[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სხვა / ანალიტიკური დოკუმენტები

პარლამენტში ჟურნალისტური საქმიანობის შეზღუდვის თვითნებური და რეპრესიული პრაქტიკები

შესავალი

2024 წლის 3 აპრილს ხელისუფლებამ პარლამენტში ხელახლა დააინიციირა სამოქალაქო საზოგადოებისა და მედიის საქმიანობის შემზღუდავი და მადისკრედიტირებელი ანტიკონსტიტუციური კანონი, რომელიც ზუსტად 1 წლის მასობრივი პროტესტის შემდეგ უკან გაიხმო და საჯარო პირობად დადო, რომ ამ ინიციატივას პოლიტიკურ დღის წესრიგში აღარ დააყენებდა. მიმდინარე წელს ხელისუფლებამ კანონპროექტი იგივე ტექსტით ისევ შემოიტანა განსახილველად. შეცვალა მხოლოდ ტერმინები და „უცხო ქვეყნის აგენტი“ ჩაანაცვლა  "უცხო ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციით“.

კანონპროექტის საპარლამენტო განხილვებისა და მის წინააღმდეგ ორგანიზებული მასობრივი მშვიდობიანი პროტესტების ფონზე ისევ დადგა დღის წესრიგში  პარლამენტში მედიის მუშაობის შემზღუდავი სამართლებრივი რეჟიმის საკითხი. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ჟურნალისტთა აკრედიტაციის ახალი წესი საქართველოს პარლამენტში ჯერ კიდევ 1 წლის წინ, 2023 წლის 6 თებერვალს დამტკიცდა, ხოლო 2023 წლის 4 სექტემბერს გამკაცრდა პარლამენტის დაცვის უსაფრთხოების წესები. ეს ორი სამართლებრივი აქტი ხელისუფლების მიერ ჟურნალისტების წინააღმდეგ გამოიყენება და თითქმის ყველა მნიშვნელოვანი საკანონმდებლო საკითხის განხილვის დროს მათ ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების შესაძლებლობებს უზღუდავს. 

წინა წლის მსგავსად, წელსაც საქართველოს პარლამენტში კვლავ შეეზღუდათ შესვლა აკრედიტებული ონლაინ, ბეჭდური მედიისა და რადიოს ჟურნალისტებს. საკანონმდებლო ორგანოში მუშაობის შესაძლებლობა მხოლოდ რამდენიმე ტელევიზიის ჟურნალისტს მიეცა. პარლამენტის ვებგვერდზე გამოქვეყნებული განცხადების მიხედვით, გადაწყვეტილება „უსაფრთხოების დამატებითი ზომების“ გამო მიიღეს. თუმცა, რა საფრთხეს ქმნიან ჟურნალისტები პარლამენტში მუშაობით, ეს არ განმარტეს. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, შალვა პაპუაშვილის განმარტებით, პარლამენტში აკრედიტებული ონლაინ მედიების ჟურნალისტების შესვლის შეზღუდვა განაპირობა იმ ფაქტმა, რომ ისინი ჟურნალისტური საქმიანობის განხორციელების ნაცვლად, რუსული კანონის მიღებას აპროტესტებდნენ, რაც უფლების ბოროტად გამოყენებას და ჟურნალისტური ეთიკის დარღვევას წარმოადგენდა.

ეს შემზღუდავი მიდგომები პარლამენტმა მასშტაბურად ჯერ კიდევ წინა წელს გამოიყენა. პირველ ეტაპზე პარლამენტმა ჟურნალისტებს პარლამენტში ორგანიზებული პროტესტის გამო  აკრედიტაცია შეუჩერა. კერძოდ, 2023 წლის 5 მარტს, „პუბლიკასა“ და „ტაბულასთვის“ ცნობილი გახდა, მათი ჟურნალისტების ნაწილს პარლამენტში აკრედიტაცია შეუჩერდათ. მედიების ინფორმაციით, პარლამენტის აპარატის ეს გადაწყვეტილება  2 მარტს გამართულ რუსული კანონის საპროტესტო აქციას უკავშირდება. ჟურნალისტების ნაწილი, რომელთაც აკრედიტაცია შეუჩერეს, პარლამენტში რუსულ კანონს აპროტესტებდა, ნაწილი კი ამ საკითხს აშუქებდა.[1]

