საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
თითქმის ერთი წელია გასული სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიის შექმნიდან. კომისიის სამუშაო ჯგუფები განიხილავენ არაერთ პრობლემურ საკითხს, რომელთა ჯეროვან გადაწყვეტასაც დიდი მნიშვნელობა ექნება ხელისუფლების კონსტიტუციური დანაწილებისთვის. მათ რიცხვს, უდავოდ, მიეკუთვნება მოსამართლეთა დისციპლინური/სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის კონსტიტუციური სტანდარტის განსაზღვრის საკითხი, რომელსაც ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების, სასამართლო ხელისუფლებისა და პროკურატურის საკითხთა სამუშაო ჯგუფი განიხილავს. უკანასკნელ სხდომებზე სამუშაო ჯგუფმა იმსჯელა ვერსიაზე, რომლის მიხედვითაც, მოსამართლის დისციპლინური და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველი არ შეიძლება გახდეს მხოლოდ მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება.
ამ ვერსიის მოწინააღმდეგეთა არგუმენტაციის მიხედვით, ეს მოსამართლეებს მიანიჭებს აბსოლუტურ იმუნიტეტს და დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში, შეუძლებელი გახდება მათი რაიმე სახის პასუხისგებაში მიცემა. მათი მოსაზრებით, პასუხისმგებლობის საფუძვლების განსაზღვრა მხოლოდ კანონით უნდა მოხდეს.
მხოლოდ გადაწყვეტილება, რომ არ შეიძლება გახდეს პასუხისმგებლობის საფუძველი („legal error plus დოქტრინა“) აღიარებულია არაერთი საერთაშორისო დასკვნითა თუ რეკომენდაციით და არ გულისხმობს მოსამართლეთათვის აბსოლუტური იმუნიტეტის მინიჭებას. სიტყვა „მხოლოდ“ ავიწროებ მის ფარგლებს და იძლევა პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობას, თუ კონკრეტული უარყოფითი შედეგი არ არის გამოწვეული „მხოლოდ“ სამართლებრივი შეცდომით და სამართლებრივი შეფასების მიღმა არსებობს დამატებითი გარემოება, რამაც გავლენა იქონია მოსამართლის გადაწყვეტილებაზე, მაგალითად, განზრახვა ან უხეში გაუფრთხილებლობა. მაგალითისთვის, კორუფციული გარიგების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, მოსამართლის მიერ იმაზე მაღალი სანქციის გამოყენება, ვიდრე ეს კანონმდებლობით არის ნებადართული.
ვერ დავეთანხმებით არგუმენტს, რომ განსახილველი ჩანაწერისთვის სახელმწიფოს ძირითად კანონში ადგილი არ მოიძებნება.
არსებული მდგომარეობით, საქართველოს კონსტიტუცია არ შეიცავს მოსამართლეთა დისციპლინური თუ სისხლისსამართლებრივი გარანტიების დამდგენ მატერიალურ კრიტერიუმს, ხოლო ბლანკეტური მითითებები ტოვებს ფართო სივრცეს საკანონმდებლო დისკრეციისთვის. კონსტიტუციური აბსტრაჰიზმი მისასალმებელია რიგ შემთხვევებში, სამართლებრივი კონსერვაციის დასათრგუნად, მაგრამ ძირითადი კანონი მეტი პასუხისმგებლობით უნდა ეკიდებოდეს ხელისუფლების შტოთა ბალანსს. პასუხისმგებლობა მატულობს, როდესაც საქმე სასამართლო ხელისუფლებას ეხება. მისი ვალდებულებაა, საკანონმდებლო და აღმასრულებელ ხელისუფლების საქმიანობის კონტროლი და ადამიანის უფლებების დაცვა ყოველგვარი პოლიტიკური, ეკონომიკური თუ სხვაგვარი ბერკეტების გარეშე, და უძლურია სხვა შტოთათვის ინსტიტუციური წინააღმდეგობის გასაწევად. ყოველივე წარმოშობს ამ უკანასკნელთა სურვილს თავი აარიდონ მართლმსაჯულებას და უარესი, მართლმსაჯულებით შენიღბონ თვითნებური ქმედებები.
აღნიშნული საფრთხეების ფონზე, მოსამართლეზე ზემოქმედების ყველაზე ინტენსიური რეპრესიული მექანიზმის რეგულირების მიღმა დატოვება არ იმსახურებს დადებით შეფასებას. ვფიქრობ, საკონსტიტუციო კომისიამ უნდა გაიზიაროს შეთავაზებული წინადადება, რათა შეზღუდოს საკანონმდებლო ხელისუფლების თავისუფლება და განსაზღვროს მოსამართლეთა პასუხისმგებლობის მატერიალური საფუძველი, რომელიც იქნება კანონმდებლობით განსაზღვრული კონკრეტული სამართალდარღვევისა თუ დანაშაულის მართლზომიერების შეფასების მკაფიო კონსტიტუციური კრიტერიუმი.
ინსტრუქცია