[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

მწვანე პოლიტიკა / განცხადება

ნამახვანჰესთან დაკავშირებული ფინანსური მდგომარეობის შესახებ საზოგადოება სიცხადეს და ანგარიშვალდებულებას იმსახურებს


24 მარტს ცნობილი გახდა, რომ ინვესტორმა კომპანია გავრცელებული ფინანსური დოკუმენტიდან ირკვევა, რომ ნამახვანჰესთან დაკავშირებული 40 მილიონი დოლარის ღირებულების ქონება კომპანიის ანგარიშიდან ჩამოიწერა, თუმცა ამ ეტაპზე ბუნდოვანია ასახავს თუ არა ეს ოდენობა ფინანსური ზარალის საბოლოო მასშტაბს, და ხომ არ არის შესაძლებლობა, რომ კომპანიასა და სახელმწიფოს შორის მორიგების პროცესი განახლდეს, ან ის საარბიტრაჟო დავაში გადაიზარდოს. ამ ეტაპზე ბუნდოვანია დაეკისრება თუ არა სახელმწიფოს იმ ზარალის კომპენსირება, რაც ENKA-ს მიადგა - მთავრობასთან დადებული ხელშეკრულება კი ამ კუთხით არაერთ პრობლემურ ჩანაწერს შეიცავს.

ამ შემთხვევაშიც, საზოგადოებამ საკვანძო ინფორმაცია პროექტის მდგომარეობის შესახებ არა პასუხისმგებელი საჯარო უწყებისგან, არამედ ჟურნალისტთა დახმარებით, კომპანიის ფინანსური ანგარიშიდან მიიღო. ENKA-მ მოთხოვნა საქართველოს მთავრობასთან დადებული ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ ჯერ კიდევ 2021 წლის სექტემბერში წარადგინა. მიუხედავად იმისა, რომ მას შემდეგ უკვე ექვსი თვე გავიდა, სახელმწიფოს მხრიდან პროექტის მომავლის შესახებ დეტალური განმარტება ამ დრომდე არ გაკეთებულა.

მკაფიო და გამჭირვალე კომუნიკაციის მაგივრად, სახელმწიფოს წარმომადგენლები - მათ შორის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების როგორც ამჟამინდელი, ისე მისი წინამორბედი მინისტრი - ბუნდოვანი და ხშირად ორაზროვანი განცხადებებით შემოიფარგლებიან. მათი დამოკიდებულება, რომელიც ფაქტობრივად უარს ამბობს ანგარიშვალდებულებასა და ინფორმირებაზე, განსაკუთრებით ირონიულია იმ ფონზე, რომ პროექტის შესახებ „კომუნიკაციის ნაკლებობას” სახელმწიფოს წარმომადგენლები და პროექტის მხარდამჭერები ხშირად ასახელებდნენ, როგორც ნამახვანჰესთან დაკავშირებულ ძირითად ჩავარდნას.

პროექტის ბუნდოვანი მომავლის გამო „რიონის ხეობის მოძრაობა” წინააღმდეგობას არ წყვეტს და კვლავ ხეობაში რჩება. მათი პოზიცია და მოთხოვნები დიდწილად უცვლელია. როგორც ჩანს, სამართლებრივად არაფერი შეცვლილა არც ნამახვანჰესის საპროექტო დოკუმენტაციასთან დაკავშირებით. დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება კვლავ ძალაშია, ისევე როგორც სამშენებლო ნებართვა. ცნობა ამ უკანასკნელის გასაჩივრების შესახებ სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დღეს გაავრცელა.

მიგვაჩნია, რომ სახელმწიფომ დაუყოვნებლივ უნდა განმარტოს საკუთარი პოზიცია როგორც ENKA-სთან მიმდინარე მოლაპარაკების შესახებ, ისე პროექტის მომავალთან დაკავშირებით. ხანგრძლივ, უაღრესად რთულ პირობებში და რეპრესიული პოლიტიკის ფონზე მიმდინარე საპროტესტო მოძრაობა, ჩართული საზოგადოებრივი ორგანიზაციები და მთლიანად სამოქალაქო საზოგადოება იმსახურებს სიცხადეს, გამჭირვალეობას და ანგარიშვალდებულებას.

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“