საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
მიმდინარე დღეებში აფხაზეთი მასშტაბურმა პროტესტებმა და აქტიურმა საზოგადოებრივმა განხილვებმა მოიცვა. ადგილობრივი საზოგადოება აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტის მიერ “ოჩამჩირის, ტყვარჩელისა და გალის რაიონების სოციალურ-ეკონომიკური განვითარების დონის ამაღლების ღონისძიებების შესახებ” კანონპროექტის განხილვას აპროტესტებს, რომელიც ოჩამჩირის, ტყვარჩელის და გალის ტერიტორიაზე აპარტამენტების და აპარტჰოტელების მასობრივ მშენებლობასა და შემდგომში მათი უცხოელებისთვის, ძირითადად კი რუსეთის მოქალაქეებისთვის მიყიდვის სრულიად ახალ წესს ადგენს. საპილოტე პროექტის მიხედვით მშენებლობა 150 ჰექტარზე მოხდება და ის ძირითადად საკურორტო და რეკრეაციულ სივრცეეებს მოიცავს.
აფხაზეთში სხვა ქვეყნის მოქალაქეებს უძრავი ქონების შეძენა ეკრძალებათ. ამგვარი მიდგომა უკვე წლებია აფხაზური საზოგადოებისა და პოლიტიკური ელიტების სტრატეგიაა, რომ არ დაკარგონ კონტროლი სტრატეგიულ რესურსებსა და ობიექტებზე და შეაკავონ რუსული კაპიტალისა და ბაზრის დამანგრეველი გავლენა მათ ეკონომიკურ და პოლიტიკურ ცხოვრებაზე. თუმცა, მოქმედი ხელისუფლება, მათ შორის დე ფაქტო პრეზიდენტი ასლან ბჟანია ამ მიდგომის ცვლილებას უჭერს მხარს, უკვე მეორედ აბრუნებს ამგვარ კანონპროექტს დე ფაქტო პარლამენტში და მის დაჩქარებულ განხილვას ცდილობს. კანონპროექტის მხარდამჭერები, ინიციატივას დეპრესიული რეგიონების ეკონომიკური განვითარების ინტერესით ამართლებენ და საზოგადოებას უფრო პრაგმატული მიდგომებისკენ მოუწოდებენ.
18 ივლისს გამართულ საკომიტეტო განხილვას აფხაზეთის დე-ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანიაც ესწრებოდა, რაც უპრეცედენტო ფაქტი იყო აფხაზეთის ე.წ. პარლამენტის საქმიანობაში. აქამდე “პარლამენტის საკომიტეტო განხილვას” დე ფაქტო პრეზიდენტი არასოდეს დასწრებია, რაც ამ საკითხის მიმართ უმაღლეს პოლიტიკურ ინტერესზე უთითებს. დე-ფაქტო პრეზიდენტი იმედს გამოთქვამს, რომ კანონპროექტს “პარლამენტი” მხარს 1 აგვისტომდე, საზაფხულო შესვენებამდე დაუჭრეს მხარს. მისი თქმით, აპარტამენტების მშენებლობა და შემდეგ მათი უცხოელებზე გაყიდვა ამ რეგიონების “ეკონომიკურ გამოცოცხლებას” შეუწყობს ხელს.
ეკონომიკური არგუმენტების მიღმა, დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლები უსაფრთხოების არგუმენტებსაც იყენებენ. დე-ფაქტო უშიშროების საბჭოს მდივანმა, სერგეი შამბამ განაცხადა, რომ გარდა იმისა, რომ “აპარტამენტების კანონი” ხელს შეუწყობს აფხაზეთში ინვესტიციების მოზიდვას, ამ პროცესის ხელის შეშლა რუსეთთან ურთიერთობებს გაუფუჭებს აფხაზეთს და გამოიწვევს შეუქცევად შედეგებს მათ “სტრატეგიულ მოკავშირესთან” ურთიერთობებში.
17 ივლისს აფხაზეთის ე.წ პრეზიდენტ ბჟანიასთან შეხვედრისას ე.წ პარლამენტის დეპუტატმა თემურ შერგელიამ კანონპროექტის დადებით მხარეებზე საუბრისას აღნიშნა, რომ გალის რაიონში, სადაც მოსახლეობის 90% ქართულენოვანია, რუსების ჩასახლება ხელს შეუწყობს არა მხოლოდ ეკონომიკურ განვითარებას, არამედ იდეოლოგიური სიტუაციის შეცვლასაც. მისი განცხადებით, შესაძლებელი გახდება ამ რეგიონში რუსული ენის დომინირებაც.
