საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მოქმედ სისტემაში პროკურატურა მთავრობის ორგანული ნაწილია და ამდენად, მოწყვლადია პოლიტიკური ზეგავლენების მიმართ. დღეს, მთავრობა თვითონაა როგორც სისხლის სამართლის პოლიტიკის ავტორი, ისე განმახორციელებელი. ამ გზით, მთავრობაში განსაკუთრებული ძალაუფლება გროვდება.
მაშინ, როდესაც ინსტიტუციური გარანტიები არასაკმარისია, პროკურატურის დამოუკიდებლობის დამცველად მთავარი პროკურორის პიროვნული ფაქტორები რჩება, რაც თავისთავად არასაიმედო გარანტიაა. მითუმეტეს მაშინ, როდესაც მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესი სამთავრობო ფარგლებს არ სცდება და საბოლოოდ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებამდე მიდის.
ამიტომაც, მთავრობასთან მჭიდროდ შეზრდილი პროკურატურის მოდელი, რომელშიც მთავარი პროკურორის დანიშვნის წესი ჩაკეტილი და გაუმჭვირვალეა, განსაკუთრებულად სუსტია პოლიტიკური ნეიტრალიტეტისა და დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის.
მართალია, პროკურატურის უმთავრესი ფუნქციები - სისხლისსამართლებრივი დევნა და სახელმწიფო ბრალდების მხარდაჭერა აღმასრულებელი ფუნქციებია, თუმცა, ეს არ გულისხმობს პროკურატურის მოაზრებას უშუალოდ მინისტრთა კაბინეტის, როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების ბირთვის, ფარგლებში. პროკურატურა, ცხადია, რჩება აღმასრულებელი ხელისუფლების ქვეშ, თუმცა, დისტანცირდება მთავრობისგან. მთავრობას კი რჩება ლეგიტიმური უფლება განსაზღვროს სისხლის სამართლის პოლიტიკის სახელმძღვანელო პრინციპები. ამდენად, პროკურატურის მთავრობისგან დისტანცირებით, მთავრობა ხდება პოლიტიკის განმსაზღვრელი, პროკურატურა კი პოლიტიკის განმახორციელებელი. სხვა სიტყვებით, მთავრობა განიტვირთება ჭარბი ძალაუფლებისგან, პროკურატურა კი მოიპოვებს საჭირო თავისუფლებას.
პროკურატურის მთავრობისგან დისტანცირებისთვის მნიშვნელოვანია, მთავარი პროკურორის დანიშვნის წესის რეფორმა. ამ პროცესმა სამთავრობოდან საპარლამენტო ცხოვრებაში უნდა გადაინაცვლოს და მთავარი პროკურორის არჩევის საკითხი საკანონმდებლო ორგანოში უნდა გადაწყდეს. თუმცა, ღია და მრავალმხრივ საპარლამენტო დებატებამდე, მნიშვნელოვანია მთავარი პროკურორის კანდიდატურების შერჩევის საკითხი.
თუკი, რეფორმის ერთ-ერთი მიზანი პროკურატურის საქმიანობაში პოლიტიკურის ნაცვლად, პროფესიული ნიშნის გაზრდაცაა მაშინ, მნიშვნელოვანია, რომ მთავარი პროკურორის შერჩევაც პროფესიული ნიშნების გათვალისწინებით კონკრეტული პოლიტიკური გუნდისგან დამოუკიდებლად მოხდეს.
არსებულ კონსტიტუციურ მოდელში, მთავარი პროკურორის კანდიდატურების ნეიტრალური შერჩევის პროცესი შეიძლება უზრუნველყოფილი იყოს პრეზიდენტის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს კაბინეტის ნაწილს, განსხვავებით იუსტიციის მინისტრისა და პრემიერ-მინისტრისგან. ამდენად, მთავარი პროკურორის კანდიდატურის შერჩევას ჩამოშორდება პოლიტიკური პრეფერენციები. მთავარი პროკურორი პოლიტიკურ თანხმობას გამოუცხადებს საქართველოს პარლამენტი, როლის მონაწილეობაც ამ პროცესში აძლიერებს საპარლამენტო ჯგუფების ჩართულობას საკითხის განხილვაში, საპარლამენტო დისკუსიის და სხვა მექანიზმების გამოყენების გზით. მთავარი პროკურორის დანიშვნის პროცესი კი ხდება უფრო ღია და გამჭვირვალე.
რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებული უნდა იყოს მთავარი პროკურორის ანგარიშვალდებულებისა და პასუხისმგებლობის საკითხებიც. ცალსახაა, რომ მთავარი პროკურორის პოლიტიკური პასუხისმგებლობის არსებული ფორმით შენარჩუნება შეაფერხებს პროკურატურის მიერ დამოუკიდებლობის მოპოვების პროცესს.
ინსტრუქცია