საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობას, მის ლეგიტიმაციას და დამოუკიდებლობის აღქმას დიდ წილად მოსამართლეების დანიშვნა განაპირობებს. საზოგადოებას აინტერესებს ვინ და როგორ ინიშნება მოსამართლის თანამდებობაზე. ბოლო წლებში ნათლად გამოჩნდა, რომ ცალკეული მიმართულებებით სტატისტიკური მაჩვენებლების ზრდის პოზიტიური დინამიკის მიუხედავად, საზოგადოებას კრიტიკულად განაწყობს და ღრმა უნდობლობას უქმნის სწორედ სასამართლო სისტემის დაკომპლექტების პროცესი. ამ თვალსაზრისით, მრავალი წელია საზოგადოების, მედიის თუ პროფესიული ჯგუფების გაძლიერებული ყურადღება სამართლიანად იუსტიციის უმაღლეს საბჭოსკენ არის მიმართული, თუმცა გარკვეულწილად ყურადღების მიღმა რჩება არანაკლებ მნიშვნელოვანი ორგანო - იუსტიციის უმაღლესი სკოლა.
სკოლის მთავარ მიზანს საერთო სასამართლოების სისტემაში მოსამართლედ დასანიშნი პირის – იუსტიციის მსმენელის პროფესიული მომზადება წარმოადგენს. იმ მოთხოვნათაგან, რომელიც წაეყენება მოსამართლეობის კანდიდატს ერთ-ერთი სწორედ იუსტიციის უმაღლესი სკოლის სრული სასწავლო კურსის გავლას გულისხმობს. სკოლა, მცირე გამონაკლისების გარდა, ერთადერთი და ძირითადი გზაა სასამართლო სისტემაში ახალი კადრების შედინებისთვის. ამდენად, თუკი ეს მექანიზმი გამართულად ფუნქციონირებს, იზრდება სასამართლო შემადგენლობის განახლების, გაძლიერების, კვალიფიკაციის ზრდის შესაძლებლობა.
სტატისტიკური მონაცემები აჩვენებს, რომ 2013-2018 წლებში, მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის მიზნით, ჩატარებული 11 კონკურსის შედეგად დანიშნულ 264 მოსამართლეს შორის მხოლოდ 65-ია იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელი,[1] ხოლო უდიდეს ნაწილს მოქმედი ან ყოფილი მოსამართლეები წარმოადგენენ.
სასამართლოს თემით დაინტერესებული ჯგუფებისთვის ცნობილია, რა მნიშვნელობა ჰქონდა ამ წლებს სასამართლოს შემადგენლობის განახლებისა და სასამართლოს მიმართ საზოგადოების დაკარგული ნდობის დაბრუნებისთვის, განსაკუთრებით იმ პირობებში, როცა მოსამართლეთა საკმაოდ დიდ ნაწილს, უფლებამოსილების ვადა სწორედ ამ პერიოდში ეწურებოდა და სისტემის დემოკრატიულად, სამართლიანად და ღირსეულად განახლების შესაძლებლობა იქმნებოდა.
თუმცა სწორედ ამ პერიოდში, როდესაც ახალი კადრების მიმართ მოთხოვნა განსაკუთრებით მაღალი უნდა ყოფილიყო, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ იუსტიციის უმაღლესი სკოლის მსმენელთა შესარჩევი კონკურსი მხოლოდ 4-ჯერ გამოცხადდა. ამასთან, რამდენიმე შემთხვევაში,[2] კანდიდატების რეგისტრაციისთვის განსაზღვრული ვადის გასვლიდან რამდენიმე თვიანი ინტერვალის შემდგომ, განაცხადების მიღებისთვის დამატებითი ვადები განისაზღვრა, რამაც საერთო ჯამში კონკურსების გაჭიანურება გამოიწვია. საბჭოს გადაწყვეტილებები კანდიდატთა რეგისტრაციისთვის დამატებითი ვადის დადგენის შესახებ საფუძვლიან ვარაუდს ქმნიდა, რომ საბჭოს განზრახული ჰქონდა მსმენელთა შერჩევის პროცესის ხელოვნურად გაჭიანურება, რაც საბოლოოდ, მოსამართლეთა ვაკანსიებზე ახალ და ძველ კადრებს შორის კონკურენციას მაქსიმალურად შეამცირებდა და სასამართლოში ძველი მოსამართლეების გადანიშვნის “ლეგიტიმურ” საფუძველს შექმნიდა.
სწორედ ამ წლებში, სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა აღედგინა საზოგადოების ნდობა, თუმცა სისტემის გავლენიანმა ჯგუფმა კიდევ ერთხელ მოახერხა, მათ ინტერესებზე მორგებული პროცესი წარემართა, სისტემაში ახალი კადრების შესვლის პროცესი შეფერხებულიყო და შედეგად მოსამართლის თანამდებობაზე ხელახლა განწესებულიყო არაერთი მოსამართლე, რომელთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი წარსულში მძიმე და სამართლიან კრიტიკას იწვევდა საზოგადოებაში.
რა გამოწვევების წინაშე დგას იუსტიციის უმაღლესი სკოლა?
კანონმდებლობა ვერ უზრუნველყოფს იუსტიციის უმაღლესი სკოლის სათანადო ინსტიტუციურ და ფუნქციურ დამოუკიდებლობას იუსტიციის უმაღლესი საბჭოსგან. მსმენელთა შერჩევა-მიღების პროცესის ნებისმიერ ეტაპზე საკვანძო როლი იუსტიციის უმაღლეს საბჭოს ენიჭება.
იუსტიციის უმაღლესი სკოლის დამოუკიდებლობის დაბალი ხარისხი სკოლის მსმენელთა მიღების პროცესში სასამართლო სისტემის ჩაკეტვისა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მსმენელთა მიღებისა და მომზადების პროცესზე არასათანადო გავლენის მოხდენისა და საბჭოს თვითნებობის რეალურ საფრთხეს ქმნის.
რა უნდა შეიცვალოს?
იუსტიციის უმაღლესი სკოლის ძირეული და სისტემური რეფორმის აუცილებლობა დამოუკიდებელი სასამართლოს და ხარისხიანი მართლმსაჯულების უზრუნველსაყოფად აუცილებელი წინაპირობაა.
ჯერ კიდევ 2018 წლის დასაწყისში, საერთო სასამართლოების სისტემის “მეოთხე ტალღის” რეფორმის ერთ-ერთ მიმართულებად იუსტიციის უმაღლესი სკოლის რეფორმა დასახელდა. იუსტიციის უმაღლესი სკოლის, როგორც დამოუკიდებელი უწყების, ეფექტიანი ფუნქციონირებისთვის და მსმენელთა შერჩევის პროცესის სათანადოდ წარმართვისთვის:
სკოლის დამოუკიდებლობის გაზრდამ და სკოლის მსმენელთა მიღების პროცესის სამართლიანმა რეგულირებამ, უნდა გაზარდოს ნდობა პროცესის მიმართ, რაც სისტემაში ახალი კადრების შესვლის წინაპირობა შეიძლება გახდეს.
ინსტრუქცია