პარლამენტის  აპარატმა არაერთ ჟურნალისტს ასევე შეუჩერა აკრედიტაცია  აკრედიტაციის ახალი წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის დარღვევის გამო, რომელიც ჟურნალისტს ავალდებულებს დეპუტატის, აპარატის თანამშრომლის, ან საკანონმდებლო ორგანოში სტუმრად მყოფი პირის მიერ უარის შემთხვევაში, ინტერვიუ შეწყვიტოს. ამ წესის საფუძველზე 2023 წლის აპრილის თვეში აკრედიტაცია შეუჩერდა 3 ტელევიზიის ჟურნალისტსა და ოპერატორს. კერძოდ, “ტელეკომპანია პირველისა“ და „მთავარი არხის“ ჟურნალისტებს აკრედიტაცია შეუჩერეს „ქართული ოცნების“ დეპუტატის, ელისო ბოლქვაძისთვის დასმული კითხვის გამო, რომელიც აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ 4 ქართველი მოსამართლისთვის დაწესებული სანქციების საკითხს უკავშირდებოდა. ტელეკომპანია „ფორმულას“ ჟურნალისტს კი აკრედიტაცია შეუჩერეს  მმართველი პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისთვის „პოსტ ტვ-ის“ წამყვანისა და დამფუძნებლის, ხელისუფლების მთავარი პროპაგანდისტის შალვა რამიშვილის მიერ სექსუალური შევიწროების ფაქტებზე რამდენიმე ქალის მხილების საკითხზე დასმული კითხვების გამო. 2023 წლის მაისის თვეში აკრედიტაცია შეუჩერდათ ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტსა და ოპერატორს პარლამენტარ ირაკლი ზარქუასთვის რუსეთის ფედერაციის მხრიდან უვიზო რეჟიმის დაწესების შესახებ კითხვის დასმის გამო. მათთვის აკრედიტაციის შეჩერების მოთხოვნით დეპუტატმა ირაკლი ზარქუამ პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს მიმართა. ზარქუა უკმაყოფილებას გამოთქვამდა ჟურნალისტის კითხვებთან დაკავშირებით, რომელიც პუტინის მიერ საქართველოს მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმის დაწესებისა და პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებას უკავშირდებოდა.

ბოლო 1 წლის განმავლობაში ჟურნალისტებისთვის საქმიანობის შეზღუდვის პრაქტიკის ანალიზი აჩვენებს, რომ პარლამენტის თავმჯდომარე საკუთარი ბრძანების საფუძველზე არაერთ ჟურნალისტს უჩერებს აკრედიტაციას და პარლამენტის შიგნით დადგენილი ახალი წესების გამოყენებით, მედიას საპარლამენტო ცხოვრების ეფექტიანი და შეუზღუდავი გაშუქების შესაძლებლობას ართმევს. პარლამენტი დემოკრატიულ სახელმწიფოში მთავარი პოლიტიკური ორგანოა და ამ სივრცეში დაწესებული შეზღუდვები მძიმედ აისახება მედიაგარემოზე და ზოგადად დემოკრატიის ხარისხზე ქვეყანაში.    

წინამდებარე დოკუმენტის მიზანია გაანალიზოს საქართველოს პარლამენტის მიერ დამტკიცებული ჟურნალისტთა აკრედიტაციისა და პარლამენტის დაცვის წესების შესაბამისობა კონსტიტუციით გარანტირებულ უფლებებთან და მათი მოქმედების გავლენა  მედიის თავისუფალ მუშაობაზე.

პარლამენტში_ჟურნალისტური_საქმიანობის_შეზღუდვის_თვითნებური_და_რეპრესიული_პრაქტიკები_1716363134.pdf

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] ქარტია მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარეს, აღუდგინოს ჟურნალიტებს აკრედიტაცია https://www.qartia.ge/ka/siakhleebi/article/94008-qartia-moutsodebs-saqarthvelos-parlamentis-thavmjdomares-aghudginos-zhurnalitebs-akreditacia

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“