[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / თვალსაზრისი

რა დავინახეთ ბათუმში

11-12 მარტს, ბათუმში, პოლიციის მიმართ გამოხატულმა უკმაყოფილებამ და სოციალურმა მღელვარებამ არაერთი პასუხგაუცემელი კითხვა დაბადა – როგორც პროტესტის შინაარსის, ისე – მისი ფორმების მიმართ. ერთღამიანი კრიზისი დასრულდა, მაგრამ რამდენად მოსალოდნელია, იგივე განმეორდეს? და რაც მთავარია, რამ განაპირობა ის? შევეცადეთ, პოლიტიკური აქტორების შესაძლო დაინტერესების ან სამართალდამცავ სტრუქტურათა მოქმედების შეფასების მიღმაც გაგვეხედა და თქვენთვის ამ ამბის სხვადასხვა კომენტატორის – ფართო გაგებით, პოლიტიკური – ინტერპრეტაციები შემოგვეთავაზებინა.

გოჩა სურგულაძე, სამოქალაქო აქტივისტი:

საქართველოში ორ ქალაქს ვცნობ, თბილისს, როგოც მზისა და ვარდების მხარეს და ბათუმს, ქათქათასა და წვიმიანს. გამომდინარე აქედან, არავის მოუვიდოდა თავში ის აზრი, რომ თითქოს უწყინარი და მშვიდი ქალაქი ერთ დღეს აჯანყდებოდა.

იმისათვის, რომ კარგად გავიგოთ 11/12 მარტს მომხდარი მოვლენები, უნდა ვაღიაროთ ორი ბათუმი: პირველი – „ქათქათა“ და მეორე – „ჭუჭყიანი“. ბათუმი ორად არის გაყოფილი: პირველი ნაწილი ინვესტიციებისთვის მიმზიდველია, მეორე კი – არა; პირველ ნაწილს ზღვისპირა ტერიტორიას ეძახიან, სადაც „ნაღები“ და „კოლორიტი“ ხალხი ცხოვრობს, მეორეს კი – „ჭაობს“, „სტეფანოვკას“, „ბარცხანას“, „გოროდოკს“ და უბრალოდ, „პერიფერიას“, სოფელს“, სადაც უმეტესად სოციალურად დაბალ კლასს მიკუთვნებული ხალხი კი არ ცხოვრობს, არამედ „სუნთქავს“; პირველ ნაწილში ზღვის ჰაერს სუნთქავენ, მეორეში კი – მტვერს; პირველში იმაზე ფიქრობენ, “ლაგუნაში“ მიირთვან აჭარული ხაჭაპური თუ „რეტროში“, ხოლო მეორეში „შავი ლობიოს“ ფასის გაძვირებაზე წუწუნებენ; პირველ ნაწილში “შერატონს”, “რედისონსა” და “ჰილტონს” უყურებენ, მეორეში კი – „ხოფის ბაზარს“ და ხალხის მიერ შეჭმულ ასფალტს; ქალაქის მეორე ნაწილში წვიმა განსაკუთრებით უყვართ, ვინაიდან წვიმის შემდეგ თავი „ვენეციაში“ ჰგონიათ; ქალაქის პირველ ნაწილში მცხოვრები ახალგაზრდები ისევ ბათუმში, არც თუ ისე დაბალ ანაზღაურებად ხელფასზე მუშაობენ და Batumi Beach-იდან ჩექინდებიან, ხოლო მეორე ნაწილის ახალგაზრდობა, ძირითადად, თურქეთში სეზონურად ჩაისა და თხილის კრეფით, საზღვარზე კონტრაბანდის გადატანით ირჩენს თავს, უფრო სწორად, თურქეთში თხილისა და ჩაის პლანტაციებში ლაღად მიიკვლევენ გზას. პირველ ნაწილში პოლიცია განსაკუთრებით საყვარელი, მშვიდი და ლაღია, ხოლო მეორეში „მენტი“, „ძაღლი“, „ბოზი“ და კიდევ ვინ იცის რა... იცით რატომ?! იმიტომ რომ ქალაქის მეორე ნაწილში პოლიცია კონტროლს ამყარებს უმუშევარ, მშიერ და არაკვალიფიციურ – გაუნათლებელ ახალგაზრდებზე, ისინი ხომ მათ თვალში პოტენციური კრიმინალები არიან.

