[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / თვალსაზრისი

როგორ მიმდინარეობს მუსლიმი მესხების დაბრუნება ისტორიულ სამშობლოში

ნასტასია არაბული 

IMG_6234

WIS.Ge

მუსლიმი ახალციხეში ცხოვრობს. ქალაქში შესვლამდე, ხელმარჯვნივ, ერთი პატარა დასახლებაა და იქ აქვს ტრადიციული სახლი, მოვლილი ეზო, ფერად-ფერადი ყვავილები, საოჯახო მეურნეობით და შინაური ცხოველებით. მუსლიმი წლების წინ ჩამოვიდა საქართველოში, 8 წლის წინ მოქალაქეობა მიიღო და როგორც თავად ამბობს, ახალ გარემოსთან და მეზობლებთან ინტეგრაციის პროცესიც მარტივად, უმტკივნეულოდ გაიარა. საუბრის დასაწყისშივე გვიყვება ამბავს, როგორ გაიტანა მისი ერთ-ერთი ძროხა მანქანამ და მეზობლებმა, ზარალი შესამსუბუქებლად, როგორ იყიდეს იმავე საღამოს საქონლის ხორცი მისგან. ამბიდან ცოტა ხანში, სხვა მეზობლის ძროხასაც დაეჯახა მანქანა, მაგრამ მისგან ხორცი არავის უყიდია, როგორც ჩანს, ჩემზე ნაკლებად უყვართ მეზობლებსო, ხუმრობს.

ზოგადად, მუსლიმის ნარატივს ინფანტილიზმი არ აკლია. თავის ზრდასრულ ვაჟზე საუბრისას, რომელიც საქართველოს მოქალაქეობას უკვე წლებია უშედეგოდ ელოდება, ამბობს, რომ სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ქცევა “არაკაცურია”.

მუსლიმი აზერბაიჯანიდან ჩამოვიდა. ის ერთ-ერთი მათგანია, ვისი წინაპრებიც (მუსლიმი მესხები) საბჭოთა კავშირის დროს სამცხიდან იძულებით აყარეს და სხვა ქვეყნებში, ძირითადად შუა აზიაში, გადაასახლეს. სწორედ მათთვის საქართველომ ევროპის საბჭოში გაწევრიანებისას აიღო ვალდებულება (PACE Opinion № 209, 27 იანვარი, 1999), რომ გაწევრიანებიდან ორი წლის განმავლობაში, მიეღო სამართლებრივი ბაზა, რომელიც დაუშვებდა საბჭოთა რეჟიმის მიერ დეპორტირებული მესხი მოსახლეობის რეპატრიაციასა და ინტეგრაციას, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის უფლების ჩათვლით.

(რეპატრიაცია გულისხმობს იმ პირთა დაბრუნებას, მოქალაქეობის, მუდმივი საცხოვრებლის, ან წარმოშობის ადგილას, რომლებიც სხვადასხვა გარემოებათა გამო, სხვა ქვეყნის ტერიტორიაზე აღმოჩნდნენ.)

2007 წლის 11 ივლისს მიღებულ იქნა კანონი (№ 5261) “ყოფილი სსრკ-ის მიერ XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოს სსრ-დან იძულებით გადასახლებულ პირთა რეპატრიაციის შესახებ”. 2007 წლის 11 ივლისს მიღებული კანონით დადგენილი რეპატრიაციის სისტემა ეფუძნება ისტორიული სამართლიანობის აღდგენას, ღირსეული და ნებაყოფლობითი დაბრუნების პრინციპებს.

2010 წლის 30 მარტს საქართველოს მთავრობამ მიიღო დადგენილება (№87) „რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირთათვის საქართველოს მოქალაქეობის გამარტივებული წესით მინიჭების შესახებ“. აღნიშნული დადგენილება გამორიცხავს რეპატრიანტის სტატუსის მქონე პირის მოქალაქეობის არმქონე პირად დარჩენას.

  • საქართველოს მოქალაქეობის მიღებაზე განაცხადი შემოიტანა, რეპატრიანტის სტატუსის მქონე, აზერბაიჯანის შვიდმა მოქალაქემ, რომლებმაც 2013 წლის 8 ივლისს, საქართველოს პრეზიდენტის N551 ბრძანებულებით მიიღეს საქართველოს პირობადებული მოქალაქეობა.

