეობა მიეღოთ სამლოცველოს მოწყობაში. კითხვაზე ვინ იღებდა მონაწილეობას, ამგვარ პასუხებს ვიღებდით:

„აშენებაში ყველა მონაწილეობდა, ძირითადად ახალგაზრდები ყველა იყო ჩართული. ზაზა დაუძახებდა ყოველ დილით, არავინ არ ამბობდა უარს. თანხები ეზომ შეკრიბა მაცხოვრებლებმა და ძველგაზრდები, ვისაც შეეძლო ყველა მონაწილეობდა“ (მზია, 2020)

„..ზოგი მშენებელი, ზოგი არქიტექტორი. ზოგს ცემენტის მოზელა შეეძლო, ზოგი ხატმწერი იყო და ხატები დაწერა და შეწირა იქ. ზოგს მასალა ქონდა, რომელსაც უანგაროდ გაიღებდა და ასე რა... ერთობლივი ძალებით აშენდა სამლოცველო“ (ანზორი, 2020)

მიუხედავად, იმისა, რომ ცალკეულ სამლოცველოს მოწყობაში, ხშირად კონკრეტული ადამიანები იღებენ მეტწილად ფინანსურ პასუხისმგებლობას, ჩართულობა სამეზობლოს მხრიდან მაინც განუხრელად მაღალი იყო. ხაზი ესმევა იმ მომენტს, რომ ყველა ცდილობდა საკუთარი წვლილი შეეტანა და მონაწილეობა მიეღო საერთო საქმეში. როგორც ქ-ნ მზია აღნიშნავს, ზაზამ, რომელიც  გამოვიდა ინიციატივით ეზოს პატარა სამლოცველო აეშენებინათ, „აიყოლია“ ახალგაზრდები და როგორც თავად აღნიშნავს, ყველა, მნიშვნელობა არ ჰქონდა ეროვნებას, ერთად მუშაობდნენ, სომეხი, აზერბაიჯანელი, ქართველი. აქ გასაკუთრებით მნიშვნელოვანი მომენტი ისაა, რომ როდესაც განსხვავებულ ეთნიკურ წარმომავლობას ესმევა ხაზი, უცილობლად იგულისხმება კონფესიური სხვაობაც.

თიკო იხსენებს სამლოცველოს მშენებლობის მომენტს, როცა იგი ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა. რაც მას ყველაზე კარგად დაამახსოვრდა სამლოცველოსთან დაკავშირებით, იყო ის, რომ ყველას უნდა რაღაცის გაკეთება, 

„ძალიან ბევრი ადამიანი იღებდა მონაწილეობას ყოველგვარი დავალების გარეშე. თავისი ინიციატივით, თითქოს ვალდებულები იყვნენ“ (თიკო, 2020).

სამეზობლო თემის წევრთა მონაწილეობა და ჩართულობა ეზოების სამლოცველოების მოწყობის საქმეში ქმნის პოსტ-საბჭოთა რუსთავისათვის თვისობრივად განსხვავებულ რეალობას, რომლის გააზრებაც მხოლოდ კონტექსტუალიზებით არის შესაძლებელი. თვითორგანიზება, რესურსების მობილიზება, შეთანხმებულად მოქმედება, საჯარო, საერთო სივრცის მოწყობაზე ზრუნვა საეკლესიო პირებისა და სახელმწიფო მოხელეების მონაწილეობის გარეშე, ახალი მოვლენაა და სამოქალაქო საზოგადოების ფორმირების პროცესში საკრალურის განსხვავებული ინტერპრეტაციის საშუალებას იძლევა. ამ შემთხვევებში საქმე გვაქვს კერძო ინიციატივებთან, რომელიც თემში მსჯელობის საგნად იქცევა და შეთანხმებულად მოქმედების დაგეგმვას უწყობს ხელს, მათ შორის რესურსების მობილიზების კუთხით. ღვთისმშობლის წმინდა კედლის მოწყობასთან დაკავშირებით, ლიკა საუბრობს, რომ იდეა მოსახლეობიდან წამოვიდა, თავი კი უჩამ მოაბა. ამ საქმეში, როგორც იგი აღნიშნავს ყველა მეზობელი მხარში ამოუდგა უჩას, ვის რითაც შეეძლო, იმით ცდილობდა მონაწილეობას. ამდენად ეზოს სამლოცველოები თანხმობისა და თანამშრომლობის შედეგია სამეზობლო თემის წევრებს შორის. მაკას თქმით კი, აბსოლუტურად ყველა მეზობელი თანახმა იყო, რომ არა სრული თანხმობა, ამას ისინი ვერ შეძლებდნენ. ყველა სამლოცველოსთვის საერთოა თანხმობა და ერთობლივი მოქმედება საზიარო სივრცის მოსაწყობად. ქ-ნ მზია კითხვაზე თუ რისთვისაა ეს სამლოცველო პასუხობს, რომ ჩვენი ერის სულიერი ამაღლებისთვის. იქვე დასძენს, რომ ეს ადრე ნაკლებად იყო. ამ აზრს აგრძელებს იმის გახსენებით, რომ აზერბაიჯანელი ბავშვებიც ანთებდნენ სანთლებს თავიდან და მერე „მიხვდნენ“ და აღარ იქცეოდნენ ასე. ეს კონკრეტული მომენტი საინტერესოდ პასუხობს ერთიანობის სულისკვეთებას, რომელიც საერთო სამლოცველოს მოწყობას უკავშირდება, სადაც რელიგიური ზღვარი თითქოს წაიშალა, თუნდაც დროებით მაინც.

