[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სასამართლო სისტემა / თვალსაზრისი

რა დარღვევებით მიმდინარეობს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესი

იუსტიციის უმაღლესი საბჭო (შემდგომში საბჭო) უკვე მეორედ ცდილობს შეიმუშავოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად, პარლამენტისთვის წარსადგენ კანდიდატთა სია. 2019 წლის 20 ივნისს, 137 კანდიდატიდან, ფარული კენჭისყრით, საბჭომ პირველადი შერჩევის შედეგად 50 კანდიდატი შემდეგ ეტაპზე გადაიყვანა. კენჭისყრის შედეგებით კანდიდატებს შორის გადანაწილებულმა ხმებმა საზოგადოებაში გააჩინა ეჭვი, რომ სასამართლოში არსებულ გავლენიან ჯგუფსა და მმართველ გუნდს შორის 20 ვაკანტური ადგილის გადანაწილებაზე შეთანხმება უკვე მიღწეულია.

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის საწყისი ეტაპებიდან პროცესზე დაკვირვებამ, არაერთი დარღვევა და გამოწვევა გამოავლინა, რაც საბჭოს ირგვლივ არსებული მძიმე კონტექსტის გათვალისწინებით, კიდევ უფრო ამცირებს საზოგადოების ნდობას საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მიმართ.

ინტერესთა კონფლიქტის ცალსახა შემთხვევები

უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში მონაწილეობას იღებენ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მოსამართლე წევრების ახლო ნათესავები. კერძოდ, თამარ ონიანის მაზლი (მეუღლის ძმა) - ზურაბ აზნაურაშვილი და ირაკლი შენგელიას მეუღლის ძმა - ლევან თევზაძე.

„საერთო სასამართლოების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონი ცალსახად ავალდებულებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრს, ინტერესთა შეუთავსებლობის არსებობის შემთხვევაში, წინასწარ განაცხადოს ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღოს მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. პირადი ინტერესების არსებობისას, კოლეგიური ორგანოს ინფორმირების ვალდებულებასა და გადაწყვეტილების მიღების პროცესიდან ჩამოშორებას ითვალისწინებს ასევე „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონიც.

ამასთან საყურადღებოა, რომ უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში ინტერესთა კონფლიქტის შემთხვეების აღმოფხვრის მნიშვნელობაზე მიუთითებს ვენეციის კომისიაც და თავის დასკვნაში წერს: „ნომინირების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ასპექტია, მისი ისე წარმართვა, რომ თავიდან იქნას აცილებული ინტერესთა კონფლიქტის ნებისმიერი შემთხვევა და თუნდაც, ამგვარი კონფლიქტის შთაბეჭდილების არსებობის შემთხვევაში, მოხდეს მისი თავიდან აცილების უზრუნველყოფა“.

ვენეციის კომისია ერთმანეთთან აიგივებს შემთხვევას, როდესაც საბჭოს წევრი თავად არის კანდიდატი, ვითარებასთან, როდესაც ერთ-ერთი კანდიდატი საბჭოს წევრის ახლო ნათესავია. შესაბამისად, ამ ანალოგიით, გასცემს რეკომენდაციას, საბჭოს წევრის, რომლის ახლო ნათესავიც ერთ-ერთი კანდიდატია, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევისა და ნომინირების თითოეული პროცედურისგან გამორიცხვის თაობაზე.

საბჭოს ორმა მოსამართლე წევრმა უგულებელყო კანონმდებლის იმპერატიული მოთხოვნა და საერთაშორისო ორგანიზაციების რეკომენდაციები. დღეს ისინი, ორი არამოსამართლე წევრისა და სამოქალაქო საზოგადოების არაერთგზისი მოწოდების მიუხედავად:

  • მონაწილეობას იღებენ კონკურენტი კანდიდატების ყოველ შემდგომ ეტაპზე გადასვლის კენჭისყრებში;
  • ეცნობიან და ამუშავებენ კონკურენტი კანდიდატების მიერ წარდგენილ ინფორმაციას;
  • ეცნობიან საბჭოს შესაბამისი დეპარტამენტის მიერ კონკურენტი კანდიდატების თაობაზე მოძიებულ ინფორმაციას;
  • მონაწილეობას იღებენ კონკურენტი კანდიდატების გასაუბრებაში, მათ შორის მათთვის კითხვების დასმის ფორმით;

ინტერესთა კონფლიქტის ამგვარი მოცემულობა განსაკუთრებით პრობლემურია უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების შემთხვევაში. კერძოდ, ქვედა ინსტანციების დაკომპლექტებისგან განსხვავებით, როდესაც კონკურსში მონაწილე კანდიდატი მხოლოდ იმ კანდიდატების კონკურენტია, რომლებიც იმავე სასამართლოსა და იმავე სპეციალიზაციის ვაკანტურ თანამდებობაზე გამოთქვამენ გამწესების სურვილს, დღეს, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის თითოეული კანდიდატი სხვა ყველა დანარჩენის კონკურენტია. უზენაეს სასამართლოში არსებული ვაკანტური თანამდებობები არ არის გაფილტრული სპეციალიზაციების მიხედვით, შესაბამისად, მხოლოდ კანდიდატების განწესების შემდეგ გახდება ცნობილი, ვინ რომელი მიმართულებითა და სპეციალიზაციით გააგრძელებს უზენაეს სასამართლოში მოღვაწეობას.

