საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიამ დაამტკიცა კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტი, რომელსაც დადებით მხარეებთან ერთად, მრავალი ნაკლი აქვს. აუცილებელია ამ პრობლემების გამოვლენა და გამოსწორება. წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მორიგ წარუმატებელ საკონსტიტუციო რეფორმას. კონსტიტუციის 39-ე მუხლის თემას რეფორმის ფარგლებში მიმდინარე დისკუსიაში ცენტრალური ადგილი არ უკავია, მაგრამ ეს არ აკნინებს მის მნიშვნელობას - საერთო სურათს სწორედ ასეთი დეტალები განსაზღვრავს. პროექტი ითვალისწინებს ამ ნორმის ტექსტის გადატანას ძირითადი უფლებების თავიდან კონსტიტუციის ზოგადი დებულებების თავში, რაც არ არის გამართლებული. ამ პოზიციის დასაბუთებას ქვემოთ შევეცდებით.
39-ე მუხლი კონსტიტუციის მიღებიდან დღემდე მისი უცვლელი ნაწილია. ის ადგენს, რომ „საქართველოს კონსტიტუცია არ უარყოფს ადამიანისა და მოქალაქის სხვა საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებს, თავისუფლებებსა და გარანტიებს, რომლებიც აქ არ არის მოხსენიებული, მაგრამ თავისთავად გამომდინარეობს კონსტიტუციის პრინციპებიდან.“ ეს ჩანაწერი 1921 წლის კონსტიტუციის ტრადიციის გაგრძელებაა. ამ კონსტიტუციის მესამე თავი (მოქალაქის უფლებანი) სრულდებოდა 45-ე მუხლით, რომლის შინაარსსაც ფაქტობრივად იმეორებს 1995 წლის კონსტიტუციის 39-ე მუხლი. ორივე ნორმას აქვს მსგავსი მიზანი - ინდივიდუალური თავისუფლების დაცვის გაუმჯობესება ძირითადი უფლებების კატალოგის განვრცობა-სრულყოფის გზით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, 39-ე მუხლზე აპელირება შესაძლებელია, როდესაც უფლება არ არის მოცემული კონსტიტუციაში ან კონსტიტუციური უფლების ფარგლები არის უფრო ვიწრო, ვიდრე ეს საერთაშორისო ვალდებულებებითაა გათვალისწინებული.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო სადავო ნორმას მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებულ ძირითად უფლებებთან მიმართებით ამოწმებს. აქედან გამომდინარე, კონსტიტუციის პირველ თავში გადანაცვლების შემდეგ 39-ე მუხლის ტექსტი სასამართლო წესით დაცვადი, უშუალოდ მოქმედი და სახელმწიფო ხელისუფლების მბოჭავი სამართლიდან გადაიქცევა დეკლარაციულ ნორმად. ის ვეღარ შეძლებს ზემოთ აღნიშნული მნიშვნელოვანი მიზნის განხორციელებას. 39-ე მუხლის ტექსტის ადგილის შეცვლით დაიკარგება საყოველთაოდ აღიარებული უფლებების საქართველოს კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში შემოტანის შესაძლებლობა. გარდა ამისა, ეს ნაბიჯი არის აშკარა უარი 1921 წლის კონსტიტუციის ისტორიულ-სამართლებრივი მემკვიდრეობის ნაწილზე.
პროექტის მიხედვით, 39-ე მუხლის ტექსტი გახდა სამართლებრივი სახელმწიფოსათვის მიძღვნილი მუხლის ნაწილი. ის მოსდევს წინადადებას, რომელიც განამტკიცებს საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით, როგორც უშუალოდ მოქმედი სამართლით, ხალხისა და სახელმწიფოს ბოჭვის პრინციპს. 39-ე მუხლის ტექსტისათვის ადგილის შეცვლა არსებით პრობლემას წარმოშობს მბოჭავი უფლებების წრის დადგენისას. პროექტი, კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მსგავსად, ამ წრეს არ შემოფარგლავს მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული უფლებებით. ის მიუთითებს საყოველთაოდ აღიარებულ უფლებებსა და თავისუფლებებზე. სწორედ ამ უფლებების განსაზღვრისა და შემოტანისათვის ასრულებს ცენტრალურ როლს 39-ე მუხლი და მისი განლაგება მეორე თავში. თუ პროექტი ამ ფორმით დამტკიცდება, ძირითადი უფლებებით ბოჭვის პრინციპის ფორმულირება ფორმალურად იგივე დარჩება, მაგრამ მბოჭავი უფლებების წრე ფაქტობრივად შეიზღუდება მხოლოდ კონსტიტუციის მეორე თავით გათვალისწინებული უფლებებით.