კიდევ უფრო მკვეთრად სამოქალაქო მოძრაობის და მონაწილეობის მაგალითებს ვხვდებით სამი მთხრობელის ნარატივში, სადაც ადგილის სივრცეებისათვის ბრძოლის საინტერესო მაგალითებს ვხდებით. მაკა გვიყვება, რომ ადგილი, სადაც სამლოცველო მოაწყვეს, შეიძლებოდა სახელმწიფოს გაესხვისებინა და ინვესტორი მოსულიყო, რაც მათ ფიზიკურად შეზღუდავდა.

„იდეა იყო ის, რომ კერძო მესაკუთრე უნდა მოსულიყო ტერიტორიაზე, და რომ რაიმე უსახური შენობა არ ჩაედგათ, პატარა მიწის ნაკვეთი, სადაც საყვავილე მქონდა, უბრალოდ არ მინდოდა, რომ ასე დაკარგულიყო და ეს გზისპირა ადგილი, სადაც გამწვანების ზოლი იყო, მინდოდა რაღაცა თავშეყრის ადგილად ქცეულიყო. არ გამხდარიყო ვიღაცის საჯიჯგნი მიწა და ასე ვთქვათ ოფიციალურად დაკანონებული, წმინდა ადგილად დარჩენილიყო“ (მაკა 2020).

              ნათია გვიყვება ისტორიას, თუ როგორ მოხერხდა სამლოცველოს აშენება მათ ეზოში, სადაც კონკრეტული ადგილი უბრალოდ ნაგვით იყო დაფარული და ერთ-ერთ მაცხოვრებელს არაოფიციალურად ჰქონდა მითვისებული. იგი დაწვრილებით ყველა მეზობლების ერთობილი ძალისხმევის შესახებ, რომლებმაც არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართვით, ადგილი ნაგვისგან გაათავისუფლეს და შემდგომ მეზობელი დაარწმუნეს, რომ ამ ადგილს კერძო საკუთრებაში ვერ დაიმტკიცებდა და ჯობდა ამაში თავადაც ჩართულიყო. ამის შემდგომ მოხდა სამლოცველოს მოწყობა ეზოს ტერიტორიაზე. მოწყობაში ყველა ასაკისა და ინტერესების მქონე პირმა მიიღო მონაწილეობა. აქვე, ნათია გვიყვება მეზობლის შესახებ, რომელიც 70 წელს გადასცილდა და რომ მის ძირითად საქმიანობად სამლოცველოს მცენარეებზე ზრუნვა და ტერიტორიის გალამაზება იქცა, მაგალითად მან, თეთრი ქვებით გააფორმა სამლოცველოს ეზო, სადაც ახალ ნერგებს რგავს პერიოდულად.

გაგა საუბრობს იმაზე, რომ რუსთავში უბნის სამლოცველოების ძირითადი დატვირთვა ადგილის დაკავებაა, რადგან კორპუსების მიმდებარე ტერიტორიები იყიდება და რომ კორპუსის გვერდით კიდევ კორპუსი არ ააშენონ მოსახლეობა ასეთ გზას ირჩევს, აშენებს სამლოცველოს ან ეკლესიას, შეიძლება ჯვარიც დადგას. ამ შემთხვევაში ეს ადგილი ხელშეუხებელი ხდება, ვერავინ გაბედავს მათ დანგრევას.

