[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / თვალსაზრისი

რატომ ვუჭერ მხარს დეცენტრალიზაციას

გრიგოლ მახარაძე 

ნაწილი IV (ფუნქციების შესაბამისი შესაძლებლობები)

2006 წელს, როცა თვითმმართველობის რეფორმა ხორციელდებოდა, ერთ-ერთი ძირითადი არგუმენტი, რაც მაშინდელი რეფორმის სასარგებლოდ ისმოდა, თვითმმართველობების ფინანსური თვითკმარობის მიღწევის შესაძლებლობა იყო.

2002 წლის მოწვევის თვითმმართველი ერთეულები თვითკმარები არ იყვნენ. მათ მიზერული ბიუჯეტი გააჩნდათ. მაშინდელი რეფორმის მომხრეთა მთავარი არგუმენტი სწორედ ეს იყო: გამხსხვილებულ თვითმმართველ ერთეულებს ბიუჯეტიც „მსხვილი“ უნდა ჰქონოდათ. ეს ერთადერთი წონადი არგუმენტი იყო და ის თითქოს გამოდგებოდა თვითმმართველობის მოქალაქეებისაგან დაშორების კომპენსაციად.

2006 წლისა და 2010 წლის მოწვევის საკრებულოების მუშაობამ პრაქტიკულად დაგვანახა, რომ თვითმმართველობა მოსახლეობას მართლაც დაშორდა, ფინანსური „გამსხვილება“ კი არ მომხდარა, რეფორმას შედეგად თვითმმართველობების ფინანსური დამოუკიდებლობის ზრდა არ მოჰყოლია.

მეტიც, თვითმმართველობის საკუთარი შემოსავლები არათუ არ გაიზარდა, არამედ შემცირდა. საშემოსავლო გადასახადიც, რომელიც 2007 წლამდე ადგილობრივ ბიუჯეტებში ირიცხებოდა, სახელმწიფო ბიუჯეტისკენ მიემართა. 2010 წლის მონაცემებით საქართველოს ნაერთ ბიუჯეტში ადგილობრივი შემოსავლების წილი მხოლოდ 2,5 პროცენტი იყო.

თვითმმართველობები მთლიანად გახდნენ დამოკიდებულები სახელმწიფო ბიუჯეტიდან მიღებულ გამოთანაბრებით, მიზნობრივ თუ სპეციალურ ტრანსფერებზე. ადგილობრივი ბიუჯეტების მონაცემები აჩვენებს, რომ ეს ტრანსფერები საარჩევნო წლებში მეტი იყო, ვიდრე არასაარჩევნო წლებში. გამოთანაბრებითი ტრანსფერის არსი ისაა, რომ შედარებით ნაკლები შემოსავლების მქონე თვითმმართველი ერთეულები შედარებით მეტი შემოსავლის მქონე ერთეულებს გაუთანაბროს. მოქმედი სისტემა კი ისეთია, რომ ყველა მუნიციპალიტეტი არის ამ ტრანსფერის მიმღები.

ბუნებრივია, ადგილობრივ თვითმმართველობას საკუთარი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი ფინანსები სჭირდება. მითუმეტეს დასჭირდება შესასრულებალად იმ გაზრდილი უფლებამოსილებებისა, რაც წინა ნაწილშია აღწერილი. არსებული სისტემა კი არ იძლევა საშუალებას, რომ თვითმმართველობამ მოქალაქეებს ადეკვატური სერვისები შესთავაზოს. შესაბამისად, აუცილებელია ფუნდამენტური ცვლილებები ფინანსებისა და ქონების განაწილებაში.

სწორედ ამიტომ ვფიქრობ რომ აუცილებელია განხორციელება დეცენტრალიზაციის სტრატეგიაში გათვალისწინებული საგადასახადო შემოსავლების ახალ განაწილებისა. სიახლე გულისხმობს, რომ საშემოსავლო და მოგების გადასახადები გახდებიან ზიარი გადასახადები, რომელთაგან საშემოსავლო გადასახადი ჩაირიცხება ადგილობრივსა და სამხარეო ბიუჯეტში, ხოლო მოგების გადასახადი სამხარეო და სახელმწიფო ბიუჯეტში.

საშემოსავლო გადასახადის „დაბრუნება“ ადგილობრივი თვითმმართველობისკენ სწორი გადაწყვეტილებაა. ადამიანები კონკრეტულ დასახლებებში ცხოვრობენ, საჯარო სერვისებს კონკრეტულ დასახლებებში იღებენ და კონკრეტულ დასახლებაში არსებული პრობლემები აწუხებთ, კონკრეტულ დასახლებაშივე გამოიმუშავებენ საკუთარ გასამრჯელოს, შესაბამისად საშემოსავლო გადასახადი ადგილობრივი შინაარსისაა და სრულიად გამართლებულია მისი მიმართვა ადგილობრივი თვითმმართველობის ბიუჯეტებისკენ.

მეორე მნიშვნელოვანი საკითხი ადგილობრივი და რეგიონული ერთეულებისთვის ქონების გადაცემაა. ეს საკითხი ერთხელ და საბოლოდ უნდა მოგვარდეს. მიუხედავად ჯერ კიდევ 2005 წლიდან არსებული საკანონმდებლო ბაზისა, მუნიციპალიტეტების ტერიტორიაზე არსებული უძრავი ქონების დიდი ნაწილის მესაკუთრე კვლავ სახელმწიფოა. პარადოქსულია, მაგრამ ქალაქ ოზურგეთში ისეთი შენობები, როგორიცაა კინოთეატრი ან მუზეუმი სახელმწიფო ხელისუფლების კუთვნილებაა. ადგილობრივი ქონების მართვა თვითმმართველობის შემოსავლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილად უნდა იქცეს.

ბუნებრივია, თვითმმართველობის შემოსავლების წყაროები ამით არ უნდა შემოიფარგლებოდეს და ეს ფუნქცია კვლავ უნდა შეასრულონ ქონებისა და სათამაშო ბიზნესის გადასახადებმა (სათამაშო ბიზნესის გადასახადს კანონის ენაზე მოსაკრებელი ეწოდება, თავისი არსით კი - გადასახადია) სხვადასხვა მოსაკრებლებმა და ტრანსფერებმა, მათ შორის გამოთანაბრებითმა ტრანსფერებმა, რომლის გამოანგარიშების წესი უნდა შეიცვალოს და მართლაც გამოთანაბრებისკენ იყოს მიმართული.

სტრატეგიაში დასახული მიზანი, რომ 2017 წლისთვის თვითმმართველობის ფინანსები საჯარო ფინანსების 33%-ს შეადგენდეს, საკმაოდ ამბიციურია, თუმცა აუცილებელი რეალური თვითმმართველობის დასამკვიდრებლად.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“