“საკომიტეტო განხილვები” მწვავე პროტესტის ფონზე მიმდინარეობდა, რის გამოც აფხაზეთის “პარლამენტის” შენობასთან უსაფრთხოების სამსახურები იყვნენ მობილიზებული, ხოლო „კომიტეტზე“ დასწრების შესაძლებლობა არც სამოქალაქო აქტივისტებს არ ჰქონია და არც მედიას.
„კანონის“ წინააღმდეგ სამოქალაქო პროტესტმა აფხაზეთში ორგანიზებული სახე მიიღო. ამომრჩევლები აფხაზეთის მასშტაბით ორგანიზებას უწევენ ე.წ პარლამენტის დეპუტატებთან შეხვედრებს, რათა მოისმინონ მათი პოზიცია კანონის მიღებასთან დაკავშირებით. ბოლო ერთი კვირის განმავლობაში აქტიურად იმართება მათ შორის საპროტესტო აქციებიც. ე.წ პარლამენტის შენობასთან შეიკრიბნენ მათ შორის ომის ვეტერანები, რომლებიც პარლამენტში კანონპროექტის საკომიტეტო მოსამენაზე შესვლას ითხოვდნდნენ, რისი საშუალებაც მათ არ მიეცათ. აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ფაზლიბეი ავიდზბამ ხელი მოაწერა აფხაზეთის „ეროვნული გმირების“ მიერ გავრცელებულ განცხადებას, რომელსაც 59 „ეროვნული გმირი“ აწერს ხელს. განცხადებაში მითითებულია, რომ დაუყოვნებლივ გამოცხადდეს მორატორიუმი უძრავი ქონების გაყიდვაზე. განცხადება გამოაქვეყნა ასევე აფხაზეთის ინტელიგენციის გაერთიანებამაც, რომელთაც სერიოზული შეშფოთება გამოთქვეს კანონის მიღებასთან დაკავშირებით და ე.წ აფხაზეთის ხელისუფლებას მოუწოდეს გამოაცხადონ მორატორიუმი მათ შორის მიმდინარე მშენებლობებთან დაკავშირებით. კანონის წინააღმდეგ პოსტი გამოაქვეყნდა აფხაზეთის სახელმწიფო ტელერადიოკომპანიის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა ზორო ბიგვავამ.
ამასთან აფხაზეთის სხვადასხვა ქალაქებში ე.წ პარლამენტის დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ. სოხუმში გამართულ შეხვედრაზე, ე.წ პარლამენტის დეპუტატების დიმიტრი მარშანიას, დემურ გოგიას, ბადრიკ პილიას და კან კვარჩიამ განცხადებით, ისინი მხარს არ უჭერენ ამ იდეას და ეწინააღმდეგება ნებისმიერი ფორმით აფხაზეთის ტერიტორიის გაყიდვას. სახალხო პროტესტმა „დეპუტატების“ გარკვეულ ნაწილზე გავლენა მოახდინა, რამდენიმე მათგანმა, რომლებიც მხარს უჭერდნენ „კანონის“ მიღებას, საჯაროდ შეცვალა პოზიცია და თქვა რომ მხარს აღარ დაუჭერს.
აფხაზეთის ე.წ მე-6 მოწვევის პარლამენტის სპიკერების ვალერი ბგანბას და ვალერი კვარჩიას განცხადებით, კანონის მიღება შეიცავს მნიშვნელოვან დემოგრაფიულ საშიშროებას და ეს ქონების შეფარული გაყიდვის მცდელობაა. აგუშერაში მოსახლეობასთან შეხვედრის დროს ე.წ პარლამენტის დეპუტატმა ადგურ ხარაზიამ, აღნიშნა, რომ ამ კანონის მიღება საშიშია აფხაზეთისთვის.
