საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
გამოქვეყნდა opendemocracy.net-ზე, 2012
2013 წლის ივლისისთვის, ხორვატია ევროკავშირის 28-ე წევრი გახდება. უცნაურია, მაგრამ დღეის მდგომარეობით, ამ გაწევრიანებით, შესაძლოა, ევროკავშირმა უფრო მეტი მოგება ნახოს, ვიდრე თავად ხორვატიამ.
2005 წლის მიწურულს, როდესაც ხორვატიასა და ევროკავშირს შორის გაწევრიანებაზე მოლაპარაკებები ოფიციალურად დაიწყო, ხორვატიის ერთ-ერთმა წამყვანმა ლიბერალურმა მედიასაშუალებამ გარეკანზე ტრიუმფალური გზავნილი გამოაქვეყნა: „მშვიდობით, ბალკანეთო!“. იმ დროისათვის, გაბატონებული იყო სწორედ ასეთი მიდგომა, ბალკანეთის ერთგვარი „თვითრეალიზებადი მითოლოგია“, რომელიც მას წარმოაჩენდა, როგორც რეგიონს, რომელსაც დასავლეთთან ინტეგრაციით „ცივილიზება“ სჭირდება. უკვე რვა წლის შემდეგ, როდესაც ხორვატია საბოლოოდ ხდება ევროკავშირის წევრი, აღარც ევროკავშირს და აღარც ბალკანეთს იგივე იმიჯი აღარ აქვთ. დღევანდელი სიტუაცია ცნობილ ხუმრობას წააგავს პაციენტის შესახებ, რომელსაც ექიმი სთავაზობს, გააკეთოს არჩევანი, ჯერ კარგი ამბავი გაიგოს და შემდეგ ცუდი, თუ პირიქით. რა თქმა უნდა, პაციენტი თავდაპირველად ცუდი ამბის გაგებას ირჩევს. „ცუდი ამბავი ისაა, რომ თქვენ სიმსივნე გაქვთ“, ამბობს ექიმი, „მაგრამ ნუ ინერვიულებთ, კარგი ამბავი ისაა, რომ თქვენ ალცჰაიმერიც გაქვთ, ამიტომ სახლში მისვლამდე პირველი დიაგნოზი უკვე დავიწყებული გექნებათ“. სწორედ ამას ჰგავს ევროკავშირში ხორვატიის გაწევრიანება - ცუდი ამბავი ისაა, რომ ხორვატია დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, კორუფციული გარიგებების ამოხეთქვა თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, უმუშევრობის დონე იზრდება, თუმცა კარგი ამბავი ესაა: „ნუ ინერვიულებთ, თქვენ ევროკავშირში შეხვალთ“.
„ევროკავშირში გაწევრიანებას აბსოლუტური უმრავლესობა უჭერს მხარს“, - ასე გააშუქა ავსტრიის საზოგადოებრივმა მაუწყებელმა ხორვატიაში ჩატარებული რეფერენდუმი, რომელიც ქვეყნის ევროკავშირში გაწევრიანებას შეეხებოდა. და მართლაც, რეფერენდუმის მონაწილეთა ორი მესამედი თანხმობას გამოხატავდა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ რეფერენდუმში მონაწილეობის ისტორიულად ყველაზე დაბალი მაჩვენებელი, 43% დაფიქსირდა, გამოდის, რომ ევროკავშირში გაწევრიანებას ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 29%-მა დაუჭირა მხარი. რეფერენდუმის წინა ღამეს, ყოფილმა სამხედრო გენერალმა, ანტე გოტოვინამ, რომელიც ყოფილი იუგოსლავიის თაობაზე სისხლის სამართლის საეთაშორისო ტრიბუნალის (ICTY) საკნიდან სულ ცოტა ხნით ადრე გაათავისუფლეს და რომელიც ერთხანს ხორვატიასა და ევროკავშირს შორის მოლაპარაკებების ერთ-ერთი მთავარი ხელისშემშლელი იყო, ხორვატ ხალხს ეპისტოლე გაუგზავნა, რომელშიც მათ ევროკავშირის სასარგებლოდ ხმის მიცემისკენ მოუწოდებდა. ამასთან, ორმა უდიდესმა ხორვატულმა პარტიამ, სოციალ-დემოკრატებმა (რომლებიც ამჟამად ხელისუფლებაში არიან) და კონსერვატორებმა (ყოფილი ხელისუფლება), ხორვატიის კათოლიკურ ეკლესიასთან ერთად, ყველაფერი გააკეთეს ამომრჩეველთა დასარწმუნებლად იმაში, რომ „ალტერნატივა არ არსებობს“.
