საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63
2024 წლის 26 სექტემბერს თბილისის ქუჩებში პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერების სერია გამოჩნდა, სახელწოდებით „არა ომს, აირჩიე მშვიდობა“. მათზე ნაჩვენები იყო ერთმანეთისგან გამოყოფილი სურათები - მარცხნივ, ომისგან სახეცვლილი უკრაინის პეიზაჟები და არქიტექტურა, შავ-თეთრ ტონებში; მარჯვნივ - მათი ქართული შესატყისები, მთელ მდგომარეობაში, ხასხასა ფერებით.
ომისა და მშვიდობის პროპაგანდა საქართველოში ამ ბანერების გამოჩენამდე გაცილებით ადრე დაიწყო, უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველი დღეებიდანვე. „ქართულმა ოცნებამ“ შექმნა ომისა და მშვიდობის საკუთარი ნარატივი, რომელიც პარტიასთან ასოცირებული სხვადასხვა პოლიტიკოსების რიტორიკაში ერთგვაროვანი სახით ჩნდებოდა. მასში, საერთაშორისო პარტნიორები - აშშ-ის, ევროკავშირის და უკრაინის სახით რეპრეზენტირებულნი იყვნენ, როგორც მეორე ფრონტის გახსნის დამკვეთები. ხოლო, საქართველოს ოპოზიციური სპექტრი, მედია, არასამთავრობო სექტორი და სამოქალაქო საზოგადოება, როგორც ამ ინიციატივის შემსრულებლები. ნარატივის მიხედვით, ისინი ერთ აქტორად ერთიანდებოდნენ და უპირისპირდებოდნენ მშვიდობის მოსურნე ძალას - მმართველ გუნდს, რომელიც ქართველი ხალხის ინტერესებს გამოხატავდა. საინტერესოა ისიც, რომ რუსეთი ნეიტრალურად იყო წარმოჩენილი. პერიოდულად, მას იხსენიებდნენ როგორც ოკუპანტს, თუმცა, ამ ნეგატიური მარკერის მიუხედავად, აგრესიის ვექტორი სულ სხვაგან იყო მიმართული - ზემოთ დასახელებული პირველი ორი ჯგუფისკენ.
მსგავსი რიტორიკა მმართველი გუნდის სასარგებლოდ, კოლექტიური სენტიმენტების მობილიზაციასა და მანიპულაციაზე იყო გათვლილი და მოწინააღმდეგე აქტორების მიმართ ნდობის ეროზიას ისახავდა მიზნად. ეს სტრატეგია ძალაუფლების შენარჩუნების ერთადერთ მექანიზმს წარმოადგენდა „ქართული ოცნებისთვის“ სამვადიანი მმართველობის შემდეგ, ხელისუფლებაში კვლავ დასარჩენად.
ნაშრომში შესწავლილი და დეკონსტრუირებული იქნება „ქართულ ოცნებასთან“ ასოცირებული პოლიტიკოსების განცხადებები. ნაჩვენები იქნება როგორ ხდებოდა ომისა და მშვიდობის ცნებათა ინსტრუმენტალიზაცია წინასაარჩევნო პერიოდებში; რა მესიჯებით ცდილობდა მმართველი პარტია პოპულარული მხარდაჭერის მოპოვებას და ამომრჩევლების მობილიზებას ოპოზიციური სპექტრის და საერთაშორისო პარტნიორების წინააღმდეგ.
ნაშრომის პირველი ნაწილი აღწერს თეორიულ დებულებებს რომელთა ფარგლებშიც საკვლევი საკითხი გაანალიზდა; მეორე ნაწილი აჩვენებს კონტექსტს, რომელშიც გაერთიანდა პროპაგანდის ხელშემწყობი რამდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი; მესამე ნაწილში შესწავლილია კონკრეტული პოლიტიკური გამოსვლები და მათში არტიკულირებული მესიჯები; ბოლოს კი, შეჯამებულია კვლევის ფარგლებში გამოვლენილი ძირითადი მიგნებები.
პროპაგანდის თეორია
პროპაგანდა მომდინარეობს ლათინური სიტყვიდან "propagare", რაც გავრცელებას, გამრავლებას აღნიშნავს. ცნებას არ გააჩნია უნივერსალური დეფინიცია და სხვადასხვა კონტექსტში გამოიყენება. ამ ტექსტში პოლიტიკურ პროპაგანდაზე იქნება საუბარი. სხვადასხვა ავტორები მას განსაზღვრავენ, როგორც: სოციალური და პოლიტიკური ღირებულებების გარდაქმნას, ინდივიდის აზროვნებაზე, ემოციებზე და, შესაბამისად, ქცევაზე გავლენის მოსახდენად;[1] ჯგუფის იმპულსებზე და ემოციებზე ზემოქმედებას, მისი წევრებისთვის კონკრეტული იდეების „მისაყიდად“;[2] ინდივიდუალური ცნობიერების ჩართვას მასობრივ აზროვნებაში;[3] საზოგადოებრივი ჯგუფებისგან თანხმობის მიღებას კონკრეტული ინტერესების მხარდასაჭერად.[4]
პოლიტიკური პროპაგანდა არ მუშაობს გამზადებული რეცეპტით. მის შემქმნელებს უწევთ შეისწავლონ ჯგუფის ცნობიერება, რომელიც პროპაგანდის თეორიის ფუძემდებლის ედვარდ ბერნეისის მიხედვით, არ იხსნება ინდივიდებზე მორგებული ფსიქოლოგიური კანონებით. პროპაგანდისტების მთავარი ამოცანაა ჯგუფის წევრთა მენტალური წინააღმდეგობების გადალახვა და დარწმუნება იმაში, რომ ხელოვნურად პროვოცირებული იდეები მათ ეკუთვნით. პროპაგანდისტები აპელირებენ იმ ასპექტებზე, რომლებიც საზოგადოებისთვის აქტუალურია. ამის გამო, აღქმათა სისტემაში ირღვევა საზღვრები რეალურსა და გამოგონილს შორის და რთული გასარჩევი ხდება - პროპაგანდა ქმნის საზოგადოებრივ აზრს, თუ პირიქით, საზოგადოებრივი აზრი - პროპაგანდას.[5]
პიტერ კენეზი მიიჩნევს, რომ პოლიტიკური პროპაგანდის შესწავლისას მნიშვნელოვანია დროითი კონტექსტის და პოლიტიკური კულტურის გათვალისწინება, რადგან ისინი წარმოადგენს ამ ფენომენის მთავარ ხელშემწყობ ფაქტორებს.[6] ჰანა არენდტის მიხედვით კი, პროპაგანდისთვის სახარბიელო ატმოსფეროს ქმნის სოციო-ეკონომიკური მოწყვლადობა და მოსახლეობის დიდ ნაწილში პოლიტიკური ნეიტრალიტეტის არსებობა. {ავტ: ხშირად, ამ ორი ჯგუფის მარკერები ემთხვევა ერთმანეთს} მოწინააღმდეგე ძალებთან კონკურენციის პირობებში, ძალაუფლების ვექტორი იხრება იმ პარტიისკენ, რომელიც შეძლებს ამ ჯგუფების გადმობირებას და მათ ხმას გამოიყენებს საკუთარი ინტერესების სასარგებლოდ. ამასთანავე, უხმო ჯგუფების მობილიზება და საზოგადოებრივ ასპარეზზე გამოყვანა ანგრევს დემოკრატიის ილუზიას - სამოქალაქო ცხოვრებაში უმრავლესობის აქტიური მონაწილეობის შესახებ.[7] მარგინალიზებული და უხმო ადამიანები ხშირად ხდებინ პროპაგანდით მართული პროცესის მდუმარე თანამონაწილეები.
