საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
“ ადამიანს, რომელსაც არსებობა სახელმწიფოს გარეთ უნდა, ან ცხოველია ან ღმერთი.” არისტოტელე
ყოველი ეპოქა თავის მითებს ქმნის. პლატონის გამოქვაბულის მითიც, რაოდენ მრავლისმეტყველი და გენიალურიც არ უნდა იყოს, თავისი ეპოქის შვილია და „პოსტმოდერნული მდგომარეობისას“ რელევანტურობას კარგავს. განმანათლებლობამ, სხვადასხვა პოლიტიკური უფლებების მიღებამ და ტოტალიტარული რეჟიმების დამხობამ წარმოსახვითი სამყაროს სტრუქტურული ცვლილება გამოიწვია. დღევანდელი „გამოქვაბულის მითის“ ტყვეები უფლებების დეკლარირებამ იმ გზისკენ მიაბრუნა, რომელზედაც თოჯინებით ხელდამშვენებული მგზავრები ჩაივლიან. თითოეულ ტყვეს მიეცა შესაძლებლობა დაინახოს და შეიმეცნოს ნამდვილი თუ წარმოსახვითი სხეულები, გონებით სწვდეს და დაუფლებაც მოინდომოს. მაგრამ როგორც კი წინ წაიწევს და მისკენ ხელს გაიწვდის, “კისერსა და ხელ-ფეხზე სიყრმიდანვე დადებული ბორიკილები“ უკან ქაჩავს და თავის უძლურებას შეახსენებს.
ნეოლიბერალიზმმა ადამიანს თავისუფლება მისცა, სანაცვლოდ კი მისით სარგებლობის ძალა წაართვა. ის გვეუბნება, რომ ყველა თანასწორია კანონის წინაშე, რომ თავისუფლება უზენაეს ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ერთი იმპლიციტური დაშვებით, ეს მხოლოდ „ფარატინა ქაღალდზე“ ან „იდეების სამყაროში“ უნდა სრულდებოდეს. ამ უფლებებით სინამდვილეში, მხოლოდ ის სარგებლობს, ვინც ძალაუფლების, პოლიტიკური ველის შიგნით იმყოფება, ვინც „მემკვიდრეობით მიღებული ქონების,“ პირადი ნაცნობობის თუ ფინანსური სპეკულაციების გზით ელიტებში შეღწევა მოახერხა. ცხადია, რომ მთის წვერიდან ყველაფერი სხვაგვარად ჩანს: ჩანს, რომ „ხალხი ბნელია,“ და საჭიროა „ინვესტიციებისთვის მიმზიდველი გარემო შეიქმნას“. რაკიღა ხალხის, როგორც ლეგიტიმაციის წყაროსაგან მოწყვეტის გამო ნეოლიბერალიზმი თვითდესტრუქციას ეწევა, ის ქვეყნის ბიუჯეტიდან უზარმაზარ თანხებს ახმარს უცხოელ ლობისტებს, რომ მაღალი ეშელონებიდან „ცხოვრება მშვენიერია“ გვიყიჟინონ. ნეოლიბერალიზმი კლავს, ოღონდ არა საკუთარი ხელით: წაქცეულს წიხლი არ უნდა დააყოლო, ლუზერები ბაზრის უხილავ ხელს უნდა მიანდო და რკინისებური ნებით გააგძელო გზა მიზნისაკენ. ამ ლოგიკით, „ხელის მიშველება“ ისეთივე უგუნურებაა, როგორიც „წიხლის ჩაზილება“, ორივე შემთვევაში დროს ფლანგავ, დრო კი როგორც გვითხრეს, ფულია.
ფიზიკური, სოციალ-პოლიტიკური თუ ეკონომიკური გარემო მთლიანად ელიტებზეა მორგებული. შრომის უფლება მართალია ყველას აქვს, მაგრამ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირისთვის ის არ არსებობს. ცხადია, სახელმწიფო ვალდებულებებისაგან თავისუფალი ბიზნესი, სამუშაოზე არ აიყვანს იმ ხალხს, ვინც იდეის დონეზეც კი „ზედმეტ თავის ტკივილს გაუჩენს“ და ფინანსურ მომგებას ვერ მოუტანს. განათლებაც საყოველთაოა, მაგრამ რა სარგებელი აქვს მისგან მაღალმთიან სოფელში მცხოვრებ ბავშვს, რომლის ოჯახის ბიუჯეტიც ყოველდღიური ლუკმის მოპოვებასაც ვერ სწვდება? მითუმეტეს, თუ ეს ბავშვი ეთნიკურ უმცირესობას წარმოადგენს, დიდი შანსია, რომ საერთოდ წერა-კითხვის უცოდინარი დარჩეს.
