[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

სოციალური სამართლიანობის ცენტრი ხელისუფლებას შუქრუთელების პროტესტზე დაუყოვნებლივი რეაგირებისკენ მოუწოდებს

შუქრუთელები უკვე 180 დღეზე მეტია უწყვეტად აპროტესტებენ „ჯორჯიან მანგანეზის“ საქმიანობას და კომპანიის მიერ მათთვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებას ითხოვენ.  მას შემდეგ, რაც საჩხერის რაიონულმა სასამართლომ მათ სოფელ შუქრუთში, მაღაროსთან პროტესტი აუკრძალა, შუქრუთელები იძულებული გახდნენ პროტესტისთვის თბილისში გადმოენაცვლებინათ.

ჭიათურაში „ჯორჯიან მანგანეზის“ მიერ მანგანუმის მოპოვებითი საქმიანობის შედეგად შუქრუთელებს დაუზიანდათ სახლები და მათ ისიც არ იციან, რამდენად უსაფრთხოა სოფელში ცხოვრების გაგრძელება. საცხოვრებელი სახლების გარდა, ადგილზე დაზიანდა სკოლა და სხვა დაწესებულებები. სოფელი შუქრუთი პრაქტიკულად კარგავს სიცოცხლეს და ისტორიას. აღსანიშნავია, რომ შუქრუთში მცხოვრები ადამიანების ნაწილი ამავდროულად მაღაროში მუშაობს და მთელი მათი ცხოვრება - შრომა, საცხოვრებელი, ბუნება, მეხსიერება, ისტორია  კომპანია „ჯორჯიან მანგანეზის“ ხარბ, უკონტროლო და ექსპლუატაციურ ინტერესებს ეწირება.

სამწუხაროდ, ადგილობრივების პროტესტის პარალელურად, სახელისუფლებო მედია არხები ავრცელებენ შეცდომაში შემყვან ინფორმაციას იმის შესახებ, რომ თითქოს პროტესტის მონაწილეებს ზიანი უკვე სრულად აუნაზღაურდათ.

სინამდვილეში, ბოლო 3 წლის მოვლენების ანალიზი აჩვენებს, რომ კომპანიამ უხეშად დაარღვია 2021 წელს შუქრუთის მოსახლეობასთან გაფორმებული შეთანხმების პირობები და კომპანიამ პრაქტიკულად არ შეასრულა აღებული ვალდებულებები. შუქრუთელებიც დღეს კომპანიისგან მხოლოდ დადებული ხელშეკრულების შესრულებას ითხოვენ, რომელსაც მაშინაც პროტესტის უკიდურესი ფორმებით მიაღწიეს.

ამ შეთანხმების საფუძველზე კომპანიამ იკისრა ვალდებულება, სამხარაულის სასამართლო ექსპერტიზის ბიუროს შეეფასებინა არა მხოლოდ კომპანიის მიერ ადგილობრივებისთვის მიყენებული ზიანის მოცულობა, არამედ ასევე, დაედგინა, რამდენად უსაფრთხო იყო მათ სახლებში ცხოვრების გაგრძელება. შეთანხმების მიხედვით, კომპენსაცია ორ ეტაპად უნდა განხორციელებულიყო: პირველ ეტაპზე კომპანია კერძო აუდიტორული კომპანიის მიერ უკვე დათვლილ ზიანს ანაზღაურებდა, ხოლო მომდევნო ეტაპზე - იმ შემთხვევაში, თუ კონკრეტული სახლი საცხოვრებლად უსაფრთხო არ აღმოჩნდებოდა, კომპანიას საცხოვრებლის სრული ღირებულება („ჩანაცვლებითი ღირებულება“) უნდა გადაეხადა. შეთანხმების მიხედვით, პირველ ეტაპზე გასაცემი კომპენსაცია ამ საერთო ღირებულებას უნდა გამოკლებოდა. ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, შეთანხმება არ ითვალისწინებდა ალტერნატიული მიწის გამოყოფის ვალდებულებას, ადგილობრივებისთვის მიყენებული მორალური ზიანის, სხვა არამატერიალური ზიანის, მათ შორის, დაკარგული შემოსავლის და ხარჯების ანაზღაურებას, რასაც, ასეთ შემთხვევებში ადამიანის უფლებათა საერთაშორისო სამართალი მოითხოვს.[1]

როგორც ადგილობრივები ამბობენ, კომპანიამ დაიწყო პირველი ეტაპის კომპენსაციის გაცემა, თუმცა ეს ანაზღაურება შუქრუთის მცხოვრებლებიდან მხოლოდ რამდენიმე ოჯახმა[2] მიიღო და სახელისუფლებო არხებიც მხოლოდ ამ რამდენიმე ოჯახისთვის გადახდილი არასრული კომპენსაციის საფუძველზე ავრცელებენ მანიპულაციურ ცნობებს ადგილობრივების დაკმაყოფილების შესახებ. დანარჩენ პროტესტის მონაწილე შუქრუთელებს კი კომპანიისგან საწყისი კომპენსაციის თანხაც არ მიუღიათ და რაც მთავარია, კომპანიამ არ შეასრულა ვალდებულება, ადგილობრივებისთვის მიეწოდებინა სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიერ დასკვნები, მათი საცხოვრებელი სახლების მდგომარეობის და იქ ცხოვრებასთან დაკავშირებული რისკების შესახებ. შესაბამისად, არ მომხდარა არც სამხარაულის დასკვნების საფუძველზე შეფასებული ზიანის სრული ანაზღაურება.