პროპაგანდისტები იყენებენ კონკრეტულ ტექნიკებს, რითაც აპელირებენ კოლექტიურ ემოციებზე და იმპულსებზე. განსაკუთრებით ხშირია მოწინააღმდეგის სახელდება ნეგატიურ კონტექსტში და პოზიტიური შინაარსის მინიჭება რეჟიმისთვის. პროპაგანდისტები აჩვენებენ, რომ რეჟიმი დგას ხალხის გვერდით, მოქმედებს ხალხის ინტერესების სასარგებლოდ და ატარებს იმ უნივერსალურ ღირებულებებს, რომელიც ხალხისთვის აქტუალურია.[8] ამის გამო, პროპაგანდის ველში მოქალაქეებს უჭირთ კრიტიკული მსჯელობა ცალკეულ მოვლენებზე, ფაქტებზე და ფიგურებზე. ისინი შავ-თეთრ სპექტრში უცქერენ სოციალურ სამყაროს და მინდობილნი არიან რეჟიმის მიერ შემოთავაზებულ ბრუტალურ და მარტივ განსჯებს.
პროპაგანდის მუშაობის შედეგები დამოკიდებულია რეჟიმის ბუნებაზე. ტოტალიტარულ სისტემებში ის ეტაპობრივად კლავს ადამიანის უფლებების დაცვის შესაძლებლობას, მორალურ ფასეულობებს და ინდივიდუალიზმს.[9] დემოკრატიის ამ მნიშვნელოვანი საყრდენების განადგურებით რეჟიმი ამტკიცებს, რომ „წარმოუდგენელი ბოროტების ჩადენაც შეიძლება დედამიწაზე და ის შეიძლება დაუსჯელი დარჩეს.“[10]
აქ წარმოდგენილი ავტორების მიერ განხილული პროპაგანდის თეორია იდეალური ტესტია „ქართული ოცნების“ სტრატეგიების ასახსნელად, ვინაიდან სწორედ უკრაინაში ომის დაწყების დროიდან აჩვენა რეჟიმმა ტოტალიტარული სისტემისათვის დამახასიათებელი ნიშნები და იქამდე არსებული ჰიბრიდული ფორმისგან უკუსვლა, რომელშიც დემოკრატიული და ავტოკრატული ელემენტები ერთმანეთში იყო არეული. ძალაუფლების კონსოლიდაციისთვის ივანიშვილის პარტია ცდილობდა ომის ტრავმებით მანიპულაციას და კოლექტიური შიშის გაღვივებას მოსახლეობაში. ამავე თემას იყენებდა საერთაშორისო პარტნიორების, სამოქალაქო საზოგადოების და ოპოზიციური პარტიების რეპუტაციის შესალახად და მათ მიმართ ნდობის ეროზიისთვის. პროპაგანდის მეშვეობით მან შეძლო დემოკრატიული საყრდენების მოშლა, საზოგადოების დაყოფა და მოწინააღმდეგე ჯგუფების მარგინალიზება. ამ გზით შეინარჩუნა ამომრჩევლების ნაწილი, რომლებმაც არა იდეური კუთვნილების, არამედ მშვიდობის დაპირების გამო გამოუცხადეს მას მხარდაჭერა.
პროპაგანდის ხელშემწყობი ფაქტორები
იური როსტის სიტყვით, „დრო რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ იმ ღამეს [9 აპრილს] დაიწყო[11] და ტრავმატული მოვლენების ციკლით გაგრძელდა. მათ შორის ყველაზე რთული გადასატანი სამოქალაქო და ტერიტორიული კონფლიქტები იყო. ისინი ერთმანეთისგან განსხვავდება ბუნებით, მასშტაბებით, ხანგრძლივობით და შედეგებით, თუმცა, გამოცდილება, რომელიც მათი დასრულების შემდეგ კოლექტიურ მეხსიერებაში დაილექა, მსგავსია. გაუაზრებელი ტრავმების კოლექტიურ ცნობიერებაში გამომწყვდევას და ვერაგ ბუნებას - განცდილის ხელახალი დაბრუნება, სახელების დარქმევისგან თავშეკავება - უკავშირდება ის ფაქტი, რომ საზოგადოება მოწყვლადია ომის პროპაგანდის მიმართ. ომის ხშირი ხსენება ააქტიურებს საფრთხის მოლოდინს, თესავს შიშს და უნდობლობას მათ მიმართ, ვინც პროპაგანდას არ ეთანხმება. ამ შიშის საპირწონედ მმართველი ძალა მოსახლეობას იმედს სთავაზობს - ხსნის და უკეთესი მომავლის იმედს. „ქართული ოცნების“ წევრები ცდას არ იშურებენ უსაფრთხოების გარანტიები მისცენ მოქალაქეებს და ამით გადმოიბირონ თავიანთ მხარეს. თუმცა, იმედი, რომელიც მათ რიტორიკაში გამოიხატება სიტყვით „მშვიდობა“, ცარიელი და ფუყეა.
გარდა ამისა, დრო, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობთ, ხასიათდება პოლიტიკური კულტურის მოუმწიფებლობით, რაც პროპაგანდის ხელშემწყობი მეორე ფაქტორია. ასეთი საზოგადოებები ნაკლებად კრიტიკულები არიან პოლიტიკური მესიჯების მიმართ და ძალაუფლების ცენტრალიზაციას არ ხვდებიან დიდი წინააღმდეგობით. გარდა ამისა, მეტად ენდობიან ქარიზმატულ ლიდერებს, ემოციურ და იმპულსურ შემოთავაზებებს. რაციონალური განსჯები, ადვილად იჩრდილება უსაფუძვლო დაპირებებით. მომავალზე გათვლილ დებატებში, უმეტესად მარტივი ნარატივები დომინირებს. ამ თემაზე ისტორიკოსებიც ბევრს საუბრობდნენ. მათი ნაწილი თვლის, რომ ქართველი ერი დამოუკიდებლობისთვისაც კი არ იყო მზად და აფექტურად მიყვებოდა მოვლენებს. ხოლო ის რაც წარსულში მოხდა, გარკვეულწილად ამ მოუმზადებლობის გამოძახილია.[12] საქართველოში საბჭოთა პოლიტიკოსები მშვიდობიანად არ წასულან ხელისუფლებიდან და მათ შემცვლელ ელიტებსაც ნაკლებად ეთქმოდათ ლიბერალური. სახელმწიფოს მართვის უცოდინრობამ, ბევრ სფეროში, ადვილად დაჯაბნა „ცხელი გული“ და პატრიოტიზმის სისპეტაკე. ამით აიხსნება კომუნისტი შევარდნაძის და მისი კლანის მობრუნება, ქარიზმატული გამსახურდიას შემდეგ.[13] შევარდნაძის პარტიამ -„მოქალაქეთა კავშირმა“ მიიღო ახალგაზრდა და ნიჭიერი კადრები საკუთარ სამსახურში და შექმნა ჰიბრიდული პოლიტიკა და პოლიტიკოსები - სახელმწიფოს მოწყობის ახალი მიზნებით და იდეებით. თუმცა, მმართველობის ძველი სტილით და მეთოდებით. ეს იყო მთავარი გამოწვევა შემდგომი ელიტებისთვის, რომლებიც ვარდების რევოლუციას ედგნენ სათავეში. მათ მოიტანეს მასშტაბური გარდატეხა საზოგადოებრივი ცხოვრების ბევრ სფეროში და შექმნეს მოდერნიზაციის ახალი მაგალითი, თუმცა ვერ შეძლეს პოლიტიკური კულტურის სრულად გაჯანსაღება. მეთოდები, რომლითაც რევოლუციის ლიდერები მართავდნენ ქვეყანას ხშირად ბრუტალურობით ხასიათდებოდა. ხელისუფლება ჩაკეტილი იყო კრიტიკული განსჯებისთვის, მათ შორის ადამიანის უფლებების დარღვევის ფაქტების მიმართ, და კონტროლის ქვეშ ჰყავდა მოქცეული სხვადასხვა ინსტიტუცია.[14]
კიდევ ერთი მნიშვნელოვანი შეცდომა ის იყო, რომ საზოგადოების კონსოლიდაციის მცდელობების მიუხედავად, რევოლუციურმა მთავრობამ სხვადასხვა სოციალური ჯგუფები ვერ დაიცვა სოციალური და ეკონომიკური მარგინალიზაციისგან. სოციალური უთანასწორობა ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ფაქტორია, რომელმაც ხელი შეუწყო მოსახლეობის მოწყვლადობას პროპაგანდის მიმართ და რომელიც წარმატებით გამოიყენა 2012 წლის არჩევნების დროს მეცენატად და ქართული კულტურის ამაგდრად ცნობილმა ბიძინა ივანიშვილმა. მან პოლიტიკურ ასპარეზზე გამოიყვანა ხმაწართმეული ადამიანები. სოციალურ შურისძიებაზე დადო ფსონი და მოიგო. მიუხედავად სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობის მოწესრიგების დაპირებისა, ივანიშვილის ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა გრძელვადიან პერსპექტივაში ამ პრობლემების გადასაჭრელად და ინვესტიცია სოციალურ პროგრამებში მოახდინა, რითაც მოსახლეობის ნაწილი მთავრობაზე დაქვემდებარებულ ინერტულ ჯგუფად აქცია.
