საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2019 წელს, წერილში, რომელიც სოციალური სამართლიანობის ცენტრის პლატფორმაზე გამოქვეყნდა, ქართულ სწორხაზოვან ევროცენტრიზმს ვაკრიტიკებდი: „საღი აზრით“ მართლდება ევროცენტრიზმი და ქართული ელიტის მლიქვნელობა ევროპისადმი. ცხადად საღდება ის, რომ ევროპა რაციონალურია, (მრავალი) აღმოსავლეთები – არარაციონალური; ევროპა უნივერსალურია, აღმოსავლეთები – სპეციფიკური; ევროპა ობიექტურია, აღმოსავლეთები – სუბიექტური; ევროპა გონივრულია, აღმოსავლეთები – ემოციური. ასეთი ხედვა იმას ამხელს, რომ ევროცენტრიზმი და ორიენტალიზმი ერთი მონეტის ორი მხარეა“.[1]
ამ აღწერაში ჩემთვის აღმოსავლეთი არ იგივდებოდა რუსეთთან, რომელსაც ყირიმი უკვე მიტაცებული ჰქონდა, არამედ უფრო იმ რასობრივად სხვა ფერის და რელიგიის „ორიენტთან“, რომელსაც წარმოსახვითად აწარმოებდა თავად „ოქსიდენტი“, მათ შორის, რუსეთი, საკუთარი განსხვავების ჩამოსაყალიბებლად. ამას ისიც ადასტურებს, რომ მაშინვე მქონდა ეჭვი, რომ „ქართული ელიტისთვის ევროპის კლუბში ერთ-ერთი ყველაზე მიმზიდველი სწორედ მასთან, როგორც სითეთრესთან, ასოცირება, მის აღმატებულობასთან მიკუთვნება, სითეთრეში შეშვება/შეძრომაა“. რუსეთთან მიმართებით ეს ელემენტი ნაკლებად რელევანტური მეგონა და დღემდე მგონია, რადგან რუსეთიც სითეთრეს მიეკუთნება ქართულ წარმოდგენაში. ისევე როგორც გერმანია ბრიტანულ წარმოდგენაში მეორე მსოფლიო ომის დროს. მაგალითად, იაპონიისგან განსხვავებით, რომელიც მისი ორიენტალობით გამოირჩეოდა.
აღმოსავლეთის და დასავლეთის დაპირისპირების დიქოტომიური ხედვის ალტერნატივის შემოთავაზებას სიმრავლის იდეით შევეცადე. „პასუხი, სიმრავლეა. სიმრავლეს მრავალი სახელი აქვს: კოსმოპოლიტიზმი, ჰიბრიდულობა, ჰეტეროგენულობა, აჯაფსანდალი, ანუ სიმრავლე, რომელიც ვერ იქნება მიკუთვნებული და განსაზღვრული, როგორც მხოლოდ ევროპული, რადგან სიმრავლე გამორიცხავს ტოტალურ, ერთგვაროვან მიკუთვნებებსაც და დიქოტომიურ წყობებსაც. ეს ქართული სიმრავლე, პირველ რიგში, კულტურულია. მაგრამ სწორედ ეს კულტურული პარადიგმა შეგვიძლია აღვიქვათ, როგორც პოლიტიკური ძალა... ეს იმიტომ, რომ სიმრავლე, კულტურული ჰიბრიდაცია, აჯაფსანდალი, ფუძეშივე ანტიჰეგემონიურია და არ ექვემდებარება დაპყრობას. დაპყრობისთვის იმპერიას სწორედ მარტივი დაპირისპირებული კატეგორიები სჭირდება. ქართული სიმრავლეც ეწინააღმდეგება როგორც იმპერიულ პროექტებს, ასევე, ადგილობრივ ღატაკ, ესენციურ ნაციონალიზმს“.
ამ ალტერნატივის უპირატესობაში დღემდე დარწმუნებული ვარ, მაგრამ ილუზია იმის შესახებ, რომ ჩვენივე ნებით, საქართველოს მთავრობის ხელით, რუსულ წყობაზე გადასვლა ამ ჰიბრიდულობას არ მოსპობს და ესენციური ღატაკი ნაციონალიზმის ამარა არ დაგვტოვებს, აბსურდია. შეუძლებელია ჰიბრიდულობის ანტიიმპერიული პოტენციალის აქტუალიზება, თუ ერთფეროვან, ხალხისგან დაცლილ კაზინოდ და ფულის მრეცხავ კანტორად გადაქცევას გაიძულებენ ავტორიტარული ძალადობის მუქარით. განსაკუთრებით, როდესაც ევროპას, (არა ლე პენის, და ორბანის, ანუ პუტინის ევროპას) არამედ მის დიდ უმეტესობას, შენი ჰიბრიდულობა სულაც არ უშლის ხელს, არამედ პირიქით საკუთარი ჰიბრიდულობის სარკედ მოევლინება.