რეფერენდუმამდე სულ რამდენიმე დღით ადრე, საგარეო საქმეთა მინისტრმა ისიც კი აღნიშნა, რომ პენსიები არ დარიგდებოდა, თუკი ამომრჩევლები თანხმობას არ გამოხატავდნენ. და მართლაც, 600 000 ევროს ღირებულების კამპანიის მთავარი არგუმენტები ზუსტად ემთხვეოდა „შანტაჟის ალტერნატივებს“, რომელთაგან ყველაზე ხშირი ის არგუმენტი იყო, რომ: „თუ ევროკავშირში არ შევალთ, ბალკანეთში დავრჩებით“. ასეთ ატმოსფეროში გასაკვირი არცაა, რომ ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანებაზე ჩატარებულ რეფერენდუმში, ყველა წევრ სახელმწიფოსთან შედარებით, ყველაზე ნაკლებმა ამომრჩეველმა მიიღო მონაწილეობა. მხოლოდ 43%-იანი მაჩვენებლით, ხორვატიამ წინა რეკორდს, უნგრეთის მაჩვენებელსაც კი გადაუსწრო, სადაც რეფერენდუმში მოსახლეობის მხოლოდ 45% იღებდა მონაწილეობას. ამ მოვლენის ერთ-ერთი სავარაუდო ახსნა კარგად ჩამოაყალიბა ხორვატიის პრემიერ-მინისტრმა, რომელმაც პირველი ოფიციალური შედეგების გამოქვეყნებისას განაცხადა: „იმის შიშით, რომ რეფერენდუმი ჩაიშლებოდა, ჩვენ კონსტიტუცია შევცვალეთ“, რითაც, თავისდა უნებურად, გაახმოვანა ბერტოლტ ბრეხტის ცნობილი ანდაზა: „როდესაც ხელისუფლება არ ეთანხმება ხალხს, დროა, შეიცვალოს ხალხი“. 2010 წელს, ევროკავშირში გაწევრიანების გამო, რეფერენდუმის წესები მართლაც შეიცვალა, თუმცა, ამის გარდა, გადაწყდა კიდევ სხვა (იურიდიული, ეკონომიკური და ა.შ.) საკითხებიც.
რუმინეთის პრემიერ-მინისტრის საპარლამენტო გამოსვლისას, ექვსი დღის შემდეგ იმ დღიდან, როდესაც მუჰამედ ბუაზიზის მიერ თავის დაწვამ „არაბული გაზაფხულის“ დაწყება გამოიწვია, 41 წლის ტელეინჟინერი, ადრიან სობარუ თვითმკვლელობის მიზნით გალერეაში შეიჭრა მაისურით, რომელზეც ეწერა: „თქვენ ჩვენი ბავშვების მომავალი მოკალით! თქვენ გაგვყიდეთ!“, თუმცა ეს მოვლენა არავინ მიიჩნია იმის მომასწავებლად, რაც ევროკავშირში ამის შემდეგ მოხდა. სულ რაღაც ერთი წლის შემდეგ, ათასობით რუმინელმა მკაცრი ეკონომიის ზომები (რაც, ძირითადად, ჯანდაცვის სისტემის პრივატიზაციით იყო გამოწვეული) გააპროტესტა. 2004 და 2007 წლებში ევროკავშირის გაფართოებისგან განსხვავებით, ატმოსფერო ნაკლებად ოპტიმისტურია, და მაინც, ხორვატია ამ კლუბს უერთდება.