ნოდარი ბავშვობის მოგონებიდან, რომელიც 2000-იან წლებს  ემთხვევა, იხსენებს როგორი რუხი ფერის იყოს რუსთავი და ერთადერთი ნათელი წერტილი, რომ გამწვანებული სამლოცველო იყო მისთვის:

„ყოველთვის ინტერესს იწვევდა ის გამწვანება და იმ გამწვანებაში ჩადგმული პატარა სალოცავი, რომელიც არის კორპუსის გვერდით მიდგმული. იქვე იყო ხოლმე წყლის ორი შადრევანი, ერთი ბავშვებისთვის და ერთი მოზრდილებისთვის. ხშირად მივდიოდი, რომ იქ წყალი დამელია“ (ნოდარი, 2020).

ნოდარის მიერ ნახსენები მწვანე სამლოცველო ერთ-ერთი პირველი იყო ქალაქში და თავისებურ ნიმუშადაც იქცა სხვებისათვის. ლალი იხსენებს, თუ როგორ მოდიოდნენ მათთან და სთხოვდნენ გამოცდილება გაეზიარებინათ. მისთვის საამაყოა, რომ სწორედ მათი სამლოცველო იყო პირველი რუსთავში და იქცა თავისებურ მოდელად ეზოს მოწყობისა, მით უფრო, რომ მათი სამლოცველო განსაკუთრებით გამოირჩევა სიმწვანითა და მცენარეთა მრავალფეროვნებით.

 ფაქტია, რომ სამლოცველოების მოწყობის საქმეში საგულისხმო ადგილი უჭირავს მიმბაძველობას. მიმბაძველობა ხდება საფუძველი იმის, რომ სამლოცველოები ერთმანეთთან ბმაში განვიხილოთ. რეალურად ესაა გამოცდილება, რომელიც ზიარდება საზოგადოებაში და თავისებურ მარკირების ფორმას წარმოადგენს. რუსთავის მოქალაქეთა თხრობაში, დიდი ადგილი უჭირავს ფაქტს, რომ სხვებმა მათ მსგავსად, ან მათ სხვების მსგავსად მოაწყვეს ეზოს სამლოცველო. მიმბაძველობა, არის ერთ-ერთი ყველაზე კარგად გამოკვეთილი მომენტი, რომელიც პრაქტიკულად ყველა მთხრობელის ნარატივში სხვადასხვა ფორმით ჩნდება.

„პოპულარული იყო რა... ერთმა გააკეთა და მერე ყველამ ეზომ გააკეთა“ (თიკო, 2020)

              ეზოს სამლოცველოები, რომ სამოქალაქო მოძრაობისა და თვითორგანიზების თავისებური პროცესია რუსთავში, ის ფაქტიც მიუთითებს თუ როგორი დამოკიდებულება აქვთ საჯარო სივრცის განკარგვასთან დაკავშირებით. კითხვაზე აიღეს თუ არა ნებართვა ეზოს სამლოცველოს მოსაწყობად, სხვადასხვა პასუხი მივიღეთ, ზოგს არ ახსოვდა ან არ იცოდა, ზოგმა მოძღვარი და მართმადიდებლური ეკლესია იგულისხმა, ვისგანაც უნდა მიეღოთ თანხმობა, ზოგს კი ზუსტად არ ახსოვდა ვისგან, მაგრამ იცოდა, რომ ჰქონდათ მსგავსი თანხმობა. ბუნებრივია, იგივე კითხვით ქალაქის არქიტექტურის სამსახურსაც მივმართეთ, სადაც გაირკვა, რომ არც ერთი სამლოცველოს მოწყობაზე არ არის შესაბამისი თანხმობა მათი სამსახურიდან გაცემული. ასევე გაირკვა, რომ მათ სამსახურს არც საკანონმდებლო და არც სხვა სახის ბერკეტი არ გააჩნიათ დაარეგულირონ ქალაქში მსგავსი სამშენებლო პროცესები. ასევე არც ერთი შემთხვევა არ ყოფილა, რომ მათთვის ვინმეს ამ საკითხში გასარკვევად მიემართოს. ბუნებრივია მათაც დავუსვით კითხვა, რას ფიქრობენ ამ ტიპის სამლოცველოების მოწყობასა და მათ ფუნქციაზე. მათ პირად საუბარში ორი მომენტი გამოყვეს, ესაა რელიგიურობის დემონსტრირება და მეორე ადგილის მოკავება, რომელიც ყველაზე ეფექტური და ხელშეუხებელი ფორმაა მიწის დაპატრონებისა და საერთო საკუთრებაში ფლობისთვის (რუსთავის მერიის არქიტექტურის სამსახური 2021).

