საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოქალაქეებისთვის შეტყობინების გაგზავნა დაიწყო, რომლის მიხედვითაც, მათი ავტოსატრანსპორტო საშუალება დაჯარიმდა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის (ასკ) 174-ე პრიმა მუხლის მე-5 ნაწილით, რუსთაველის გამზირის მიმდებარედ, 5,000 ლარით.
რა უნდა ვიცოდეთ მიღებული შეტყობინებების შესახებ?
მიუხედავად იმისა, რომ შეტყობინების ტექსტი სწორედ ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე უთითებს, ეს არ არის ავტომობილის ჯარიმა, შესაბამისად, არ აქვს მნიშვნელობა, არის თუ არა თქვენს საკუთრებაში მანქანა.
შსს ამ შეტყობინებით გაცნობებთ, რომ ჯარიმა, რომელიც „რუსთაველის გადაკეტვისთვის“ გამოგიწერეს, ფოსტამ ვერ ჩაგაბარათ, ამიტომ ის უკან, შსს-ს დაუბრუნდა. საჯაროდ გამოსაქვეყნებლად კი, უწყებამ გამოიყენა სატრანსპორტო საშუალებების ვიდეო-ჯარიმებისთვის განკუთვნილი შაბლონი და გამოქვეყნების წესი.
მოქმედი კანონმდებლობით, შსს-ს მხოლოდ ავტოსატრანსპორტო საშუალების ვიდეო-ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნების წესი აქვს დამტკიცებული, შესაბამისად, მათ ეს მეთოდი გამოიყენეს რუსთაველის გადაკეტვის გამო გამოწერილი ჯარიმების საჯაროდ გამოსაქვეყნებლად და შეტყობინებებშიც სწორედ ამიტომ ფიგურირებს ავტოსატრანსპორტო საშუალება.
რას ნიშნავს ჯარიმის საჯაროდ გამოქვეყნება?
მას შემდეგ, რაც შსს ჯარიმას გამოწერს, ის ვალდებულია საჯარიმო ქვითარი ადრესატს ჩააბაროს. კანონმდებლობის მიხედვით, მან, ფოსტის გამოყენებით, მინიმუმ 2-ჯერ უნდა სცადოს დაჯარიმებული პირისთვის ქვითრის ჩაბარება. იმ შემთხვევაში, თუ ფოსტამ 2-ჯერ ვერ მოახერხა ჯარიმის ჩაბარება, ქვითარი ბრუნდება შსს-ში და უწყება მას საჯაროდ გამოსაქვეყნებლად გზავნის. საჯაროდ გამოქვეყნების შემდეგ, ჯარიმა ავტომატურად ჩაბარებულად ჩაითვლება 30 დღეში. სწორედ ამას შეეხება ის შეტყობინებებიც, რომლებიც დღეს მოქალაქეებმა მიიღეს.
როგორ იცვლება გასაჩივრების ვადები?
იმ შემთხვევაში, თუ თქვენ მიიღეთ შეტყობინება ჯარიმის გამოქვეყნების შესახებ, თქვენთვის გასაჩივრების ვადები იცვლება. პირველ რიგში, უნდა გადაამოწმოთ რა თარიღით გამოქვეყნდა ჯარიმა. ამის შემდეგ, გადათვალოთ 30 კალენდარული დღე (უქმეების ჩათვლით). სწორედ 30 დღეში ჩაითვლება თქვენი ჯარიმა ჩაბარებულად. ამის შემდეგ (30 დღის ამოწურვისთანავე), გექნებათ 10 კალენდარული დღე იმისთვის, რომ ჯარიმა გაასაჩივროთ.
თქვენი ჯარიმის გამოქვეყნების თარიღის გადასამოწმებლად, გადადით შსს-ს ოფიციალური ვებ-გვერდის ჯარიმების ბაზაში (https://police.ge/protocol/index.php). შეიყვანეთ თქვენი სახელი, გვარი და დაბადების თარიღი. ჯარიმის გასწვრივ დაეწერება მისი გამოქვეყნების დღე. ამ თარიღიდან 30 დღეში, თქვენ ჩაგერთვებათ გასაჩივრების 10-დღიანი ვადა.
ინსტრუქცია