სულ რაღაც ერთი წლის წინ, ევროკავშირი ესპანეთში, პორტუგალიაში, საბერძნეთში, ბრიტანეთში, უნგრეთში, რუმინეთსა და მომავალ წევრ სახელმწიფოში, ხორვატიაში (დეტალები იხ. ამ და ამ ბმულებზე) დიდი საპროტესტო მოძრაობებისა და გაფიცვების წინაშე დადგა. ევროკავშირში შეინიშნება ახალი, ანტი-დემოკრატიული ტენდენციები, რომელიც მხოლოდ მემარჯვენე ფრთის მოძრაობებისა (ე.წ. Golden Dawn და ა.შ.) და მთავრობების (ვიქტორ ორბანი) წარმატებაში არ გამოიხატება. დემოკრატიას კიდევ უფრო დიდ საფრთხეს ძალაუფლების მქონე ახალი ტექნოკრატიული ელიტები უქმნიან - ის ადამიანები, რომლებიც ახალ ნაციონალისტურ ტენდენციებს უწყობენ ხელს და რომლებსაც ერთი რამ, Goldman Sachs-ში მუშაობის გამოცდილება აერთიანებთ, მაგალითად, მარიო მონტი, მარიო დრაგი ან ლუკას პაპადემოსი. ეს უკანასკნელი ევროკავშირის ამჟამინდელი პრობლემების წარმოსაჩენად საუკეთესო მაგალითია. თუ „პაპას“ (რომელიც ნიშნავს როგორც „მამას“, ისე „ნახვამდის“-ს) ეტიმოლოგიური მნიშვნელობის მიხედვით, სიტყვათა თამაშს მივყვებით, გამოდის, რომ ერთდროულად გვყავს „ხალხის მამა“ („პაპა დემოსი“) და ადამიანი, რომელიც ხალხს ემშვიდობება („პა-პა, დემოს“). ამ უცნაურ დამთხვევაზე საუბრისას, სლოვენიელმა ფილოსოფოსმა, სლავოი ჟიჟეკმა, შესანიშნავი ჰეგელიანური სინთეზი შექმნა: თუ ორივეს გავაერთიანებთ, მივიღებთ, არც მეტი, არც ნაკლები, სატურნის მითს, რომელიც იუპიტერის გარდა, ყველა შვილს ჭამს (ხორვატულ და სლოვენიურ ენებზე „პაპა“ ასევე ნიშნავს „ჭამას“)!
სინამდვილეში, ხორვატიაში ჩატარებული რეფერენდუმი ევროკავშირის დემოკრატიული დეფიციტის კიდევ ერთი სიმპტომია. ჩვენ რეფერენდუმი მაშინ ჩავატარეთ, როდესაც ყველაფერი უკვე გადაწყვეტილი იყო. რეფერენდუმი არც 2003 წელს ჩაგვიტარებია, როდესაც ხორვატიამ ევროკავშირს გაწევრიანების თხოვნით მიმართა, და არც 2005 წელს, როდესაც ხორვატიამ ევროკავშირთან ოფიციალური მოლაპარაკებები წამოიწყო. რეფერენდუმი 2010 წელსაც კი არ ჩაგვიტარებია, ანუ მაშინ, როდესაც გაწევრიანების გამო, ჩვენი კონსტიტუცია და რეფერენდუმის ჩატარების წესები შეიცვალა. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ვიმყოფებით ისეთ სიტუაციაში, რომ შეგვიძლია, ავირჩიოთ მხოლოდ ის, რაც ყველა ამ ნაბიჯის შედეგად, უკვე არჩეულია. შეკითხვა, რომელსაც ხორვატიის მთავრობა უკვე მუდმივად იმეორებს - „რა ალტერნატივა არსებობს?“ - უკვე შანტაჟს წააგავს და უცნაურად გვაგონებს მარგარეტ ტეტჩერის ცნობილ სლოგანს ალტერნატივის არარსებობის შესახებ. და შემთხვევითი არაა, რომ ჩვენ წინაშეა პარადოქსი - თითქოსდა სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლება სინამდვილეში უფრო სწრაფად და ეფექტიანად ახორციელებს ნეოლიბერალურ რეფორმებს, ვიდრე მისი წინამორბედი კონსერვატიული ხელისუფლება ახერხებდა ამას. ამჟამად უკვე - ეკონომიკის „გადარჩენის“ მიზნით - სოციალ-დემოკრატიული ხელისუფლება რკინიგზის, საავტომობილო მაგისტრალების, ენერგეტიკის სექტორისა და ციხეების თანდათანობით პრივატიზაციასაც კი აანონსებს.