ხილვადობა და სოციალიზაცია

ერთ-ერთი მთავარი ფუნქცია, რაც სამლოცველოს ასევე მიეწერება ესაა ბავშვების სოციალიზაცია და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ნარატივებში, რომელიც ყალიბდება ეზოს სამლოცველოების გარშემო, განსაკუთრებული ადგილი მომავალ თაობასა და მათზე ზრუნვას ეთმობა. მაკასთვის ეზოს ნაწილის დათმობა სამლოცველოსათვის ასევე გულისხმობს უსაფრთხო და დაცული ადგილის შექმნას. ის ბედნიერია, რომ მისი პატარა გოგონა, რომელიც ვერ დაჰყავს ტაძარში, რათა ხმაური არ გამოიწვიოს, აქ ეჩვევა მსგავს გარემოს, პირჯვარს იწერს. ასევე აღნიშნავს, რომ ხშირად ბავშვები, თავისი სურვილით, სარეველა ბალახისგან, ასუფთავებენ სამლოცველოს. ბავშვებზე ზრუნვისა და მათთვის კარგი მაგალითის მიცემის მოტივად მოაწყო ლაშამ სამლოცველო ძველი რუსთავის ერთ-ერთ ეზოში. მან მეზობლებთან ერთან დიდი რკინის ჯვარი დაამონტაჟა ეზოს ცენტრალურ ნაწილში, მეორე მეზობელმა კი სასანთლე დადგა. ახლა კი მის შემოღობვას განიხილავენ სამეზობლოში, რაც ფინანსურ საკითხს უკავშირდება. მათთან საუბრისას რამდენჯერმე მიმითითეს იქ მოთამაშე ბავშვებზე, რომელთათვისაც მოეწყო ეს სამლოცველო. თუმცა ბავშვები, ჩემს იქ ყოფნაში საერთოდ არ იმჩნევდნენ სამლოცველოს, ჩვეულებისამებრ თამაშობდნენ ზოგი ბურთით, ზოგი ბადმინტონით და ზოგიც მეზობლის მკვახე ალუჩას შეექცეოდა. ლაშამ და მისმა მეგობრებმა აღნიშნეს, მათ ძალიან ადარდებთ, მომავალი თაობა და მათი უსაფრთხოება. მათი თქმით ეს ჯვარი ამ ადგილს უფრო დაცულს ხდის და ის თუ როგორ იქცევიან უფროსები ამ ჯვრის წინაშე, მათთვის იქნება თავისებური მაგალითი და ერთგვარი სოციალიზაციის ფორმაც (ლაშა, 2021).

ანზორი სალოცავების მოწყობასთან დაკავშირებით იხსენებს, ერთი მისი მეგობრის ისტორიას, რომელიც ისეთ  უბანში ცხოვრობდა, სადაც კრიმინალი ძალიან მაღალი იყო და სწორედ მის წინააღდეგ გადაწყვიტა სალოცავის მოწყობა, რომელიც ერთი მხრივ მორალურ პასუხისმგებლობას გაზრდიდა მოქალაქეებში მისი მაღალი ხილვადობის გამო და მეორე მხრივ, განათებული სამლოცველო თავისებურ ფიზიკურ დაბრკოლებას შექმნიდა ქუჩაში კრიმინალური ელემენტისათვის. მას მიაჩნია, რომ სალოცავის / სიწმინდის ვიზუალური გამომსახველობა თავისებურ გავლენას ახდენს კრიმინალის პრევენციაზე (ანზორი, 2020).

