საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
პოლიცია უხეშად არღვევს საქართველოს კონსტიტუციასა და „შეკრებებისა და მანიფესტაციების“ შესახებ კანონს, როცა პარლამენტთან შეკრებილ შუქრუთელებს მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად კარვის, საძილე ტომრების ან/და სხვა აუცილებელი ატრიბუტიკის ქონის უფლებას არ აძლევს. შინაგან საქმეთა სამინისტროს მხრიდან მსგავსი ქმედებები მშვიდობიანი შეკრების უფლებაში თვითნებური ჩარევაა და წარმოადგენს სამოხელეო დანაშაულს.
შუქრუთელები უკვე 200 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ ”ჯორჯიან მანგანეზის” საქმიანობას და კომპანიის მიერ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ. შუქრუთელებს ჯერ საჩხერის რაიონულმა სასამართლომ აუკრძალათ საკუთარ სოფელში, მაღაროსთან პროტესტი. ახლა კი უკვე თბილისში, პარლამენტის შენობასთან არ ეძლევათ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის უფლებით სარგებლობის შესაძლებლობა, სადაც 11 სექტემბრიდან აგრძელებენ პროტესტის უკიდურეს ზომას - შიმშილობას.
საგულისხმოა, რომ საკანონმდებლო ორგანოსთან პროტესტის მონაწილეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია არანაირ კანონდარღვევას, ან ძალადობრივ მოწოდებას. შუქრუთელები აბსოლუტურად მშვიდობიანად, კანონის ნორმების დაცვით ცდილობენ საკუთარი პროტესტის გამოხატვას პარლამენტთან. თუმცა, ამის მიუხედავად, მათ არ ეძლევათ უწყვეტი პროტესტისთვის აუცილებელი ისეთი ატრიბუტიკით სარგებლობის შესაძლებლობა, როგორიცაა საძილე ტომარა და კარავი. პოლიცია ამ ნივთებით სარგებლობის უფლებას არ აძლევს აქციის მონაწილეებს, მიუხედავად გაუარესებული ამინდისა და იმ ფაქტისა, რომ ისინი განგრძობად რეჟიმში შიმშილობენ და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, არ შეუძლიათ დიდხანს ფეხზე დგომა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ყოველგვარი დასაბუთებისა და განმარტების გარეშე უზღუდავენ აქციის მონაწილეებს ზემოაღნიშნული ნივთებით სარგებლობის უფლებას და ცდილობენ, რომ გააკონტროლონ ადგილზე საბნების თუ ძირს დასაფენი ლეიბების რაოდენობა. გამომდინარე იქედან, რომ აქცია უწყვეტად მიმდინარეობს, კარვის დადგმას, წვიმისგან დამცავი და გასათბობი ნივთების ქონას, ინსტრუმენტული მნიშვნელობა აქვს მშვიდობიანი შეკრების უფლების რეალიზებისათვის და მის გარეშე, მონაწილეები ვერ ისარგებლებენ კონსტიტუციით გარანტირებული უფლებებით.
შესაბამისად, სამართალდამცავი ორგანოების მსგავსი ქმედება არა მხოლოდ ლახავს მოქალაქეების კონსტიტუციურ უფლებებს, ის ასევე შეიცავს სამოხელეო დანაშაულის და შეკრების უფლების ხელყოფის დანაშაულის ნიშნებს:
საქართველოს კანონმდებლობით, შეკრების და მანიფესტაციის მოწყობის, ანდა მასში მონაწილეობის უფლების განხორციელებისათვის უკანონოდ ხელის შეშლა სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით წარმოადგენს დანაშაულს და იწვევს სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას. გარდა ამისა, სამართალდამცავთა მხრიდან გამოვლენილი თვითნებური ქმედებები, სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების ნიშნებს შეიცავს. შესაბამისად, აუცილებელია პოლიციის თვითნებურ ქმედებებს შესაბამისი სამართლებრივი შეფასება და რეაგირება მოჰყვეს.
სამართალდამცავების ქმედებები კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ სახელმწიფო, სამართლიან სოციალურ პროტესტზე რეაგირების და შუქრუთელების მოთხოვნების გათვალისწინების ნაცვლად, კრიზისის გადაჭრის ერთადერთ გზად დაზარალებულთა ინტერესების უგულებელყოფას და საპოლიციო თვითნებობით მათ კონსტიტუციურ უფლებებში უხეში ჩარევას ხედავს.
აღნიშნულის გათვალისწინებით, სოციალური სამართლიანობის ცენტრი მოუწოდებს:
ინსტრუქცია