ამავდროულად, ჩვენ ვართ უცნაური სიტუაციის მომსწრენი - მთავრობა ცდილობს, ხალხი დაარწმუნოს, რომ ხორვატია ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს იმიტომ, რომ ჩვენ უკვე აღარ ვიქნებით ბალკანეთის ნაწილი და, გარდა ამისა, ჩვენ უკვე დასავლეთის ნაწილი გავხდებით. ზოგჯერ ისიც კი საკმარისია, რომ შევხედოთ წინა კანდიდატებს, რომლებიც ახლა უკვე ევროკავშირის წევრები არიან და ვნახოთ, როგორი მითოლოგია მოსდევს თითოეულ წევრ სახელმწიფოს. თავის პროვოკაციულ წიგნში „ევროზია - ახალი ევროცენტრიზმის კრიტიკა“, სლოვენიელი სოციოლოგი მიტია ველიკონია დისკურსის დეტალურ ანალიზს გვთავაზობს. ანალიზი იწყება დაკვირვებით, რომ ახალი ევროცენტრისტული მეტა-დისკურსის უსასრულოდ კვლავწარმოებული, გაცვეთილი ფრაზები საზოგადოებრივი ცხოვრების ყველა სფეროში - პოლიტიკაში, მედიაში, მასკულტურაში, რეკლამის სფეროში, ყოველდღიურ საუბრებში - უკვე ნორმალიზებულია. ავტორისვე სიტყვებით: „იუგოსლავიური ტოტალიტარიანიზმის დროს, გონებრივი ერთფეროვნების ერთპარტიულ პერიოდშიც კი, არასოდეს მინახავს იმდენი წითელი კომუნისტური ვარსკვლავი, რამდენი ყვითელი ევროპული ვარსკვლავიც 2004 წელს, ანუ დემოკრატიის პირობებში ვნახე“. მოკლედ, ჩვენ ერთგვარი ვირუსული ინფექცია (Virosis) გვჭირს. აქედან წარმოდგა ნეოლოგიზმი „ევროზიაც“ (Eurosis).
მოდელი თითქმის ყოველთვის ერთნაირია: სლოვენიის მაშინდელი საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, ევროკავშირში გაწევრიანების შედეგად, სლოვენია „ერთი ნაბიჯით მიუახლოვდა ევროპის ცენტრს, ევროპულ ტრენდებს, ევროპულ ცხოვრებას, ევროპულ კეთილდღეობას, ევროპულ დინამიკას და ა.შ.“. მეორე მხრივ, ყველაფერი, რაც „ჩამორჩენილი“ ან „ცუდია“, ავტომატურად ასოცირდება - ალბათ გამოიცანით - ბალკანეთთან. ან, როგორც ესპანური ყოველდღიური გამოცემის, „ელ პაისის“ ერთ-ერთმა ჟურნალისტმა აღნიშნა, „ევროკავშირში გაწევრიანებით სლოვენიამ ბალკანურ წყევლას დააღწია თავი“. თუმცა, უფრო ახლოს თუ შევხედავთ, ევროპა უკვე „ბალკანიზებულია“ და, თავის მხრივ, ბალკანეთიც „გაევროპულებულია“. ამის ასახსნელად საჭიროა, იმ მთავარ მითებზე დაკვირვება, რომლებიც ბალკანეთში სლოვენიის ევროკავშირში გაწევრიანების შემდეგ წარმოიშვა, ერთი კანდიდატიდან მეორეზე გავრცელდა, დროებით ხორვატიაში შეჩერდა და ამჟამად სხვა ქვეყნებისკენ, მაგალითად, სერბეთისა და მონტენეგროსკენ გადაადგილებას ელოდება. პირველი მითი კორუფციას უკავშირდება, მეორე - კეთილდღეობას, მესამეს კი მშვიდობის დარგში ნობელის პრემიამდე მივყავართ.