2011 წლის სექტემბერში შეიქმნა მუსლიმი მესხების წარმომადგენლებისგან დაკომპლექტებული ,,უხუცესთა საბჭო.’’ საბჭოს ევალება რეპატრიაციის მსურველთა მხრიდან კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტების არარსებობის შემთხვევაში, დაადასტუროს განმცხადებლის იძულებით გადაადგილების ფაქტი.

2011 წლის 1 მარტს შეიქმნა ყოფილი სსრკ–ის მიერ, XX საუკუნის 40-იან წლებში საქართველოდან იძულებით გადაადგილებულ პირთა რეპატრიაციის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორისი სამთავრობო საბჭო, რომლის მიზანია, კოორდინაცია გაუწიოს რეპატრიაციის საკითხზე მომუშავე სამთავრობო უწყებების საქმიანობას და ხელი შეუწყოს კონკრეტული ინიციატივებისა და რეკომენდაციების შესრულებას.

მიუხედავად იმისა, რომ საკანონმდებლო და უწყებების დონეზე სახელმწიფოს დაინტერესება ჩანს მუსლიმი მესხების პრობლემების მოსაგვარებლად, მუსლიმი და ის მესხები, რომლებსაც სხვადასხვა მიზეზის გამო უარს ეუბნებიან საქართველოს მოქალაქეობაზე, მაინც უკმაყოფილოები არიან. ისინი ამბობენ, რომ ისტორიული სამშობლოსგან სხვა მოლოდინები ჰქონდათ, რომლებიც რაც დრო გადის, უფრო და უფრო არ შეესაბამება რეალობას. მუსლიმი ხაზს უსვამს იმასაც, რომ მათ ბევრი მოთხოვნა არ აქვთ, ყველაფერს თავად მიხედავენ, მუშაობა არ გვეზარება, პატიოსანი ხალხი ვართ, ჩვენში მათხოვარს და პატიმარს ვერ იპოვით, მთავარია მოქალაქეობა გვქონდესო.

როცა ეკითხები, ჩვენში ვის გულისხმობს, დაკონკრეტება უჭირს, თუმცა საუბარში ირკვევა, რომ საკმაოდ მკაფიოდ ემიჯნება ადგილობრივებს და არც აზერბაიჯანელად თვლის თავს. პრეტენზიებიც ორივე ქვეყნის მიმართ აქვს. მეტიც, ამბობს, რომ საქართველოს და აზერბაიჯანის მთავრობა შეთანხმდნენ იმაზე, რომ ბარიერები შეუქმნან მუსლიმ მესხებს და არ დაუშვან მათი საქართველოში დაბრუნება. აზერბაიჯანის იმ სოფლებში, სადაც მუსლიმი მესხები კომპაქტურად არიან დასახლებულნი, ბოლო წლებში გზები გაიყვანეს, მოახდინეს სოფლების სრული ელექტრიფიკაცია, მოკლედ, ყველა პირობას უქმნიან იმისთვის, რომ იქიდან წასვლა არავის მოუნდეს. მუსლიმის თქმით, ამის პარალელურად, ისტორიულ სამშობლოში სრულფასოვანი ცხოვრებისათვის ხელოვნურ ადმინისტარციულ ბარიერებს უქმნიან. აზერბაიჯანს არ უნდა ჩვენი გამოშვება, უდაბნოებსა და ჭაობებში დავსახლდით და იქაურობა სამოთხედ ვაქციეთ, ასეთ მუშა ხალხს ვინ დაკარგავსო, ამბობს.