ეკლესიასთან მიმართება

პოსტ-საბჭოთა პერიოდიდან მოყოლებული მართლმადიდებლურის ეკლესიის მცდელობას მოახდინოს საჯაროს სივრცეების მონოპოლიზება, სილვია სერანო განიხილავს როგორც ეროვნული სივრცის დესეკულარიზაციის პროცესს. ამ მოცემულობას სუსტად მაგრამ გარკვეული ფორმით წინააღმდეგობას უწევს სახელმწიფო აქტორები, როდესაც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს რელიგიურ შინაარს აცლიან და მას საერთო მოხმარების სივრცეებად აყალიბებენ. ამის მაგალითად სერანო განიხილავს რაბათის კომპლექსის მშენებლობას ახალციხეში, სადაც წარმოდგენილია, როგორც მეჩეთი, ისე წმინდა მარინეს ეკლესია, თუმცა რელიგიური ფორმით არც ერთი არ ფუნქციონირებს, ისინი მხოლოდ გარეგნული ნიშნებითა და მახასიათებლებით გვიყვებიან წარსული გამოცდილების შესახებ (სერანო, 2018). ის რომ რაბათის კომპლექსი პოლიტიკური პროექტი იყო და არა კულტურული, ის ფაქტიც მიუთითებს, რომ მისი აღდგენა და მშენებლობას მაშინდელმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა და მისმა უწყება ითავა და არა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ, რომელსაც ძეგლის აუთენტურობაზე და ისტორიულობის შენარჩუნებაზეც უნდა ეზრუნა. პროექტის მიზანი ნაციონალური სივრცის დესაკრალიზებით მრავალფეროვნების წახალისება და მისი როგორც ღირებულების წარმოჩენას უნდა ყოფილიყო. როგორც სერანო აღნიშნავს, იმის გამოც რომ დასრულებული პროექტის წარდგენა, ხელისუფლების ცვლილებას დაემთხვა დროში და რთული წარმოსადგენია, როგორ მოემსახურება რაბათის კომპლექსი სეკულარიზაცია / დესეკულარიზაციის ლოკალურ კონტექსტს, რომელიც საკრალურის დესაკრალიზაციით უნდა ტრანსფორმირდეს საზიარო სივრცედ.

იმისათვის, რომ ვიმსჯელოთ ეზოს სამლოცველოების საკრალურ ბუნებაზე, აუცილებელია მისი განხილვა მართლმადიდებლური ეკლესიის კონტექსტში. ყველაზე საგულისხმო მომენტი ეზოს სამლოცველოებისათვის, სწორედ მართლმადიდებლურ ეკლესიასთან მიმართების დადგენაა. მიუხედავად იმის, რომ ეზოს სამლოცველოს მოწყობაში აქცენტირებული და ხაზგასმულია რელიგიური მიკუთვნებულობა, და ამავე დროს თავისი არსით ეკლესიის მსგავსად შეხვედრის ადგილს წარმოადგენს, უნდა აღნიშნოს რომ რელიგიური პრაქტიკა მნიშვნელოვნად შეზღუდულია. აქ არ აღესრულება წირვა-ლოცვა, არც ტრადიციული და არც არატრადიციული ფორმით. ძირითადად ამ ადგილებში სანთლებს ანთებენ და გავლისას პირჯვარს იწერენ, რომელიც ინდივიდუალური შეხედულებებით რეგულირდება და სავალდებულო ხასიათი არ აქვს. ასევე საინტერესო საკითხია, რამდენად ერევა მართლმადიდებელი სამღვდელოება სალოცავების მოწყობასა და მათ შემდგომ ფუნქციონირებაში. მაკა იხსენებს, რომ მათ ჯერ ჯვარი დადგეს და შემგომ რჩევები ჰკითხეს მამაოს, თუ როგორ სჯობდა სალოცავის მოწყობა. მათმა მოძღვარმა რჩევები მისცა და გააფრთხილა კიდეც, რომ შესაწირი ყუთი, არავითარ შემთხვევაში არ დაედგათ, რადგან ადამიანები, რომლებიც აქ შესაწირს ჩაყრიდნენ, ჩათვლიდნენ, რომ ეკლესიაში წასვლა აღარ იქნებოდა საჭირო და ეკლესია დაკარგავდა ფუნქციას.

ადამიანმა არ ჩათვალოს, რომ მე იქ შესაწირი გადავიხადე, პირჯვარი გადავიწერე და წირვაზე რომ აღარ მოვიდეს ამას ნუ გავაკეთებთო და, რა თქმა უნდა, ჩვენ ეს გამზადებული ყუთი აღარ დავამონტაჟეთ.“ (მაკა, 2020)

ამ შემთხვევაში საინტერესოდ ვლინდება ის პოტენციალი, რომელიც შეიძლება ეზოს სამლოცველოებს გააჩნდეს, ესაა ოფიციალური ეკლესიისათვის კონკურენციის გაწევა, რომლის პრევენციასაც თავად სამღვდელო პირები ცდილობენ.