2017 წლის 11 მარტს, საპატრულო პოლიციამ მოძრაობის წესების დარღვევის გამო (არასწორი პარკირება) დააჯარიმა მძღოლი, რომელიც ახლად გარდაცვლილი ძმის სასაფლაოდან სახლში ბრუნდებოდა, გზად კი თანმხლები მამისთვის წამლის შეძენა გადაწყვიტა. „მძღოლს/შვილს“ ჰქონდა ორი ალტერნატივა: პირველი, ქალაქის მმართველების არასწორი დაგეგმარების გამო რამდენიმე კილომეტრის დაშორებით გაეჩერებინა მანქანა, ან მეორე, ავტო-სადგომის არარსებობაზე გაბრაზებულს, 2 წუთით შეერბინა „ირინას“ აფთიაქში და წამალი ეყიდა. მან მეორე არჩია, იმიტომ რომ ქალაქის მეორე ნაწილში ცხოვრობს.

დაჯარიმებას მოჰყვა კამათი, რასაც პოლიციის მყისიერი რეაგირება მოჰყვა. მამა-შვილი პოლიციამ ძალის გამოყენებით ჩატენა მანქანაში, ამ ყველაფერს კი ძალიან ბევრი ადამიანი შეესწრო. ადგილს, სადაც ეს მოვლენები ვითარდებოდა, „ბათუმი პლაზას“ ეძახიან, ანუ თბილისის მოედანს. „მეორე ბათუმში“ მცხოვრებნი კი, უბრალოდ, „პლოშადს“ ვეძახით. ეს ჩვენი ცენტრია, სადაც უმუშევრები EUROPE-BET-ითა და „კროკოთი“ / “ტოტალიზატორით“ ვიქცევთ თავს, სადაც ვყიდით ყვავილებს მიცვალებულებისთვის, ან „ხამსას“, რომელსაც არაბათუმელები ბათუმის მარგალიტს ეძახიან. ჩვენს მოედანზე შემოდის „მენტი“, პოლიციელი და პატიოსან გლეხს, მუშას , რომელსაც სულ რაღაც რამდენიმე დღის წინა ოჯახის წევრი ძმა, შვილი დააკლდა, არასწორი პარკირებისთვის ადგილზე ფიზიკურად უსწორდება, შემდეგ კი სამმართველოში გადაჰყავს. ჩვენ ხომ ვიცით, როგორ გვექცევიან სამმართველოში?!...

“თათრები“?! ჩვენ, აჭარაში, მართლმადიდებელი და მუსლიმი ქართველები ვართ, მორჩა და გათავდა! ჭეშმარიტება ადამიანობაში და სიკეთეშია“, - ამბობს ახმედი.

P.S. არაუშავს, თუ ეს ყველაფერი სახალხო დამცველის ყოველწლიურ ანგარიშში ვერ ხვდება. იქნებ ჩვენი ქვების სროლა და მანქანების გადაწვაც არ მოხდეს შინაგან საქმეთა სამინისტროს „სამართალდარღვევათა“ ყოველწლიურ სტატისტიკაში.

შოთა კინწურაშვილი, თეოლოგი:

ბათუმში მომხდარ მოვლენებს შეიძლება უფრო ღრმა მიზეზები აქვთ, ვიდრე ამას სხვადასხვა პოლიტიკოსი თუ ექსპერტი თავისი ზედაპირული კომენტარებით წარმოგვიდგენს. 11 მარტს გვიან საღამოს დაწყებული ქაოსი, რომელიც მთელი ღამის განმავლობაში გრძელდებოდა, შეიძლება შემდეგნაირად აღვწეროთ: ეს იყო ერთგვარი არაორგანიზებული, ფეთქებადი და სპონტანური პროტესტის სახე. იქ წარმოდგენილი ადამიანების უმრავლესობა მამაკაცები იყვნენ; შესაძლებელია მათ შორის აგრეთვე ყოფილიყვნენ კრიმინალური მენტალობის ელემენტები ან სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის ე.წ. აგიტატორები, რომელთაც სურდათ, სათავისოდ მდგომარეობის ძლიერ ესკალირება. მაგრამ ყველა იქ მყოფ ადამიანზე ამის თქმა სრულიად შეუსაბამო და უმართებულოა. დავსვათ კითხვები:

რამ ან ვინ შეიძლება გამოიწვიოს მსგავსი უეცარი აფეთქება?

ვინ არიან ეს ადამიანები და რა აწუხებთ რეალურად მათ?

რამ განაპირობა პროტესტის ასეთი რადიკალური სახე?