პროპაგანდის ხელშემწყობი მნიშვნელოვანი ფაქტორია ასევე, საზოგადოების უკიდურესი პოლარიზება. საქართველოში პოლიტიკური სპექტრი დღემდე იდეოლოგიურად ჭრელი და დაყოფილია, ამიტომ ბევრ მიმართულებას აერთიანებს. პოლიტიკური ელიტების მიერ ინიცირებული იდეები კონფლიქტური და ურთიერთსაწინააღმდეგოა და თითოეული მათგანი სხვადასხვა ფენაში პოულობს დასაყრდენს. მოსახლეობის ყველა სეგმენტი ეხმაურება იმ ნარატივებს, რომლებიც მათ ემოციებზე აპელირებს. ამ ვითარებაში „ქართული ოცნება“ წარმატებით ახერხებს პოლიტიკოსების „რებრენდინგს“ და ახალი აქტორები გამოყავს სცენაზე, რომლებიც იდეურად შორს არ არიან მისი კურსისგან. ასეთია მაგალითად „ხალხის ძალა“, რომელიც თანმიმდევრულად იმეორებს მმართველი გუნდის პროპაგანდისტულ მესიჯებს და აძლიერებს მას.
აქ ჩამოთვლილი ფაქტორები მნიშვნელოვანწილად განაპირობებს პროპაგანდისთვის სახარბიელო გარემოს შექმნას. მოსახლეობის ნაწილი პროპაგანდისტული ნარატივების ჩარჩოში აზროვნებს. „ქართული ოცნების“ მიერ პროვოცირებული იდეები ზემოქმედებს მათ ემოციებზე და იმპულსებზე, რის გამოც ბევრი მათგანი ხელისუფლების წინასაარჩევნო ბანერების გამოჩენას მორალურად სტერილური შეხვდა და ამ მდგომარეობასთან გამიჯვნას არ ცდილობდა.
ომისა და მშვიდობის პროპაგანდის სამი წელი
საქართველოში წინასაარჩევნო პროპაგანდა, რომელიც ომისა და მშვიდობის ცნებების დიქოტომიაზე იყო აგებული, უკრაინაში რუსეთის შეჭრისთანავე დაიწყო. ქრონოლოგიურად პროპაგანდისტული ნარატივები შეიძლება სამ წელზე დავყოთ: 2022, 2023, 2024. ამ პერიოდში საჯარო დისკურსში არტიკულირებული იდეები ეხმიანება და ავსებს ერთმანეთს და რაც მთავარია, საერთო საკვებით საზრდოობს - საზოგადოების შიშით ომის მიმართ. პირველი მნიშვნელოვანი მესიჯი, რომელიც სხვადასხვა დროს „ქართული ოცნების“ წევრთა და რეჟიმთან ასოცირებული სხვა დეპუტატების რიტორიკაში ჩნდებოდა მეორე ფრონტის გახსნას ეხება.
2022 წლის 28 თებერვალს მთავრობის სხდომაზე გამოსვლისას მაშინდელმა პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ უკრაინას დაბომბვისგან ვერავინ იცავდა და ევროკავშირის მიერ სანქციების გამოყენება, რუსეთის დასასჯელად, არაეფექტური გზა იყო. ამ ფრაზით მან დასავლეთის უმწეობას გაუსვა ხაზი რუსეთის აგრესიის წინაშე. გარდა ამისა, ახსენა, რომ მმართველი გუნდი მოსახლეობის ინტერესებს იცავდა. ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ სტრატეგია შეაპირისპირა წინა ხელისუფლების საგარეო პოლიტიკასთან და კონტრფაქტობრივი სცენარი გამოძერწა, რომლის თანახმადაც „ომი ჯერ თბილისში დაიწყებოდა და შემდეგ კიევში“ ხელისუფლებაში რომ მიხეილ სააკაშვილი ყოფილიყო.[15] ნეგატიური სახელდება გავრცელდა მოქმედ ოპოზიციურ პარტიებზეც, რაც აირეკლა შემდეგ ფრაზაში „ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას უხარია უკრაინაში ომი და ყველა უბედურებაში საკუთარ ანგარებას და ინტერესს ეძებენ“.[16] კიდევ ერთი მთავარი მინიშნება მოსახლეობის ომში მონაწილეობას ეხებოდა.“„დღეს უკრაინაში ვინ ომობს? ომობს უკრაინელი ჯარისკაცი, უკრაინის ჯარი.“ ამ მესიჯს აძლიერებდა 2008 წლის ომის პარალელი, როდესაც, პრემიერის თქმით, მაშინდელმა მთავრობამ დატოვა ხალხი და გაიქცა. ახლა კი, იგივე სცენარის გამეორებას აპირებდა.[17] მოგვიანებით, ღარიბაშვილის ნარატივს ქართული ოცნების მაშინდელმა თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ახალი ელემენტები დაამატა, რითაც გააფართოვა ომის მომხრეთა წრე და ამ ჯგუფში ქართულ ოპოზიციურ პარტიებთან ერთად შეიყვანა- „ოპოზიციისგან „მართული“ ტელევიზიები, NGO-ები და ცალკეული უცხოელი პარტნიორები,“ რომლებიც მისი განცხადებით ქართული საზოგადოების ომისთვის შემზადებას ცდილობდნენ.[18]
მმართველი პარტიის ნარატივი სწრაფად გავრცელდა მოსახლეობაში და რეზონანსიც გამოიწვია, რასაც ხელი შეუწყო რამდენიმე ფაქტორმა: 1) სოციალურ მედიაში აგორდა კამპანია მეორე ფრონტის გახსნის შესახებ, რომელიც საეჭვო გვერდებიდან და არაპერსონიფიცირებული პროფილებიდან ვრცელდებოდა. 2) ოცნებასთან ასოცირებული პოლიტიკოსების მხრიდან მუდმივად ისმოდა განცხადებები მეორე ფრონტის გახსნის შესახებ. 3)ქართველი მოხალისეები თვითორგანიზების პრინციპით უერთებოდნენ უკრაინის ჯარს, ხოლო მოქალაქეების ნაწილი რუსეთისთვის სანქციების დაწესებას ითხოვდა, რაც რუსეთის წინააღმდეგ პროვოკაციულ ნაბიჯებად იყო აღქმული „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებში. 3)ზოგიერთი უკრაინელი პოლიტიკოსი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების დაბრუნებისკენ მოუწოდებდა.[19]
ომისა და მშვიდობის პროპაგანდა მოგვიანებით მიება ევროპარლამენტში გამართულ დისკუსიას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების შესახებ. ეს საკითხი მწვავე დებატების საგანი გახდა ქვეყანაში და მდგომარეობის გასამუხტად ირაკლი ღარიბაშვილმა მოსახლეობას აუხსნა, რომ უკრაინა კანდიდატის სტატუსს იღებდა რუსეთთან ომში ჩაბმის გამო, საქართველო კი ისჯებოდა მშვიდობის შენარჩუნებისთვის.[20] ღარიბაშვილის გამოსვლა არ ემთხვეოდა ევროპარლამენტის მიერ გაკეთებულ დასკვნას, სადაც კანდიდატის სტატუსის მინიჭებისთვის მმართველ გუნდს 12-პუნქტიანი გეგმის შესრულება მოსთხოვეს, მათ შორის, პირველი პრიორიტეტი პოლარიზაციის დასრულება იყო. მმართველი გუნდის მიზანს წარმოადგენდა პასუხისმგებლობის არიდება ევროინტეგრაციის კურსის შეფერხების გამო და რეიტინგის მკვეთრი ვარდნისგან თავის დაცვა იმ შემთხვევაში, თუ ქვეყანა კანდიდატის სტატუსის გარეშე დარჩებოდა.