              ყველა მთხრობელს კარგად ახსოვს სალოცავის გახსნის დღე, როდესაც მღვდელმა აკურთხა სალოცავი, თუმცა მათი ჩართულობა სალოცავის ფუნქციონირებაში რეალურად ამით ამოიწურა. სალოცავი თავისებურ საზიარო სივრცედ ყალიბდება, სადაც თავს იყრის სამეზობლო თემი და მათთვის აქტუალურ საკითხებს განიხილავს. სალოცავი მიაჩნიათ, რომ ქმნის უსაფრთხო საჯარო სივრცე, რომელიც პასუხობს თემის ესთეტიკურ თუ სოციალურ მოთხოვნებს.

              ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და საგულისხმო ინტერპრეტაციას ვხდებით მთხრობელთან, რომელიც ბავშვობიდან აკვირდება პროცესს, რომელსაც იგი „რელიგიურობის ბუმს“ უწოდებს. ნოდარი ამბობს, რომ მიუხედავად იმისა, რომ რუსთავი ისტორიული ქალაქია, რეალურად ახალია და სულ რაღაც 70-80 წელს ითვლის.

„ეს ხალხი შეკრიბეს, მთიდან ჩამოიყვანეს. დაასახლეს აქ და მთა დაცალეს იმისთვის, რომ რუსთავი და ინდუსტრია განევითარებინათ. მთაში იმ ხალხს ჰქონდა თავისი ტრადიციები, რომელიც შერწყმული იყო ქრისტიანობასთან.“

როგორც მისი მონათხობიდან ჩანს, ნოდარი ეზოს სამლოცველოების მოწყობას საქართველოს აღმოსავლეთ მთიანეთის ჯვარ-ხატთა სალოცავების ტრადიციას უკავშირებს, რაც უდაოდ ყურადსაღები ფაქტია. ვფიქრობ ეზოს სალოცავების ინტერპრეტაციისათვის ძალიან მნიშვნელოვანი და საგულისხმო საკითხია, მთის ტრადიციების გადმოტანა ქალაქის ურბანულ გარემოში, რომელიც ფორმის თვალსაზრისით გარკვეულ საერთოს ნახულობს მთაში წარმოდგენილ სალოცავ ნიშებთან. მიუხედავად იმის, რომ აღნიშნული მოსაზრება განზოგადების ფართო შესაძლებლობას მოკლებულია,  მაინც შეიძლება იქცეს ამ მულტიფუნქციური ფენომენის გააზრების ნაწილი. ერთი მხრივ უდაოდ შეიძლება მისი დაკავშირება საბჭოთა ეპოქის შეზღუდვებთან და მეორე მხრივ სალოცავის სპეციფიურ ფორმებთან, რომელიც მთაში გვხვდება, როგორც კონკრეტული თემის მაინტეგრირებელი, სადაც სოციალური და რელიგიური ერთობა სწორედ აღნიშნული სალოცავის გარშემო კრისტალიზდება (ბარდაველიძე, კიკნაძე სურგულაძე, მინდაძე).

მიუხედავად იმისა, რომ რუსთავის ურბანულ სივრცეში მოწყობილი სამლოცველოები გარკვეულ ლეგიტიმაციას იღებენ მართლმადიდებლური ეკლესიიდან, მათი ცხოვრება განსხვავებულად და თავისებურად გრძელდება, მათი სოციალური გარემო ერთიანი სივრცითი განაწილების მთლიანობას ქმნის, რომელზედაც გავლენას ახდენს სიწმინდე, რომელიც წარმოდგენილია სალოცავის სახით, თუმცა საერთო სეკულარული სივრცეც თავისებურად მონაწილეობს ამ ადგილის აღქმასა და მისი დანიშნულების გააზრებაზე. ამგვარად, ვინაიდან ეზოს სამლოცველოები მთლიანობაში საერთო სივრცის ნაწილია, რომლითაც ყველა რელიგიისა და აღმსარებლობის ადამიანი სარგებლობს, შესაბამისად შეიძლება ითქვა, რომ ეს არის ერთი მხრივ საზოგადოებისათვის ერთგვარი კომპენსაცია იმის გამო, რომ საბჭოთა ეპოქაში რელიგია განდევნილი იყო საჯარო სივრციდან და მეორე მხრივ, ესაა რელიგიური ნიშნით სივრცის გარდაქმნა, რომლითაც საზოგადოება ქმნის მას სახელმწიფო ინსტიტუციებისგან დამოუკიდებლად და რიგ შემთხვევაში მის წინააღმდეგაც. ვინაიდან ეკლესია გააჩნია ლეგიტიმაციის ძალა, ეს ძალა შეიძლება გამოიყენოს არამხოლოდ მთავრობამ და ხელისუფლებამ, არამედ ხალხმაც. ხალხი, სამეზობლო თემი იკავებს ადგილს, რომელიც, შეიძლება გაასხვისოს მთავრობამ და მას საერთო მიზნებისათვის იყენებს, ხშირ შემთხვევაში რეკრეაციული სივრცის მოწყობის ფორმითაც.