ეს შეიძლება, ერთი მხრივ, იმ მძიმე სოციალური მდგომარეობის შედეგია, რომელიც ქვეყანაში წლების განმავლობაში დაგროვდა:

- ეს არის უმუშევრობის ყოველდღიური ზრდა; შრომისუნარიანი ადამიანები, ფაქტობრივად, განწირულები არიან ან ხშირ შემთხვევაში – იძულებულები, საკმაოდ მძიმე პირობებში, მიზერულ ანაზღაურებად სამუშაოებს დასჯერდნენ. მზარდი ეკონომიკური უფსკრული მდიდრებსა და ღარიბ მოსახლეობას შორის, ქალაქს და რეგიონებს შორის, ცენტრსა და გარეუბნებს შორის. ფერად-ფერად შეღებილი შენობებს უკან ჩაკეტილი მძიმე ეკონომიკური სურათი, გაჭირვება და უმუშევრობა რომელიც შემდგომში ალკოჰოლზე დამოკიდებულების, სააფთიაქო ნარკომანიის მსხვერპლთა და მოთამაშე ახალგაზრდების რიცხვს დღენიადაგ ზრდის.

- მოსახლეობაში წლების განმავლობაში დაგროვილი იმედგაცრუება, ომი, დაკარგული ტერიტორიები, მარცხი, ათიათასობით ლტოლვილი საკუთარ ქვეყანაში. ბოლო ოც წელიწადში რამდენიმე ხელისუფლების ცვლილებამ ვერ მოიტანა ის შედეგი, რისი მოლოდინიც მოსახლეობის უმრავლესობას ჰქონდა. პირიქით, ზოგ შემთხვევაში მდგომარეობა უფრო დამძიმდა. ამის ნათელი მაგალითია მზარდი ტემპით ლეგალური თუ არალეგალური გზით მრავალი ახალგაზრდის ქვეყნის ფარგლებს გარეთ გასვლა, ძირითადად – სამუშაოდ ოჯახების რჩენის მიზნით ან უკეთესი მომავლის იმედით.

- ქვეყანაში არსებული სასწავლო დაწესებულებები (სკოლა, პროფესიული სასწავლებელი თუ უნივერსიტეტი), ფაქტობრივად, უუნაროა, გადასცეს ღირებული ცოდნა, იქ მისული პროფესიონალად აქციოს, სწავლის დასრულების შემდეგ კი მისი დასაქმება უზრუნველყოს.

- წლების განმავლობაში მოძალადე პოლიციელებისადმი ზიზღი და ერთგვარი შურისძიების აქტი, რომელიც პოლიციის მანქანის დაწვაში გამოიხატება.

- ქვეყანაში არსებული ორი ათეული ტელევიზია საკუთარი დაბალხარისხიანი გადაცემებით წამლავს, აჯადოებს და ცდილობს რეალობას მოწყვიტოს მოსახლეობა; ან სულაც შეუქმნას ილუზია, რომ ყველაფერი რიგზეა.

- უკონტროლო ბანკები და მიკროსაფინანსოები ყველანაირი გზით ცდილობენ, გასცენ თანხა მათზე, ვინც არაა გადახდისუნარიანი, მოახდინოს მათი კაბალური პირობებით გაძარცვა (იქნება ეს პროცენტი თუ დაკისრებული ჯარიმები). მოქალაქეები უდიდესი საბანკო ჯგუფების წინაშე დაუცველები და უსუსურები არიან. ამის ფონზე იზრდება იპოთეკით დაზარალებულების რიცხვი, ათასობით ოჯახი უსახლკაროდ პირდაპირ ქუჩაში რჩება.

ამ თუ სხვა ზემოთ ჩამოთვლილ შემთხვევებში, მოქალაქეების დიდი ნაწილი თავს ვერ გრძნობს სახელმწიფოსგან დაცულად, სახელმწიფო მათთვის არ მუშაობს, არ ასაქმებს, არ იცავს, არ ზრუნავს. ხშირ შემთვევაში, პირიქით, მასზე ძალადობს, აშინებს, ჩაგრავს...