პარტიის წევრთა რიტორიკაში ანტი-დასავლური მესიჯები განსაკუთრებით გაძლიერდა და ბრუტალური ფორმა მიიღო 2022 წლის 27 ივლისის შემდეგ. ამ დღეს ბიძინა ივანიშვილმა წერილი გამოაქვეყნა, ამერიკის ელჩთან - კელი დეგნანთან შეხვედრის შესახებ, რომელიც მარტის თვეში გაიმართა. მას პირდაპირ არ უთქვამს, რომ ელჩი საქართველოს ომში ჩართვას ითხოვდა, თუმცა თქვა, რომ: „გარკვეული ძალები საქართველოს ომში ჩათრევას აქტიურად ცდილობდნენ“ და „უკრაინაში ომის დასრულებამდე, გარკვეული რისკები ჯერ კიდევ რჩებოდა.“[21] შეუიარაღებელი თვალითაც ადვილი მისახვედრი იყო, რომ ივანიშვილის წერილის სათქმელი არა სიტყვებში, არამედ სიმბოლურ კავშირებში მდგომარეობდა და სტროფებს შორის მკითხველს უნდა ამოეცნო, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოში მეორე ფრონტის გახსნას ითხოვდა.
ეს მოსაზრება მალევე გაიმეორა „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებულმა დეპუტატმა სოზარ სუბარმა, იგი ივანიშვილთან აშშ-ს ელჩის შეხვედრას „საქართველოს ომში ჩათრევისკენ მიმართულ შანტაჟად“ აფასებდა და კელი დეგნანისგან ამ შეხვედრის დეტალების დაზუსტებას ითხოვდა.[22] 2022 წლის 11 აგვისტოს, სოზარ სუბარმა „ქართული ოცნებიდან" მასთან ერთად წამოსულ კოლეგებთან ერთად (დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი) ერთობლივი განცხადება გაავრცელა. ფორმით და შინაარსით ეს წერილი ძლიერ ჰგავდა მმართველი პარტიის პროპაგანდისტულ ნარატივს. მასში მკაფიოდ იყო ფორმირებული ყველა ის კომპონენტი, რომელზედაც ზემოთ ვისაუბრეთ ეს განცხადება საინტერესოა ასევე იმითაც, რომ იგი შეეხო ხელისუფლების შეცვლის საკითხს. ავტორები თვლიდნენ, რომ გარე ძალებს სურდათ რეჟიმის ცვლილება, რათა საქართველო რუსეთის წინააღმდეგ ომში ჩაერთოთ. მმართველს გუნდს წარმოაჩენდნენ პატრიოტი ლიდერებისგან შემდგარ ერთობად, რომელიც „საკუთარი ქვეყნის განადგურებაზე წასვლის შესაძლებლობას არავის მისცემდა.“[23] იგივე მესიჯი 2022 წლის 30 ნოემბერს გაიმეორა თბილისის მერმა კახა კალაძემ. მან ისაუბრა მედიის და ოპოზიციონერების მიერ გამოთქმულ კრიტიკაზე ახალი წლის ღონისძიებებისთვის არჩეულ სლოგანთან („მშვიდობის ქალაქი“) დაკავშირებით და აღნიშნა, რომ „თბილისმა [ომი] თავის თავზე არაერთგზის იწვნია“ და ომის სცენარის დაშვება არ მოხდებოდა.[24]
ქართული ოცნების რიტორიკას უკმაყოფილებით შეხვდნენ საერთაშორისო თანამეგობრობის წარმომადგენლები და დიპლომატები. ქართულ მედიასთან ინტერვიუში მეორე ფრონტის თემას გამოეხმაურა ევროკავშირის ახალი ელჩი, რომელმაც ოცნების დეპუტატებისგან გაჟღერებულ ბრალდებებს აბსურდული უწოდა და კომენტარის გაკეთება საჭიროდ არ ჩათვალა „წმინდა წყლის ნონსენსზე“.[25] ამერიკის მაშინდელმა ელჩმა კელი დეგნანმა აღნიშნა, რომ ქართველი პოლიტიკოსების კონსპირაციული თეორიები ვაშინგტონში დაბნეულობას იწვევდა. მან ასევე დაადასტურა, რომ „საქართველოსთან ან სხვა ქვეყანასთან "მეორე ფრონტის" გახსნაზე" ამერიკელ დიპლომატებს არასდროს უსაუბრიათ.[26]
მმართველ გუნდს საერთაშორისო პარტნიორების შეფასებებზე რეაგირება არ მოუხდენია და 2023 წელსაც განაგრძო წინა წელს დაწყებული პროპაგანდა. თუმცა, მას ახალი კონსპირაციული იდეებიც შესძინა. წლის დასაწყისშივე პროპაგანდა მიება კანონს „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“, რომელსაც ინიცირება „ხალხის ძალამ“ გაუწია. პროექტის თანახმად, უცხოური ძალის აგენტებად სახელდებოდნენ: არასამთავრობო ორგანიზაციები, ბეჭდური და ონლაინ მედია, პრესა და ტელევიზიები, რომლის წლიური შემოსავლის 20 პროცენტზე მეტი უცხოური დაფინანსებისგან შედგებოდა. ამ ჩამონათვალში არ იგულისხმებოდნენ სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არსებული ორგანიზაციები.[27] კანონპროექტს მასშტაბური გამოხმაურება მოყვა ოპოზიციური სპექტრისა და სამოქალაქო საზოგადოების მხრიდან, რის საფუძველზედაც საპარლამენტო უმრავლესობამ იგი ერთ თვეში უკან გაიწვია.[28]
ამ კანონის ინიცირება დროში თითქმის დაემთხვა ბუნდოვანებით მოცული კონცეფციის „გლობალური ომის პარტიის“ გამოჩენას „ქართული ოცნების“ პოლიტიკურ დისკურსში. მმართველ გუნდს მკაფიოდ არასდროს განუმარტავს ვინ იგულისხმებოდა ამ ცნების მიღმა, თუმცა ავტომატურად ჩნდებოდა ასოციაცია საქართველოს საგარეო პარტნიორებთან, რომლებიც კრიტიკულად ხვდებოდნენ ივანიშვილის რეჟიმის სვლას ტოტალიტარიზმისკენ.
