[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

უფლება საცხოვრებელზე / სტატია

როგორ დავადგინოთ საქართველოში უსახლკარობის მასშტაბი ?

17238964_10211406709819130_1627510389_n

2014-2020 წლების საქართველოს ადამიანის უფლებათა დაცვის ეროვნულ სტრატეგიაში ერთ-ერთ ამოცანად უსახლკაროთა აღრიცხვა და მონაცემთა ბაზის შექმნა განისაზღვრა. მიუხედავად ამისა, ქვეყანაში დღემდე არ იწარმოება უსახლკარო პირთა ერთიანი სტატისტიკა, შესაბამისად არ არსებობს სისტემატიზებული მონაცემები და არ ხდება პრევენციული თუ რეაგირებითი პოლიტიკის გატარება.

უსახლკარობის წინააღმდეგ ბრძოლის ეფექტიანი სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელებისთვის, დასავლური ქვეყნების სტატისტიკური სამსახურები უსახლკარობის სხვადასხვა ფორმების, მათ შორის უსახლკარობის რისკის ქვეშ მყოფი და განსხვავებული ინდივიდუალური საჭიროებების მქონე პირთა შესახებ აგროვებენ ინფორმაციას. ამ მონაცემთა ანალიზის საფუძველზე კი დგება პრიორიტეტების სისტემა, რაც ასევე საფუძვლად ედება სათანადო ფინანსური და ინფრასტრუქტურული რესურსების საჭიროების განსაზღვრას, მათ შორის, საერთაშორისო სოციალური ფონდებიდან თანხის მოთხოვნის პერიოდულობის დადგენას.

საქართველოში კი სტატისტიკური მაჩვენებლებისა და უსახლკაროთა ინდივიდუალური საჭიროებების კვლევის არარსებობა გამორიცხავს ეფექტიანი  რეაგირებითი და პრევენციული პოლიტიკის არსებობის შესაძლებობას.

უსახლკარობის განსხვავებული ფორმების შესწავლა

 ევროპის მასშტაბით საცხოვრისის მდგომარეობა აღიწერება ETHOS-ის საერთაშორისო ტიპოლოგიის მიხედვით, სადაც საცხოვრისის ცნებას სამი ძირითადი ფაქტორი განსაზღვრავს - საცხოვრებელი სივრცის ფიზიკური, სოციალური და სამართლებრივი ასპექტები. საცხოვრებელი სივრცის ფიზიკური განზომილება გულისხმობს პირობებს, რომელიც იქ მცხოვრები ადამიანების საჭიროებების ადეკვატურია (მაგალითად საცხოვრებელი ფართის ოდენობა სულადობის მიხედვით); საცხოვრისის სოციალური ასპექტი განისაზღვრება, როგორც გარემო, რომელიც უსაფრთხო და პრივატული სოციალური ურთიერთობების ქონის შესაძლებლობას იძლევა (მაგალითად სივრცე რომელიც ძალადობის საფრთხეებისგან თავისუფალია); საცხოვრისის სამართლებრივი განზომილება კი ფართის ფლობის სამართლებრივ გარანტიებს გულისხმობს. ცალკეული პირობების გაუარესება, გარკვეული ელემენტების დანაკლისი ან ამ ცდომილებათა ერთობლიობა უსახლკარობისა და სათანადო საცხოვრისის არქონის განსხვავებულ ფორმებს ქმნის, რომელსაც უსახლკარობის განსაზღვრის ეროვნული სტანდარტები უნდა ითვალისწინებდეს (იხილეთ  ევროპის უსახლკარობის და საცხოვრისის არქონის ტიპოლოგია, დანართი 1).

სხვადასხვა ქვეყნებში უსახლკარო პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოებისთვის მთავარი სახელმძღვანელო სტანდარტი ქვეყანაში სახელმწიფო კანონმდებლობით შემუშავებული უსახლკარობის დეფინიციაა, რომელიც უსახლკარობის განსახვავებულ ფორმებს მოიცავს. სათანადო საცხოვრისის უფლების ამგვარი განმარტებები ადგილობრივ დონეზე  ხელს უწყობს, როგორც სტატისტიკის ერთგვაროვანი სტანდარტით წარმოებას, ასევე აზღვევს სხვადასხვა მოწვყლადი ჯგუფების საცხოვრისის უფლებით დაცული სფეროდან გამორიცხვის შესაძლებლობას (მაგ: ხანდაზმულების გამორიცხვას იმ მიზეზით, რომ მათ თვითომვლა არ შეუძლიათ, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების გამორიცხვას დამოუკიდებლად ცხოვრებისთვის დამატებითი ზრუნვის საჭიროებების მიზეზით და ოჯახში ძალადობის მსხვერპლი პირების გამორიცხვას იმ მოტივით,  რომ მათი შინამეურნეობები უძრავ ქონებას ფლობენ და ა.შ.).