საზოგადოებაში ყველაფრისადმი ნიჰილისტური დამოკიდებულების ზრდას ემატება ქვეყნის ყველაზე ავტორიტეტული, ნდობით სავსე ინსტიტუციის – საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის კრიზისი, რომელიც მოსახლეობის განსაკუთრებით დაბალ ფენებში ერთგვარ იმედად აღიქმებოდა. მღვდელმსახურებზე დამყარებული იმედები თუ ნდობა ადამიანებში ყოველდღიურად იმსხვრევა, სასულიერო პირების დიდი ნაწილი, თავისი ცხოვრებითა თუ საქმიანობით, არ არის სოლიდარული რიგითი ღარიბი მოქალაქეებისადმი. საეკლესიო იერარქია საქმით არ აღმოჩნდა ის ძალა, რომელიც მოსახლეობის სოციალურ პროტესტს გაიზიარებდა და მხარში დაუდგებოდა ამ უკანაკსნელთ, როგორც ამას პავლე მოციქული ბრძანებს: „ერთმანეთის ტვირთი იტვირთეთ და ასე აღასრულეთ ქრისტეს რჯული“(გალ 6,2). პირიქით, ხდება საწინააღმდეგო: ეკლესიის მაღალიერარქების მხრიდან, სულიერი კაპიტალის მაგივრად, მატერიალური კაპიტალის დაგროვების მცდელობის მოწმენი ვართ. ეკლესიაში ბოლო დროის მოვლენებმა დაგვანახა მასში წლების განმავლობაში თავმოყრილი პრობლემები, რომელმაც ღიად იფეთქა. სამწუხაროდ, ქართული ეკლესია-მოსახლეობის დაბალი ფენების ერთგვარი იმედი ინტელექტუალურად და მორალურად გაკოტრების გზაზეა!

შეიძლება სწორედ ზემოთ დასახელებულმა პრობლემებმა გამოიწვია ამ ადამიანებში, ჩვენი მოქალაქეების დაბალ, ხშირად მივიწყებულ სოციალურ ფენებში არსებული უსამართლო მდგომარეობისადმი წინააღმდეგობის მსგავსი რადიკალური აქტი და ერთგვარი შურისძიება, მზარდი ნიჰილიზმის, გაჭირვების, კრიზისის, უიმედობისა და მომავლის შიშის ფონზე. ასე იბადება და იქმნება უმართავი გეტოები, რომელიც, ყველასგან დავიწყებული, დროდადრო მსგავსი პროტესტებით, რამდენიმე მანქანის გადაწვით, თავს შეგვახსენებს: ჩვენც აქ ვართ! ჩვენც ვარსებობთ!

თამთა ხალვაში, ანთროპოლოგი:

ძალადობრივი პროტესტი უკიდურესი ფორმაა, მოიპოვო ყურადღება ან ხელშესახები გახადო ისეთი პრობლემები, რომლებმაც აქამდე საჯარო სფეროში სათანადო აღიარება და რეაგირება ვერ ჰპოვეს. ამ ფორმით ადამიანები ისეთი სახის უკმაყოფილებას გამოხატავენ, რომლისთვისაც პოლიტიკური ენა არ მოეპოვებათ, ენა, რომლის საშუალებითაც საკუთარ გამოცდილებებს მნიშვნელობას მიანიჭებდნენ.

უმუშევრობა, განათლების ხელმიუწვდომლობა, სარისკო, არასტაბილური ან არაჰუმანური სამუშაო გარემო მცირე ჩამონათვალია იმ გამოცდილებებისა, რომლებიც საყოველთაო ნიჰილიზმით, აგრესიითა თუ ცინიზმით აღავსებს ადამიანებს.

ახალგაზრდა მამაკაცები, რომლებიც მსგავსი გამოცდილების მატარებელნი არიან, პოტენციურად ყველაზე დაუნდობელი და სასტიკი ძალაა. ქალაქის ნგრევა ამ მამაკაცების განუხორციელებელი მიზნებისა და იმედების, უფრო სწორად კი, მათი საყოველთაო უმიზნობისა და უიმედობის გამოძახილია. ნგრევა საკუთარი თავის რეალიზაციის შესაძლებლობაა, საკუთარი მნიშვნელობის დამტკიცების ფორმა.

ამ დესტრუქციულ სურვილებს კუთხურობა არ გაააჩნია. ეს სურვილები და ქმედებები სიმპტომია უფრო მასშტაბური სოციალური პრობლემებისა, რომელიც მთელს საქართველოშია გავრცელებული.