პირველი მითი ასეთია: „ევროკავშირში შესვლის შემდეგ, კორუფცია შემცირდება“. ამ დროისთვის, უკვე ყველამ იცის, თითქმის, ჰოლივუდური ისტორია ხორვატიის ყოფილ პრემიერ-მინისტრზე, ივო სანადერზე, რომელიც ხორვატიიდან გაქცევის შემდეგ, ზალცბურგთან ახლოს მდებარე მაგისტრალზე დაიჭირეს. მას რამდენიმე კორუფციულ გარიგებაში ედებოდა ბრალი, მათ შორის, ავსტრიულ ბანკსა (Hypo-Alpe Adria) და უნგრულ ნავთობკომპანიასთან (MOL). ანუ, ევროპული პარტნიორების გარეშე, სანადერი კორუფციულ გარიგებებს ვერ აწარმოებდა. ბოლო აღმოჩენა იყო „შეთანხმება“, რომელიც სანადერსა და სარკოზის შორის დაიდო და რომლის გამოც, ხორვატიის ეროვნულ ავიახაზებს გაკოტრება ემუქრება, თუ 2008 წელს, ყოფილი პრემიერ-მინისტრის მიერ ხელმოწერილ კონტრაქტს არ შეცვლის. სანადერმა საფრანგეთის ყოფილ პრეზიდენტთან 135 მილიონი ევროს ღირებულების გარიგება დადო, რათა 2008 წელს Airbus France-თან ერთად, 4 თვითმფრინავი შეესყიდა. ხორვატიის ავიახაზებს ეს თვითმფრინავები არც სჭირდებოდა, თუმცა ეს სანადერს სარკოზისთან შეხვედრის საშუალებას აძლევდა სწორედ მაშინ, როდესაც საფრანგეთი ევროსაბჭოს პრეზიდენტი ქვეყანა უნდა გამხდარიყო. ამავე დროს, ჟაკ შირაკი კორუფციაში დაადანაშაულეს, გერმანიის პრეზიდენტმა, კრისტიან ვულფმა კი, სავარაუდო კორუფციის გამო, თანამდებობა დატოვა. ეს ყველაფერი საკმარისია იმის დასამტკიცებლად, რომ ევროკავშირში ბალკანეთზე ნაკლები კორუფცია სულაც არ იქნება. თუმცა, მთავარი ისაა, რომ ამ სიტუაციაში, სახეზეა ორმაგი სტანდარტები, რაც კარგად ჩანს Frankfurter Allgemeine Zeitung-ის ბოლო გამოცემაში, სადაც კომისიის პრეზიდენტი ბაროზო თავის ვრცელ ინტერვიუში აღნიშნავს, რომ „საჭიროა მეტი ევროპა“. იქვე მოცემულია მცირე ინფორმაცია იმის შესახებ, რომ რუმინეთი შენგენის ზონაში შესასვლელად მწვანე შუქს ვერ მიიღებს. რატომ? კორუფციის გამო. მაშინ, „რეფორმებსა“ და „კორუფციაზე“ საუბრისას, რატომ არ ეხება იგივე თავად ევროკავშირს? და, თუ უკიდურესობამდეც მივალთ, რატომ არ უნდა უწევდნენ ახალი წევრები „მონიტორინგს“ თავად ევროკავშირს?
ამას მივყავართ მეორე მითამდე: „ევროკავშირში შესვლა მეტ კეთილდღეობას მოგვიტანს“. ამ მითზე კამათი რთული არაა. საკმარისია დავაკვირდეთ „კეთილდღეობის“ დონეს PIIGS (პორტუგალია, იტალია, ირლანდია, საბერძნეთი, ესპანეთი) ქვეყნებში, ან, როგორც ბოლო დროს უწოდებენ, GIPSI ქვეყნებში (სიტყვათა თამაში: gypsy ინგლისურ ენაზე „ბოშას“ ნიშნავს). ეს გამონათქვამი, სხვათა შორის, შესანიშნავად წარმოაჩენს პერიფერიის ჭეშმარიტ მნიშვნელობას. ხორვატია ცენტრს ვერ შეუერთდება - ის სწორედ GIPSI სახელმწიფოებს შორის მოხვდება. ბოლოდროინდელი სტატისტიკა აჩვენებს, რომ ახალგაზრდების უმუშევრობის დონის 40%-ზე მაღალი მაჩვენებლით, ხორვატია, საბერძნეთისა და ესპანეთის შემდეგ, მესამე ადგილს იკავებს. როგორც პოლონელმა ფილოსოფოსმა, იაროსლავ მაკოვსკიმ აღნიშნა, „ამ დრომდე, სოციოლოგები ყურადღებას ე.