2023 წლის 21 თებერვალს, პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ მეორე ფრონტის გახსნის თემაზე ისაუბრა „ქართული ოცნების“ მაშინდელმა აღმასრულებელმა მდივანმა - მამუკა მდინარაძემ. მან ომისა და მშვიდობის ტრადიციული ნარატივი გაიმეორა, შემდეგ კი აღნიშნა: „თანამედროვე სამყაროში არსებობს რაღაც გარკვეული ძალები, რასაც ჩვენ, პირობითად, გლობალურ ომის პარტიას ვეძახით. მათ მიაჩნიათ, რომ საქართველოს ომში ჩართვა აქ გახსნის მეორე ფრონტს, რაც რუსეთს, მინიმუმ, 50 000 ჯარისკაცს მაინც დაუკავებს, ეს ძალიან შეეშველება უკრაინას და ძალიან დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის და ამ ქვეყანას საერთოდ მოკლავს, ამაზე არავინ ფიქრობს.“[29]
გლობალური ომის პარტიის შესახებ ამავე წლის 15 ივნისს, პირველი არხის გადაცემაში „დღის თემა“ სტუმრობისას, ირაკლი კობახიძემაც ისაუბრა. მან ეს თემა ხელისუფლების ცვლილების მცდელობებს მიაბა და აღნიშნა, რომ სწორედ გლობალური ომის პარტია ცდილობდა საქართველოში რევოლუციის მოწყობას, ადგილობრივი აგენტების „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ მეშვეობით, რომელშიც გააერთიანა - ოპოზიციური პარტიები, მედია და არასამთავრობო ორგანიზაციები.[30] ამ მესიჯებიდან ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ ყველა ღონეს ხმარობდა მოეხდინა დასავლეთის დემორალიზება ხალხის თვალში და თავი დაეზღვია სამომავლო არჩევნებზე საერთაშორისო პარტნიორების შეფასებების ვალიდაციისგან. ამ პროპაგანდისტული ტექსტის მიხედვით, დასავლეთს ჰქონდა დაინტერესება შეეცვალა მმართველი გუნდი, რის გამოც, მათი მოწოდებები დემოკრატიული და გამჭირვალე არჩევნების შესახებ მიკერძოებულად უნდა გამოჩენილიყო მომავალში.
ომში ჩართვის თემა 2023 წლის განმავლობაში ასევე გამოიყენებოდა სამოქალაქო წინააღმდეგობის ხელის შესაშლელად. ამისათვის ხელისუფლება საკანონმდებლო ბერკეტს იყენებდა. პარლამენტის წევრებმა - ანრი ოხანაშვილმა, ირაკლი ბერაიამ, გივი მიქანაძემ, რატი იონათამიშვილმა, ირაკლი შატაკიშვილმა, თენგიზ შარმანაშვილმა და ალექსანდრე ტაბატაძემ ინიცირება გაუწიეს „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილების შეტანას. 5 ოქტომბერს, პარლამენტმა მესამე მოსმენით და დაჩქარებული წესით მიიღო კანონში ცვლილების შეტანა, რის თანახმადაც, შეკრების ან მანიფესტაციის მონაწილეებს აეკრძალათ დროებითი კონსტრუქციის მოწყობა საჯარო სივრცეში, თუკი იგი საფრთხეს უქმნიდა საზოგადოებრივ წესრიგს, სამართალდამცავების მუშაობას, ორგანიზაციის ან საწარმოს ფუნქციონირება. ამასთანავე, მესამე მოსმენით, დამტკიცდა თანმდევი პროექტი, რომლითაც ცვლილება შევიდა „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“. ცვლილების თანახმად, შეკრებისა და მანიფესტაციების შესახებ კანონის ცალკეული პუნქტების დარღვევისათვის გათვალისწინებულ იქნა ახალი სანქცია – სამართალდარღვევის საგნის კონფისკაცია.[31]
საკანონმდებლო ცვლილებები თბილისის მერმა კახა კალაძემ „ქართული ოცნების“ ომისა და მშვიდობის ნარატივს დაუკავშირა და აღნიშნა: „არავის გამოუვა, ქვეყანაში შემოიტანოს რევოლუცია, დაპირისპირება, სისხლის ღვრა და ხელისუფლების დამხობა ბინძური მეთოდებით. სახელმწიფო იქნება მოწოდების სიმაღლეზე, დავიცავთ ჩვენი ქვეყნის ინტერესებს.“[32]ამ განცხადებიდან ჩანდა, რომ „ქართული ოცნება“ ნებისმიერი მოწინააღმდეგე ძალის მარგინალიზაციისთვის წარმატებით იყენებდა მეორე ფრონტის გახსნის თემას და ამ პროცესს უკავშირებდა საქართველოში რევოლუციის მოწყობის მცდელობებს.