ე.წ აპარტამენტების კანონის ინიცირების წინააღმდეგ აქტიურად გამოდიან ახალგაზრდა აქტივისტები და სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები. მოძრაობა "ჰარაჰპიცუნდას" წევრები აქტიურად აშუქებენ ამ პროტესტს სოციალური ქსელის მეშვეობით და მიიჩნევენ რომ აღნიშნული კანონის მიღება დამღუპველი იქნება აფხაზეთის მომავლისთვის. ახალგაზრდა ოჩამჩირელი აქტივისტი ლევ ბუევა ასევე მიიჩნევს რომ ამ კანონპროექს არ შეუძლია იმ სარგებლის მოტანა რაზეც ე.წ აფზეთის მთავრობა საუბრობს და ამაზე მეტყველებს წარსული გამოცდილებაც. სამოქალაქო აქტივისტების თქმით, მათ უნდა დაიცვან აფხაზეთის ინტერესები აქ და ახლა და არ უნდა დაუშვან კანონის მიღება.
“აპარტამენტების შესახებ კანონის” წინააღმდეგ აფხაზების პროტესტი სხვადასხვა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და სოციალურ არგუმენტს ეფუძნება, მათ შორის: 1. “კანონის” მიღების შემთხვევაში არსებობს რისკი რომ გაიზრდება რუსების შემოდინება აფხაზეთში, რა პირობებშიც აფხაზეთში შეიძლება დემოგრაფიული სურათი დრამატულად შეიცვალოს და აფხაზები უმცირესობაში აღმოჩნდნენ; 2. გარდა ამისა, ურბანული დაგეგმარების არარსებობის შემთხვევაში, “კანონის” მიღებამ შეიძლება გამოიწვიოს უკონტროლი მშენებლობები; 3. “კანონი” წინააღმდეგობაში მოდის ადგილობრივ ეკონომიკურ და ბიზნეს ინტერესებთან, რომლებიც კონკურენციას ვერ გაუწევენ რუსულ ბიზნეს და დასუსტდებიან; 4. არსებობს რისკი რომ გაიზრდება უძრავი ქონების ფასი აფხაზეთში, რაც თავად აფხაზებისთვის საცხოვრებელზე ხელმისაწვდომობას შეამცირებს; 5. აფხაზები მიიჩნევენ რომ მოსახლეობის რაოდენობას ზრდასა და დატვირთვის გაორგამეგას ადგილობრივი ინფრასტრუქტურა ვერ გაუძლებს და რაიონები კოლაფსში მოექცევიან.
სხვადასხვა სოციალურ ქსელში, მათ შორის ტელეგრამ არხებზე აქტივისტები ღიად საუბრობენ, რომ ბჟანიას მხრიდან აპარტამენტების კანონის დღის წესრიგში ხელახლა წამოწევა მისი მხრიდან რუსეთის მიმართ ერთგულების დადასტურების მცდელობაა და თუკი წინასაარჩევნო პერიოდში ის რუსეთის წინაშე ამ გამოცდას ვერ ჩააბარებს, ეს იქნება მისი პოლიტიკური კარიერის დასასრული.
საინტერესოა, რომ “აპარტამენტების კანონის” წინააღმდეგ განხილვების დროს ასევე გაჟღერდა ქართული ოცნების და რუსეთის კავშირების და საერთო ინტერესების შესახებ მოსაზრებებიც. “კანონის” ინიცირებას გამოეხმაურა ოპოზიციონერი, პოლიტიკური პარტია Апсны-ის წარმომადგენელი ვიტალი გაბნია, რომელმაც აღნიშნა, რომ „არანაირ რუსებს, გარდა ივანიშვილისა გალი არ აინტერესებთ“. მსგავსი განცხადება გააკეთა აფხაზეთის ე.წ პარლამენტის ყოფილმა დეპუტატმა ილია გუნიამაც, რომელმა აღნიშნა, რომ ეს „ქართული ოცნების კანონია“, რომლითაც ქართული ოცნება ცდილობს, რომ რუსეთში მცხოვრებმა ქართველებმა ეს შენობები იყიდონ და ამის შემდეგ იქ ქართველები ჩაასახლონ.[1]
19 ივლისს აფხაზეთის პოლიტიკურმა და სამოქალაქო გაერთიანებებმა მიმართეს ე.წ პარლამენტის სპიკერს და მოითხოვეს აღნიშნულ კანონპროექტთან დაკავშირებით საჯარო დებატების გამართვა. ხოლო, 20 ივლისს სოხუმში თავისუფლების მოედანზე მოსახლეობამ აქცია მოაწყო და კიდევ ერთხელ გააპროტესტა ამ კანონის მიღების პროცესი. ცხადია, რომ ამგვარი მოსაზრებები სპეკულაციური ჩანს და ქართული მხარეს ბრალეულობის ძიების მორიგი მცდელობაა. თუმცა, აღნიშნული განცხადებები ასევე აჩვენებს ქართლი ოცნების ხელისუფლების გეოპოლიტიკურ აღქმებს აფხაზური საზოგადოების მხრიდანაც.