აგრეთვე, სტატისტიკის წარმოებისთვის მნიშვნელოვანი საშუალებებია ის რეგულაციებიც, რომელიც სხვადასხვა ტიპის სოციალურ საცხოვრისებში თუ თავშესაფრებში ბენეფიციართა დაშვების  წესს განსაზღვრავს.

დამატებით, ეროვნული სტატისტიკები არა მხოლოდ საცხოვრისის სერვისებით მოსარგებლე პირთა რიცხვს აღწერს, არამედ იმ პირთა შემთხვევებსაც, ვისთვისაც საცხოვრისზე მატერიალური, სოციალური თუ  სამართლებრივი გარანტიების თანადროული არქონა აბსოლუტურ გარიყვას იწვევს და უხილავია საჯარო სამსახურებისთვის.

მაგალითად, მიუხედავად იმისა, რომ პირები შესაძლოა ღამეს ათევდნენ ქუჩაში და უარს ამბობდნენ მიუსაფართათვის განკუთვნილ დროებით თავშესაფრებში ცხოვრებაზე, ისინი მაინც ხვდებიან სტატისტიკურ აღწერაში. მეორე მხრივ, პირები, რომლებიც  გამოსახლების, ძალადობის ან საცხოვრისის დაკარგვის შიშის ქვეშ ცხოვრობენ, ან თვითდახმარების მიზნით თავს აფარებენ ახლობლების საცხოვრისებს, მათი შემთხვევებიც აღიწერება, როგორც დაფარული უსახლკარობა.

უსახლკარო პირთა აღწერის საერთაშორისო გამოცდილება და მეთოდები

ევროკავშირის მასშტაბით არსებობს პრაქტიკა, რომლის მიხედვითაც უსახლკარობის მასშტაბის გაანგარიშება მოცემულ მომენტში (point-in-time) ან გრძელვადიანი (longitudinal) კვლევების მეთოდებით განისაზღვრება. ამ მეთოდების კომბინირებული გამოყენება იძლევა სტატისტიკის მონაცემის შეგროვების შესაძლებლობას, როგორც უსახლკარობის განსხვავებული ფორმების, ისე მათი ხანგრძლივობის მიხედვით.

მოცემულ მომენტში (point-in-time)  პირთა აღწერის მეთოდის გამოყენებისას კვლევა ერთი კონკრეტული ღამის განმავლობაში ტარდება.  ის გამორიცხავს პირთა შესახებ მონაცემების დუბლირების შესაძლებლობას, რამდენადაც ერთი კონკრეტული ღამის მანძილზე პირები ვერ შეძლებენ საცხოვრისის მდგომარეობის შეცვლას.

ხაზგასასმელია, რომ მოცემული მეთოდით, რამდენიმე ასეული მოხალისის ჩართულობით, შესაძლებელია ქუჩაში მცხოვრები პირების აღწერაც. გარდა ამისა სხვადასხვა ქალაქებში შესაძლებელია იმ უბნების და მიწის ტერიტორიების განსაზღვრა, სადაც დაბალი, საშუალო ან მაღალი სიმჭიდროვეა ქუჩაში მცხოვრებთა რაოდენობის მიხედვით. სტატისტიკური ცდომილების დასადგენად, შესაძლებელია იმგვარი მოხალისეების ადმინისტრირებაც, რომლებიც  მაღალი სიმჭიდროვის ტერიტორიაზე გაჩერდებიან მთელი ღამის განმავლობაში, რაც საშუალებას  მოგვცემს გადავამოწმოთ მოხალისეების მიერ ყველა შესაძლო სივრცე იქნა თუ არა შესწავლილი.

მეორე მხრივ არსებობს გრძელვადიანი კვლევების ჩატარების გამოცდილებები, როდესაც გარკვეულ შერჩევაზე დაკვირვება დროის ხანგრძლივი პერიოდის განმავლობაში ხდება. ამ მეთოდით შესაძლებელია აღიწეროს უსახლკარობის, როგორც ეპიზოდური ისე პერმანენტული შემთხვევები, ასევე სოციალური პოლიტიკის ეფექტები - მაგალითად საკონტროლო ჯგუფის  შექმნის საშუალებით, რომელიც სოციალური სარგებლის მიღების გარეშე უმკლავდება საცხოვრისის არქონის მდგომარეობას.