პროპაგანდის მესამე წელი განსაკუთრებით მძიმე და კომპლექსური აღმოჩნდა. ამ წელს, ოქტომბრის თვეში დაგეგმილ არჩევნებთან დაკავშირებით, პროპაგანდის მუშაობა გაძლიერდა. მოსახლეობაში საფრთხის შეგრძნების გააქტიურება ძველი მესიჯებით დაიწყო. ომის ნარატივში არსებითად არაფერი შეცვლილა, თუმცა გაჩნდა ღია მოწოდება „ქართული ოცნების“ მხარდაჭერის შესახებ. 9 მარტს, ზუგდიდში ამომრჩევლებთან შეხვედრისას ირაკლი ღარიბაშვილმა ისაუბრა ომის საფრთხეებზე და ქართული ოცნების „მიღწევებზე“ მშვიდობის შენარჩუნების საქმეში. ამასთანავე მან აღნიშნა, რომ მეორე ფრონტის გახსნის საფრთხე კვლავ აქტუალური იყო, რის გამოც, „ქართული ოცნების” გამარჯვება წარმოადგენდა ერთადერთ, უალტერნატივო გამოსავალს ქვეყნის კეთილდღეობისთვის.[33]
ამავე პერიოდში მზარდი საპროტესტო აქციებისა და სამოქალაქო წინააღმდეგობის ფონზე „ქართულმა ოცნებამ“ კვლავ წამოწია ახალი საკანონმდებლო ინიციატივები. ერთი მხრივ, გააცოცხლა „უცხოური ძალის გავლენის აგენტის“ შესახებ კანონი, რომელიც 17 აპრილს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დამტკიცდა. აღსანიშნავია ისიც, რომ განხილვა 50-დღის მანძილზე, უწყვეტი პროტესტის თანხლებით მიმდინარეობდა, რაც არაცენტრალიზებული წინააღმდეგობის უპრეცედენტო მაგალითია საქართველოში. პროტესტის ჩახშობა ძალადობრივი მეთოდებით მიმდინარეობდა. ხელისუფლება ცრემლსადენ გაზს, რეზინის ტყვიებს, წყლის ჭავლსა და სპეცრაზმის ძალას იყენებდა მათ წინააღმდეგ. ამავე აქციებზე ასევე გამოჩნდა, პოლიციელბის მხრიდან აქციის მონაწილეთა ფირზე აღბეჭდვის ფაქტები, რის შემდეგაც ხდებოდა მათი დაკავება და ფიზიკური ანგარიშსწორებაც.[34]
ამას გარდა პარტიამ მხარი დაუჭირა ლგბტ პროპაგანდის წინააღმდეგ მიმართული კანონის ინიცირებას.[35] რომელიც 17 სექტემბერს დამტკიცდა. ამ გზით ხელისუფლება ლგბტ თემის უფლებრივი მდგომარეობა შეზღუდა და მათ შორის ისეთი იურიდიული ქმედებები აკრძალა, რაც იქამდეც არ იყო დაშვებული.[36]
ბიძინა ივანიშვილმა ორივე კანონის ამოქმედება ოპოზიციური ძალების წინააღმდეგობის შესუსტებას დაუკავშირა და აღნიშნა: „იგივე ძალები, რომლებიც ორი და ოთხი წლის წინ რევოლუციებს გვიწყობდნენ, შემოდგომაზე ჩვენს ქვეყანას ახალი ძალით შეუტევდნენ და ხელისუფლებაში აგენტურის დაბრუნებას კიდევ ერთხელ შეეცდებოდნენ. [...]კანონპროექტების ინიცირებისთვის დრო იდეალურადაა შერჩეული. ამ პროცესებით ქვეყანას და ხელისუფლებას არაფერი დაგვაკლდება, გარდა იმისა, რომ გლობალურ ომის პარტიას კიდევ ერთხელ გავანაწყენებთ“.[37]
მსგავს მესიჯებს ბიძინა ივანიშვილი წინასაარჩევნო კამპანიის ოფიციალურად გახსნის შემდეგაც იმეორებდა თბილისსა და რეგიონებში გამართული შეხვედრების დროს, თუმცა, მათ ახლდა დაპირებებიც. 2024 წლის 17 ივლისს კამპანიის გახსნის ღონისძიებაზე წარმოთქმულ სიტყვაში „ქართული ოცნების“ დამფუძნებელმა აღნიშნა, რომ არჩევნები გადაწყვეტდა საქართველოში მშვიდობის დამყარების საბოლო ბედს და საშუალებას მისცემდა ოცნების ლიდერებს დაესრულებინათ: „ომის პარტია, აგენტურა, რადიკალიზმი, პოლარიზაცია და ლიბერალური ფაშიზმი საქართველოში”.[38] იგივე დაპირებები გამეორდა 2024 წლის 21 აგვისტოს მცხეთაში და 25 აგვისტოს ამბროლაურში გამართულ საარჩევნო შეხვედრებზე, სადაც საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვებაზე კეთდებოდა აქცენტი. ეს იყო მინიშნება ამომრჩევლებისთვის, რომ ქართული ოცნებისთვის ხმის მიცემით ისინი ქვეყნის და ერის ინტერესებს დაიცავდნენ.[39]
2024 წლის 27 ოქტომბერს ქვეყანამ ძველ რეალობაში გაიღვიძა. ამ რეალობას ძველი იმიტომ ერქვა, რომ ქვეყნის სათავეში ისევ ქართული ოცნება მოვიდა, ანუ დარჩა. „სოციალური კვლევისა და ანალიზის ინსტიტუტის“ მიერ არჩევნების შემდეგ ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით, 60% ოპოზიციური განწყობის მქონეა, რაც აჩვენებს არჩევნების გაყალბების შესაძლებლობას. “ქართული ოცნებას” და მასთან იდეოლოგიურად დაახლოებულ პარტიებს მოსახლეობის დაახლოებით - 33-34% უჭერს მხარს, რომელთა 60% სუსტი მომხრეა.[40] ეს იმას ნიშნავს, რომ ისინი არ გრძნობენ კუთვნილებას ივანიშვილის პარტიასთან და სხვადასხვა მიზეზების გამო უცხადებენ მხარდაჭერას. ერთ-ერთ ასეთ მიზეზად ნამდვილად შეიძლება დასახელდეს ომის შიში. ამას ადასტურებს რადიო თავისუფლების მიერ ჩატარებული ინტერვიუები „ქართული ოცნების“ ამომრჩეველთან, რომლებიც ლოიალობის მთავარ მოტივად მშვიდობის დაპირებას ასახელებდნენ.[41]
ხელახალი არჩევნების მოთხოვნით, ქუჩაში უამრავი მოქალაქე გამოვიდა და ეს პროტესტი დღემდე გრძელდება. ხალხის მობილიზება დასაწყისში წარმატებით გამოუვიდა ოპოზიციას. თუმცა, დაპირიებების ბუნდოვანების და კონკრეტული სამოქმედო გეგმის არ ქონის გამო საპროტესტო მუხტი არაცენტრალიზებული და სრულად სამოქალაქო გახდა. „ქართულმა ოცნებამ“ არაერთხელ აჩვენა ბრუტალური, არაჰუმანური და ადამიანის უფლებებთან შეუსაბამო ქმედებები პროტესტში ჩართული მოქალაქეების მიმართ, რაც ასევე გამოიხატა მის მიერ მიღებულ არაერთ საკანონმდებლო აქტში. ეს მიდგომა სამოქალაქო წინააღმდეგობის მიმართ დღემდე გრძელდება.
დასკვნა
პროპაგანდას შეუძლია შეცვალოს სამყარო ჩვენ გარშემო. ამის გამო, საზოგადოების მსოფლმხედველობის ნაწილად ხშირად, ის იდეები იქცევა, რომელთაგან დისტანცირებას მოახდენდნენ სხვა ვითარებაში, ნეიტრალურ გარემოში რომ მიეწოდებინათ. სწორედ ამ ანალიტიკური მოცემულობით აიხსნება ის ფაქტი, რომ „ქართულმა ოცნებამ“ შეძლო მხარდამჭერების მობილიზება წინასაარჩევნო კამპანიით, რომელიც უკრაინაში რუსეთის შეჭრის პირველივე დღეებიდან დაიწყო. ამ პერიოდიდან ივანიშვილის მთავრობამ შექმნა სარფიანი პროპაგანდა, მოახდინა ძალაუფლების სრული მონოპოლიზება და გამყარება. ომისა და მშვიდობის პროპაგანდაში „ქართული ოცნება“ სხვადასხვა მეთოდებს იყენებდა. მან „ქართველი ხალხი“ ჰომოგენურ, ტრადიციულ ერთობად წარმოაჩინა და მისგან გამოყო ის მოქალაქეები, რომლებიც ხელისუფლების კურსს აკრიტიკებდნენ (ხშირად, ქუჩის საპროტესტო აქციებით). ამ გაყოფის ინსტრუმენტად გამოიყენა მოწინააღმდეგე ჯგუფისთვის „აგენტების“ და „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახელების მიკერება. ეს ტერმინები პროპაგანდის ველში ასოცირდება უცხოური ინტერესების სამსახურში ყოფნასთან, რომელსაც „ქართული ოცნების“ ნარატივის მიხედვით სურს: საქართველოს ომში ჩათრევა, უბრალო ადამიანების საზარბაზნე ხორცად გამოყენება, ეროვნული და რელიგიური ღირებულებების მოშლა ქართველ ერში.