მთლიანობაში დასკვნის სახით შეიძლება ითქვას, რომ რუსთავში წარმოდგენილი ეზოს სამლოცველოები, რომელიც მართლმადიდებლური ეკლესიის მრწამსში თავსდება, შესაბამისი რელიგიური მახასიათებლებით, ფართო საზოგადოებრივ ინტერესს პასუხობს. ეზოებში წარმოდგენილი სამლოცველოები არსებითად სცდება მათზე მიწერილ რელიგიურ, საკრალურ დანიშნულებას. განსაკუთრებით საგულისხმო ფაქტია, რომ ცალკეულის მოწყობაში მონაწილეობას სრულიად სამეზობლო თემი იღებს და ეს ფაქტი არ გამხდარა განსხვავებული რელიგიური პირების მხრიდან პროტესტის საგანი. აღსანიშნავია, რომ სამლოცველოები, როგორც მთხრობელებისგან გამოიკვეთა ადგილის, ტერიტორიის მოკავების მიზნითაც ეწყობა, რათა სახელმწიფომ არ გაასხვისოს მათი ეზოს ნაწილი და იქ არ ჩაიდგას რაიმე „უსახური“ შენობა. ასევე მიაჩნიათ, რომ აღნიშნული სამლოცველოები მოემსახურება მათი ეზოების უსაფრთხოებას. გარდა ამისა, ეზოს სამლოცველოები გამწვანებული და მოვლილი ადგილებია, სადაც ბავშვები და ასაკოვანი ადამიანები დღის მნიშვნელოვან ნაწილს უსაფრთხოდ ატარებენ. მთხრობელთა ნაწილის აზრით სამლოცველოების მოვლით უამრავმა მოხუცმა იპოვა საქმე და ამ ფორმით საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებაც მოახდინა. აღსანიშნავია, რომ სამლოცველოების ადგილი დაცლილია გაწერილი, კონკრეტული რელიგიური პრაქტიკისგან. ამგვარად ეზოს სამლოცველოები პოლიფუნქციური ხასიათისაა და ისინი პასუხობენ საზოგადოების არამხოლოდ რელიგიურ მოთხოვნებს, არამედ მათ სოციალურ საჭიროებებსაც და რაც ყველაზე მთავრია, სამეზობლო თემის თვითორგანიზების შესაძლებლობად იქცა. ამის გათვალისწინებით შეიძლება დავასკვნათ, რომ ეზოს სამლოცველო ამ ფორმით, ერთი მხრივ აფართოებს საკრალური სივრცის გაგებას, თუმცა მეორე მხრივ ხდება თავად სალოცავის თავისებური დესაკრალიზაცია. ვინაიდან იგი თავისებურ ავტონომიას ინარჩუნებს ოფიციალური ეკლესიისგან და კულტმსახურება არ აღესრულება ტრადიციული ფორმით. ამდენად ეზოს სამლოცველოები ზიარდება სამეზობლოებსა და ქალაქში, სადაც სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ და ერთიან საარსებო სივრცეს ქმნიან.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

დამოწმებანი:

Berger L. Peter. (2014), The Many Altars of Modernity: Toward a Paradigm for Religion in a Pluralist Age, publisher: De Gruyter

Casanova Jose. (2013), Religious Associations, Religious Innovations and Denominational Identities in Contemporary Global Cities, Topographis of Faih: Religion in Urban Space, BRILL, Leiden – Boston

file:///C:/Users/user/Downloads/%E1%83%

Helmuth B., Schwenk J., Steets S., (2018), “Introduction: Filling the Void? – Religious Pluralism and the City. “Religious Pluralism and the City: Inquires into Postsecular Urbanism. Ed Helmuth B., Schwenk J., Steets S. London: Bloomsbury Academic

Kim Knott, Volkhard & Brigit Meyer (2016) Iconic Religion in Urban Space, Material Religion, 12:2, 123-136, DOI: 10.1080/17432200.2016.1172759

Pelkmans, Mathijs (2014) Paradoxes of religious freedom and repression in (post-)Soviet contexts. Journal of Law and Religion, 29 (03). pp. 436-446. ISSN 0748-0814

