[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

ლგბტი უფლებები / თვალსაზრისი

რატომ უნდა წუხდეს საზოგადოება ჰომოფობიურ კანონმდებლობაზე?

„ჰომოფობია, თანამედროვე მსოფლიოში, მმართველობის საბაზო ინსტრუმენტია“ (Weiss, Bosia, 2013, 23)

ჰომოფობია, უკვე წლებია, ქართული საზოგადოების გახლეჩის, დანაწევრებისა და ატომიზირების წყაროდ იქცა. თუმცა ქართული ოცნების მიერ ინიცირებულმა ჯერ საკონსტიტუციო ცვლილებებმა „ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დასაცავად“, ხოლო შემდგომ უკვე საკანონმდებლო პაკეტმა, რომელიც მიმართულია ე.წ. „ლგბტ პროპაგანდის“ აღკვეთისკენ ქვეყანაში, პოლიტიკური ჰომოფობია სახელმწიფო ინსტიტუტებისა და კანონების დონეზე აიყვანა. აღნიშნული ცვლილებები მიმართულია ლგბტქ+ ადამიანების სხეულების კონტროლზე, გარიყვაზე, ცენზურის დაწესებასა და სიტყვისა და გამოხატვის კონტროლზე, თუმცა ეს კანონი მხოლოდ ლგბტქ+ თემის უფლებებით არ შემოიფარგლება, არამედ ინსტრუმენტია მმართველი პარტიის მიერ ძალაუფლების შენარჩუნებისა და ტოტალიტარული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობის გზაზე. შესაბამისად, ჰომოფობიური კანონები უნდა გაანალიზდეს ე.წ. რუსულ და ოფშორების კანონებთან გათანაბრებულ ხარისხში და უფრო მეტიც, ქართული საზოგადოება ისევე უნდა წუხდეს ამ ცვლილებებზე, როგორც დანარჩენ ორზე, მიუხედავად იმ პირადი დამოკიდებულებებისა, რაც შეიძლება ლგბტქ+ თემის მიმართ იყოს ამ ქვეყანაში.

პოლიტიკური ჰომოფობიის მკვლევრები აღნიშნავენ, რომ პოლიტიკური ჰომოფობია კომპლექსური ფენომენია და არ დაიყვანება ადამიანთა ჯგუფის პირად, ინტერპერსონალურ სიძულვილზე, არამედ მმართველობის გამყარების სტრატეგიაა. ვეისი და ბოსია (2013) მიუთითებენ, რომ სახელმწიფო აქტორების მიერ წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობია არის მიზანმიმართული მიდგომა, რომელიც ადამიანთა ჯგუფს უცხოდ მონიშნავს სახელმწიფოს შექმნის პროცესში. იგი ტრანსნაციონალური ზეგავლენით სხვადასხვა ალიანსის შექმნისა თუ საერთაშორისო ვაჭრობის თანმდევი პროდუქტია. და ბოლოს, პოლიტიკური ჰომოფობია კოლექტიური იდენტობის შექმნის პროცესს უკავშირდება კოლონიალიზმის კომპლექსურ შედეგებთან გამკლავების პროცესში (Weiss, Bosia, 2013, 2). შესაბამისად, ქართული ოცნების მიერ ჰომოფობიური კანონების წინ წამოწევა მიზანმიმართული ქმედებაა ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე, რომელიც, ერთი მხრივ, იყენებს საზოგადოებაში არსებულ ნეგატიურ აფექტს ლგბტქ+ თემის წევრების მიმართ, და ეროვნულ იდენტობაზე აპელირებით ცდილობს ქვეყნის კურსის შეცვლას და საბოლოოდ საკუთარი კეთილდღეობისა და ძალაუფლების შენარჩუნებას.

ამის ნათელი მაგალითია ქართული ოცნების მიერ ამ კანონების ინიცირება წინაასარჩევნო პერიოდში. მაშინ როდესაც ე.წ. რუსული კანონი მიმართულია სამოქალაქო საზოგადოების განადგურებაზე და შესაბამისად, კრიტიკული აზრისა თუ წინააღმდეგობის ჩახშობაზე, ხოლო ე.წ. ოფშორების კანონი უზრუნველყოფს ჩრდილოვანი ეკონომიკის აღმოცენებას ქვეყანაში და ისედაც მდიდარი უმცირესობის მეტად გამდიდრებას, ჰომოფობიური კანონების მიზანი საზოგადოების კონსოლიდირებაა ჰიპოთეტური მტრის - ლგბტქ+ თემის წინააღმდეგ. საზოგადოების ასეთი გაერთიანება კი, თავის მხრივ, მმართველი პარტიის ისეთი მიზნების მიღწევას უწყობს ხელს როგორიცაა არჩევნებში გამარჯვება, ტოტალური კონტროლი ადამიანების ცხოვრებაზე და ცენზურის დაწესება.