ამასთანავე, მოქალაქეების გარდა, მმართველი გუნდი ნეგატიური სახელებით იხსენიებდა ოპოზიციას, არასამთავრობო ორგანიზაციებს და მედიას. ოცნების რიტორიკაში, ყველა მათგანს აერთიანებდა ომში საქართველოს ჩათრევის სურვილი და ხდებოდა აპელირება უცხოეთის გავლენებზე. თავდაპირველად ომში ჩართვის დამკვეთებად მოხსენიებულნი იყვნენ აშშ და ევროკავშირი. არაერთხელ მოხდა სიტყვიერი თავდასხმა ამერიკის ელჩზე - კელი დეგნანზე. მოგვიანებით, „ქართული ოცნების“ რიტორიკაში გამოჩნდა ახალი კონცეფცია „გლობალური ომის პარტია“, რომელიც ბუნდოვანებით ხასიათდებოდა და რომლის მკაფიო განმარტება პარტიის წევრებს არასდროს უცდიათ.
ამის საწინააღმდეგოდ, პოზიტიური შინაარსით იყო სავსე „ქართული ოცნების“ კამპანია. რეჟიმი ხასიათდებოდა როგორც ქართველი ხალხის ინტერესების და ტრადიციების დამცველი. ხელისუფლებას ასევე მიეწერებოდა ომის არიდება, ერის ხსნა გარყვნილებისგან და განადგურებისგან. ამ გზით მან მიიღო თვითნებური ლეგიტიმაცია მშვიდობის სახელით დაეჩაგრა კრიტიკულად მოაზროვნე მოქალაქეები, ბრუტალური მეთოდებით ეძალადა მათზე, ექცია ისინი მოვლენების რეალურ მსხვერპლად.
ამ დრომდე, ქართულმა ოცნებამ პროპაგანდით შეძლო ადამიანის უფლებებისა და მორალური ფასეულობებისთვის ზიანის მიყენება. მან უკვე შექმნა განწყობა, რომ კანონი და სასამართლო ვერ იცავს მოქალაქეს. ასევე, წარმატებით გამოუვიდა საკუთარი მსხვერპლის მარგინალიზება და მათდამი სოლიდარობის გათიშვა საკუთარ ამომრჩეველში. მესამე და ყველაზე საშიში ეტაპი, რომელიც ივანიშვილმა დააანონსა საარჩევნო დაპირებებით, საზოგადოებისგან მასის შექმნაა, რაც იმას ნიშნავს, რომ ინდივიდუალური აზროვნება სრულად დაიჩრდილება კოლექტიურ-პარტიული აზროვნებით და მომართული იქნება მათ წინააღმდეგ, ვინც პარტიას გააკრიტიკებს. ეს პროცესი პოლარიზაციას კიდევ უფრო გააღრმავებს და სოციალური ურთიერთობების გათიშვას შეუწყობს ხელს - ოჯახში, სამეგობროში, სამსახურში და ა.შ. ერთადერთი ბარიერი, რომელმაც შეიძლება ბიძინა ივანიშვილის სტრატეგია შეაფერხოს ეს არის სუსტი მხარდამჭერების ჩაბმა წინააღმდეგობის მოძრაობაში და რეჟიმის დასაყრდენის ეტაპობრივი ჩამოშლა.
[1]Kenez, Peter. The Birth of the Propaganda State Soviet Methods of Mass Mobilization, 1917 -1929 (Cambridge: Cambridge University Press, 1985),1- 4.
[2]Bernays, Edward L. Propaganda (New York: Horace Liveright, 1928), 50.
[3]Arendt, Hanna. The Origins of Totalitarianism (Cleveland and New York: Meridian Books, 1962).
[4]Herman, Edward and Chomsky Noam. Manufacturing Consent: The Political Economy of Mass Media (London: Bodley Head, 2008). https://files.libcom.org/files/2022-04/manufacturing_consent.pdf, ნანახია 29.11.2024.
[5]Bernays, Edward L. Propaganda. 48, 52-53.
[6] Kenez, The Birth of the Propaganda State, 4.
[7]Arendt, The Origins of Totalitarianism, 312.
[8]Sproule, J. Michael. “Authorship and Origins of the Seven Propaganda Devices: A Research Note.” Rhetoric and Public Affairs 4, no. 1 (2001): 135–43. 136.
[9]იქვე, 447, 453, 455.
[10]იქვე, 453.
[11]ჩიქოვანი, ნინო. კაკიტელაშვილი, ქეთევან. ჩხაიძე, ირაკლი. წერეთელი, ივანე. ეფაძე, ქეთევან. საქართველო ტრავმა და ტრიუმფი დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე (თბილისი: გამომცემლობა სამშობლო, 2022), 53.
[12]იხ. ყორანაშვილი, გურამ. 9 აპრილი: მითი და სინამდვილე ისტორიკოსის თვალთახედვით (თბილისი: ახალი საქართველო, 2001). ბლუაშვილი, უჩა. ეროვნული მოძრაობა და პოლიტიკური კონფრონტაცია საქართველოში (თბილისი: 2012).
[13] Jones, Stephen. „Georgia: Nationalism from under the rubble,“ in After Independence: Making and Protecting the Nation in Postcolonial & Postcommunist States, edited by Lowell W. Barrington, 248-278. (United States of America: University of Michigan Press, 2009), 259.
[14]იხ. მაგალითად: Jones, Stephen. „Democracy in Georgia. Da Capo?“ Cicero Foundation Great Debate Paper, N13/2, April 2013. http://css.ge/wp-content/uploads/2019/07/Stephen_Jones_Georgia.pdf (ნანახია 08.01.2025).
[15]„პრემიერი: სანქციები არ არის ეფექტური საშუალება, უკრაინის დაბომბვას ვერავინ შეაჩერებს“, Civil.Ge, https://civil.ge/ka/archives/475874 (ნანახია: 19.12.2024).
[16]იქვე.
[17]იქვე.
[18]„კობახიძე- თუ ვინმეს უნდა მეორე ფრონტის გახსნა, ზურაბიშვილს არავინ ეტყვის“. ტაბულა, 2022. https://tabula.ge/ge/news/687669-kobakhidze-tu-vinmes-unda-meore-prontis-gakhsna (ნანახია 23.12.2024).
[19]“მინდა ქართველებს ვუთხრა, ახლა ცხინვალსა და აფხაზეთში გასეირნებისთვის კარგი დროა-გონჩარენკო“. მთავარი არხი, 2022. https://mtavari.tv/news/75212-minda-kartvelebs-vutkhra-akhla-tskhinvalsa (ნანახია 23.12.2024).
[20]„ღარიბაშვილი - უკრაინა ომშია, ამიტომ აძლევენ კანდიდატის სტატუსს, მოლდოვაც ომთან გათანაბრებულია.“ ტაბულა, 2022 https://tabula.ge/ge/news/688059-gharibashvili-ukraina-omshia-amitom-adzleven (ნანახია 23.12.2024).
[21]ინტერპრესნიუსი. „ბიძინა ივანიშვილი - აშშ-ს ელჩთან შეხვედრა, ელჩის თხოვნით, 21 მარტს ნამდვილად შედგა და ის დაახლოებით სამ საათს გაგრძელდა“, 2022, https://www.interpressnews.ge/ka/article/720833-bizina-ivanishvili-ashsh-s-elchtan-shexvedra-elchis-txovnit-21-marts-namdvilad-shedga-da-is-daaxloebit-sam-saats-gagrzelda (ნანახია 23.12.2024).
[22] პუბლიკა, „ომზე პოზიციით უკმაყოფილება, პოლიტიკაში დაბრუნების მოთხოვნა, სანქცირების დაჟინება - სუბარი ივანიშვილზე „ზეწოლის" ფორმებზე“, 2022. https://publika.ge/omze-poziciit-ukmayofileba-politikashi-dabrunebis-motkhovna-sanqcirebis-dadjineba/ (ნანახია 03.01.2025).