მნიშვნელოვანია, რომ გრძელვადიანი კვლევის მეთოდები თავიდან აგვარიდებს იმ პრობლემასაც, რომ საცხოვრისის სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციართა რაოდენობის დათვლისას მონაცემები -  მხოლოდ თავშესაფარში არსებული საწოლების რაოდენობის ეკვივალენტური არ იყოს ან მუნიციპალურ დონეზე სულადობის მიხედვით გამოყოფილი ბიუჯეტის ოდენობის ტოლი. გრძელვადიანი კვლევის მეთოდის მიხედვით არსებული სერვისებიდან ინფორმაციის შეგროვება შესაძლებელია ხორციელდებოდეს ერთი ან რამდენიმე წლის განმავლობაში კვარტალურად მხოლოდ უნიკალური ბენეფიციარების დათვლისთვის, რაც ასევე გამორიცხავს აღწერისას პირთა დუბლირების პრობლემას. დამატებით წლის ყოველი კვარტლის ბოლო თარიღში მუნიციპალური სერვისებით მოსარგებლეთა მონაცემების დადარება პირთა სერვისებიდან გადინების და შემოდინების სალდოსაც გვაჩვენებს. ასევე ქრონიკულ მოსარგებლეთა პროცენტულ წილს განსაზღვრავს - იმ ბენეფიციართა იდენტიფიცირების გზით, რომელთა რაოდენობაც კვარტალურად არ იცვლება ბენეფიციართა ჯამურ რაოდენობაში.

საცხოვრისის უფლების შინაარსი საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში

საქართველოს ეროვნულ კანონმდებლობაში უსახლკარობის უნიფიცირებული დეფინიციის არსებობის მიუხედავად, ის ვერ  გახდება სახელმძღვანელო  უსახლკარო პირთა სრულად აღწერისთვის, ვინაიდან საცხოვრისის უფლების შინაარსი ვიწროდ არის განმარტებული და ცნება არაადეკვატურია  რეალობაში არსებულ უსახლკარობის ფორმებისა და უსახლკარო ჯგუფების საჭიროებებთან მიმართებით.

საქართველოს კანონმდებლობა უსახლკარობას მხოლოდ უსახლკაროთა თავშესაფრით უზრუნველყოფას უკავშირებს ეს კი, ზღუდავს უსახლკარობის სოციალური და სამართლებრივი ასპექტების მოცვის შესაძლებლობას.

გარდა ამისა არსებულ საკანონმდებლო დეფინიციას არ აქვს ერთგვაროვანი გამოყენების პრაქტიკა მუნიციპალიტეტების დონეზე. ცნობილია, რომ მუნიციპალიტეტები თავიანთი მიზნებისათვის დამოუკიდებლად განსაზღვრავენ უსახლკარო პირის ცნებას ან მის შინაარსსა და კრიტერიუმებს კონკრეტული საცხოვრისის სერვისის შეთავაზების მიზნებისათვის (უსახლკარობა - სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი 2016).

საცხოვირისის სერვისები საქართველოში და სახელმწიფოსთვის უხილავი შემთხვევები

EMC-ს კვლევა (2016) აჩვენებს, რომ საქართველოში უსახლკაროთათვის  საცხოვრისის სერსვისები სათანადოდ არ არის განვითარებული. სერვისების რაოდენობა არასაკმარისია. თუმცა რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ცენტრალურ დონეზე დღემდე არ ხორციელდება ამ მუნიციპალური სერვისებით მოსარგებლე ბენეფიციართა ერთობლივი აღწერა.

არ არის დათვლილი, სამედიცინო და ზრუნვის სერვისებში მცხოვრები უსახლკარო პირების რაოდენობაც, მაგალითად თავშესაფრებში ოჯახში ძალადობის მსხვერპლთათვის, ფსიქიატრიულ განყოფილებებში, შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა პანსიონატებში და ა.შ.

ჯერჯერობით ორივე ზემოთ მოყვანილ შემთხვევაში სოციალური დახმარება უსახლკარობის მართვის დე ფაქტო სისტემაა, რომელიც მხოლოდ შემთხვევითად პასუხობს უსახლკარო ოჯახების საჭიროებებს.

დამატებით, უხილავ უსახლკარობაზე პროაქტიული წესით მუშაობა, საქართველოში არსებული არც ერთი სოციალური სერვისის მიზანი არ ყოფილა ამ დრომდე. შესაბამისად სტატისტიკის წარმოებისთვის სირთულეებს შექმნის ისეთი შემთხვევების აღწერა, როდესაც საცხოვრისის გადაუდებელი საჭიროების მქონე პირები თავად არ მიმართავენ სახელმწიფოს დახმარებითვის. რიგ შემთხვევებში ამის შესაძლებლობები შეზღუდული აქვთ  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს, ადამიანებს, ვისაც საჯარო ინფორმაციაზე წვდომა არ აქვთ. შეუძლებელია იმ პირთა სტატისტიკური აღწერაც, ვისაც შეუძლებლად მიაჩნიათ სახელმწიფო დახმარების მიღება და ამის გამო აქვს უარი ნათქვამი მაგალითად უსახლკარობის სტატუსის განსაზღვრასთან დაკავშირებთ განცხადების შეტანაზე.