აჭარა, უბრალოდ, ნოყიერი გარემოა შურისმაძიებელი და დესტრუქციული სულისკვეთების გაღვივებისთვის. ეს არის პერიფერია, სადაც დაგუბებულია სირცხვილის აფექტი. აფექტი, რომელიც წლების განმავლობაში იქცა გაუცხოების, მარგინალიზაციისა და ჩაკეტილობის წყაროდ. სირცხვილი, რომელიც დაკავშირებულია ისლამურ იდენტობასთან და რომლის გადალახვაც ხან მასიური ქრისტიანული ნათლობებით, ხან ექსტრემალური ნაციონალიზმით, ხანაც კი ისლამთან ან აჭარლობასთან უფრო რადიკალური ასოცირებით ხდებოდა.

ბათუმში განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, თუ რამდენად ღრმაა ეს პრობლემა და თუ როგორაა სირცხვილის ისტორია და გამოცდილება გადაჯაჭვული უფრო მასშტაბურ სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებთან.

თუმცა, ბათუმის საპროტესტო აქცია მხოლოდ ამ მიზეზებით არ აიხსნება. ის არ დაიყვანება მხოლოდ აფექტურ, სოციალურ, პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ საკითხებამდე. აქ მნიშვნელოვანია პროტესტის ურბანულ-ინფრასტრუქტურული ანუ სივრცითი მხარეც, რომელმაც ჩემი აზრით, გადამწყვეტი როლი შეასრულა წინააღმდეგობის ძალის მობილიზებაში.

ჩემი კვლევის ინტერესებიდან გამომდინარე, ძალიან დაკვირვებით ვუსმენდი დემონსტრანტების გამოსვლებს, მათ მიერ წამოჭრილ პრობლემებსა და მიმართებებს ქალაქთან. დემონსტრანტების ის ნაწილი, რომელიც მედიაში გამოჩნდა, მუდმივად აღნიშნავდა ერთ ასეთ გარემოებას - ბათუმში, კერძოდ კი, კომპლექსი "პლაზას" გარშემო არსებულ ტერიტორიაზე მანქანის გაჩერების სიძნელეს, არასწორი პარკირების შემთხვევაში კი, გაზრდილ ჯარიმებს. ეს, თითქოს უმნიშვნელო დეტალი, ძალიან მნიშვნელოვანია პრობლემის არსის სრულად აღსაქმელად.

ჩვენი ქალაქები, დიდი ხანია გადაიქცნენ ისეთი მშენებლობებისა თუ ურბანული ფანტაზიების ლაბორატორიად, სადაც ადამიანს ფეხით გავლა აღარ შეუძლია, ხოლო მანქანით მოსიარულეს – მანქანით გადაადგილება ან მისი გაჩერება. საგზაო წესების დარღვევები და ჯარიმებიც ამ ყველაფრის ფონზე უფრო მატულობს, რადგან სივრცე მორგებულია არა რიგითი მოქალაქის საჭიროებებს, არამედ დიდ ფინანსურ ინტერესებს. საქართველოში, ამ ინტერესებს, პირობითად, შეიძლება “კორპუსი” ვუწოდოთ.

ბევრ ქვეყანაში, საჯარო სივრცის ასეთმა ექსპანსიამ მასიური საპროტესტო აქციები გამოწვია, რომელიც არაერთხელ გადაზრდილა დესტრუქციულ ქცევაში. ამიტომ ბათუმის საპროტესტო მუხტის ახსნა მოქალაქეების კანონდაუმორჩილებელი ბუნებითა და კულტურით არ უნდა ვეცადოთ. ურბანული სივრცის არადემოკრატიულ გამოყენებას, სადაც რიგითი მოქალაქის ყოველდღიურობა არ არის გათვალისწინებული, მსოფლიოს ყველა წერტილში ხვდება წინააღმდეგობების ტალღა. ჩვენც მათ შორის ვართ.

ფოტო : „რადიო თავისუფლება"

ზაალ ანდრონიკაშვილი, ლიტერატურათმცოდნე:

ბათუმის ჯანყი გვიჩვენებს, რომ აჭარაში დაგროვილია დიდი საპროტესტო პოტენციალი. ოღონდ, ეს "პროტესტი" არაა არტიკულირებული, მას არ აქვს ფორმა და არ ჰყავს ადრესატი, ამიტომაც ანადგურებს არა მიზანმიმართულად რამეს, არამედ ყველაფერს, რაც მის გზაზე მოხვდება. ადრე ამას ერქვა ბუნტი (როგორც პუშკინი იტყოდა, უაზრო და დაუნდობელი).

