საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
საზოგადოებაში არსებული სოციალური უთანასწორობები ხშირად ყველაზე ნათლად სკოლაში და სკოლამდელი განათლების დაწესებულებებში იჩენს ხოლმე თავს. თავის მხრივ, სწორედ განათლების სისტემას ძალუძს აღნიშნული უთანასწორობების როგორც დროული და ძირეული პრევენცია, ისე მათი კვლავწარმოება და გაღრმავება.
როგორც არა ერთი კვლევა აჩვენებს, უთანასწორობა ჩვენი განათლების სტრუქტურის განუყოფელი ნაწილია (1). რამოდენიმე დღის წინ გამოქვეყნებული ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, ამ მხრივ ბოლო 10 წლის მანძილზე ვითარება აშკარად გაუარესებულია. PISA-ს შედეგების მიხედვით, 2009 წელს, ქალაქსა და სოფლად მცხოვრებ მოსწავლეებს შორის სხვაობა 30 სატესტო ქულა იყო, დღეისთვის კი ეს სხვაობა 44 ქულას აღწევს. ასევე საგრძნობლადაა გაზრდილი სხვაობა დომინანტური ეთნიკური ჯგუფსა და ეთნიკური უმცირესობების წარმომადგენელ მოსწავლეთა შორის. მაგალითისათვის, PISA-ის საბუნებისმეტყველო ტესტში, 2015 წლის შედეგების მიხედვით, 2009 წელთან შედარებით, სხვაობის მაჩვენებელი 40-დან 60-მდეა გაზრდილი. განსაკუთრებით აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ დაბალი სოციო-ეკონომიკური სტატუსის მქონე მოსწავლეები 78 სატესტო ქულით ჩამორჩებიან მაღალი სოციალური სტატუსის მოსწავლეებს, რაც დაახლოებით სკოლაში გატარებულ 2.5 წელიწადს უტოლდება (3).
15-16 წლის ასაკის მოსწავლეების მაღალი სოციალური სტატუსის მქონე თანატოლებთან შედარებით თითქმის სამწლიანი ჩამორჩენა შემაშფოთებელია და ქვეყნისათვის უდიდეს დანაკარგს წარმოადგენს.
სად ვეძებოთ ამ უთანასწორობების წყარო? ბავშვები დაბადებამდე ხდებიან სიღარიბის მსხვერპლნი. კვლევების თანახმად მუდმივ სტრესში, შიმშილში და დაძაბულობაში გატარებული ფეხმძიმობა ნეგატიურ გავლენას ახდენს ჯანმრთელი ნაყოფის ჩამოყალიბებაზე (4). დაბადების შემდგომ ღარიბი ბავშვები რთულ და არასტაბილურ ვითარებაში იზრდებიან, ხშირად ისეთ გარემოში, სადაც სწავლის ხელშემწყობი ადეკვატური რესურსების დეფიციტია, და ისეთი ხელისშემშლელი ფაქტორებია, როგორიცაა: შიმშილი, სიცივე, ხშირი ავადობა და ფიზიკური სისუსტე, შიში, სირცხვილის გრძნობა, ნაკლები თავდაჯერებულობა, ოჯახური არასტაბილურობა და სხვა; ამასთან აღსანიშნავია ისიც, რომ სოფლად ბავშვები სკოლამდელ განათლებაში ნაკლებად ერთვებიან, რაც სკოლისათვის მზაობის შესაქმნელად ერთი-ერთი აუცილებელი წინაპირობაა (5). შესაბამისად, ასეთი ბავშვები სკოლაში ბევრად მოუმზადებლები ხვდებიან და მეტი ემოციური და ფიზიკური გადაღლილობით, ფსიქოსოციალური პრობლემებითა და სუსტი კონცენტრაციის უნარით გამოირჩევიან. ამასთან, ხშირად ეს ბავშვები ისეთ სოფლებში ცხოვრობენ, სადაც მოსწავლეთა მიმართ მოლოდინი საგრძნობლად დაბალია; ასევე ცოტაა მოწინავეთა წარმატებისა და მათგან შთაგონების მისაბაძი მაგალითებიც, რაც სწავლის დაბალი მოტივაციისა და ხარისხის მიზეზი ხდება. სოფლად მშობლებს ხშირად არ აქვთ საშუალება უზრუნველყონ თავიანთი შვილების კოგნიტური სტიმულაცია საკითხავ წიგნებთან და სათამაშოებთან ხელმისაწვდომობის სიმწირის გამო. მათი ბავშვები ნაკლებად სტუმრობენ ზოოპარკს, მუზეუმებსა თუ სპექტაკლებს და მშობლებს არ აქვთ მათი მუსიკის, ცეკვისა თუ სპორტის გაკვეთილებზე ტარების საშუალება, რაც მათ კულუტურული კაპიტალის განვითარებას დაეხმარებოდა. ეს უკანასკნელი კი, მომავალში გავლენიანი და განათლებული მეგობრების შესაძენადაც საჭიროა, რისი პრივილეგიაც მათ შედარებით შეძლებულ თანატოლებს სკოლის ასაკიდანვე გააჩნიათ (6). ამავდროულად, სოფელში მოსწავლეებს ნაკლები წვდომა აქვთ ინტერნეტსა და თანამედროვე ტექნოლოგიებზე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გაეცნონ 1960 წლიდან არსებულ ათასობით კვლევას, რომელიც დაბალი სოციოეკონომიკური სტატუსის მოსწავლეთა აკადემიურ მოსწრებაზე პირდაპირ გავლენას ადასტურებს (7). ამერიკელი სოციოლოგის, ჯეიმს კოლმანის მიერ განათლებაში არსებული უთანასწორობების შესახებ ჩატარებულმა კვლევამ, რომელშიც 4 000 სკოლის მასშტაბით 600,000 მოსწავლე მონაწილეობდა, გამოავლინა, რომ ყველაზე დიდი გავლენა მოსწავლეების აკადემიურ მოსწრებაზე სწორედ მათ სოციალურ სტატუსს ჰქონდა (8).