საქართველოში და არა მხოლოდ, პოლიტიკაში ძალაუფლების შენარჩუნება დგას ემოციურ მანიპულაციაზე, შანტაჟსა და პროპაგანდაზე. მმართველი პარტიის მხრიდან წარმოებული პოლიტიკური ჰომოფობია ამ ყველაფრის ზუსტი გამოძახილია. ფაქტია, რომ საზოგადოებაში ლგბტქ+ თემის წევრების მიმართ არსებული ნეგატიური დამოკიდებულებებისა და ემოციების ფონზე, რომლებიც ეფუძნება ტრადიციებს, პირად რწმენა-წარმოდგენებს სექსუალობაზე, ემოციურ სიძულვილსა თუ შიშს განსხვავებულის მიმართ და ა.შ., პოლიტიკური ჰომოფობია ამ ემოციების ინსტრუმენტად ქცევაა ძალაუფლების შენარჩუნების გზაზე.

ამის ნათელი მაგალითია ის, თუ როგორ შეიცვალა ქართული ოცნების ლიდერების შეფასებები და პოლიტიკა ლგბტქ+ ადამიანების უფლებების დაცვასთან დაკავშირებით. მაშინ როდესაც, თავისი მმართველობის დასაწყისში ქართულ ოცნებას სჭირდებოდა პოზიციების გამყარება და ლეგიტიმაციის მიღება საერთაშორისო თუ ადგილობრივი ორგანიზაციების მხრიდან, მათი რიტორიკა ეფუძნებოდა უფლებების დაცვას. 2011-2013 წლებში, ბიძინა ივანიშვილის განცხადების თანახმად, „სექსუალური და რელიგიური უმცირესობები საზოგადოების ისეთივე წევრები არიან, როგორც სხვა დანარჩენი საქართველოს მოსახლეობა“. ხოლო 10-წლიანი მმართველობის თავზე, ეს რიტორიკა მთლიანად იცვლება. 2021 წლის 5 ივლისს, საქართველოს მაშინდელი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ყურადღებას ამახვილებს უმრავლესობის უფლებების დაცვაზე, რაც, როგორც მისი განცხადებიდან ჩანს, უნდა მოხდეს უმცირესობის სიტყვისა და გამოხატვის დათმობის ხარჯზე. ასეთ მკაფიო ცვლილებას ნარატივებში თან სდევს პირდაპირი კონფრონტაცია დასავლელი პარტნიორების მიმართ, დემოკრატიული ინსტიტუტების შესუსტება, პოლიტიკური პოლარიზაციის გამწვავება და ჰომო/ტრანსფობიური ნარატივების გაძლიერება სახელისუფლებლო მედიების მხრიდან. ეს კი, თავის მხრივ, კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ ლგბტქ+ თემის წევრების უფლებების დაცვა ისეთი ღირებულებების უზრუნველყოფას კი არ ეფუძნებოდა, როგორიცაა თანასწორობა, არამედ გამოიყენებოდა საკუთარი ინტერესების დასაცავად.

გარდა ამისა, არც პოლიტიკური ჰომოფობია იყო დაფუძნებული მხოლოდ ინტერპერსონალურად არსებული ემოციების გამოყენებაზე, არამედ კოლექტიური იდენტობის მშენებლობაზე და „მტრის ხატის“ წარმოებაზე. ამისთვის კი, ლგბტქ+ თემი საუკეთესო კანდიდატია. საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთანავე, დაიწყო ქართული ნაციონალიზმის მშენებლობის, საზოგადოების გაერთიანებისა და კოლექტიური იდენტობის ჩამოყალიბების მცდელობები. მაშინ როდესაც 90-იან წლებში ქართული ნაციონალური იდენტობის მშენებლობა სხვა ეთნიკური ჯგუფების გარიყვის ხარჯზე ხდებოდა, ხოლო 2000-იანებში რელიგიური უმცირესობების, 2000-იანების ბოლოდან შემოდის ლგბტქ+ ადამიანის სახე-ხატი, რომლის ხარჯზე მყარდება ერის იდენტობა. „ეს ჩვენი გეიები არ არიან… ქართველი გეი არ არსებობს“, - აცხადებს 2012 წელს ერთ-ერთი მოძღვარი 17 მაისს ლგბტქ+ თემის წევრების მიერ ორგანიზებულ მსვლელობაზე, რითაც იმაზე მიანიშნებს, რომ ქართველის იდენტობა და ლგბტქ+ თემის წევრობა ერთმანეთთან შეუთავსებელია, მაგრამ ამავე დროს ამტკიცებს, რომ „გეიობა“ არის იმპორტირებული და არ არის ამ ქვეყნისთვის ავთენტური მოცემულობა. ლგბტქ+ თემის წევრების უფლებების თავს მოხვეულად წარმოჩენა, ევროკავშირთან დაკავშირება, ევროკავშირის გაშავების მიზნით და საზოგადოებაში ეროვნული იდენტობის წართმევის შიშის გაღვივება, წლების განმავლობაში სულ უფრო მწვავდება. რაც კულმინაციას 2021 წლის შემდგომ აღწევს, როდესაც ულტრამემარჯვენე ჯგუფების ეს დისკურსები უკვე ქართული ოცნების რიტორიკაში შემოდის, ხოლო 2024 წელს ჰომოფობიური კანონების ინიცირებით გვირგვინდება.