Serrano, S. (2018) Sharing the Not-SacredRabati and Displays of Multiculturalism in Tsypylma Darieva, Florian Mühlfried & Kevin Tuite (ed) Sacred Places, Emerging Spaces Religious Pluralism in the Post-Soviet Caucasus (berghahn New York Oxford)

Serrano, S., (2010) De-secularizing national space in Georgia. Identity studies in the Caucasus and the Black Sea Region, 2, pp.5-20. ⟨hal-01533778⟩

Dragadze, T. (1993) “Domestication of Religion under Soviet Communism” in Hann, C.M. (ed) Socialism: Ideals, Ideologies, and Local Practice (London, Routledge)

Verkaaik, Oskar, ed. (2013), Religious Architecture: Anthropological Perspectives. Amsterdam: Amsterdam University Press

ეკლესია რუსთავში. რუსთავის, ქვემო ქართლი, საქართველო: tv 4.

კობახიძე, ვ. (1973), „ძმობის ქალაქი“, გაზეთი.  სამშობლო, January 1973, p. 2.

ლომთათიაძე გ. (1975), ეპიზოდები საქართველოს ისტორიიდან, („ვახტანგ გორგასალი უჯარმაში“ და „რუსთავის შავი ორშაბათი“),  ჟურნალი. მნათობი, №1, 1975.

მერკვილაძე ზ. (1967), „მეგობრობის ქალაქი“ , გაზეთი „კომუნისტი“, 7 October 1967, p. 3.

მოსიაშვილი გ., სანაია. გ. (2018, ნოემერი 13). 29 წელი დაარსებიდა - პირველი

მუმლაძე კ., (1991), “ჩვენთან არს ღმერთი”, თბილისი, მერანი

სამოქალაქო აქტივიზმის მნიშვნელობა საქართველოს სტუდენტებისათვის (კვლევის ანგარიში)

ქამუშაძე 2020: ქამუშაძე თ., ინტერვიუ 22 წლის გოგო რუსთავიდან, 23 ივნისი ჩანაწერი.

ქამუშაძე 2020: ქამუშაძე თ., ინტერვიუ 29 წლის  მამაკაცთან რუსთავიდან, 17 ოქტომბერი, 2019, ჩანაწერი.

ქამუშაძე 2020: ქამუშაძე თ., ინტერვიუ 55 წლის  მამაკაცთან თბილისიდან, 22 იანვარი, 2021, ჩანაწერი.

ქამუშაძე 2020: ქამუშაძე თ., ინტერვიუ ქალაქის არქიტექტორთან, 13 აპრილი, 2021, ჩანაწერი.

ქამუშაძე თ., (2014) რუსთავის სოციალისტური რეპრეზენტაცია და ნაციონალური ნარატივები, კრებულში, „ისტორიული რეპრეანტაცია: თეორიული მიმართულებანი და კონკრეტული კვლევები“ მასალები, გვ. 247-260, თბილისი, თსუ გამომცემლობა

ქამუშაძე, თ. (2017), ორმოცი ძმის ქალაქი იდენტობის ძიებაში, ანთროპოლოგიური კვლევანი, გვ. 171-194, თბილისი

ღვაბერია ო. (1972), „მშვიდობის და მეგობრობის ქალაქი“ , გაზეთი. „სოციალისტური რუსთავი “, 10 ნოემბერი 1972, p. 2.

ჭილაშვილი ლ., (1958), ქალაქი რუსთავი. ისტორიულ- არქეოლოგიური ნარკვევი, ისტორიისა და არქეოლოგიის ინსტიტუტის სადისერტაციო ნაშორმი

ხუციშვილი, ქ. (2004), რელიგიური სიტუაციის ცვლილება და უსაფრთხოების პრობლემა თანამედროვე საქართველოში, გამომცემლობა მემატიანე, თბილისი

[1] კვლევა მომზადდა შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდის მხარდაჭერით, გრანტის N YS-19-521

[2] ზუსტი თარიღის დადეგნა თუ კონკრეტულად, რომელ წელს მოეწყო ეზოს პირველი სამლოცველო, თითქმის შეუძლებელია, თუმცა ვინაიდან ყველა მთხრობელისგან ვცდილობდი ქრონოლიგიური ჭრილის დადგენას, გაირკვა, რომ ყველაზე აქტიურად ეს პროცესი 2000-იანი წლებიდან დაიწყო.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“