[Skip to Content]

სიახლეების გამოწერა

აქციის მონაწილეების საყურადღებოდ! საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

 

 საერთო ცხელი ხაზი +995 577 07 05 63

სოციალური სამართლიანობა / სტატია

მოვლენა VS მდგომარეობა: ტყიბულის გაფიცვები, ცენტრი-პერიფერიის მიმართება და მედიის როლი

თამუნა ქებურია 

13016605_1146014142088295_2112336892_o

შესავალი:

“მოვლენა“[1] (იგ. „ივენთი“) არის ალან ბადიუს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კონცეპტი, რომელიც მოიაზრებს რევოლუციას, სოციალურ ცვლილებასა და პოლიტიკური რეალობის გარდაქმნის პრაქტიკას. „მოვლენას“ ადგილი აქვს მაშინ, როდესაც, სრულიად მოულოდნელად და ხისტად, გარკვეულ დატვირთვას იძენს სოციალური რეალობიდან გამოთიშული სხეული  და  თავის  დამკვიდრებას ცდილობს სოციალური და პოლიტიკური ველის  შიგნით.ეს „შემოჭრა“ თავდაყირა აყენებს ნორმატიულობას და იქმნება ახალი მოცემულობა, სადაც სცენაზე ახლად გამოჩენილი „მოთამაშე“ ქმნის ახალ წესრიგს, ხოლო ამ წესრიგისთვის იქმნება ლეგიტიმურობის ახალი სისტემები. შესაბამისად, „მოვლენა“ წარმოადგენს ლიგიტიმაციის მიმნიჭებელ ძალას არსებული წესრიგის რეფორმაციის და სოციალური ცვლილებების გატარებისთვის.

ბადიუ „კომუნისტურ ჰიპოთეზებში“[2] ცდილობს, უფრო მარტივად ახსნას თავისი კონცეპტი, სადაც „მოვლენას“ ის აღწერს, როგორც რეალობის რღვევის პრაქტიკას, სადაც სხეულები და ამ სხეულებს შორის არსებული საკომუნიკაციო მეთოდები ჩამოიშლება არა მხოლოდ გარკვეული სიტუაციისთვის, არამედ მთელი ობიექტური რეალობისთვის. მისთვის მნიშვნელოვანია სათვალავში მივიღოთ, რომ „მოვლენა“ არა მხოლოდ კონკრეტული შესაძლებლობების რეალიზება, არამედ ახალი შესაძლებლობების შექმნის შესაძლებლობაა. „მოვლენა“ მხოლოდ სიტუაციურ კონკრეტიკებზე კი არ დაიყვანება, არამედ დასაბამს აძლევს შეუძლებლობის შესაძლებლობას.

ბადიუსთან   „მოვლენის“  საპირისპირო   კონცეფციას   წარმოადგენს  „მდგომარეობა“ ან „სიტუაციური მდგომარეობა“, რომელიც აკავებს და ლიმიტს უწესებს შესაძლებლობების შესაძლებლობას. „მდგომარეობა“ გულისხმობს შესაძლებლობების საზღვრულ რაოდენობას მაშინ, როდესაც „მოვლენა“ არის შესაძლებლობების უსასრულობა. უკეთ რომ განვმარტოთ, ბადიუს თანახმად, „მდგომარეობა“ მოიაზრებს ყველა იმ მექანიზმის და ინსტიტუციის სიმბიოზურ ურთიერთმიმართებას, რომლებიც განაპირობებენ  წესრიგის  ჰეგემონიას  -  სამთავრობო  თუ  სახელისუფლებო  აპარატები, მეინსტრიმული მედია, ცოდნისა და განათლების მწარმოებელი დაწესებულებები (სკოლა, უნივერსიტეტი, პროფესიული განათლების ცენტრები), პროფკავშირები და მშრომელთა გაერთიანებები, ოჯახის ინსტიტუტი, პატრიარქალური თუ კაპიტალისტური სისტემები. ერთი სიტყვით, სოციალურ რეალობაში არსებული ყველა იმ ელემენტის და ინსტიტუციის ერთობლიობა, რომელიც განაპირობებს დომინანტური იდეოლოგიის კვლავწარმოებას პოლიტიკურ თუ საზოგადოებრივ დონეზე, ემსახურება მდგომარეობის შენარჩუნებას. ბადიუს მოსაზრებით, ამ ელემენტებს შორის ეკვილიბრიუმი მოწესრიგებულია ძალაუფლებრივი ქსელებით, სადაც უსამართლობა, უთანასწორობა, თუ დომინაცია-სუბორდინაციის მიმართებები მათ საზრისში იმპლიციტურად ჩადებული პრაქტიკებია, რადგან მთელი სისტემა გამაგრებულია და ბალანსირდება ძალაუფლების ასიმეტრიულობის სხვადასხვა დიაპაზონით დამსაქმებელსა და დასაქმებულს, ქალსა და კაცს, კერძო მესაკუთრესა და მუშას, ძალოვანსა და რიგით მოქალაქეს, ცენტრსა და პერიფერიას შორის. სოციალურ რეალობაში მოცემულ ყველა ამ ელემენტს დელეგირებული აქვს ძალაუფლების გარკვეული მოცულობა, რომელიც განაპირობებს მათ, ერთი მხრივ, დომინანტურ, ხოლო მეორე მხრივ, სუბორდინირებულ ბუნებას. “მდგომარეობის” მთავარი არსი იმაშია, რომ ეს ერთეულები ვერასდროს გამოვლენ ამ დისპოზიციიდან, რადგან ერთი მხრივ, სწორედ ეს მიმართებები განაპირობებს მათ ადგილს სოციალურ წესრიგში და მეორეს მხრივ, მათი არსებობა და ფუნქციონირება განაპირობებს წესრიგის ჰეგემონიას. შესაბამისად, ძალაუფლების, იგივე წესრიგის ეკვილიბრიუმის შენარჩუნებისთვის აუცილებელია ძალაუფლების, რესურსების და ლეგიტიმაციის არა თანაბარი და თანასწორი გადანაწილება, არამედ მისი ასიმეტრიულად დელეგირება სოციალური თუ პოლიტიკური სტრუქტურის სხვადასხვა საფეხურზე არსებული აგენტებისთვის, რათა დაცული იყოს იერარქიულობა და დომინაცია- სუბორდინაცის მიმართება.

