საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
EMC განაგრძობს სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“ საქმიანობის შესწავლას როგორც რელიგიის სფეროში სახელმწიფო პოლიტიკის განსაზღვრის, ასევე ზოგადი საჯარო მმართველობის განხორციელების კუთხით.
EMC-მა 2016 წლის აგვისტოში გამოაქვეყნა განცხადება, სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოს“თანამშრომლებზე არამიზნობრივი დანამატებისა და პრემიების გაცემის პოლიტიკასთან დაკავშირებით. შემგომი პერიოდის კვლევა აჩვენებს, რომ სააგენტო დანამატებისა და პრემიების გაცემის პრაქტიკას კვლავ აგრძელებს.
2017 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის თანახმად, სააგენტოს დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა 5 330 000 ლარია, საიდანაც თანხის დიდი წილი ოთხი რელიგიური თემის (ისლამური, იუდეური, რომაულ–კათოლიკური და სომხური სამოციქულო აღმსარებლობის მქონე რელიგიურ გაერთიანებები) საბჭოთა ტოტალიტარული რეჟიმის დროს მიყენებული ზიანის ნაწილობრივ ანაზღაურებაზეა მიმართული. სააგენტოსთვის გამოყოფილი ბიუჯეტიდან 550 000 ლარი კი, უშუალოდ თანამშრომელთა შრომითი ანაზღაურებისთვისაა გამოყოფილი.
საქართველოს მთავრობის დადგენილების თანახმად, სააგენტოში განსაზღვრულია 21 საშტატო ერთეული. საკვლევ პერიოდში კი, პრემიები და დანამატები 19-20 თანამშრომელზე გადანაწილდა. განსაზღვრული 21 საშტატო პოზიციების გარდა, სააგენტოში შტატგარეშე პოზიციაზე დასაქმებულია 6 პირი. მათზე ანაზღაურებისა და პრემიის სახით 2016 წლის ივლისიდან 2017 წლის აპრილის ჩათვლით 47846.3 ლარი გაიცა.
სააგენტოს მიერ მოწოდებული ინფორმაცია აჩვენებს, რომ სააგენტოს თანამშრომლების ძირითადი ნაწილი თანამდებობრივი სარგოს გარდა, ყოველთვიურად იღებს დანამატებს, ხოლო პრემიის გაცემა მხოლოდ დღესასწაულებზე ხდება (ახალი წელი და აღდგომა).
მაგალითად, 2017 წლის აპრილში სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფოს სააგენტოს“ თავჯდომარემ თანამდებობრივი სარგოს, დანამატისა და პრემიის სახით ჯამში 7 865 ლარი მიიღო, რაც აღემატება საქართველოს პრემიერ-მინისტრის[1] , საქართველოს პრეზიდენტის[2], საქართველოს უზენაესი სასამართლოსა და საკონსტიტუციო სასამართლოს თავჯდომარის[3] ყოველთვიურ თანამდებობრივ სარგოს.
აღსანიშნავია, რომ წინა პერიოდის მსგავსად სააგენტოს თანამშრომლები სახელფასო დანამატს ყოველთვიურად იღებენ, მისი მიზნობრიობისა და გაცემის აუცილებლობის დასაბუთების გარეშე, რაც ეჭვს აჩენს სააგენტოში, თანამშრომლების საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე დანამატების გაცემის აუცილებლობაზე და შესაძლოა უთითებდეს, სააგენტოს მხრიდან დანამატების სისტემის საკანონმდებლო დაურეგულირებლობით არაკეთილსინდისიერად სარგებლობაზე.
EMC წინა საკვლევი პერიოდის მსგავსად კვლავ მოუწოდებს სსიპ „რელიგიის საკითხთა სახელმწიფო სააგენტოსა“ და საქართველოს მთავრობას, როგორც სააგენტოს საქმიანობაზე სახელმწიფო კონტროლის განმახორციელებელ ორგანოს, გადახედონ სააგენტოს მიერ სახელმწიფოს ბიუჯეტის სახსრების ხარჯვის პოლიტიკას და თანამშრომლებზე დანამატების გაცემა განახორციელოს მიზნობრიობისა და აუცილებლობის მკაცრი კონტროლის პირობებში.
ამავე თემაზე: პრემიები და დანამატები რელიგიის სააგენტშო 2014 - 2016 წლები.
ინსტრუქცია