[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სამართალდამცავი სისტემა / განცხადება

პროკურატურის რეფორმის შესახებ მნიშვნელოვანი კანონპროექტი იურიდიულმა კომიტეტმა საზოგადოების ინფორმირების გარეშე განიხილა

31 ოქტომბერს, საქართველოს პარლამენტის იურიდიულმა კომიტეტმა, პროკურატურის რეფორმის შესახებ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები, სხდომის შესახებ ინფორმაციის წინასწარი გამოქვეყნების გარეშე, განიხილა. იურიდიული კომიტეტის სხდომის შესახებ ინფორმაცია პარლამენტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული არ ყოფილა. შესაბამისად, დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ შესაძლებლობა დასწრებოდნენ კანონპროექტის განხილვას და მონაწილეობა მიეღოთ დისკუსიაში.

ბოლო კონსტიტუციური ცვლილებების შედეგად, პროკურატურის სისტემაში არსებითი ხასიათის ინსტიტუციური ცვლილებები უნდა განხორციელდეს. პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტზე, მნიშვნელოვანი შენიშვნები და მოსაზრებები წარადგინეს დაინტერესებულმა ჯგუფებმა. იურიდიული კომიტეტი ინფორმირებული იყო ამ პროცესის მიმართ მაღალი ინტერესის არსებობის შესახებ. თუმცა, საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით საკომიტეტო განხილვა, ყოველგვარი წინასწარი შეტყობინების გარეშე ჩატარდა.

იმ პირობებში, როცა პროკურატურის სისტემის დამოუკიდებლობის და მიუკერძოებლობის მიმართ არაერთი ლეგიტიმური კითხვა არსებობს და ინიცირებული კანონპროექტის მიმართაც ბევრი შენიშვნაა გამოთქმული, საზოგადოებრივი ჯგუფების მონაწილეობის გარეშე, მეორე და ყველაზე მნიშვნელოვანი საკომიტეტო მოსმენის ჩატარება, ამ რეფორმის მიმართ ნდობას და მოლოდინებს კიდევ უფრო ამცირებს.

გასათვალისწინებელია, რომ სწორედ პროკურატურის რეფორმის საკითხზე მომდევნო კვირაში, საქართველოში ჩამოდის ვენეციის კომისიის დელეგაცია. ამ პირობებში, სრულიად გაუგებარი და მიუღებელია, ნაჩქარევად და ფარულად, პარლამენტის იურიდიული კომიტეტის მიერ კანონპროექტის განხილვა.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“