ტყიბულის გაფიცვები:

მოცემულ კონცეფციას თუ გადმოვიტანთ დღევანდელობაში და მივუსადაგებთ ტყიბულში განვითარებულ მოვლენებს, უფრო მარტივად გავიგებთ, თუ რას წარმოადგენს „მოვლენა“. ტყიბულის გაფიცვების დაწყებამდე, მეშახტეები, როგორც ერთიანი სოციალური სხეული, სოციალური  რეალობიდან  გათიშულ ობიექტებს წარმოადგენდნენ. მიუხედავად იმისა,   რომ ისინი არსებობდნენ და ფუნქციონირებდნენ ობიექტურ რეალობაში, მათი როგორც ამ რეალობის ნაწილის ხილვადობა, სავსებით უგულვებელყოფილი იყო. მეშახტეების    „შემოჭრა“ მოხდა მაშინ, როდესაც მათ „დაიყვირეს“. ბუნებრივიც არის: იქ, სადაც სიბნელეა, შესაძლოა სიჩუმე არ იყოს. მათი ხმა იყო უსუსური, თუმცა მჭახე. თუ გავიხსენებთ ტყიბულის გაფიცვების დროს მიმდინარე პროცესებს, მივხვდებით, რომ ყველაფერი ხისტად წარიმართა. კერძოდ, მას შემდეგ, რაც საჯარო სივრცეში ახლად გამოჩენილმა სხეულმა - მეშახტეებმა, ხმა აიმაღლეს და საკუთარი შრომითი თუ ადამიანთა უფლებებისთვის დაიწყეს ბრძოლა, მათ დასაბამი მისცეს „მოვლენას“, სადაც სცენარი შესაძლოა ნებისმიერი მიმართულებით განვითარებულიყო - დაწყებული მათი პირადი, კერძო ინტერესების დაკმაყოფილებიდან, დამთავრებული მუშათა კლასის გამოკვეთით, სოლიდარობის ახალი პრაქტიკების დამკვიდრებით და სრულიად ახალი, ინტერსექციული მოძრაობის ჩამოყალიბებით. ამის პარალელურად, სახელისუფლებო     ძალები, კერძო მესაკუთრეები თუ სხვა „დაინტერესებული“ პირები მუდმივად       ცდილობდნენ დაერეგულირებინათ „მდგომარეობა“ და მოეხდინათ მისი ლოკალიზება. გაფიცვების მიმდინარეობისას, გაიმართა არაერთი დახურული თუ ღია მოლაპარაკება სხვადასხვა მედიატორს, სახელისუფლებო თუ საწარმოო წარმომადგენლობის მქონე პირსა და ე.წ. „უცხო სხეულებს“, ანუ მეშახტეებს შორის. „მოვლენის“ ლოკალიზების მცდელობები მიმდინარეობდა ორ კვირაზე მეტ ხანს, რათა რაც შეიძლება დროულად მომხდარიყო მისი დარეგულირება. მიზანი კი იმ წესრიგის შენარჩუნება იყო, რომელიც „ახალი სხეულების“ გამოჩენამდე არსებობდა და რომელიც დაირღვა მას შემდეგ, რაც სოციალურ თუ პოლიტიკურ სტრუქტურებში ტყიბულის მეშახტეების აგენტობა გამოჩნდა.