დემოკრატიისა და თანასწორობის ცნებების მხოლოდ დასავლეთისთვის მიბმა და ეროვნული იდენტობის წარმოება ამ ღირებულებების უარყოფის ხარჯზე ახალი ფენომენი არ არის. ეს კარგად ნაცადი პრაქტიკაა რუსული პოლიტიკისთვის. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთისთვის ჰომოფობია არც ახალია და ამჟამადაც სხვადასხვა მემარჯვენე ჯგუფის ერთ-ერთ მთავარ თავშესაფრად რჩება, ქართული ოცნების მიერ ინიცირებული კანონი მთლიანად რუსეთში არსებული საკანონმდებლო ინიციატივების ასლია. უფრო მეტიც, ეს კანონები არა მხოლოდ შინაარსობრივად იმეორებს რუსულ კანონმდებლობას, არამედ კანონების მიღების პროცედურების დონეზეც კი, რუსული პრაქტიკის პირდაპირი ანარეკლია. ნიკიტა სლეპცოვი აღნიშნავს, რომ სახელმწიფო ჰომოფობია რუსეთში ეროვნული ერთობის შესაქმნელად გამოიყენება. ეს ერთობა იქმნება ლგბტქ+ თემის „უცხოდ“ წარმოჩენით და მისი მიბმით „კოლექტიური დასავლეთისთვის“, მისი ღირებულებებით, დისკურსებითა და პოლიტიკით (სლეპცოვი, 2017, 156). ის აღნიშნავს, რომ ჰომოფობიური კანონების ინიცირება რუსეთში ჯერ რეგიონულ დონეზე დაიწყო და დაგვირგვინდა 2013 წელს რუსეთის დუმის მიერ მიღებული ფედერალური კანონით, „არატრადიციული სექსუალური ურთიერთობების პროპაგანდისგან არასრულწლოვნების დაცვის შესახებ“ (სლეპცოვი, 2017, 149-151).

აქედან გამომდინარე, რთული არ არის იმის გააზრება, თუ როგორ ეწერება ქართული ოცნების პოლიტიკა იმ გეოპოლიტიკურ ძვრებში, რომელიც რეგიონში და, შეიძლება ითქვას, მსოფლიოში ხდება. სიმდიდრის, ძალაუფლებისა და ტოტალური კონტროლის წყურვილი მმართველ პარტიას ალიევის, ლუკაშენკოს და კადიროვის გზაზე აყენებს. გზაზე, სადაც ქვეყნის კურსი რადიკალურად იცვლება, ხოლო კონტროლი თაობებით გადაეცემა მმართველი პარტიის ლიდერების მემკვიდრეებს, სადაც ქვეყანაში არსებული ყველა რესურსი: ბუნებრივი, ადამიანური თუ ეკონომიკური, ადამიანთა მცირე ჯგუფის კონტროლის ქვეშ რჩება, სადაც საზოგადოება, რომლის ყოველდღიურობაა სოციალური და ეკონომიკური პრობლემების გადაჭრა, ადამიანთა მცირე ჯგუფის სიძულვილისთვის, იმ ტოტს ჭრის, რომელზეც ზის.

შესაბამისად, ნათელია, რომ ქართული ოცნების პოლიტიკა, დემოკრატიის შესუსტებასთან ერთად, საზოგადოების ემოციების ინტრუმენტალიზაციას ახდენს და ეროვნული ინტერესების გამტარად ცდილობს თავის წარმოჩენას. ეროვნული იდენტობის, რომელიც ლგბტქ+ თემის წევრების ხარჯზე იქნება. ამ კონკრეტული ნაციონალისტური დისკურსის დამახასიათებელი ნიშანია ლგბტქ+ თემის წევრებისთვის ისეთი სიმბოლური, თუმცა მითოლოგიური ძალაუფლების მინიჭება, როგორიცაა ბავშვების გარყვნის, ოჯახების ნგრევის, ანდა ტრადიციების წართმევის მითები. ხოლო ასეთი ფაშისტური პოლიტიკის წარმოებით, ქართული ოცნება არა მხოლოდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ დომინაციას ამყარებს, არამედ კულტურულ დომინაციასაც, რომელიც კონსოლიდაციას უკეთებს მათ ძალაუფლებას და ავტორიტარულ მმართველობას უყრის საფუძველს.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

ბიბლიოგრაფია:

Weiss, Meredith L., and Michael J. Bosia (eds), Global Homophobia: States, Movements, and the Politics of Oppression

https://doi.org/10.5406/illinois/9780252037726.001.0001

Sleptsov, Nikita (2017) "Political Homophobia as a State Strategy in Russia," Journal of Global Initiatives: Policy, Pedagogy, Perspective: Vol. 12 : No. 1 , Article 9.

https://digitalcommons.kennesaw.edu/jgi/vol12/iss1/9

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“