საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საჯარო დისკუსია ერთი და იგივე კრიზისიებით, ახსნებითა და პრობლემის გადაჭრის გზებით არის მოცული. ამბობენ, რომ ეკონომიკურ ზრდაზე სწორების შემთხვევაში სრული დასაქმება[1] შესაძლებელი იქნება: რაც შრომის ღირებულების შემკვეცას, უმუშევრობის შემწეობისა და შემოსავლების მხარდაჭერის შემცირებას, გადასახადების დაწევას, ინვესტიციების წახალისებას, ბიუროკრატიული რეგულაციის დასუსტებას, განათლებისა და გადამზადების გაუმჯობესებას, სარისკო კაპიტალის უზრუნველყოფას და დაბალანაზღაურებადი სამსახურების სუბსიდირებას გულისხმობს. თუ სიმართლეა, რომ მაღალი დონის სტანდარტიზაცია ავტომატიზაციის წინაპირობაა, მაშინ მალე მთელი ამ არგუმენტირების კომპიუტერიზებული ხმების ნაკადით გამეორება იქნება შესაძლებელი. რაც არ უნდა იყოს, ეს ყველაფერი ერთად მუშაობს, ან ინგრევა იმ წანამძღვრებთან ერთად, რომლებსაც სისტემატიური გადასინჯვა ესაჭიროებათ.
ხშირად მოცემულობად მიიჩნევა, რომ რაციონალიზაციის ტალღები გამოიწვევს რადიკალურ ცვლილებებს სისტემის შიგნით, მაგრამ არ მოხდება მთლიანად დაქირავებული შრომის სისტემის ცვლილება; შესაბამისად იქნება უწყვეტობა მის ძირითად კატეგორიებსა და იდეებში (კომპანია, სამსახური, პროფესია, დაქირავებული შრომა, ეკონომიკური ზრდა, წინააღმდეგობა შრომასა და კაპიტალს შორის და ა.შ.). ეს შეხედულება მთლიანად უარყოფს დასაქმების სისტემის არსებითი ცვლილების შესაძლებლობას მოდერნიზაციის თანამედროვე, ან მომავალში მოსალოდნელი პროცესის შედეგად, რომელიც არა მხოლოდ საინფორმაციო ტექნოლოგიებში, არამედ სოციალურ და იურიდიულ ჩარჩოშიც შეიძლება მოხდეს. შედარებისთვის, მეორე მოდერნულობის[2] პარადიგმის ცენტრში სწორედ ასეთი სისტემური ცვლილების იდეაა მოთავსებული.
იმისათვის, რომ განვსაზღვროთ, გამოვიკვლიოთ და გავიაზროთ დასაქმების საზოგადოების სისტემურ ცვლილება, ჯერ ცვლილებები ჩვენს კატეგორიებსა და მიმართების ჩარჩოში უნდა შევიტანოთ. ყურადღება უნდა გადამისამართდეს და იმაზე კონცენტრირდეს რაც ახალია. კატეგორიების ცვლილება შრომის მომავლის ათი სცენარის[3] ფონზე უნდა წარმოვადგინოთ და მონაცემებით, დილემებით და პოლიტიკური მნიშვნელობებით შევავსოთ.
[1] საზოგადოება სრული დასაქმების დონეს, მაშინ აღწევს, როდესაც მუშაობის ყველა მსურველი და უნარის მქონე დასაქმებულია. თავისუფალი ვაჭრობის თეორეტიკოსების მიხედვით, სრული დასაქმება კაპიტალიზმის პირობებში არის შესაძლებელი.
[2] მეორე მოდერნულობა - ულრიხ ბეკის მიერ შექმნილი ცნება. ბეკის მიხედვით, 1960-იანების შემდეგ კაცობრიობა ნელნელა გამოვიდა მოდერნულობის პირველი, ლინეარული ინდუსტრიული ფაზიდან და გადავიდა მეორე რეფლექსიური მოდერნულობის ფაზაში, რომელსაც მეორე მოდერნულობა ეწოდება. მეორე მოდერნულობაში გადასვლა ნიშნავს ინდუსტრიული საზოგადოების, რისკის საზოგადოებად გარდაქმნას.
რეფლექსური მოდერნულობა ისევე განსხვავდება პირველი მოდერნულობისგან, როგორც ინდუსტრიული მოდერნულობა განსხვავდებოდა ფეოდალური სისტემისგან. პირველი მოდერნულობის მიერ შემოთავაზებული ღირებულებები: კეთილდღეობის სახელმწიფო, სამოქალაქო და საარჩევნო უფლებები ეჭვის ქვეშ დგება. სოლიდარობის ადგილს ინდივიდუალიზმი იკავებს.
[3] მოცემული ნაშრომის მეოთხე თავში ულრიხ ბეკი შრომის მომავლის ათ სცენარზე საუბრობს, ავტორი განიხილავს ტექნოლოგიების, განათლების სისტემის, გლობალიზაციის, ეკოლოგიური კრიზისის და ინდივიდუალიზაციის საკითხებს. ყოველი მათგანისთვის დამაიმედებელი და კატასტროფული სცენარები არის წარმოდგენილი.
ინსტრუქცია