ჯერ-ჯერობით ცნობილი არ არის როდის დაიწყება ე.წ პარლამენტის მიერ კანონპროექტის სასესიო განხილვა. ე.წ პარლამენტის დეპუტატები მოსახლეობასთან შეხვედრეს აგრძლებენ და ღიად აფიქსირებენ აღნიშნული კანონპროექტის წინააღმდეგ პოზიციებს. არსებული ინფორმაციით ე.წ პარლამენტის 12 დეპუტატი, მათ შორის, ე.წ პარლამენტის ვიცე-სპიკერი მხარს არ უჭერს საკანონმდებლო ინიციატივას.
მნიშვნელოვანია აფხაზეთში მიმდინარე პროცესები ჩვენი საზოგადოებისა და მედია და პოლიტიკური აქტორების ყურადღების ქვეშ მოექცეს და დაიწყოს რეალური მუშაობა აფხაზურ საზოგადოებასთან დიალოგისა და პოლიტიკური ალტერნატივების შეთავაზების მიმართულებით.
ბოლო პერიოდში, განსაკუთრებით კი უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი ომისა და რუსეთის საერთაშორისო ეკონომიკური სანქცირების შემდეგ, რუსეთი პერიფერიული ბაზრებისა და რესურსების აგრესიულ ათვისებას იწყებს და მისი ეკონომიკური დაინტერესება აფხაზეთის მიმართ გაზრდილია. აფხაზეთში რუსეთი ასევე დაინტერესებულია შავ ზღვაზე მისი სამხედრო და ეკონომიკური ინფრასტრუქტურის განვითარებით, რაც მისი მხრიდან ამ რეგიონის ეკონომიკური და პოლიტიკური შთანთქმის რისკებს კიდევ უფრო ზრდის. კაპიტალისა და მასშტაბური პოლიტიკური გავლენების შეკავებას უკვე წლებია ცდილობს აფხაზური საზოგადოება. მცირე საზოგადოების შიგნით თვითორგანიზების, სოლიდარობისა და სოციალური იძულების მექანიზმები ეფექტიანად მუშაობს და წინააღმდეგობის ტრადიციულ და არატრადიციულ ფორმებს ქმნის. უკრაინაში ომის, იზოლაციის გაღრმავებისა და ბუნდოვანი მომავლის მიუხედავადაც კი ადგილობრივი მოსახლეობა ცდილობს, წინააღმდეგობა გაუწიოს რუსულ გავლენებსა და რესურსებზე და ძალაუფლებაზე კონტროლის დაკარგვას და იყოს საკმაოდ ხმამაღალი და კრიტიკული. თუმცა, ცხადია, რომ დროთა განმავლობაში ეს კიდევ უფრო რთული იქნება ადგილობრივი საზოგადოებისითვის. ჩვენი აზრით ამ რეალობაში მნიშვნელოვანია საქართველომ, მისი საერთაშორისო პარტნიორების (პირველ რიგში კი ევროკავშირის დახმარებით, რომელსაც სამშვიდობო პოლიტიკაზე მუშაობის უნიკალური გამოცდილება აქვს) დახმარებით იფიქროს ალტერნატიულ პოლიტიკურ სტრატეგიებზე კონფლიქტების ტრანსფორმაციისა და სამშვიდობო პოლიტიკის მიმართულებით. სამწუხაროდ, ამ მიმართულებით დისკუსიები საქართველოში მწირია და ამ რეგიონში მიმდინარე მნიშვნელოვანი პოლიტიკური და საზოგადოებრივი პროცესები სათანადო გამოხმაურებისა და რეაგირების გარეშე რჩება.
[1] D news აფხაზეთის ტელეგრამ არხი.
[2] იქვე
ინსტრუქცია