ასეთი ადამიანები პოლიტიკურის სივრცის მიღმა არიან დარჩენილები. მათთვის არ მნიშვნელობენ სახელმწიფო ინსტიტუტები, რომლებიც მათ გააძლიერებდნენ და საზოგადოების ღირსეულ წევრებად აგრძნობინებდნენ თავს. შესაბამისად, მათ არც უნდათ სახელმწიფოში ცხოვრებაც. არ უნდათ, რადგანაც სურვილი მაშინ ჩნდება, როცა არჩევნის გაკეთების შესაძლებლობა არსებობს. როცა ვერ ვირჩევ, ჩემი ცხოვრება და მომავალი დეტერმინირებულია, აქ თავისუფლება და ადამიანურობა შეუძლებელია. ღმერთებისა რა მოგახსენოთ და ამგვარი ყოფა ცხოველთა რიგებში აყენებს ადამიანს. მხოლოდ არჩევნების წინ ახსენებენ მას, რომ არსებული წყობის მადლიერი იყოს, რაკიღა ის არის „პირველი თანასწორთა შორის“.
„თავისუფლება თანასწორობის გარეშე, არის თავისუფლება მხოლოდ მდიდრებისთვის“ - ეს ელიტებმაც იციან და ძალას არ იშურებენ თანასწორობის დისკრედიტაციისათვის. ცხადია, იმისი ილუზია არა გვაქვს, რომ ოდესმე მთა და ბარი გასწორდება, მაგრამ ქონებრივი უთანასწორობის დონის შემცირება ყოველთვის არის შესაძლებელი. პროგრესული დაბეგვრა, გადასახადის დაწესება ფუფუნების საგნებზე, ანტიმონოპოლიური კანონის შემოღება და ეროვნული წარმოების უცხოური კაპიტალისგან დაცვა - ის ღონისძიებებია რაც ქვეყანაში თანასწორობის დონეს გაზრდის.
ქართული საზოგადოება კოლექტიური საზოგადოებაა. თუმცა ეს კოლექტივიზმი პრემოდერნული ღირებულებით, ერთსულოვნებითაა წარმოდგენილი. საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ ევროპაში ის კოლექტივიზმის ახლებურმა გაგებამ - სოლიდარობამ ჩაანაცვლა. ადამიანს არ შეუძლია შეხედულებათა და ღირებულებათა სისტემის გარეშე ყოფნა. ის არაფრით იტყვის მასზე უარს, თუნდაც მის სიმცდარეში დარწმუნებული იყოს, თუ თქვენ ალტერნატივის შეთავაზება არ შეგიძლიათ. ერთსულოვნება, რომელიც განსხვავებულის მიმართ მტრულ განწყობილებას გულისხმობს, ვერ გაქრება თუ მისი ალტერნატივის, სოლიდარობის კვლავწარმობაზე სახელმწიფო და სამოქალაქო სექტორმა არ იზრუნა .
ნეოპლატონიზმის თანახმად, იდეა რომ მატერიალიზდეს ის ძალით უნდა აივსოს. მსგავსად ამისა, „კანონთა გონი“ სინამდვილეში რომ განხორციელდეს საჭიროა მას სული შთავბეროთ. ეს ის სულია, რომელიც საზოგადოებას პოლიტიკურის ველში მოაქცევს და იმის განცდას მისცემს, რომ ეს სახელმწიფო პირადად მისიც არის და არა ელიტური კლანებისა. ამ სულს ბრძოლაში აღმოცენებულ ღირებულებათა ნაკრები ქმნის. მისი გულისგული დე ლაკრუას ცნობილ შედევრზეა სამუდამოდ აღბეჭდილი; ბარიკადებიდან ის კვლავაც გაისმის მოწოდების ხმად: Liberté, égalité, fraternité
ინსტრუქცია