[23]პირველი არხი. სოზარ სუბარი, დიმიტრი ხუნდაძე, მიხეილ ყაველაშვილი და გურამ მაჭარაშვილი განცხადებას აქვეყნებენ - შეკითხვების უპასუხოდ დატოვება ამყარებს რწმენას, რომ რადიკალური დღის წესრიგის უკან ამერიკის საელჩო დგას. https://1tv.ge/news/sozar-subari-dimitri-khundadze-mikheil-yavelashvili-da-guram-macharashvili-ganckhadebas-aqveyneben-shekitkhvebis-upasukhod-datoveba-amyarebs-rwmenas-rom-radikaluri-dghis-wesrigis-ukan-ameri/ (ნანახია 06.02.2025).
[24] პრაიმტაიმი, მშვიდობა იყო, არის და იქნება მუდამ მთავარი ღირებულება, რაზეც ცივილიზებული სამყარო შეთანხმდა - კახა კალაძე, https://primetime.ge/news/dedakalaki/mshvidoba-iyo-aris-da-iqneba-mudam-mtavari-ghirebuleba-razets-tsivilizebuli-samyaro-shetankhmda-kakha-kaladze (ნანახია 06.01.2025).
[25] ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი - მსურს ვიყო თქვენი დამხმარე, რათა შესაძლებლობის უნიკალური ფანჯარა გამოიყენოთ - ვიმედოვნებ, რომ ჩემი მისიის დასასრულს უკან ნამდვილად კმაყოფილებით მოვიხედა. ინტერპრესნიუსი, https://www.interpressnews.ge/ka/article/727025-evrokavshiris-elchi-pavel-herchinski-msurs-viqo-tkveni-damxmare-rata-shesazleblobis-unikaluri-panjara-gamoiqenot-vimedovneb-rom-chemi-misiis-dasasruls-ukan-namdvilad-kmaqopilebit-movixedav (ნანახია 23.12.2024).
[26] „კელი დეგნანი არა მხოლოდ ჩვენი ოთხეულის კითხვებს არ სცემს პასუხს, ის თავს არიდებს ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებსაც - დიმიტრი ხუნდაძე“. რუსთავი 2, https://rustavi2.ge/ka/news/238072 (ნანახია 23.12.2024).
[27]რადიოთავისუფლება, „ვინ ჩაითვლება "უცხოური გავლენის აგენტად" - "ხალხის ძალის" კანონპროექტი.“ https://shorturl.at/T1Wvu (ნანახია 07.01.2025).
[28]პირველი არხი, საპარლამენტო უმრავლესობამ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტის გაწვევის გადაწყვეტილება მიიღო, https://1tv.ge/news/saparlamento-umravlesobam-uckhouri-gavlenis-gamchvirvalobis-shesakheb-kanonproeqtis-gawvevis-gadawyvetileba-miigho/ (ნანახია 07.01.2025).
[29]პირველი არხი.მამუკა მდინარაძე - გლობალურ ომის პარტიას მიაჩნია, რომ საქართველოს ომში ჩართვა შეეშველება უკრაინას და დაასუსტებს რუსეთს, მაგრამ საქართველოს რომ ჩამოშლის, ამაზე არავინ ფიქრობს. https://1tv.ge/news/mamuka-mdinaradze-globaluri-omis-partias-miachnia-rom-saqartvelos-omshi-chartva-sheeshveleba-ukrainas-da-daasustebs-rusets-magram-saqartvelos-rom-chamoshlis-amaze-aravin-fiqrobs/ (ნანახია 07.01.2025).
[30] იქვე.
[31]Civil.ge. პარლამენტმა „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონში ცვლილება მიიღო, 2023. https://civil.ge/ka/archives/562280 (ნანახია 07.01.2025).
[32]Ipress. თბილისის მერი კახა კალაძე მიიჩნევს, რომ ქვეყანაში არეულობისა და სისხლის ღვრის უფლება არავის მიეცემა და კანონის დარღვევის შემთხვევაში, სახელმწიფო შესაბამისად იმოქმედებს. 2023. https://ipress.ge/index.php/news/politika/kakha-kaladze-saqartveloshi-shenarchundeba-mshvidoba-da-aravis-mietsema-sashualeba-qveyanashi-meore-fronti-gaikhsnas (ნანახია 07.01.2025).
[33] ინტერპრესნიუსი, ირაკლი ღარიბაშვილი - როგორ შეიძლება ვინმემ დაიჯეროს, რომ ნიკა გვარამია ქმნის ახალ პარტიას?! - ქართველი ხალხი ბრძენია, ვერ მოატყუებენ ეს დესტრუქციული, მტრული ძალები,https://www.interpressnews.ge/ka/article/790712-irakli-garibashvili-rogor-sheizleba-vinmem-daijeros-rom-nika-gvaramia-kmnis-axal-partias-kartveli-xalxi-brzenia-ver-moatqueben-es-destrukciuli-mtruli-zalebi/ (ნანახია 05.01.2025).
[34]რადიო თავისუფლება, 2024-ის ათეული - წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ამბები, 2024, https://shorturl.at/aDjnV (ნანახია 08.01.2025).
[35] რადიო თავისუფლება.რუსთაველის გამზირზე „ქართული ოცნების“ ორგანიზებული კონტრაქცია მიმდინარეობს. https://www.radiotavisupleba.ge/a/32925527.html , 2024 (ნანახია 08.01.2025).
[36]რადიო თავისუფლება, 2024-ის ათეული - წლის ყველაზე დასამახსოვრებელი ამბები.
[37]ფორმულა, "ენერგიას ქუჩაში ნაადრევად ანიავებენ" - როგორ ხსნის ივანიშვილი რუსული კანონის შემობრუნებას, 2024 (ნანახია 07.01.2025).
[38]Civil.ge. “ქართული ოცნების” წინასაარჩევნო კამპანია ბიძინა ივანიშვილმა “გლობალური ომის პარტიის” კონსპირაციაზე საუბრით გახსნა, 2024. https://civil.ge/ka/archives/616554 (ნანახია 08.01.2025).
[39]Civil.ge. ივანიშვილი პოლიტიკურ შურისძიებასა და ქვეყნის გადარჩენის იმედზე საუბარს აგრძელებს. 2024, https://civil.ge/ka/archives/621441 (ნანახია 08.01.2025). რადიო თავისუფლება. „ბიძინა ივანიშვილი: „მტრები ჩასაფრებულები ელოდებიან უმცირეს შანსს, რომ ეროვნული ხელისუფლება აგენტურით შეცვალონ“, 2024, https://www.radiotavisupleba.ge/a/33091937.html (ნანახია 08.01.2025).
[40]ინტერპრესნიუსი, “იაგო კაჭკაჭიშვილი - 26 ოქტომბრის არჩევნების შემდეგ “ქართული ოცნება” უფრო დასუსტდა, დაკარგა ამომრჩევლის დაახლოებით 8-9 %, თუმცა ჯამში ხმების 32%-ის მობილიზება შეუძლია, 2025, https://www.interpressnews.ge/ka/article/830022-iago-kachkachishvili-26-oktombris-archevnebis-shemdeg-kartuli-ocneba-upro-dasustda-dakarga-amomrchevlis-daaxloebit-8-9-tumca-jamshi-xmebis-32-is-mobilizeba-sheuzlia/ (ნანახია 18.02.2025).
[41]რადიო თავისუფლება, „ერეკლე მეორის მედროშეები ვართ“ - ქართული ოცნება თელავში. 2024 https://shorturl.at/drsq6 (ნანახია 08.01.2025).
ინსტრუქცია