აქ მნიშვნელოვანია იმის გააზრება, კონკრეტულად ვის ან რას ემუქრება ტყიბულის მეშახტეების ძალაუფლებრივ ველში შემოსვლა? რატომ არის ან რა არის ამ ადამიანთა მეტ-ნაკლებად ერთგვაროვან და კონსოლიდირებულ კატეგორიაში საფრთხის შემცველი? პასუხი მის საპირისპირო პოლუსზე არსებულ, „მდგომარეობის“ თვისებრივ მახასიათებელში შეიძლება ამოვიკითხოთ. იმდენად, რამდენადაც ტყიბულელი მეშახტეები წარმოადგენდნენ ამ წესრიგში არსაიდან გაჩენილ ახალ სუბიექტებს, მათი გამოჩენით გაჩნდა პოტენციალი, რომ სულ ცოტა, დარღვეულიყო არსებული წესრიგის ეკვილიბრიუმი, ან სულ ბევრი - დასაბამი მისცემოდა თვისებრივად ახალი ეკვილიბრიუმის შექმნას.

ცენტრის და პერიფერიის მიმართება:

დასაწყისში, მსურს მცირედ განვმარტო ცენტრის და პერიფერიის მოდელის შინაარსობრივი მხარე. ურბანისტულ  დისციპლინაში ცენტრი და პერიფერია წარმოადგენს სივრცულ მეტაფორას, რომელიც გამოხატავს სტრუქტურულ ურთიერთმიმართებას განვითარებულ ან დედაქალაქურ „ცენტრსა“ და ნაკლებად განვითარებულ ან ჩამორჩენილ „პერიფერიას“ შორის. ეს მიმართება რელევანტურია, როგორც კონკრეტული ქვეყნის ტერიტორიულ თუ გეოგრაფიულ კონტექსტში, ასევე უფრო აბსტრაქტულ, „პროგრესული“ და „ნაკლებად პროგრესული“ საზოგადოების ურთიერთმიმართების კონტექსტშიც. სოციოლოგიაში, ცენტრისა და პერიფერიის მოდელების განხილვა ძირითადად პოლიტ-ეკონომიურ განზომილებაში ხდება, როდესაც საუბარია რესურსების, ძალაუფლების კუმულაციასა და მის შემდგომ გადანაწილებაზე ცენტრიდან პერიფერიისკენ, რაც გარკვეულწილად მოიაზრებს მის უთანასწორო და არათანაბარ რედისტრიბუციას. შესაბამისად, ცენტრის და პერფერიის პარადიგმაც სტრუქტურულად იმეორებს სისტემაში არსებულ ძალაუფლებრივ ასიმეტრიულობას და გადის ისეთი პრაქტიკებზე, როგორიცაა დომინაცია-სუბორდინაცია, ზედამხედველობა-კონტროლი,  რესურსების  აკუმულაცია-შემდგომი  დისტრიბუცია  და ა.შ. ცენტრში თავს იყრის ძალაუფლებრივი სისტემების სათავეები - გენერალური მენეჯერები, ადმინისტრაციული პერსონალი თუ სახელმწიფო სტრუქტურების პირველი რგოლის დეპარტამენტები. ასევე, ისეთი ერთეულები, როგორიცაა მედია, პოლიცია და სხვა ძალაუფლებრივი სტრუქტურები. ცენტრი წარმოადგენს წერტილს, საიდანაც ეს ძალაუფლება შემოგარენში გადაედინება ისე და იმ დოზით, რომ ცენტრის  ყოვლისმომცველობა და მისი ძალაუფლებაზე ექსკლუზიურობა მუდმივად იყოს დაცული.

შესაბამისად, ტყიბულის მოვლენებთან დაკავშირებით ეს „ბალანსი“ ცენტრსა და პერიფერიას შორის დაცული უნდა ყოფილიყო. ბალანსის დაცვაზე კი დიდწილად იზრუნა მდგომარეობის შენარჩუნების აგენტებმა, ამ შემთხვევაში კი ე.წ. მეინსტრიმულმა მედიამ[3], რომელიც  სხვადასხვა  გზით  შეეცადა  შეენარჩუნებინა  ის  ეკვილიბრიუმი,  რაც გაფიცვების დაწყებამდე არსებობდა.