სოციალური და ეკონომიკური გარემოს გარდა, აუცილებლად უნდა განვიხილოთ ის ფაქტორებიც, რითაც თავად განათლების სისტემა შეიძლება, ახდენდეს სიღარიბესთან და უთანასწორობასთან დაკავშირებული პრობლემების სტრუქტურულ გაღვივებას. დავიწყოთ სკოლამდელი განათლებით: ბავშვთა ფონდის თანახმად, სკოლამდელ განათლებაში საშუალო ჩართულობა მხოლოდ 69%-ს შეადგენს, რაც ევროპულ სამიზნე ნიშნულთან შედარებით (95%) საკმაოდ დაბალია. სკოლაში ჩარიცხვის მაჩვნებელი გაცილებით დაბალია ეთნიკური უმცირესობების ბავშვებში (33%) და სოციალურად დაუცველ ბავშვებში (40%), ასევე, სოფლად (47%), სადაც პრობლემა სკოლამდელი დაწესებულების სიმცირე, არარსებობა ან სიშორეა. სამწუხაროდ, იქ, სადაც დიდია სკოლებში ჩარიცხვის რაოდენობა (მაგალითად, თბილისში) ხშირად ეს ინკლუზიისა და მოსწავლეთა სასწავლო პროცესში მონაწილეობის ხარჯზე ხდება, იქიდან გამომდინარე, რომ ზოგჯერ მოსწავლეების რაოდენობა ერთ ჯგუფში 60 აღწევს. პერსონალის მხრივ სკოლამდელი განათლების ცენტრებში მყოფი აღმზრდელების მხოლოდ 29%-ს აქვს უმაღლესი განათლება სკოლამდელი განათლების მიმართულებით და 25%-ს პროფესიული განათლება შესაბამის დარგში. ცალკე განხილვის საკითხია პროფესიული და უმაღლესი განათლების ხარისხიც. პრობლემებია სკოლამდელი განათლების კურიკულუმის ფლობასთან და რესურსებზე წვდომასთან დაკავშირებითაც, განსაკუთრებით მაღალმთიან რეგიონებში. აქტუალურია ასევე ბავშვთა ფონდის 2018 წლის ანგარიშში მიმოხილული პრობლემა სკოლამდელი დაწესებულებების მართვასთან და ხარისხის მონიტორინგთან დაკავშირებით. პრობლემაა პროფესიული გადამზადების არასწორი პოლიტიკაც, - სადაც კრედიტქულა უფრო ფასობს, ვიდრე გამოცდილება, მოსწავლე კი, კრედიტქულის დაგროვების ინსტრუმენტია.
მეორე მხრივ, იმის გამო, რომ საჯარო სკოლა უბრალოდ ვეღარ აკმაყოფილებს საშუალო ფენის მოლოდინს სასწავლო პროგრამების, ინფრასტრუქტურის, პედაგოგების კვალიფიკაციისა და სასწავლო რესურსების დონის მხრივ, მზარდია მოთხოვნა როგორც კერძო სკოლებზე, ასევე კერძო მასწავლებლებზეც. ეს ხდება მიზეზი საუკეთესო მასწავლებლების კერძო სექტორში გადადინების. მასწავლებლები უბრალოდ კაპიტალს მიყვებიან, რადგან პედაგოგთა ანაზღაურება კერძო სექტორში, ხშირად 2-3-ჯერ აღემატება საჯარო სექტორის მიერ შემოთავაზებულ ხელფასს იმავე პოზიციისათვის. საჯარო სექტორში შექმნილმა ვაკუუმმა, გზა დაუთმო მოგებაზე ორიენტირებულ ინტერესებს და უკვე მსხვილი საინვესტიციო ფონდებიც, როგორიც „ჯორჯია კაპიტალია“, ათობით მილიონ ლარს აბანდებენ მზარდი საშუალო ფენის მომხმარებლების მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად (9).