წ. „დაკარგულ თაობაზე“ ამახვილებდნენ, თუმცა პოლიტიკოსები ამ ფრაზის გამოყენებისაგან თავს იკავებდნენ მანამ, სანამ იტალიის პრემიერ-მინისტრმა, მარიო მონტიმ არ მოახერხა დუმილის დარღვევა და ახალგაზრდა თანამემამულეებს არ განუცხადა, რომ ისინი დაკარგულ თაობას წარმოადგენდნენ. ან, უფრო ზუსტად: „სიმართლე, და, სამწუხაროდ, უსიამოვნო სიმართლე, ისაა, რომ იმედიანი დაპირება - სისტემის ტრანსფორმირებისა და გამოსწორების შესახებ - მხოლოდ იმ ახალგაზრდებზე გავრცელდება, რომლებიც ზრდასრულ ასაკს რამდენიმე წელიწადში მიაღწევენ“. იმის ნაცვლად, რომ სწორედ ახალგაზრდებში ჩაედო ინვესტიცია, მონტი იმდენად შორს წავიდა, რომ განაცხადა: „ახალგაზრდები უნდა შეეგუონ იმ აზრს, რომ მთელი ცხოვრების მანძილზე ფიქსირებული სამსახური არ ექნებათ“, და დაამატა, რომ: „გარდა ამისა, ეს მონოტონურია! გაცილებით უკეთესია, შეიცვალო და ახალი გამოწვევები მიიღო“. ანუ, ერთი მხრივ, როგორც მაკოვსკი განმარტავს, გვყავს „გაბრაზებული ახალგაზრდები“, რომლებიც 2011 წლის ზაფხულში, ლონდონის ქუჩებში ვნახეთ - „ახალი ღარიბები“, რომელთა პერსპექტივა გაჭიანურებული უმუშევრობა ან დაბალი დონის სამსახურებია, რომლებიც მათ კვალიფიკაციასა და ამბიციებს არ შეესაბამება. მეორე მხრივ კი, იმის მიუხედავად, რომ ევროპის ბოლო შანსი სწორედ „ერასმუსის“ თაობაა, ქამრების შემოჭერის პოლიტიკის პირობებში, განათლება თითქმის მთლიანად უგულებელყოფილია. ალბათ, მოვიდა დრო, რომ მაქს ჰოკჰაიმერის ცნობილი გამონათქვამის პერიფრაზი მოვახდინოთ და ვთქვათ, რომ „ყველა, ვისაც ნეოლიბერალიზმზე საუბარი არ სურს, ევროკავშირის თემაზეც უნდა დუმდეს“. იგივე ეხება „რეფორმებს“ ხორვატიაში. ისინი, ვისაც ფინანსური სექტორის რეფორმირებაზე საუბარი არ სურს, ასევე უნდა დუმდნენ სხვა დანარჩენ (სამართლებრივ, ადამიანის უფლებების და ა.შ.) რეფორმებზეც. ხორვატიაში ბანკების უკვე 90% ავსტრიული, ფრანგული, გერმანული ან იტალიურია და ხორვატიის „ევროპასთან შეთავსებადი“ ელიტები ცდილობენ, ნეოლიბერალური რეფორმები, როგორც ევროკავშირში შესვლის აუცილებელი ნაწილი, კიდევ უფრო გააძლიერონ. ალბათ, სწორედ ესაა ის, რასაც ბატონი ბაროზო გულისხმობდა, როდესაც ამბობდა, რომ ხორვატიის ევროკავშირში გაწევრიანება მხოლოდ ევროკავშირს გააძლიერებს (ახალი პრივატიზაციითა და კაპიტალის დინებით).
კეთილდღეობის მითს უკავშირდება მესამე მითიც, რომელიც ასე ჟღერს: „როდესაც ევროკავშირში შევალთ, უფრო მეტ სტაბილურობას მივიღებთ“. ან, როგორც ერთ-ერთმა ლიბერალმა ხორვატმა მოაზროვნემ რეფერენდუმამდე აღნიშნა: „ჩვენთვის არჩევანი ცხადია: ან ბალკანეთი, ან ცივილიზებული სამყარო“. მისმა კოლეგამ კი დაამატა: „ევროსკეპტიკოსები მხოლოდ ცრუმორწმუნე ობსკურანტები, მანიაკი პატრიოტები, სამხედრო დამნაშავეების თაყვანისმცემლები და ტრაგიკომიკური მეოცნებეები არიან“. ეს ის ცნობილი მითია, რომელიც ემირ კუსტურიცას ფილმებშიც ჩანს და ბალკანეთს წარმოაჩენს ბნელ რეგიონად, რომელიც მხოლოდ სამხედრო დანაშაულისთვისაა ზედგამოჭრილი. სწორედ ასეთია ის „წარმოსახვითი ბალკანეთი“, რომელიც მარია ტოდოროვას ამავე სახელწოდების, კლასიკად ქცეულ წიგნშია აღწერილი. თუმცა, 2012 წელს, როდესაც ევროკავშირმა „ევროპაში მშვიდობის, შერიგების, დემოკრატიისა და ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის“ მშვიდობის დარგში ნობელის პრემია აიღო, სწორედ ეს მითი გამოჩნდა ნორვეგიის შერჩევის კომისიის ოფიციალურმა პრეს-რელიზშიც: „ხორვატიის გაწევრიანება მომავალ წელს, მონტენეგროსთან გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებები და სერბეთისათვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება - ეს ყველაფერი ბალკანეთში შერიგების პროცესს გააძლიერებს“. აქაც იგივე ხდება - აღინიშნება ევროკავშირის ცივილიზაციური მისია, მიუხედავად იმისა, რომ სწორედ ევროკავშირმა ვერ შეძლო სრებრენიცაში სისხლისღვრის შეჩერება. თუმცა, ნობელის პრემიის დისკრედიტაცია აუცილებელი ნამდვილად არ არის: როდესაც ეს პრემია ჰენრი კისინჯერმა მიიღო, ცხადი გახდა, რომ ორუელის ცნობილი კრედო „ომი მშვიდობაა“ ამ პრემიის გადაცემისათვის მთავარი კრიტერიუმი გახდა. ეს ეჭვი ობამას შერჩევამაც დაადასტურა; მოგვიანებით, ობამამ ერაყიდან და ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის გადაწყვეტილება არ მიიღო. მიუხედავად ამისა, აუცილებელია ისიც აღინიშნოს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების ერთ-ერთი წინაპირობა ნატოს წევრობაა, ნატო კი ნამდვილად არაა ცნობილი, როგორც „შერიგების პროცესის ხელშემწყობი“, თუ ლიბიისა და სხვა ქვეყნების ომებს გავიხსენებთ. შეგვიძლია ასევე გავიხსენოთ ბოლოდროინდელი ომი მალიში, სადაც ევროკავშირი „ისლამურ ფუნდამენტალიზმთან“ საბრძოლველად გზავნის ჯარებს, ოფიციალურ მიზეზად კი, ევროპული დემოკრატიისათვის შექმნილ საფრთხეს ასახელებს. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ევროსაბჭოს ამჟამინდელი პრეზიდენტი ქვეყანა, კვიპროსი, ჯერ კიდევ გაყოფილია, მშვიდობის დარგში ნობელის პრემია კი გადაეცა ქვეყანას, რომლის მოქალაქეებსაც ევროკავშირის წევრობაზე უარი ორჯერ უთხრეს. საბოლოო ჯამში, „სტაბილურობის“ მითი „კეთილდღეობის“ მითს უერთდება, რადგან სინამდვილეში, ევროპაში მშვიდობა კი არა, სრულიად საპირისპირო სიტუაციაა - „PIIGS-ის ყურეში“ მუდმივი ომის მდგომარეობა გვაქვს. საჭიროა კი უკეთესი დამადასტურებელი საბუთის მოყვანა, ვიდრე წყალქვეშა ნავების ის გარიგებებია, რომლებმაც საბერძნეთი ჩაძირა, ან ის მილიარდები, რომლებიც გერმანული წყალქვეშა ნავების (ე.წ. U-boats) შეძენას მოხმარდა, მაშინ, როდესაც ევროკავშირი დაჟინებით მოითხოვს უფრო მეტ ეკონომიას ისეთ სფეროებში, როგორებიც ჯანდაცვა ან განათლებაა?
შესაბამისად, ალბათ დროა, ექიმზე ხუმრობა გადასხვაფერდეს და როლებიც შეიცვალოს. ცუდი ამბავი ისაა, რომ ევროკავშირი დიდ პოლიტიკურ და ეკონომიკურ კრიზისს განიცდის, კორუფციული გარიგებების ამოხეთქვა თითქმის ყოველდღიური მოვლენაა, უმუშევრობის დონე იზრდება. თუმცა, კარგი ამბავი ისაა, რომ ხორვატია ევროკავშირში შედის: მშვიდობის დარგში ნობელის პრემიის მსგავსად, ევროკავშირს ახალი დამაჯერებლობა და ლეგიტიმურობა სწორედ ხორვატიის გაწევრიანებამ უნდა შესძინოს. ამ მხრივ, შეგვიძლია ვთქვათ, რომ ევროკავშირს უფრო მეტად სჭირდება ხორვატია, ვიდრე ხორვატიას - ევროპა, ამ უკანასკნელის დღევანდელი მდგომარეობით.
ინსტრუქცია