მე მაგალითად სკოლის დირექტორი ვიყავი, იმდენად მინდოდა საქართველოში ცხოვრება, ყველაფერი დავტოვე, აქ ჩამოვედი და ნულიდან დავიწყე, ახალციხის ბაზარში ვიდექი, თაფლს ვყიდიდი, დღეს ბევრ ადგილობრივზე უკეთ ვცხოვრობო. ადგილობრივებთან შეჯიბრება კიდევ ერთია, რაც მის საუბარში ხშირად ისმის. ამბობს, რომ უკეთესი მეურნეები არიან, უფრო კარგად ცხოვრობენ, უფრო მეტს მუშაობენ და ა.შ. მუსლიმის ოჯახისთვის საქართველოთი უკმაყოფილების მთავარი მიზეზი მისი შვილისთვის და ცოლისთვის საქართველოს მოქალაქეობის არმინიჭებაა. პრობლემები ჯერ კიდევ მაშინ დაიწყო, როცა ორი ვაჟიდან ერთ-ერთს, რომელსაც ჯანმრთელობის პრობლემები აქვს, ორი წლის განმავლობაში არ აძლევდნენ აზერბაიჯანიდან საქართველოში გადმოსვლის ნებას. ეს საქმე დღეს უკვე სასამართლო დავის საგანია. პირველი ინსტანციის სასამართლომ მოთხოვნა არ დააკმაყოფილა და მიზეზად კონტრდაზვერვის სამსახურის უარყოფითი დახასიათება დაასახელა. საქმე სააპელაციო სასამართლოშია წასული. მუსლიმი ამბობს, რომ ასეთ პრობლემებს საქართველო ქმნის მხოლოდ მათთვის, ვისაც სამცხეში უნდა დაბრუნება, მაგალითად თბილისში, გორში, იმერეთის რეგიონში ან სხვა ადგილას დასახლების შემთხვევაში მოქალაქეობა და მით უმეტეს ბინადრობის უფლება პრობლემური როგორც წესი, არ ხდება ხოლმეო. მისივე მტკიცებით, აქ, სამცხეში არ არსებობს მუსლიმი მესხების ოჯახი, რომლის ყველა წევრსაც აქვს მოქალაქეობა. ეს ხელოვნური ბარიერია, რომელსაც გვიქმნიან, რომ ჩვენი მასობრივი ჩამოსახლება არ მოხდეს, რომ მათ, ვინც ჯერ არ ჩამოსულა, არც მოუნდეს უკან დაბრუნება - ასე ფიქრობს მუსლიმი.

სიტუაციას სხვაგვარად აღწერს, რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი, ირაკლი კოკაია, რომელიც უკვე წლებია ჩართულია რეპატრიაციის პროცესში.

“დღეისათვის 1 533 ადამიანს აქვს სტატუსი მინიჭებული. პროცესი გრძელდება, ძალიან დიდი ხარვეზებით არის დოკუმენტები წარმოდგენილი, შესაბამისად ჭირდება დრო. აქედან, 474-მა უკვე მიიღო პირობადებული საქართველოს მოქალაქეობა, შესაბამისად, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ორივე სამოქალაქო აქტმა იმუშავა და გააკეთა თავისი საქმე. თუ 1500-ზე მეტ ადამიანს შეეძლო განაცხადის გაკეთება და მოქალაქეობის მიღება, ესე იგი შეეძლო სხვასაც.

ვალდებულება, რომელიც საქართველომ ევროსაბჭოს წინაშე აიღო, ქვეყანამ შეასრულა. რაც შეეხება პროცესს, ჩამოსახლდა თუ არა ეს ხალხი, ეს უკვე მათი კეთილი ნებაა. მივანიჭეთ რეპატრიანტის სტატუსი, გამარტივებული წესით მოქალაქეობა, ველოდებით უკვე მათ ჩამოსვლას. მათ აქვთ უფლება საქართველოს ნებისმიერ ტერიტორიაზე შეარჩიონ სადაც სურთ საკუთარი სახლები თავიანთი სახსრებით, დასახლდნენ. ჩამოვლენ თუ არა, მათი გადასაწყვეტია. “

ირაკლი კოკაიას თქმით, მას შემდეგ რაც პროცესი დაიწყო, საზღვრები გაიხსნა და მუსლიმმა მესხებმა საქართველოში ჩამოსვლის უფლება მიიღეს, იმ ადამიანების რიცხვი, რომლებმაც სამშობლოში დაბრუნება მოისურვეს, შემცირდა. როგორც ეტყობა მათი მოლოდინები გაზვიადებული აღმოჩნდა. ამას ამბობს არასამთავრობო ორგანიზაცია “ტოლერანტის” თავმჯდომარე ცირა მესხიშვილიც. მისი აზრით, იმ მუსლიმ მესხებთან, რომლებიც საქართველოში დაბრუნდნენ, ან ამის სურვილი აქვთ, ძალიან დიდი სამუშაოა გასაწევი.