ამასთან, ის მოსწავლეები, რომლებიც უმაღლეს სასწავლებელში დაფინანსებას ვერ მოიპოვებენ ხოლმე, - არადა, ზემოთჩამოთვლილი მიზეზების გამო, სწორედ მათ სჭირდებათ, როგორც წესი, ფინანსური მხარდაჭერა - სწავლის საფასურის დაფარვის მიზნით, ხშირად, კომერციულ ბანკებს მიმართავენ. ჩვენი ბანკები და მიკროსაფინანსოები კი სწრაფ კრედიტებს 25%-იანი ეფექტური საპროცენტო განაკვეთით აბიტურიენტებს უხვად სთავაზობენ (1). შესაბამისად, სტუდენტებმა სწავლასთან ერთად უნდა მოასწრონ მუშაობაც, რომ პროცენტი და სხვა ყოფითი ხარჯები დაფარონ. ხშირია შემთხვევები, როდესაც სტუდენტებს გაუსაძლის პირობებში, მიზერული ანაზღაურებით უწევთ მუშაობა არანორმირებული გრაფიკით (მაგალითად სუპერმარკეტებში კონსულტანტებად), ამ მხრივ ხელშეწყობის გარეშე, რის გამოც სტუდენტები უბრალოდ ვეღარ ახერხებენ ხარისხიანი განათლების მიღებას.
ერთი სიტყვით, დაბალი აკადემიური მოსწრება აქვთ სწორედ იმ ბავშვებს, რომლებსაც შიათ, სცივათ, არიან მოუვლელები, შეშინებულები, სტრესის ქვეშ, შესაბამისი სტიმულირებისა და ხელშეწყობის გარეშე; ამ პრობლემათა ფონზე სწავლა მათთვის ნომერ პირველ პრიორიტეტს ძნელად შეიძლება წარმოადგენდეს. შემზარავი რეალობა კი ის არის, რომ იმავე მიზეზების გამო, ეს ბავშვები, ხშირ შემთხვევაში, განწირულები არიან ანალოგიური პრობლემებისთვის ზრდასრულობაშიც.
სამწუხაროდ, დღესდღეობით არ არსებობს პოლიტიკა, რომელიც განათლებაში არსებულ უთანასწორებებს ეფექტურად დააბალანსებდა და დაუპირისპირდებოდა ჩვენს საზოგადოებაში არსებულ ტრენდს, რომელიც ადამიანების აკადემიურ და კარიერულ წარმატებას მხოლოდ პრივილეგიებისა და გახარჯული ფინანსური სახსრების შესაბამისად განსაზღვრავს. სახეზე გვაქვს განათლების სისტემა, რომელიც სოციალური უთანასწორობების კვლავწარმოებით არის დაკავებული და ჩვენს საზოგადოებას სეგრეგირებას უწევს ორ კატეგორიად: ცხოვრებით “წაგებულნი” და “მოგებულნი”. ეს კი, პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის ჩვენი ქვეყნის მიერ აღებულ საერთაშორისო ვალდებულებებთან და ოფიციალურ პოლიტიკურ რიტორიკასთან, რომ: სახელმწიფომ უნდა უზრუნველყოს ხარისხიანი განათლების მიწოდება ყველასათვის განურჩევლად მათი სოციალური სტატუსისა. (11) ალბათ ცოტას თუ ახსოვს, რომ ჩვენი საჯარო განათლების სექტორის ერთ-ერთი მიზანი საზოგადოებაში სწორედ სოციალური თანასწორობის უზრუნველყოფაა. (12).
ჩვენი საზოგადოების გაჯანსაღებისთვის სკოლების და სკოლამდელი დაწესებულებების განმანათლებრივი როლი უმნიშვნელოვანესია. ბევრი სოციალური პრობლემა, რომლის წინაშეც დღეს ჩვენ ვდგავართ გამოწვეულია და კვლავწარმოებულია განათლების დაბალი ხარისხის გამო. სკოლები და სკოლამდელი განათლების დაწესებულებები სწორედ ამ სოციალურ მიზნებსა და სოციალურ განახლებას უნდა ემსახურებოდნენ. თუმცა აუცილებელია, სწავლისთვის ხელსაყრელი გარემო სკოლების მიღმაც შევქმნათ, რადგან განათლების სისტემა, ცალკე აღებული, საზოგადოების ყველა ტკივილის კომპენსირებას, რა თქმა უნდა, ვერ შეძლებს (13). ისეთი სისტემები როგორიცაა სოციალური უსაფრთხოება, ჯანდაცვა, საბინაო პოლიტიკა, დასაქმების პოლიტიკა, ა.შ. გადამწყვეტია, რათა აღმოვფხვრათ სიღარიბე და უთანასწორობა, რაც პირდაპირ გავლენას ახდენს იმაზე, თუ ვინ იქნება დღეს წარმატებული და წარუმატებელი ჩვენი სკოლების მოსწავლეებსა და სკოლადამთარებულთაგან.
ინსტრუქცია