ამ ფონზე, კიდევ უფრო წარმოუდგენელია ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძეს განცხადება იმის შესახებ, რომ შუქრუთში მიმდინარე პროტესტი კომპანიასა და ადგილობრივებს შორის მიმდინარე მოლაპარაკების საკითხია. მით უფრო, რომ ლაპარაკია არა რიგით კერძო კომპანიაზე, არამედ სახელმწიფოს მიერ გაცემული მოპოვების ლიცენზიით აღჭურვილ კორპორაციაზე, რომელიც 2017 წლიდან სახელმწიფოს მართვაში იმყოფება. მეტიც, ადგილობრივები ამბობენ, რომ მათსა და კომპანიას შორის გაფორმებულ შეთანხმებას, რომლის პირობები ამ დრომდე შეუსრულებელია, ხელს სწორედ სახელმწიფოს მიერ დანიშნული სპეციალური მმართველი აწერს.

სწორედ ამგვარმა დამოკიდებულებამ და  ხელისუფლების მხრიდან ადამიანების უფლებების უმძიმეს დარღვევებზე პასუხისმგებლობის არიდებამ მიიყვანა შუქრუთელები შიმშილობის და პირის ამოკერვის უმძიმესი პროტესტის ფორმებამდე.

მათი პროტესტის პარალელურად, აშკარაა ისიც, რომ ხელისუფლება პროტესტის რეპრესიული გზების ჩახშობას ცდილობს და საამისოდ ყველა ადმინისტრაციულ ბერკეტს იყენებს, სისხლისსამართლებრივი დევნის და მაღაროსთან პროტესტის აკრძალვის ჩათვლით. კომპანიამ კი თავის მხრივ, სამსახურიდან გაათავისუფლა პროტესტში მონაწილე 5 თანამშრომელი.

ამასთან, სახელმწიფო და კომპანია ყველაფერს აკეთებენ შუქრუთის მცხოვრებლების პროტესტის დელეგიტიმაციისთვის და მანიპულაციური ინფორმაციის გავრცელებით ცდილობენ საზოგადოების დაბნევას, შუქრუთელების სამართლიანი მოთხოვნების მიმართ მხარდაჭერის შესუსტებას.

სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია შუქრუთელების მიმართ სოლიდარობის გამოხატვა და მათი პროტესტის მხარდაჭერა.

მოვუწოდებთ ხელისუფლებას:

  • ადამიანი დააყენოს ბიზნეს ინტერესებზე მაღლა და გააცნობიეროს მისი სოციალური და სამართლებრივი პასუხისმგებლობები;
  • უზრუნველყოს სათანადო საცხოვრებლის უფლების, როგორც სოციალური უსაფრთხოების საბაზისო გარანტიის დაცვა;
  • მისი მაღალი თანამდებობის პირები შეხვდნენ პროტესტში ჩართულ მოქალაქეებს და შექმნან მათი საჭიროებების დაკმაყოფილების ქმედითი პროცესი.

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] კომპენსაცია უზრუნველყოფილი უნდა იყოს ყველა ეკონომიკურად შეფასებადი ზიანისთვის, კომპენსაცია უნდა იყოს უფლების დარღვევის შესაბამისი და პროპორციული და ითვალისწინებდეს კონკრეტული შემთხვევის გარემოებებს, როგორიცაა სიცოცხლის მოსპობა, ფიზიკური ან ფსიქიკური ზიანი, დაკარგული შესაძლებლობა, მათ შორის, დასაქმება, განათლება და სოციალური ბენეფიტები; მატერიალური ზიანი და მიუღებელი შემოსავალი, მათ შორის, ფულის გამომუშავების პოტენციალის (“earning potential”) დაკარგვა, მორალური ზიანი და ხარჯები, რაც საჭიროა სამართლებრივი და ექსპერტული მხარდაჭერისთვის, მედიკამენტების და სამედიცინო მომსახურებისთვის, ფსიქოლოგიური და სოციალური სერვისებისთვის. ფულადი კომპენსაცია არ ანაცვლებს კომპენსაციას მიწის სახით. როდესაც მიწა არის გამოყენებული განვითარების პროექტისთვის გასახლებული პირი ექვემდებარება კომპენსაციას ანალოგიური ან უკეთესი ხარისხის, ზომის და ღირებულების მიწით (იხ., გაეროს სახელმძღვანელო პრინციპები განვითარების პროექტებით გამოწვეულ გამოსახლებასა და გადაადგილებაზე (2006)​, პარაგრაფი 60).

[2] კომპანიის მიერ გავრცლებულ ინფორმაციაში  საუბარია 7 ადამიანზე.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“