საზოგადოებაში ინტეგრაციისთვის მათ სჭირდებათ განათლებისა და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობა, რაც მოქალაქეობის არქონის შემთხვევაში პრობლემურია. საუბრობს იმაზეც, რომ მათი მარგინალიზებულ ჯგუფად ფორმირების შემთხვევაში, რისკი, რომ არასასურველი ძალები მათზე გავლენას მოიპოვებენ, დიდია და მაგალითად მოჰყავს გოგონები, რომლებიც სკოლაში მაღალი აკადემიური მოსწრებით გამოირჩეოდნენ, განათლების ვერ გაგრძელების გამო კი, რადიკალ მორწმუნეებად ყალიბდებიან, ჩადრით სიარულს და კარჩაკეტილ ცხოვრებას იწყებენ.

“ტოლერანტი” ერთადერთი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომელსაც ამ საკითხზე მუშაობის ხანგრძლივი გამოცდილება აქვს. წლების განმავლობაში, დონორების მხარდაჭერით, მათ ჰქონდათ ენის სწავლების პროგრამა ისტორიულ სამშობლოში დაბრუნებული მესხებისთვის, ეხმარებოდნენ მატერიალურადაც. მაგალითად, ზემოხსენებული მუსლიმის ოჯახმა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში, რამდენიმე ძროხა მიიღო საჩუქრად. დღეს დონორები ნაკლებ რესურს დებენ ამ მიმართულებით, რაც ცირა მესხიშვილის თქმით, პრობლემებს ქმნის. ირაკლი კოკაია კი ფიქრობს, რომ დონორების მხრიდან პროგრამების შეჩერება სწორედ იმას მიუთითებს, რომ საკითხი პრობლემური აღარ არის - არცერთი საერთაშორისო ორგანიზაციის ანგარიშში არ არის ეს თემა მოხსენებული, როგორც საქართველოს შეუსრულებელი ვალდებულება. მისი თქმით, პროცესი თავისთავად გამართულია, პრობლემებს კი ცალკეული პირები ქმნიან, რომლებსაც ან სხვა ქვეყნის მოქალაქეობაზე უარის თქმა არ უნდათ, ან ადგილობრივ კანონებთან მოდიან შეუსაბამობაში, ან ისე, როგორც მუსლიმის ვაჟი, კონტრდაზვერვის მიერ, საშიშად მიიჩნევა.

ასეთები, ვისაც მუსლიმის მსგავსი პრობლემები შეექმნათ საქართველოში დაბრუნებისას, რამდენიმე ათეული ოჯახია. ცირა მესხიშვილი ამბობს, რომ აქ ჩამოსული ადამიანების მაგალითი შემაკავებელი ფაქტორი აღმოჩნდა სხვებისთვის, ვისაც შეიძლება უკან დაბრუნებაზე ეფიქრა. შესაბამისად, სახელმწიფოს მიერ შიში იმისა, რომ აქ ჩამოსულებისთვის მოქალაქეობის მიღება ბევრი ადამიანის შემოსვლას გამოიწვევს, უსაფუძვლოდ მიაჩნია. მეორე მხრივ კი, სახელმწიფოს თავისივე მიღებულ კანონებში, რომლის აღსრულების ვალდებულებაც აქვს, მკაფიოდ უწერია, რომ საბჭოთა კავშირის დროს, სამშობლოდან აყრილი და იძულებით გადაადგილებული მუსლიმი მესხები, სურვილის შემთხვევაში, საქართველოში ღირსეულად უნდა დაბრუნდნენ. დაბრუნების პროცესს ღირსეულად ვერ თვლის არასამთავრობო ორგანიზაცია “ადამიანის უფლებათა სახლის” იურისტი ეკა ქობესაშვილი. ეკა მუსლიმის ოჯახს სასამართლო დავაში ეხმარება და კარგად იცნობს იმ პრეტენზიებს, რაც ამ ოჯახს საქართველოს სახელმწიფოს მისამართით აქვს. მისი აზრით, პრობლემა ინფორმაციის ნაკლებობამ და პოლიტიკური ნების არქონამ გააჩინა.