ახლა კი მთავარზე. ნაწილი იმისა, რასაც ვწერდი და ვფიქრობდი 5 წლის წინ, პირდაპირ უარსაყოფია. ვცდილობდი, რუსეთის საფრთხეზე თვალი არ დამეხუჭა და თან, ეს საფრთხე მომექცია ჩემივე არგუმენტის ფარგლებში. „კრიტიკოსი მეტყვის, რომ უმთავრესი მავიწყდება:... რუსეთი და მისი საფრთხე. ანუ უამრავი ჭკვიანი ადამიანი, რომელიც „საქართველო ევროპაას“ გაიძახის, არ არის რასისტი, ან ისლამოფობი, ან ორიენტალისტი. მეტიც, ამ ხალხს მშვენივრად ესმის საქართველოს მრავალფეროვანი კულტურაც და ისტორიაც, უბრალოდ, ჩვენს კონკრეტულ ისტორიულ კონტექსტში მათ აქვთ გარკვეული პოლიტიკური მიზნები, რომელთა მიღწევაც მათთვის ქვეყნის ეგზისტენციალურ საფრთხეს უკავშირდება და, შესაბამისად, მზად არიან, ამ პოლიტიკური მიზნების მისაღწევად კონცეპტუალურად გაამარტივონ საქართველოს აღქმა, საქართველოს რეპრეზენტაცია. ეს ყველაფერი მართლაც ასე რომ იყოს, საქმე ისაა, რომ ნებისმიერი პოლიტიკური მიზნისთვის საქართველოს რედუცირება (მხოლოდ) ევროპამდე, იმდენად აღატაკებს საქართველოს, რომ, ირონიულად, მას ისევ ეგზისტენციალური საფრთხის ქვეშ აყენებს“, - აი ეს არის აზრი, რომელიც უარყოფის ობიექტია.
დღეს, როდესაც საქართველოს „ორბანიზაციის“ შემსრულებელმა ქართულმა ოცნებამ სრულად ჩამოიხსნა ნიღაბი და ქვეყანა დასავლეთს დაუპირისპირდა რუსული მიმართულების სასარგებლოდ, რთულია არ გადაიაზრო ეგზისტენციალური საფრთხეების მნიშვნელობა. მე ვცდებოდი ორი საფრთხის ერთმანეთთან გაიგივებაში. ანუ, რუსეთის იმპერიალიზმის და საქართველოს მხოლოდ ევროპად წარმოჩენის გაიგივებაში. დიახ, ესენციური პოლიტიკა, ანუ საქართველოს მხოლოდ ევროპამდე დაყვანა, ძარცვავს ქართულ კულტურას, ისტორიას, იდენტობას, და საბოლოოდ პოლიტიკასაც. და დიახ, ქართული ძალა მის სიმრავლეშია. ეს დღესაც მართალია, მაგრამ ამ სიმართლის მიუხედავად დღეს აღარ არის უპირატესი აზრი, რომ ქვეყანას შეიძლება ჰქონდეს გარკვეული პოლიტიკური მიზნები, მაგრამ პოლიტიკამ არ უნდა დაამარცხოს სიმართლე.
აღმოსავლეთისა და დასავლეთის დიქოტომიასთან დაპირისპირებისას, თითქოს მარტივად ლაგდება პოზიცია, რომ საქართველო არ არის წმინდად ევროპა. ევროპა არ არის წმინდად კარგი, და აღმოსავლეთი არ არის წმინდად ველური. მაგრამ თუ ამის საპირისპირო პოზიცია ის არის, რომ საქართველო რუსეთია, ეს კიდევ უფრო კატასტროფული სიბრმავეა და სიმართლის უგულებელყოფა. საქართველო არ არის რუსეთი, და რადგან დღეს ამ აზრს განსაკუთრებული გამტკიცება ესაჭიროება, მაშინ, სანამ ეს საჭიროება არსებობს, მეც, როგორც ყველას, მევალება რუსეთისკენ მიმართული რეჟიმის განიარაღება. ჩვენ გვევალება არ დავუტოვოთ რუსული ოცნების ქართულ რეჟიმს არცერთი იდეოლოგიური კუნჭული, რომელსაც ის შეეფარება პრო-რუსული პოლიტიკის გასამყარებლად, თუნდაც ისეთი სივრცე იყოს, რომლის ჭეშმარიტებაში ეჭვი არ გვეპარება.