უსახლკარობის ხანგრძლივობა

როგორც უსახლკარობის შესახებ სტატისტიკის წარმოებისთვის  საჭირო მეთოდების აღწერიდან ჩანს, მნიშვნელოვანია უსახლკარო მდგომარეობაზე დროით განზომილებაში დაკვირვება.

ისევე როგორც სხვა ქვეყნებში, საქართველოშიც არსებობს, როგორც უსახლკარობის დროებითი და განმეორებითი შემთხვევები, ისე მისი ქრონიკულად უცვლელი მდგომარეობები. თუმცა საქართველოში ჯერ არც ერთ შესაბამის უწყებაში, ცენტრალურ თუ ადგილობრივ დონეზე, არ მიმდინარეობს მსჯელობა იმასთან დაკავშირებით, თუ რა მეთოდებით შეიძლება სტატისტიკური მონაცემების ორგანიზება სხვადასხვა ფორმის უსახლკარობის შესახებ მისი ხანგრძლივობის გათვალისწინებით.

მნიშვნელოვანია აღინიშნოს ისიც, რომ არსებული მოდელით საქართველოში უსახლკარობის დროებითობა სახელმწიფო დახმარების გამცემი ინსტიტუტებისთვის შესაძლოა იმის ინდიკატორი აღმოჩნდეს, რომ პირებს საცხოვრისით უზრუნველყოფის დამოუკიდებელი შესაძლებლობები აქვთ და შესაბამისად, ნაკლები შანსი სახელმწიფოს მხრიდან ხილვადობის და ზრუნვის მოსაპოვებლად.

ამასთან ერთად, მუდმივი უსახლკარობისას, როდესაც პირებს თვითდახმარების გზით აქვთ საცხოვრისის უზრუნველყოფის მცდელობები, არსებულ მოდელში ამ პირთა შესახებ სტატისტიკური მონაცემების შეგროვების ნაცვლად, მსგავსი შინამეურნეობები რეპრესიის მსხვერპლები არიან. მაგალითად ყველაზე მოწყვლადი უსახლკარო მოსახლეობის მიერ უნებართვოდ აშენებულ კუსტარულ ნაგებობებს სახელმწიფო ანადგურებს, ის ასევე ზღუდავს უნებართვოდ დაკავებულ მიტოვებულ შენობებში საბაზისო  კომუნიკაციებზე ხელმისაწვდომობას.

დასკვნა:

რაოდენობრივი მონაცემების გაჩენა, უსახლკარობისა თუ საბინაო პრობლემის მასშტაბის განსაზღვრის საშუალებას მოგვცემს საქართველოში. სხვადასხვა სტატისტიკური შერჩევების გზით კი თვისებრივი კვლევები სპეციალური საჭიროების მქონე პირთა (მოხუცები, ახალგაზრდები, ოჯახში ძალადობის მსხვერპლები, ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირები, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები და ა.შ.) შორის დისკიმინაციის, სოციალური ექსკლუზიის, სიღარიბის თუ ჩაგვრის გარდაქმნა შესწავლის საშუალებას გააჩენს.

უსახალკარობის შესახებ შექმნილი სტატისტიკა მნიშვნელოვანი ფუნდამენტია პრევენციული და რეაგირებითი სახელმწიფო პოლიტიკის შექმნისთვის.

 

 

დანართი.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

 ‘უსახლკარობა - სახელმწიფო პოლიტიკის ანალიზი’ (2016), ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი, ბოლო ნახვა 02 თებერვალი, 2016 <https://emc.org.ge/2016/10/27/emc-172/>
EU Research on Social Sciences and Humanities - Constructing Understanding of Homeless Populations (2007) European Commission Directorate-General for Research. Accessed 08 August, 2016 <http://cordis. europa.eu/docs/publications/1001/100124281-6_en.pdf>
Amore, K., Baker M., Howden-Chapman, Ph. (2011) ‘The ETHOS Definition and Classification of Homelessness: an Analysis’, European Journal of Homelessness, Volume 5, Issue 2. Accessed 5 August, 2016 <http://www.feantsaresearch.org/IMG/pdf/article-1-3.pdf>
Wygnanska, J., ‘Measuring Homelessness and Housing Exclusion in Poland: the BIWM Data Collection Standard’, European Journal of Homelessness, Volume 9, No. 1, June 2015.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“