რატომაა დღეს საქართველოში უფრო იოლი ხალხის მობილიზაცია ან თუნდაც წყობიდან გამოყვანა “ღირსების შელახვით”, ვიდრე – სოციალური უთანასწორობით, რომელიც ბევრად უფრო ღრმა და სისტემური პრობლემაა? ამ შეკითხვაზე ერთ-ერთი პასუხი გვეუბნება, რომ მოჯანყეებმა სოციალური პროტესტის ენა არ იციან და ამიტომ მიმართავენ გამოხატვის იმ ფორმას, რომელიც მათთვის ცნობილი იყო. ამ შემთხვევაში, კიდევ ერთ შეკითხვას უნდა ვუპასუხოთ: ბათუმი სწორედ ის ადგილია, სადაც ქართული სოციალ-დემოკრატია დაიბადა. აქედან გავრცელდა დანარჩენ საქართველოში სოციალური თანასწორობის იდეა. თუ 112 წლის წინ გაცილებით უფრო ნაკლებად განათლებული ბათუმის, აჭარის და გურიის მოსახლეობა ახერხებდა სოციალური პროტესტის ენის გამონახვას და ჯანყისათვის სწორედ სოციალური მიმართულების მიცემას, მაშინ უნდა ვივარაუდოთ, რომ ბოლო 100 წლის განმავლობაში მოხდა რაღაც, რამაც პოლიტიკური არტიკულაციის გზები გადაკეტა და გამოხატვის ეს ფორმა შეუძლებელი გახადა.

ეს ბუნტი არ ჰგავდა პარიზის ამბებს, სადაც მანქანებს ძირითადად “მიგრაციული წარმომავლობის” სოციალურად შეუძლო ახალგაზრდები წვავდნენ, უფრო ჰგავდა 17 მაისს, რადგანაც დაგროვილი საპროტესტო ენერგიის დეტონატორი "ღირსების" შელახვა აღმოჩნდა. (მნიშვნელოვანი განსხვავება ის იყო, რომ აგრესია არა მარგინალიზებული ჯგუფის, არამედ პოლიციის და pars pro toto სახელმწიფოს წინააღმდეგ გამოვლინდა). "ღირსების" ეს პრობლემა მრავალშემადგენელიანია და მასში გადაჯაჭვულია კულტურა (ღირსების გაგება), სოციალური და ეკონომიკური პრობლემები (დაუფასებლობა, უპერსპექტივობა, გაჭირვება).

უკვე მერამდენედ ვხედავთ, რომ (ჯგუფურ) მოძალადეებად საქართველოს მოქალაქეთა ყველაზე დაჩაგრულ, უუფლებო, რესურსმოკლებული ადამიანები გვევლინებიან (ამაზე უფრო სრულად აქ ვწერ). ისინი არავის აინტერესებს, მათი გამოხატვის ფორმა მხოლოდ ძალადობაა, არტიკულაციის სხვა ფორმებს ისინი არ იცნობენ. ამ ტყვეობიდან თავის დაღწევა შეუძლებლობის ზღვარზეა. ასეთი ადამიანების აღსაწერად შეგვიძლია გამოვიყენოთ იტალიელი მარქსისტი ფილოსოფოსის, ანტონიო გრამშის ცნება “სუბალტერნი”.

სუბალტერნის გრამშისეული ცნება უახლოვდება ზოგადად ჩაგრულის ცნებას (გრამში თითქმის სინონიმურად ხმარობს “სუბალტერნულს”, “დაქვემდებარებულს” და “ინსტრუმენტალიზებულს”). სუბალტერნულის მისეული გაგება გულისხმობს გადაწყვეტილების მიღების და აქტიური მოქმედების უუნარობას. “დაქვემდებარებული (სუბალტერნული) ჯგუფები ყოველთვის მმართველი ჯგუფების აქტივობით არიან განპირობებულნი, მაშინაც კი, როდესაც ჯანყდებიან”. მათი გამოხატვის ფორმები, მსოფლმხედველობა, ენა, მთლიანად მმართველ სოციალურ ჯგუფებზეა დამოკიდებული. ამიტომაც დაქვემდებარებული (სუბალტერნული) სოციალური ჯგუფები იოლად მანიპულირებადები არიან.

მაშინ, როდესაც მუშებს დღევანდელ საქართველოში პროფკავშირები და სტუდენტები იცავენ, აქვთ საკუთარი უფლებებისათვის ბრძოლის 150 წლის განმავლობაში გამომუშავებული ფორმები, ხოლო უმცირესობებს იცავს კანონი, აქტივისტები და საერთაშორისო ორგანიზაციები, უმუშევარი გაჭირვებული ყველაზე რადიკალური ფორმით სუბალტერნია. მისი სიკვდილი და სიცოცხლე არავის აინტერესებს. პარადოქსულად, ის უმცირესობაც კი არ არის, რადგანაც საერთოდ ვერ ფორმდება რაიმე სოციალურ ჯგუფად და პერიოდულად აგრესიულად მართული, გაბოროტებული უმრავლესობის სახით შეიძლება მოგვევლინოს.

