საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სახელმწიფოს თუ კერძო პირთა მხრიდან რელიგიისა და რწმენის თავისუფლების წინააღმდეგ ჩადენილი სამართალდარღვევები ზიანს აყენებს თანასწორობის, სამოქალაქო მშვიდობისა და პლურალური საზოგადოების განვითარების პროცესს და შეიძლება გახდეს სხვადასხვა რელიგიური ჯგუფის პოლიტიკური და სოციალური მარგინალიზაციის მიზეზი. სახელმწიფოს მიერ რელიგიური ნეიტრალურობის დარღვევა განსაკუთრებით ართულებს რელიგიურ ჯგუფებს შორის მშვიდობიან თანაცხოვრებას და წინააღმდეგობაში მოდის თანსწორობისა და რელიგიური ორგანიზაციების ავტონომიის დაცვის პრინციპებთან. რელიგიისა და რწმენის თავისუფლების მჭიდრო კავშირი ადამიანის სხვა უფლებებთან, არსებულ პოლიტიკურ და სოციალურ რეალობასთან, განაპირობებს სახელმწიფოს კომპლექსური და თანმიმდევრული პოლიტიკის ჩამოყალიბების აუცილებლობას.
წინამდებარე გამოცემის მიზანია, რელიგიისა და რწმენის თავისუფლების კუთხით არსებული რელევანტური საერთაშორისო სტანდარტების ზოგადი და პრაქტიკული ხასიათის მიმოხილვის მომზადება. გამოცემა განკუთვნილია რელიგიური ორგანიზაციების ხელმძღვანელებისა და წევრებისთვის, ასევე რელიგიის თავისუფლებისა და სეკულარიზმის საკითხებზე მომუშავე მედიის წარმომადგენლებისთვის.
საერთაშორისო სტანდარტების მიმოხილვა, ძირითადად, ეფუძნება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს, გაეროს ადამიანის უფლებათა კომიტეტისა და ამერიკის შეერთებული შტატების უზენაესი სასამართლოს მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს რელიგიისა და რწმენის თავისუფლების საკითხებზე.
პრაქტიკული სახელმძღვანელო დოკუმენტი მომზადებულია პროექტ „ტოლერანტობის, რელიგიური თავისუფლების და ადამიანის უფლებათა ხელშეწყობის“ ფარგლებში, რომელსაც „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)“ საქართველოსა და სომხეთში ნიდერლანდების სამეფოს საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.
გაეცანით ანგარიშის სრულ ვერსიას ⇓
ინსტრუქცია