საბჭოს მდივანი, როგორც ერთ-ერთი კანდიდატი

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, საბჭოს თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელი, გიორგი მიქაუტაძე, ამჯერადაც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია.

ავტორიტეტულმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა კანონპროექტზე მომზადებულ დასკვნებში, არაერთი პარაგრაფი დაუთმეს იმაზე მსჯელობას, თუ როგორ უნდა იქნას დაცული ინტერესთა კონფლიქტი, იმ შემთხვევაში, როდესაც კანდიდატი თავად იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებათა ბიურო კანონმდებელს სთავაზობდა იმგვარი ნორმების გაწერას, რომელიც ითვალისწინებდა საბჭოს წევრის კანდიდატად რეგისტრაციის შემთხვევაში, საბუთების შემოტანამდე წევრობის თანამდებობის დატოვებას.

ამ რეკომენდაციების კვალდაკვალ, საკანონმდებლო ორგანომ ცალკეული ცვლილება შეიტანა პროექტში, თუმცა არ მოხერხდა ინტერესთა კონფლიქტის სრული გამორიცხვა. კერძოდ, საბჭოს თავმჯდომარეს ან თავმჯდომარის უფლებამოსილების შემსრულებელს, იმ შემთხევაში, როცა თავად არის კანდიდატი, კვლავ რჩება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების შერჩევის პარალელულად, საბჭოს სხდომების თავმჯდომარეობისა და პროცესის ხელმძღვანელობის უფლებამოსილება.

არსებულ ვითარებაში გიორგი მიქაუტაძე ფორმალურად ჩამოშორდა საბჭოს სხდომაზე იმ საკითხების განხილვას, რომელიც უკავშირდება უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცესს, თუმცა ის კვლავაც ინარჩუნებს საბჭოს მდივნისა და თავმჯდომარის მოვალეობის შემსრულებლის მანდატს და როგორც საბჭოს მდივანი ხელმძღვანელობს იმ დეპარტამენტს, რომელსაც ევალება კანდიდატების თაობაზე ინფორმაციის მოძიება (Background check).

მიქაუტაძემ თავისი და გავლენიანი ჯგუფის ინტერესების საპირწონედ, არსებული კონტექსტით გათვალისწინებით, დამატებითი საფრთხე შეუქმნა უზენაესის დაკომპლექტების პროცესის სამართლიანად და ობიექტურად წარმართვას. იმ პირობებში, როდესაც მას საბჭოს მდივნობა ან უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატობა უნდა აერჩია, არც ერთზე თქვა უარი და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში კანდიდატის სტატუსით მონაწილეობის პარალელურად:

  • ხელმძღვანელობს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომებს;
  • ხელს აწერს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს;
  • ახორციელებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მუშაობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას;
  • ხელმძღვანელობს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატს, მათ შორის დეპარტამენტს, რომელიც პასუხისმგებელია კანდიდატების შესახებ ინფორმაციის მოძიებაზე;
  • იღებს გადაწყვეტილებებს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს აპარატის საჯარო მოსამსახურეთა თანამდებობაზე დანიშვნის (სამსახურში მიღების) და თანამდებობიდან გათავისუფლების (სამსახურიდან დათხოვნის) შესახებ;

როდესაც საბჭოს ერთ-ერთი წევრი უკანონოდ არჩეულია

2017 წლიდან დღემდე, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრის მანდატს იკავებს ზაზა ხარებავა, რომლის არჩევის კანონიერების საკითხი, ჯერ კიდევ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების კანდიდატების შერჩევის დაწყებამდე კოალიციამ „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ პარლამენტის წინაშე დააყენა. კერძოდ, არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად ზაზა ხარებავას არჩევისას, მისი კანდიდატურა პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის არსებითი დარღვევა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის აშკარა წინაპირობაა. თუმცა, დღემდე, საკითხის განსაკუთრებული მნიშვნელობის მიუხედავად, პარლამენტს ამ საკითხზე არ უმსჯელია, და ზაზა ხარებავა აგრძელებს საბჭოში საქმიანობას, მათ შორის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების განხილვასა და მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ინტერესების სასარგებლოდ კენჭისყრაში მონაწილეობას.

რატომ არ რეაგირებს საბჭო?

უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტების პროცესში, მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის ზრახვების აღსასრულებლად, საბჭოს თითოეული წევრის ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება. ლოიალური წევრების უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესიდან ჩამოცილებით, წინასწარ შეთანხმებული კანდიდატების პარლამენტისთვის წარდგენა საბჭოსთვის საგრძნობლად გართულდება. კერძოდ, იმისათვის, რომ კანდიდატი პარლამენტისთვის საბოლოოდ წარსადგენ სიაში მოხვდეს, მას საბჭოში, არანაკლებ ათი ხმა სჭირდება. ამ დროისთვის, მოსამართლეთა გავლენიან ჯგუფს 11 გარანტირებული მხარდამჭერი ყავს, სამი წევრის ჩამოცილების შემთხვევაში კი, მათ ინტერესებზე მორგებული სიის ფორმირებას საფრთხე ექმნება.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“