სუბალტერნი არც “კარგია” არც “ცუდი”, ის საზოგადოებრივი ურთიერთობის პასიური, მანიპულირებადი პროდუქტია. როდესაც საქართველოში სუბალტერნზე ვლაპარაკობთ, ამ ორი უკიდურესობის გარდა, თავი უნდა ავარიდოთ იდეოლოგიურ კლიშეებს (მაგალითად, სუბალტერნის გაქრობის პირას მდგომ მუშათა კლასთან გაიგივებას). სწორედ იმიტომ, რომ სუბალტერნი არა თვისებრივი კატეგორიაა, არამედ სოციალური ურთიერთობების ფუნქცია, მისი მატარებელი იცვლება და ეს მატარებელი შეიძლება ისეთი სახით მოგვევლინოს, რომელიც ჩვენთვის სულაც არ იყოს სიმპათიური ან ხელსაყრელი. შესაბამისად, ამოცანა ისეთი პირობების შექმნაა, რომელიც სუბალტერნულობის, როგორც სოციალური ფუნქციის ანუ ჩაგვრის გაქრობას გამოიწვევს.

ქართველი სუბალტერნი არაა გაუნათლებელი და წერა-კითხვის უცოდინარი. ასე განსაჯეთ, შეიძლება ერთი ან ორი უმაღლესი სასწავლებლის დიპლომი ედოს ჯიბეში (რა ხარისხის, ამაზე ცალკეა სალაპარაკო). მისი “უენობა” სპეციფიკური ხასიათისაა: ეს პოლიტიკური უენობა და პოლიტიკური ცხოვრების უცოდინრობაა. ქართველი სუბალტერნი (განსხვავებით, ვთქვათ, სუბალტერნისგან, რომელსაც პოსტკოლონიური თეორია აღწერს), ჯერ კიდევ იმ ეპოქის პროდუქტია, როდესაც სოციალური კეთილდღეობა თუ არა, საბაზისო საჭიროება მაინც დაკმაყოფილებული, ხოლო დაუსაქმებლობა კრიმინალიზებული იყო.

შესაბამისად, ჩვენი ამოცანა არ შეიძლება იყოს სუბალტერნისათვის ჩვენი საკუთარი (პოლიტიკური) ენის თავზე მოხვევა, ლიბერალური იქნება ეს ენა თუ მარქსისტული, ნაციონალისტური თუ იდენტობითი; ამ შემთხვევაში ჩვენ სუბალტერნს გადავცემთ მხოლოდ ჩვენს ცნობიერებას (რომელიც მისთვის ყალბი ცნობიერება ანუ იდეოლოგია იქნება).

თუკი ღირსებაზე წუხილს მხოლოდ სხვა, უფრო სიღრმისეული პრობლემის ნიშნად არ მივიჩნევთ, მაშინ უნდა ვაღიაროთ, რომ ეს “უღირსობა” უჩინარობას, დაუფასებლობას, აზრის გაუთვალისწინებლობას, უმნიშვნელობას ნიშნავს. მისი გამოსწორება სწორედ საპირისპირო ზომებით შეიძლება: მნიშვნელობის გაზრდით, დაფასებით, თავის გამოჩენის და (პოლიტიკური) თცითგამოხატვის საშუალებით (რომელსაც ჩვენი უმრავლესობა ფეისბუქის საშუალებით იკმაყოფილებს). სუბალტერნულობის პრობლემას ვერ გადავჭრით მხოლოდ ეკონომიკური ინსტრუმენტებით (ესეც გამოცდილებიდან ვიცით). უფრო რთული, მაგრამ ერთადერთი გამოსავალია, სუბალტერნისათვის საკუთარი (პოლიტიკური) ცნობიერების გამომუშავებაში დახმარება. ეს კი სკოლაში არ ისწავლება და პრაქტიკის, პოლიტიკურ ცხოვრებაში მონაწილეობის საქმეა. ამისათვის, კი აუცილებელია თვითმმართველობების ქსელი, რომელიც მოქალაქეს მისცემს საშუალებას, თვითონ მიიღოს გადაწყვეტილებები საკუთარი თემის, უბნის ან ქალაქის განვითარების შესახებ და შეიძინოს გამოცდილება თუნდაც შეცდომების ხარჯზე.