“სახელმწიფოს შეეძლო მოლაპარაკება ეწარმოებინა იმ ქვეყნებთან, სადაც ამ ხალხს აქვს მოქალაქეობა, შეეძლო მოლაპარაკების შედეგად, მიეწოდებინა ინფორმაცია, ვადები ისე არ დაეწესებინა, რომ დაბრკოლება არ ჰქონოდათ, იგივე ჯარიმაზეც, რომლის გადახდაც უწევთ, მაგალითად, აზერბაიჯანის მოქალაქეობაზე უარის თქმის შემთხვევაში. ვფიქრობ, სახელმწიფომ მიიღო კანონი და ამით აღასრულა თავისი ვალდებულება და კანონის აღსრულებაზე აღარ იფიქრა.“

რეპატრიაციისა და ლტოლვილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსი ირაკლი კოკაია, რომელიც თავად, როგორც საჯარო მოხელე, იღებდა მონაწილეობას საინფორმაციო შეხვედრებში, მოლაპარაკებებსა და სხვა სამუშაო პროცესებში, ეკას მოსაზრების პასუხად იხსენებს, რა ღონისძიებები გაატარა სახელმწიფომ პროცესის უმტკივნეულოდ წარმართვისთვის.

„2007 წელს, როდესაც მივიღეთ კანონი რეპატრიაციის შესახებ, მთელი რიგი ღონისძიებები იქნა გატარებული სახელმწიფოს მხრიდან და არა მხოლოდ ინფორმირების თვალსაზრისით. ევროპის უმაღლესი კომისრის ორგანიზებით, შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომლის მთავარი მიზანი იყო ინფორმირებულობა. მე პირადად ვიყავი არაერთხელ აზერბაიჯანში, შუა აზიაში. ჩვენ ვთხოვდით მათ, რომ მათი წარმომადგენლები დასწრებოდნენ შეხვედრებს, რომ აეხსნათ სხვებისთვისაც, ვაცნობდით ანკეტებს, ვასწავლიდით, როგორ უნდა შეევსოთ. საკონსულოებს ჰქონდათ სრული ინფორმაცია, ევროსაბჭოში არსებობდა ცხელი ხაზი, რომელზეც შეეძლოთ მიეღოთ პასუხი კითხვებზე.

გარდა ამისა, ჩართულები იყვნენ ორგანიზაცია „ვათანის“ წევრები, რომლებსაც ყველა რეგიონში ჰყავთ წარმომადგენელი, სოფლების დონეზე აქვთ ინფორმაციის გავრცელების შესაძლებლობა. გვქონდა 10 Go and See ვიზიტი, ჩამოგვყავდა ჯგუფები, ვათვალიერებინებდით არა მხოლოდ სამცხეს, მთელ საქართველოს, გვქონდა ისეთი ვიზიტებიც, როცა ადგილზე ვაწვდიდით ინფორმაციას. “

იმისდა მიუხედავად, რომელი მხარის არგუმენტს მივიჩნევთ უფრო სანდოდ, ფაქტი ერთია - ქვეყანაში ცხოვრობენ ადამიანები, რომლებიც იბრძვიან მოქალაქეობისთვის, ბინადრობის უფლებისა და საკუთრების მოპოვებისთვის. იმ შემთხვევაში თუ ბრძოლას ვერ მოიგებენ, ქვეყანას უკმაყოფილების მართვა მოუწევს და აღებულ პასუხისმგებლობას გაახსენებენ. აშკარაა, რომ შექმნილი სიტუაცია არაერთგვაროვანია და კომპლექსურ მიდგომას საჭიროებს.

————————————————————————————————————–პუბლიკაცია მომზადებულია „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის (EMC)“ “სამოქალაქო აქტივიზმის პლატფორმის” ფარგლებში, რომელიც National Endowment for Democracy (NED)-ის მხარდაჭერით ხორციელდება

პუბლიკაციაში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ გამოხატავდეს EMC-ისა და NED-ის პოზიციას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“