მედიის როლი:

ერთ-ერთი მედია, რომელიც აღწერდა გაფიცვების პერიოდში განვითარებულ მოვლენებს, უფრო ზუსტად კი, გაფიცულების შეჭრას ადმინისტრაციის შენობაში, სიტუაციის აღწერისას ხელმძღვანელობდა ცენტრი-პერიფერიის ნიშან-ხატებით - „მაღაროელთა აქციის მონაწილეები კომპანია "საქნახშირის" შენობაში შეიჭრნენ“, „არსებული ინფორმაციით, „საქნახშირის“ ოფისში შეჭრაში თბილისიდან (ცენტრიდან) ჩასული ახალგაზრდების ჯგუფი მონაწილეობდა“.

მოცემული მედიასაშუალება, რომელიც მმართველი კლასის მფლობელობაშია და სწორედ ამ მმართველი კლასის ინტერესების გაძლიერებას ემსახურება, ამ ქმედებით ახდენს „მოვლენის“ რედუცირებას და დაჰყავს ის „არსებულ მდგომარეობამდე“. მედია ხელმძღვანელობს ისეთი სიმბოლიკებით, როგორიცაა ცენტრიდან ჩასული გარეშე ძალები („თბილისიდან ჩასული ახალგაზრდები“, “თბილისელი აქტივისტი ჯგუფები“, “თბილისიდან ჩასული არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“) და უპირისპირებს მას „ადგილობრივებს“, პერიფერიაში მცხოვრებ, „მეშახტეობის“ იდენტობის მქონე პირებს. მისი ნარატივის თანახმად, პერიფერიაში განვითარებული მოვლენები წარმოადგენს ცენტრიდან მართულ თუ მხარდაჭერილ პროცესს და მისი ლეგიტიმაციის სათავე სწორედ ცენტრშია. მედია დელეგიტიმაციას უწევს ადგილობრივი მეშახტეების მხრიდან წამოსულ ავთენტურ შინაგან ამბოხს ჩაგვრის წინააღმდეგ და ცენტრი-პერიფერიის ეკვილიბრიუმის აღსადგენად. მაღაროელების პროტესტს ცენტრიდან მართულ პროცესად წარმოაჩენს.

შედეგად კი ვიღებთ მონათხრობს, რომელიც ორ მიზანს ემსახურება - ერთი მხრივ, მოახდინოს „მოვლენის“ და თვისებრივად ახალი ეკვილიბრიუმის შექმნის შესაძლებლობის დისკრედიტირება, სადაც  სტუდენტებს,  მაღაროელებს,  მეშახტეებს,  მუშებს, „თბილისელი აქტივისტებს“ თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს თანაბარი ლეგიტიმაცია და ძალაუფლება ექნებათ სოციო-პოლიტიკურ ველში კონსოლიდირებულად და გაერთიანებულად განახორციელონ სოციალური ცვლილებები და არსებული სისტემის რეფორმაცია, ხოლო მეორე მხრივ, მოცემული დისკურსით ხდება ჩაგრული და ექსპლუატირებული მაღაროელების მარგინალიზებაც მათი უსუსურებად, სუბორდინირებულებად და უუნაროებად წარმოჩენა, რათა შენარჩუნდეს არსებული ეკვილიბრიუმი და ის კვლავ ცენტრი-პერიფერიის, დომინანტი-სუბორდინირებულის ხარჯზე იყოს შენარჩუნებული.

საბოლოოდ კი, სახეზეა მეინსტრიმული მედიების მხრიდან ისედაც ჩაბნელებული რეალობის ჩაჩუმებაც. ეკვილიბრიუმის შესანარჩუნებლად „სუბალტერნების“ ხმის ჩახშობა და „პრივილეგირებულების“ ხმით გადაფარვა.

 

 

სქოლიო და ბიბლიოგრაფია

[1] აკ. ტერმინი „ხდომილება“

[2] Alain Badiou (2010); The Communist Hypothesis; Verso Publication.

[3] მეინსტრიმულ მედიაში ვგულისხმობ იმ მედიასაშუალებებს, რომლებიც გაცხადებულად თუ გაუცხადებლად ძალაუფლების მქონე კონკრეტულ პირებს/ელიტებს ექვემდებარებიან და მათი ინტერესების შესაბამისად აშუქებენ მოვლენებს. ამ მედიებს შორის არ მოიაზრება საზოგადოებრივი მაუწყებელი, ლიბერალი და სხვა მედია საშუალებები, რომელებიც წარმოადგენენ იმ გამონაკლის მედია-სეგმენტს, რომელიც ცდილობს გაარღვიოს ცენტრი-პერიფერიის დიქოტომია და ობიექტურად გააშუქოს საზოგადოებაში მიმდინარე მოვლენები ქვეყნის ნებისმიერი წერტილიდან. (ავტ. შენიშვნა)

ინსტრუქცია

  • საიტზე წინ მოძრაობისთვის უნდა გამოიყენოთ ღილაკი „tab“
  • უკან დასაბრუნებლად გამოიყენება ღილაკები „shift+tab“