ანა ილურიძე, გენდერის და სექსუალობის მკვლევარი:

სახელმწიფოს ოფიციალური ან ფაქტობრივი საზღვარი არის აფექტური ზონა, სადაც სახელმწიფოს მიერ წარმოებული გენდერული და ნაციონალისტური პოლიტიკა სპეციფიურ მნიშვნელობას იძენს. ეს პოლიტიკა, რომელიც ხშირად მასკულინური და საკმაოდ ძალადობრივია, სახელმწიფოს იდენტობის წარმოებისთვის არის აუცილებელი, რადგან საზღვარი რეალურად ძალიან მყიფეა, თითქმის ფანტაზიაა.

ამგვარი პოლიტიკის მუდმივი ‘კეთება’ ორი საშუალებით ხდება - ომის საჭიროების რეპრეზენტაციით და ‘მტრის ხატის’ შექმნით. ‘ომიც’ და ‘მტერიც’ საზღვართან უფრო ახლოა, უფრო ‘ხელშესახებია’, რაც რეპრეზენტაციის ხარისხს შინაარსობრივად ცვლის. ხანდახან იმდენად, რომ შინაარსი იკარგება, უბრალოდ არ არსებობს. ისევე როგორც იმ ღამეს დაკარგა სოციალური უთანასწორობით გამოწვეულმა პროტესტმა მნიშვნელობა მასკულინობასთან და ნაციონალიზმთან.

ბათუმში 11 მარტს მომხდარი მოვლენების შემდეგ საინტერესოდ გამოიკვეთა ის, რომ ყველა ‘მეზობელი’ სხვაგვარად არის შემოყვანილი ჩვენს პოლიტიკაში. ‘მტრის ხატის’ ქვეშ ბევრი ქვედა დინებაა, რაც გაბატონებული პოლიტიკის განსხვავებულ კითხვას განაპირობებს, განსაკუთრებით, ღამით. მაგალითად, სხვა ‘მტრებისგან’ განსხვავებით თურქეთი, ერთი შეხედვით, რეალურ საფრთხეს არ წარმოადგენს, მაგრამ ‘სითათრის’ გადმოსვლა საზღვართან ახლოს მცხოვრებ მოსახლეობაზე უკიდურეს შეურაცხყოფად შეიძლება იქნეს მიჩნეული. შეურაცხყოფად, რომელსაც თუ ძალადობრივი პასუხი არ გაეცი, სამუდამოდ შეიძლება აისახოს შენს იდენტობაზე.

თურქეთთან საქართველოს აფექტური საზღვარი ბათუმზე გადის და არა სარფში 2011 წელს დადგმულ თეთრ, გაუგებარი არქიტექტურული ტექსტის მქონე შენობაზე. საზღვრის რეგულირება არ მთავრდება გამშვებ პუნქტზე მოსაზღვრეების მიერ პირთა დოკუმენტაციის შემოწმებით, ის ლოგიკურად გრძელდება და თავს იჩენს ისეთ ნარატივებში, როგორიცაა მაგალითად, თურქი მძღოლების ჰიპერსექსუალიზებული აღქმა, რაც თავის მხრივ, საზღვრისპირა სოფლებში სექსუალობის სხვაგვარ რეგულაციაზე მიანიშნებს.

ამ ამბის კიდევ ერთი ძალიან საინტერესო დეტალია სახელმწიფოს მიერ შექმნილ კრიზისულ სიტუაციაზე დაგვიანებული რეაქცია. სახელმწიფომ თითქოს დააცადა ‘შეურაცხყოფილ’ ქართველ მამაკაცებს საკუთარი მასკულინობის დემონსტრაცია, იდენტობის აღდგენა და მხოლოდ გარკვეული დროის გასვლის შემდეგ ჩაერია. სამწუხაროდ, სანამ სახელმწიფო არ გაიაზრებს საკუთარ იდენტობას და არ მოახდენს პოლიტიკის სისტემურ დაგეგმვას, საზღვარი ყოველთვის დარჩება იმ წერტილად, სადაც ძალადობის კულმინაცია ყოველთვის შეიძლება მოხდეს, ნებისმიერი იმ ნარატივის გამოყენებით, რომელიც საზღვრის ჩვენთვის ‘უცნობ’ მხარეს უკავშირდება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“