მე დღემდე მწამს ჰიბრიდულობის ძალის, უნიკალური ძალის, რომელიც ფუძეში სწორედ ანტიიმპერიულია. საქართველო მხოლოდ ევროპა არ არის, მაგრამ ამ სიმართლეს დღეს ბოროტად იყენებენ, სწორედ რუსული იმპერიალიზმის სამსახურში, ჩემი სამშობლოს გასასხვისებლად. თანაც ამ ბოროტების აღმსრულებელი მთავრობა საქართველოს ევროპულისგან იმდენად განსხვავებულად წარმოიდგენს, ევროპასთან დაპირისპირების გასამართლებლად, რომ ისევ მავნე დიქოტომიას ამტკიცებს.
მამარდაშვილი ამბობდა, რომ ჭეშმარიტება სამშობლოზე მაღლა დგას, და ეს შესაძლოა მართალიც არის, მაგრამ სასწორზე ამ ორი კონცეპტის დაპირისპირებისას, მგონია, რომ ერთ განსხვავებას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს: ჭეშმარიტება უკვდავია და სამშობლო არა. შესაბამისად, მოდის ისტორიული მომენტები, კონტექსტები, როდესაც სამშობლო უპირატესი უნდა იყოს ჩვენს დამოკიდებულებაში.
გვრჩება სამი შესაძლო გზა:
1. საუკეთესო შემთხვევაში ჭეშმარიტებას სამშობლოს სამსახურში ვაყენებთ.
2. უარეს შემთხვევაში, ჭეშმარიტებას საფრთხის კონტექსტიდან გამომდინარე დროებით ვაჩუმებთ, რადგან ვიცით, რომ საფრთხის ჩავლის შემდეგ დაგვრჩება სივრცე, რომელშიც ჭეშმარიტებას დავუბრუნდებით. ამ გზაზე, დროებითობა გადამწყვეტია და მისი გავლა მანამდეა აუცილებელი, სანამ არ მოვიფიქრებთ, როგორ დავუბრუნდეთ პირველ გზას, ჭეშმარიტების სამშობლოს სამსახურში ჩაყენებას.
უკვე ბევრგან თქმულა, რომ ახლა კოლონიალიზმზე, პოსტკოლონიალიზმზე, დეკოლონიალიზმზე, გლობალურ სამხრეთსა და, ზოგადად, ევროპულ ნაკლოვანებებზე საუბრის დრო არ არის საქართველოსთვის. ეს აუცილებლად დროებითია. უნდა გვახსოვდეს, რომ არიან ისინი, ვისაც პოსტკოლონიური აზროვნების მუდმივი ჩახშობა სურთ, კაპიტალისტური ნეოლიბერალიზმის სასარგებლოდ. რომელსაც, მათ შორის, წარმოადგენენ დღეს რუსეთი და ჩინეთი. არადა ამ საზარელ ისტორიულ მომენტში სწორედ კაპიტალის თაყვანისცემამ მოგვაგრიხინა.
სინამდვილეში, როგორც აუცილებელია ქართული უნიკალური კონტექსტის აღქმა, ისევე აუცილებელია საქართველოს პოზიციის გლობალურ კონტექსტში გააზრება და განსაკუთრებით ჩაგრულთა თანაგრძნობის განცდა, როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. და ამ ორივე მიმართულებით პოსტკოლონიური კრიტიკა განსაკუთრებით ძვირფასი სააზროვნო აპარატია. ამ აპარატის გამოყენება საბოლოო ჯამში მხოლოდ დემოკრატიულ სივრცეშია შესაძლებელი. ამიტომ არის, რომ სწორედ დასავლეთში გვხვდება დასავლეთის მრავალფეროვანი კრიტიკა. ტოტალიტარულ, ოლიგარქიულ სივრცეში ყველანაირ კრიტიკულ აპარატს საბოლოოდ ჩახშობა, ან მარიონეტულ პროპაგანდად ქცევა უწერია.
3. ყველაზე ცუდ შემთხვევაში ჭეშმარიტება გაიდაიქცევა ბოროტების, ირონიულად სიცრუის, იარაღად, რომელიც სამშობლოს წინააღმდეგ არის მიმართული, ისევე როგორც ძალაუფლების რიტორიკა მშვიდობაზე, სუვერენიტეტსა და ღირსებაზე გამოიყენება დღეს ევროინტეგრაციის წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევაში ვერც ჭეშმარიტება ხეირობს და ვერც სამშობლო, ქრება არათუ ცრუმორწმუნე ავტორიტარულ რეჟიმთან დაპირისპირების და კრიტიკის შესაძლებლობა, არამედ თავად აზროვნების სივრცე. ასეთი სივრცეა დღეს რუსეთი, და ჩვენი საერთო ძალისხმევით არ უნდა დავუშვათ საქართველოს ამგვარ სივრცედ გადაქცევა.
ინსტრუქცია