39-ე მუხლის ძირითადი უფლებების კატალოგიდან ამოღების მიზეზს ნამდვილად არ იძლევა პრაქტიკული გამოცდილება. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 1996-2016 წლების ოფიციალური სტატისტიკა გვიჩვენებს, რომ ის არის არა „მკვდარი“, არამედ ერთ-ერთი აქტიურად გამოყენებადი ნორმა. მოსარჩელეებმა და კონსტიტუციური წარდგინების ავტორებმა 39-ე მუხლზე აპელირება 84-ჯერ განახორციელეს. საკონსტიტუციო სასამართლოს წარმოებაში დღეისთვისაც არის რამდენიმე საქმე, სადაც უნდა შემოწმდეს სადავო ნორმების შესაბამისობა 39-ე მუხლთან. ეს მუხლი გახდა საკონსტიტუციო სასამართლოს რამდენიმე საინტერესო და პრინციპული გადაწყვეტილების საფუძველი. მაგალითისათვის, 2002 წლის 18 აპრილის #1/1/126,129,158 გადაწყვეტილებაში საქმეზე „ბაჭუა გაჩეჩილაძე, ვლადიმერ დობორჯგინიძე, გივი დონაძე და სხვები საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ საკონსტიტუციო სასამართლომ, 39-ე მუხლის დახმარებით, ეროვნულ კონსტიტუციურ სამართლებრივ სივრცეში შემოიტანა ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის 22-ე მუხლით და 25-ე მუხლის პირველი აბზაცით, ასევე ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-2 მუხლის პირველი აბზაცით გათვალისწინებული სოციალური უფლებები და შეამოწმა სადავო ნორმების შესაბამისობა მათთან. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახელმწიფო ვალდებულია, გამოიყენოს მაქსიმალური ძალისხმევა სოციალური უფლებების დაცვის სულ ცოტა, მინიმალური დონის უზრუნველსაყოფად.
კარგად გვესმის, რომ 39-ე მუხლის, ისევე, როგორც მეორე თავის სხვა ნორმების, განმარტება დიდ წინდახედულებას მოითხოვს. ვიწრო და ფორმალისტური ინტერპრეტაციის პირობებში ის ვერ შეასრულებს თავის მიზანს, ხოლო ზედმეტად ფართო განმარტება ისეთ უარყოფით შედეგებს გამოიწვევს, როგორიცაა, მაგალითად, სახელმწიფოსათვის პრაქტიკულად შეუსრულებადი ვალდებულებების დაკისრება. აქედან გამომდინარე, ინტერპრეტაციის პროცესში გასათვალისწინებელია რამდენიმე გარემოება, რაც შეიძლება 39-ე მუხლის ტექსტშიც აისახოს, მისი ადგილის შეუცვლელად. პირველ რიგში, ამ ნორმის საშუალებით დასაშვები უნდა იყოს საერთაშორისო აქტებში დადებითად აღიარებული, უფლებების შემოტანა, რადგანაც მხოლოდ მათგან შეიძლება სამართლებრივად სავალდებულო შინაარსის გამოტანა. 39-ე მუხლი უნდა გამოიყენებოდეს იმ შემთხვევაში, როდესაც საყოველთაოდ აღიარებული უფლების უგულებელყოფით რომელიმე კონსტიტუციური პრინციპის არსის ხელყოფა მოხდება. არ შეიძლება ძირითადი უფლების რანგში ავიყვანოთ საერთაშორისო სამართლებრივი აქტით დადგენილი ნებისმიერი უფლება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად უკავშირდება კონსტიტუციის რომელიმე პრინციპს. ასეთი მიდგომა მიგვიყვანდა საქართველოს კონსტიტუციის ძირითად უფლებათა კატალოგის უკონტროლო და არაგონივრულ გაფართოებასა და გადატვირთვამდე.
საინტერესოა საკითხი, რამდენად მოახდენს 39-ე მუხლის კომპენსირებას რომელიმე სხვა ძირითადი უფლება ან უფლებები. ამ თვალსაზრისით, შეიძლება გამოვყოთ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება. გერმანიის ფედერალური საკონსტიტუციო სასამართლო მსგავს ნორმას ფართოდ განმარტავს. ის უზრუნველყოფს საქმიანობის საყოველთაო თავისუფლებას და პიროვნულობის ზოგად უფლებას, მოიცავს კონსტიტუციაში პირდაპირ დაუსახელებელ თავისუფლებებს. აღსანიშნავია, რომ არსებობს განსხვავებული მოსაზრება და კრიტიკა პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების დაცული სფეროს ასეთ ფართო გაგებასთან დაკავშირებით.
ჩვენი აზრით, პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლება სრულყოფილად ვერ განახორციელებს იმ ფუნქციას, რომელიც 39-ე მუხლს ჰქონდა. რაც მთავარია, მისი საშუალებით ვერ მოხდება სახელმწიფო ხელისუფლების მბოჭავი უფლებების წრის გაფართოება საყოველთაოდ აღიარებული უფლებებითა და თავისუფლებებით. ეს განსაკუთრებით სოციალურ უფლებებს შეეხება. 39-ე მუხლის ტექსტი უფრო კონკრეტული, მარტივად გასაგები და გამოსაყენებელია ქართულ სინამდვილეში. გაცილებით რთული ამოცანაა კონსტიტუციის მე-16 მუხლის განმარტება, განსაკუთრებით ამ ნორმით დაცული სფეროს ფარგლების განსაზღვრა. ეს ზრდის სუბიექტური მიდგომისა და თვითნებობის რისკს.
ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვამცირებთ პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების მნიშვნელობას. ეს უფლება მჭიდრო კავშირშია ადამიანის ღირსებასთან და აუცილებლად ასათვისებელია მისი პოტენციალი. თუმცა მე-16 მუხლის საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს პრაქტიკაში შედარებით იშვიათად გამოყენების მიზეზი იყო და არის არა 39-ე მუხლის არსებობა, არამედ შესაბამისი ცოდნისა და გამოცდილების სიმწირე. 39-ე მუხლის ამოღება მეორე თავიდან ამ პრობლემას, დიდი ალბათობით, ვერ გადაჭრის. შეიძლება მივიღოთ უარყოფითი შედეგიც - პოტენციურ მოსარჩელეებს ხელიდან გამოეცლებათ უკვე აპრობირებული ნორმა და ისინი ვერ შეძლებენ თავიანთი მოთხოვნის შესატყვის დასაბუთებას პიროვნების თავისუფალი განვითარების უფლების საფუძველზე.
ინსტრუქცია